უკრაინის შურისძიება პირველად ჩრდილოეთ ოსეთსაც მისწვდა... - კვირის პალიტრა

უკრაინის შურისძიება პირველად ჩრდილოეთ ოსეთსაც მისწვდა...

პირველად რუსეთ-უკრაინის სამწლიან ომში საპასუხო შურისმაძიებელი დარტყმები განხორციელდა რუსეთის იმ სუბიექტზე, საიდანც აფრენილი ბომბდამშენებიდან გაშვებული რაკეტები სისტემატურად ფეთქდებოდნენ უკრაინულ ქალაქებში...

უკრაინამ საჰაერო დარტყმა განახორციელა ჩრდილოეთ ოსეთზე, კერძოდ კი იქ განთავსებულ მოზდოკის სამხედრო აეროდრომზე, სადაც ბაზირებენ შორეული მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენები Ту-22М3-ები...

ჩრდილოეთ ოსეთის მოზდოკის აეროდრომი საბჭოთა პერიოდში იმ სამხედრო აეროდრომთა სიაში შედიოდა, რომელზეც ბაზირება და საბრძოლო გაფრენების განხორციელება შეეძლო სტრატეგიული დანიშნულების ზებგერით რაკეტმზიდ-ბომბდამშენს Ту-160-ს, ასევე Ту-95МС-ებსა და Ту-22М3-ებს.

ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყების შემდეგ, სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები სასწრაფოდ რუსეთის სიღრმეში გადააფრინეს, რადგან ჩეჩნების სადივერსიო რეიდების შეეშინდათ, მას შემდეგ რაც ბასაევის დივერსიულმა რაზმმა ბუდიონოვსკის აეროდრომზე რუსული შვეულმფრენები გადაწვა.

მოზდოკის აეროდრომზე სტრატეგიული ბომბდამშენების ნაცვლად თავმოყრილი რუსული ტაქტიკური ავიაციის მოიერიშე თვითმფრინავები, საფრონტო ბომბდამშენები და ასევე შვეულმფრენები ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომეში აქტიურად მოქმედებდნენ ჩეჩნეთის სოფლების დასაბომბად, ხოლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კი იგივე განახორციელეს ქართულ ცაშიც, თუმცა არანაკლებ ცხრა თვითმფრინავი დაკარგეს (მათგან ექვსი ჩამოგდებული და სამი დაზიანებული, რომელთა აღდგენა ვერ მოხერხდა).

2-mozdoki-1717841706.png
მოზდოკის აეროდრომზე დისლოცირებული რუსული შორეული მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენები Ту-22М3-ები(შემოხაზულია წითელი რგოლებით)...

ქართულ საჰაერო სივრცეში ჩამოგდებულ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს შორის იყო შორეული მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-22М3-იც, რაც „ამერიკული ატომური ავიამზიდების მკვლელად მონათლული“ ამ თვითმფრინავის პირველი საბრძოლო დანაკლისი გახლდათ...

მას შემდეგ 16 წელი გავიდა და რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის მოზდოკის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილი Ту-22М3-ები ეხლა უკრაინის ქალაქებისკენ სისტემატურად უშვებენ Х-22 და Х-32 ტიპის ზებგერით ფრთოსან რაკეტებს, რომლებიც იმის გამო, რომ არ გამოირჩევიან დიდი სიზუსტით, მაგრამ გადააქვთ 960 კგ მასის (აქედან 630 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება) საბრძოლო ქობინი, დიდ ნგრევასა და მსხვერპლს იწვევენ უკრანის დასახლებულ პუნქტებში აფეთქებისას.

„ამერიკული ავიამზიდების მკვლელ“ რუსულ Ту-22М3-ებზე უკრაინელებმა რამდენჯერმე უკვე იძიეს შური:

-2022 წლის 7 ოქტომბერს უკრაინელებმა პუტინს 70 წლისთავი „მიულოცეს“ და შაიკოვკას სამხედრო აეროდრომზე (სხვათაშორის, სწორედ აქ იყო მიწერილი ქართველი მეზენიტეების მიერ „ბუკის“რაკეტით ჩამოგდებული Ту-22М3-იც) ორი ასეთი ბომბდამშენი მძიმედ დააზიანეს.

- 2022 წლის 5 დეკემბერს ერთი რუსული Ту-22М3-ი დიაგილევოს სამხედრო აეროდრომზე იქნა დაზიანებული.

- 2023 წლის 19 აგვისტოს სამხედრო აეროდრომ სოლციზე უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ორი რუსული Ту-22М3 დაწვეს.

- 2024 წლის 19 აპრილს რუსეთის სტავროპოლის მხარის თავზე ჩამოგდებული იქნა ერთი Ту-22М3-ი, რითაც უკრაინელმა მეზენიტეებმა ქართველი კოლეგების წარმატება გაიმეორეს.

3-mozdoki-1717841705.png
უკრაინელების შორი მოქმედების საზენიტო რაკეტით ჩამგდებული და სტავროპოლის მხარის მიწაზე დანარცხებული ასტონიანი რუსული Ту-22М3-ის ფრაგმენტები...

და ეხლა, უკრაინული კამიკაძე-დრონები უკვე რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის მოზდოკის სამხედრო აეროდრომს ეწვივნენ „სტუმრად“, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზიდან 700 კმ-ზე მეტითაა დაშორებული...

რუსული მხარე აცხადებს მოზდოკის აეროდრომთან ჩამოგდებული სამი უკრაინული კამიკაძე-დრონის შესახებ და თითქოს თავად აეროდრომს ზიანი არ მიადგა,თუმცა რუსული პროპაგანდის დაჯერება არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე არ შეიძლება,ყველაფერს პასუხს გასცემს მოზდოკის აეროდრომის თანამგზავრული ფოტოები, რომლებიც ინტერნეტში ალბათ ხვალ-ზეგ დაიდება...