“ივანიშვილს გარემოცვაც არა ჰყავს" - კვირის პალიტრა

“ივანიშვილს გარემოცვაც არა ჰყავს"

ზოგი ჭირი მარგებელი არისო. ერთმა, იმთავითვე დამპალ ფესვზე აღმოცენებულმა რუსულმა კანონმა

ქვეყანა შეცვალა და განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. შემდეგი ნაბიჯი, კრემლზე უკვე ღიად გასხვისებული ხელისუფლების მშვიდობიანად გაშვებაა. მანამდე ე.წ. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ რუსულმა კანონმა "ქოცური" მმართველობის სრული ლუსტრაცია მოახდინა. საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, მთავრობა ქვეყანას და ხალხს რუსული ჭაობისკენ მიაქანებს და კანონის შემობრუნების შემდეგ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გადადგმული ყველა აგრესიული ნაბიჯი ამას მოასწავებს.

რომან გოცირიძე, საპარლამენტო ჯგუფ "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე:

- კანონპროექტები, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიიღო პარლამენტმა ან მომავალ სასესიო კვირაში მიიყვანს ბოლომდე, ანტიდასავლური შინაარსისაა და ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების 9 მოთხოვნის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

ქალთა კვოტების გაუქმება, აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღება, ოფშორების შესახებ ბიძინა ივანიშვილის ქონების გათეთრების კანონის ინიცირება და საპენსიო ფონდის ტრანსფორმაცია, ამავე დროს, "ქართული ოცნების" პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებზეა მორგებული. მანამდე ამ პროცესებს წინ უძღოდა ეროვნულ ბანკში განხორციელებული ცვლილებები. ასევე, თავად ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ბრძანება ე. წ. ფარცხალაძის საქმეზე, რომელიც ივანიშვილის გარემოცვის სანქცირების შემთხვევაში მის აღსრულებას ფაქტობრივად აჩერებს.

რადგან აღნიშნული გადაწყვეტილებები წინასაარჩევნოდ ხდება, მას ქანჩების მოჭერისა ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტების განმტკიცების როლიც აკისრია. ცესკოს კანონის შეცვლა, მასში ოპოზიციის როლის ნულამდე დაყვანა და ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტის მიერ არჩევა დაბალი კვორუმით, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების შანსებს მინიმუმამდე ამცირებს. არადა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იმ 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მთავარი იყო.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ დეკემბრის თვეში, თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრების პროცესი მრავალი წლით გაიყინება.

- ამ ეტაპზე რასთან გვაქვს საქმე?

- მთელი მსოფლიო აიმხედრა ამ არაადეკვატურმა კაცმა. ვენეციის კომისიის დასკვნა რუსული კანონის მავნებლობის ბოლო მხილება იყო. ზედიზედ იღებენ რეზოლუციებს მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტები და მთავრობები. ქვეყანა მრავალწლიანი ბრძოლითა და მონდომებით მოპოვებული სიკეთეების დაკარგვის ზღვარზეა. როცა ქვეყანას ერთ ადამიანზე მორგებული რეჟიმი მართავს, იმ ერთ ადამიანს გარემოცვა მაინც ჰყავს. ივანიშვილს გარემოცვაც არა ჰყავს. მისი "მრჩევლები" ალბათ თანამესუფრეები, "საყვარელი დეიდაშვილები" და "პირადი მოძღვრები" არიან, რომელთაც არაფრად აგდებს. მთავრობასა და პარლამენტში მოკალათებული პირების აზრი არც აინტერესებს.

ეს ხალხიც მისი განაწყენების შიშით ვერაფერს უბედავს. მეფეს მასხარა მაინც ჰყავდა სიმართლის მთქმელი, ესენი მასხარები არიან სიტყვის უფლების გარეშე. ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, უღირსი ბიზნესმენები და პროპაგანდისტული მედია არის ივანიშვილის დანაშაულთა თანამონაწილე. გამორჩენაზე მყოფები ასულდგმულებენ ამ რეჟიმს თავიანთი პრაგმატული შიშებითა და პრაგმატული მიზნებით.

- ამ გზაზე ბოლო დროს კიდევ რა შეიცვალა?

- "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაარღვია მიცემული სიტყვა. აცხადებდნენ, რომ აგენტების კანონი მხოლოდ იურიდიულ პირებს შეეხებოდა, მაგრამ სულ ბოლო მომენტში, მესამე მოსმენისას, იგი ფიზიკურ პირებზეც გავრცელდა შემოწმებების, ჯარიმებისა და პერსონალური მონაცემების გამოთხოვის ნაწილში. ეს ინფორმაცია კანონის საბოლოო ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. აღნიშნული ცვლილება კანონდარღვევით მიიღეს. ამ ფორმით კანონის ძალაში შესვლა არასამთავრობო და მედია სექტორში დასაქმებული ადამიანების დევნის ინსტრუმენტი გახდება. პუტინის ნაკვალევს მიჰყვებიან. ასევე, ეს კანონი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გასანადგურებლად რომ არის შექმნილი, ყველაზე კარგად ჯარიმების მუხლში ჩანს.

ჯარიმა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დარღვევისათვის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სამართალდამრღვევს მხოლოდ 3 თვის განმავლობაში. ამ კანონით კი ხანდაზმულობის ვადა არის 6 წელიწადი, ანუ ამ დროის განმავლობაში შეუძლიათ გამოუქექონ რაიმე, თუნდაც წვრილმანი დარღვევა. საგადასახადო კოდექსითაც კი, სადაც სამართალდარღვევის ზომა შეიძლება ათობით მილიონი და უფრო მეტითაც იყოს გამოხატული, მხოლოდ 3 წელია ხანდაზმულობის ვადა.

ყველა დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", რომელიც ხმას მისცემს რუსულ კანონს, ღალატს ჩაიდენს ქვეყნის წინაშე და სამუდამოდ მოუწევთ ცხოვრება მოღალატის იარლიყით! მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა, პოლიტიკოსების მიმართ მიზანმიმართული სასტიკი მოპყრობა დაუსჯელი არ დარჩება. გასამართლდებიან ორგანიზატორებიც და შემსრულებლებიც.

ჟურნალისტები და ოპერატორები არიან გმირები.

- დანარჩენ საზოგადოებრივ განწყობებში რას ხედავთ?

- ქვეყანა ის არაა, რაც ამ კანონის მიღებამდე იყო. თუ დღეს ქუჩაში შვილები დგანან, ხვალ მათ მშობლები შეუერთდებიან. ამათ, რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს, ევროპასა და ამერიკაში კი არა, უბნის მაღაზიაშიც არავინ შეუშვებს. ასამდე ნასუქ მომხრეზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, მათ შორის რამდენიმე ათეული ადამიანი ძალოვანებიდან, რომლებიც პირველები მოკურცხლავენ მექსიკა-ამერიკის საზღვრისკენ. რუსეთში რომ ცუდია, ეს კი იციან. ვერსად დაიმალებიან ისინი, ვისაც კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი.

რუსეთის დუმამ აგენტების შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა (მესამე მოსმენაღა დარჩა), რომლის მიხედვითაც აგენტის სტატუსის მქონე პირებს ეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობა - ასეთ აბსურდამდე მივიდა ბოროტების იმპერიის მემკვიდრე ქვეყნის ხელისუფლება. კანონი იყოს, თორემ ცვლილებების შეტანა ადვილია. თუ დროზე არ მოეგებიან გონს, ვერ ასცდება ვიღაცას და ვიღაცებს ასლან აბაშიძისა და მისი გარემოცვის ხვედრი.

ათეულათასობით პატრიოტი ახალგაზრდა, როცა აქციიდან სახლში ბრუნდება, იქ ზოგს ოპოზიციურად განწყობილი მშობლები დახვდება, ზოგს პროსახელისუფლებოდ განწყობილები. როცა შვილებს სიწმინდე და სიმართლე შეაქვთ ოჯახებში, იქ იწყება ცუდი ხელისუფლების მორალური ჩამოშლა. ეს ერთხელ უკვე ვნახეთ ეროვნული მოძრაობის პერიოდში, 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც სტუდენტურმა მოძრაობამ მამებისა და შვილების თაობა გააერთიანა. ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებებმა გაამარტივა ყველაფერი, ადვილად აღსაქმელ შავსა და თეთრს შორის არჩევანამდე დაიყვანა საქმე: ან ევროპა, ან რუსეთი! ან თავისუფლება, ან მონობა! ახალგაზრდობა თავისუფლებასა და ევროპას ირჩევს. მშობლები არ უღალატებენ შვილებს. არ არსებობს უკვე მორალურად ე.წ. ქართული ოცნება. დანარჩენი დროისა და ტექნიკის საქმეა.

90-იანი წლების სტუდენტური მოძრაობის დროს შვილებმა ქუჩაში გამოიყვანეს მშობლები. ახლაც ასე მოხდება. თაგვს ყველაზე დიდი ცხოველი კატა ჰგონიაო. არაა ივანიშვილი ყველაზე დიდი. დროზე ჩაეხსენით, სანამ არა მხოლოდ მოღალატის იარლიყი გაქვთ აკიდებული, არამედ ამ კანონზე ხელის დაჭერით სისხლის სამართლის დამნაშავეები არ გახდებით ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებისათვის, - ასე მივმართე პარლამენტის ტრიბუნიდან "ოცნების" დეპუტატებს. კიდევ დარჩა ცოტა დრო ვეტოს დაძლევამდე, იქნებ გონს მოეგონ.

- რა უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ?

- 2012-2023 წლებში საქართველო 316 500-მა ადამიანმა დატოვა. ესაა სხვაობა დარჩენილებსა და დაბრუნებულებს შორის. ფაქტობრივად, აქედან მონაწილეობა არჩევნებში არავის მიუღია. ერთ მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქეა უცხოეთში და ბოლო არჩევნებში მხოლოდ 12-მა ათასმა მიიღო მონაწილეობა, ანუ ემიგრანტების დაახლოებით ერთმა პროცენტმა.

ეს გარემოებაა ივანიშვილის რეჟიმის აქამდე მოღწევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ეს ის ხალხია, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია ივანიშვილს - როგორც პოლიტიკურად, ასევე ფიზიკურად. ოქტომბრის არჩევნებამდე 50-60 ათასით გაიზრდება უცხოეთში დარჩენილთა რიცხვი.

ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. სხვანაირად უნდა მოიქცეს ოპოზიცია. ივანიშვილის მიერ იმ ავადსახსენებელ მიტინგზე გაკეთებული მეტად საშიში განცხადებებიდან სერიოზული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. არაა საჭირო საფრთხეების გამარტივება. არაა ისე ადვილი მისი დამარცხება, როგორც ვამბობთ ხოლმე. არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას. იმ ხალხის უდიდესი ნაწილი, ვინც მაშინ ოცნებამ აქციაზე ჩამოიყვანა, არაა მისი მომხრე, მაგრამ გახდება მისი ამომრჩეველი. გაღატაკებულ ადამიანებს როგორ მიუდგეს იცის - ფულითა და დაშინებით. 5 თვე დარჩა არჩევნებამდე და ოპოზიცია იმავე რეჟიმშია, როგორც მანამდე იყო - საკუთარ წვენში იხარშება. მოვიდა დრო, არჩევნებში გასვლის რეალური გეგმა დაიდოს. ოპოზიცია დროზე უნდა გადაერთოს საარჩევნო რეჟიმზე. ამავე დროს ბოლომდე უნდა შენარჩუნდეს ქუჩის პროტესტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ იქნება იგი ყოველთვის ერთი და იმავე ინტენსივობის, მაგრამ საპროტესტო ფონი საარჩევნო კამპანიას თან უნდა სდევდეს.

გიორგი მეფარიძე

ჟურნალი "გზა"