“როცა ცდილობენ, თავი მომაწონონ, "ყრუ" ვარ ხოლმე - მირჩევნია, კაცის საქციელს დავაკვირდე, რადგან ეს უფრო მეტყველებს, ვიდრე სიტყვები” - კვირის პალიტრა

“როცა ცდილობენ, თავი მომაწონონ, "ყრუ" ვარ ხოლმე - მირჩევნია, კაცის საქციელს დავაკვირდე, რადგან ეს უფრო მეტყველებს, ვიდრე სიტყვები”

სოფი ნურაშვილი საკუთარი თავის ტრანსფორმაციასა და მონატრებაზე

სახელი, გვარი: სოფი ნურაშვილი.

ასაკი: 26 წლის.

განათლება: დაამთავრა სამართლმცოდნეობის ფაკულტეტი.

საზოგადოებამ გაიცნო რეალითი შოუდან. ასევე, მონაწილეობდა კულინარიულ შოუში.

ამჟამინდელი საქმიანობა: აქვს საკუთარი საკონსულტაციო კომპანია.

ჰობი: ცეკვა, სიმღერა, კითხვა, მოგზაურობა და ფულის "კეთება".

ცხოვრების დევიზი: "ყოველთვის ჩადე ინვესტიცია საკუთარ თავში. არასდროს იწუწუნო და გქონდეს მადლიერების გრძნობა".

- სოფი, როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- მას, თუ ვინ ვიქნები მომავალ 5 წელიწადში: ძალიან წარმატებული CEO, წარმატებული ბიზნესვუმენი, რომელმაც ამ ყველაფრის მისაღწევად ბევრი გააკეთა... როცა სარკეში ვიყურები, უბრალოდ, მადლიერების დიდი გრძნობა მეუფლება. იმედია, ამპარტავნულად არ ჟღერს (იღიმის)...

- მადლიერების გრძნობა ვის მიმართ?..

- სამყაროს, ღმერთის, საკუთარი თავის და მეგობრების მიმართაც, რა თქმა უნდა.

- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლა?

- როდესაც "ინსტაგრამზე" ერთ-ერთმა გოგონამ მომწერა, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო და ჩემი გაცნობა უნდოდა. ეს რეალითი შოუში ჩემი მონაწილეობის ამსახველი პირველი ეპიზოდის ეთერში გასვლისას მოხდა. იმ გოგონას გვარ-სახელი ახლაც მახსოვს - მარიამ ქობულაშვილი გახლდათ. პირადად შევხვდი კიდეც... აი, მაშინ მივხვდი, რომ პოპულარობა "მოდიოდა" (იღიმის)... ჩემს გულშემატკივრებთან კონტაქტი დღემდე მაქვს, ვინც ჩემი ერთგული იყო. მათ ძალიან ვაფასებ და აბსოლუტურად ყველა მიყვარს.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- ფიქრების წაკითხვის უნარს. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ადამიანს სხვისი ფიქრების წაკითხვა შეგეძლოს და ხვდებოდე, რა უნდა... აგრეთვე, ვისურვებდი, რომ სულ ახალგაზრდა დავრჩე...

- გიჭირს სხვისი ფიქრების, ადამიანების ამოცნობა?

- ალბათ, 10-დან 8 ადამიანს ყოველთვის ამოვიცნობ ხოლმე, სხეულის ენის დახმარებით, რადგან შეიძლება, ადამიანი თვალებში გიყურებდეს და იტყუებოდეს, მაგრამ სხეულის ენა არასოდეს ტყუის. ამის მიხედვით, ხშირად ვხვდები ადამიანის მოტივს, ფიქრებს, გულწრფელობას...

- სხეულის ენის შესწავლით რატომ დაინტერესდი?

- ადამიანებთან კონტაქტი ყოველთვის მიწევდა - პატარა ასაკიდან მომსახურების სფეროში ვმუშაობდი. შესაბამისად, როცა ადამიანებს ემსახურები, გჭირდება, რომ ასე თუ ისე, მათი ბუნება შეისწავლო.

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- ბევრი კოშმარი მახსოვს. რატომღაც, ეგზორციზმის რიტუალებია (იცინის), თუმცა ასეთ სიზმრებს ხშირად არ ვხედავ. სიზმრებში სულ ვიღაცას ვიცავ... ასევე, ხშირად მესიზმრება ადამიანები, რომლებსაც როცა ვიღვიძებ, ვერ ვიხსენებ, ვინ იყვნენ ან ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ არიან და წლების მერე შევხვდები ხოლმე... ძირითადად, ძალიან კარგ სიზმრებს ვხედავ.

- როდესაც ადამიანს პირადად ხვდები, შენს ყურადღებას მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს?

- თვალები, თმა, საათი...

- ეს დეტალები რამეზე მიგანიშნებს?

- მაგალითად, მამაკაცს საათი რომ უკეთია, ეს მისი ცხოვრების წესზე მიანიშნებს: მოწესრიგებული, ორგანიზებულია, დაგეგმვა უყვარს... თმა იმაზე მიანიშნებს, თუ რამდენად ჰიგიენურია, უყვარს საკუთარი თავი... სიმართლე გითხრათ, ადამიანს რომ ვხედავ, მისი გარეგნობა ჩემში არანაირ რეაქციას არ იწვევს. საუბრის მანერას, ქცევას ვაკვირდები, რამდენად გამცემი, მადლიერების გრძნობის მქონეა...

- როცა გეფლირტავებიან, როგორი რეაქცია გაქვს?

- ვაკვირდები, რადგან გააჩნია, როგორი ფლირტია - სიტყვიერი, ქცევითი... მაგალითად, როცა ცდილობენ, თავი მომაწონონ, "ყრუ" ვარ ხოლმე, რადგან კაცებმა ბევრი ლაპარაკი იციან. მირჩევნია, მათ საქციელს დავაკვირდე, რადგან ადამიანზე საქციელი უფრო მეტყველებს, ვიდრე სიტყვები. დროს რაც უფრო მეტად გაწელავ, უკეთესია - შენ მიმართ იმ ადამიანის ქცევა და კეთილგანწყობა უფრო მეტად პერმანენტულია.

- როცა არასასურველი ადამიანი გეფლირტავება, როგორ იქცევი?

- ის ადამიანი არ ვარ, რომ ეს სიტუაცია სასარგებლოდ გამოვიყენო. თუ ადამიანისგან ისეთ რამეს ზედმეტად ვგრძნობ, რაც არ მომწონს, მაშინვე ვამბობ, რომ არ მომწონს და უნდა გაჩერდეს ან საერთოდ, ყურადღებას აღარ ვაქცევ.

- ქალს თავის მოვლისთვის დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?

- რა თქმა უნდა. კარლ ლაგერფელდის სიტყვებს მოვიშველიებ, - თქვენ არ ხართ უშნო. უბრალოდ, საკმარისი ფული არ გაქვთო. ყველანაირ ქალს სჭირდება ჰიგიენა, კარგი ტანსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა (არიან ქალები, ვინც ბევრ კოსმეტიკას იყენებენ)... დღესდღეობით, ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება. უკვე მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იბადები, რადგან შეგიძლია, საკუთარი თავი გარდაქმნა - ასე მგონია.

- შენი სხეულის ტრანსფორმაციის შესახებ ყოველთვის გულწრფელად საუბრობ. ბოლოდროინდელ გარეგნულ ცვლილებებზე რას გვეტყვი?

- რატომღაც, ეს ტაბუირებული თემაა, მაგრამ აბდომინოპლასტიკის შესახებ ჩემი ყველა ნაბიჯი ვიდეოში აღვბეჭდე, რადგან პლასტიკური ოპერაციის მსხვერპლი ბევრი ქალბატონი ხდება: ვგულისხმობ, როცა გინდა, რომ უბრალოდ, შენი სხეული პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს, მაგრამ შენს ნაბიჯს დიდი კრიტიკა მოჰყვება ხოლმე, თუმცა ეს არ მაინტერესებს. ვიდეოები იმიტომ გადავიღე, რომ ხალხს ინფორმაცია ჰქონდეს - უკეთესიც არსებობს... როცა დიდი წონა (დაახლოებით - 80 კილო) დავიკელი, მუცელზე ზედმეტი კანი დამრჩა. ბავშვობიდანვე ჭარბი წონა მქონდა, რამაც კუნთების "მორყევაც" გამოიწვია ანუ ჭამის დროს მუცელი საშინლად მებერებოდა, მუცლის კუნთები საერთოდ ვეღარ ფუნქციონირებდა. პლუს, დაკლებისას ატროფიებიც რჩება. ამიტომ თურქეთში გავემგზავრე და აბდომინოპლასტიკა საუკეთესო ქირურგთან გავიკეთე. ამ ოპერაციას ის ქალბატონებიც ხშირად მიმართავენ, ვისაც მშობიარობის მერე, მუცლის "კედლები" "ერყევათ" და ზედმეტი კანი რჩებათ. სამწუხაროდ, მითია გავრცელებული, რომ "მორყეულ" კუნთებს და ზედმეტ კანს ვარჯიში შველის... ამიტომ ოპერაცია გავიკეთე, რომ ლამაზი მუცელი მქონოდა. ამისთვის საჭირო ფინანსებიც მქონდა, კარგი ექიმიც მოვძებნე... ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანე. ძალიან გაბედნიერებული ვარ. აბსოლუტურად ყველა ქალს ვურჩევ, თუ საშუალება აქვთ, საკუთარ თავს ყველაფერი გაუკეთონ, რაც სურთ. "ატროფია" რომ ვახსენე, ეს მკერდსაც მოიცავდა: როცა პუტკუნა ხარ, პირველ რიგში, წონის კლება მკერდს ეტყობა - 4 ზომიდან 1,5 ზომაზე "ჩამოვედი"... სხვათა შორის, თუკი საქართველოში მკერდის პლასტიკური ოპერაციიდან 7-10 წელიწადში იმპლანტები უნდა გამოცვალო, რადგან ე.წ. კაფსულებს იკეთებს, თურქეთში ოპერაციას ისეთი მეთოდით და ხარისხით აკეთებენ, რომ იმპლანტები სამუდამოა - წლების მერე გამოცვლა არ სჭირდება...

- ამჟამად, კვების როგორი რეჟიმი, რაციონი გაქვს?

- ჩემს რაციონში ძირითადად, მაინც ბოსტნეულია. მოგეხსენებათ, რეალითი შოუში 3 თვე სალომესთან ერთად ვიყავი, რომელიც უმი ვეგანი გახლავთ. ისეთ კერძებს გვიმზადებდა, რომ ხორცის ჭამას თავი დავანებე. მე ხომ ბარიატრიულის პაციენტი ვარ, არა? ამიტომ ბევრს ვერ ვჭამ. ჰოდა, ხორცის ჭამას თავი რომ დავანებე, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინებსაც ვსვამდი: სისხლში შაქრის დონე დაეცა, ენერგია არ მქონდა, სახსრების ტკივილი დამეწყო... ანუ არიან ადამიანები, ვისაც ხორცის ჭამის გარეშე არსებობა შეუძლიათ და ვისაც - არ შეუძლია. მოკლედ, ხორცის ჭამა რომ არ დამეწყო, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შემექმნებოდა, თუმცა ბევრს არ ვჭამ. უკვე 3 წელია, რაც ღორის ხორცს არ ვეკარები, რადგან წავიკითხე, რომ ეს ცხოველი ძალიან ჭკვიანია და მისი დნმ-ი ადამიანის დნმ-თან ძალიან "ახლოსაა". მხოლოდ საქონლისა და ქათმის ხორცს გეახლებით.

- სოფი, კულინარიულ შოუში მონაწილეობამ რა მოგცა?

- რეცეპტეპი, "ექშენი"... გავიცანი ადამიანები, ვინც ჩემს გუნდში იყვნენ, ჟიური... ამ შოუმ ჩემს პროდიუსერებთან დამაბრუნა, რომლებიც ძალიან მიყვარს, ვაფასებ... ეკრანი მომწონს და ვფიქრობ, ერთმანეთს ვუხდებით კიდეც (იღიმის).

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- საკუთარ თავს და უფალს. ჩემს ცხოვრებაში რაღაც კარგი რომ მოხდება, ყოველთვის მადლობით ვიწყებ: მადლობა, რომ ამ ყველაფრის ღირსი გავხდი და ჩემს ცხოვრებაში ასეთი კარგი მოვლენები მოხდა-მეთქი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ, უფალს ვთხოვ ხოლმე, - ნიშანი მომეცი, რომ სწორად ვიქცევი-მეთქი. საკუთარ თავთან და უფალთან ასეთი საუბარი რომ დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სწორად წარიმართა. მანამდე ძალიან არეული ცხოვრება მქონდა, ქაოსში ხშირად ვიყავი. არ ვიცოდი, რა მინდოდა... ახლა ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ. ძალიან მჯერა უფლის, სამყაროს კანონზომიერების, კვანტური ფიზიკის (იღიმის)...

- როდის დაიწყე, ასე ვთქვათ, უფალთან დაახლოება? შენს ცხოვრებაში რამე მოხდა, რამაც ამისკენ გიბიძგა?

- 24 წლის რომ გავხდი, ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდა. ბარიატრიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი მქონდა - წონაში კლება დამეწყო. იმ დროს შეყვარებულთან განშორება რთულად გადავიტანე. თან, ყველანაირი დანაზოგი ამოვწურე, "ნულზე დავჯექი" - ფინანსური ტრავმა მივიღე. იმ 3 თვის განმავლობაში რასაც ხელს მოვკიდებდი, ყველაფერი იშლებოდა - არაფერი გამოდიოდა. მოკლედ, მაშინ მივხვდი, რომ პირველ რიგში, საჭირო იყო ჩემი სპირიტუალური მხარე გამომესწორებინა. ამან ჩემს ფსიქოლოგიაზე დადებითად იმოქმედა. დღესდღეობით აღარაფრის მეშინია. იცით, რა მოხდა? ვიდეოს გადავაწყდი, სადაც "ბიბლიიდან" ციტატა იყო მოყვანილი: არ შეგეშინდეს, მომენდე მეო...

- შეგიძლია, საყვარელ ადამიანთან განშორების შესახებ მეტი გვიამბო?

- "კოვიდის" დასრულების პერიოდი იყო. მოუწია, რომ საქართველო დაეტოვებინა (ქართველი არაა) და ინგლისში გამგზავრებულიყო. მე ვიზა აღარ მომცეს და ვერ გავყევი... მერე, როგორც ხდება, ასე ვთქვათ, დისტანცია ყველაფერს აფუჭებს. დაშორება - არა, მაგრამ მონატრება რთული იყო... ძლიერი სიყვარული ვიცი, როცა ადამიანი ამას იმსახურებს. ჩემს ცხოვრებაში მან დიდი გარდატეხა მოახდინა. მისი დამსახურებაა, რომ წიგნების კითხვა დავიწყე, ცვლილებები მომინდა... ჩემთვის ის დიდი მოტივატორიც იყო... მონატრება ურთულესი რაღაც ყოფილა...

- დღეს ურთიერთობა აღარ გაქვთ?

- თავად სურს, მაგრამ თუ ადამიანს წარსულში დავტოვებ, მერე აღარ ვიბრუნებ... პატიება შემიძლია ერთხელ, ორჯერ... მესამედ უკვე მიძნელდება - ვეღარ ვპატიობ. შეიძლება ვაპატიო, გავუგო, მაგრამ ძველებურ ურთიერთობას ვეღარ აღვადგენ. ადამიანმა რომ არ გამითვალისწინა, ტანჯვა გამოიწვია, ის, ასე ვთქვათ, სწორი ადამიანი არ არის და თავდაპირველ ურთიერთობას ვერ ვუბრუნდები.

- წლების მერე, როგორ გინდა, რომ ხალხს დაამახსოვრდე?

- საერთოდ, მკვდარი ძალიან მალე ავიწყდებათ, თუ იმ ადამიანს რაღაც ძალიან დიდი საქმე არ აქვს გაკეთებული, ხომ ასეა? იმედი მაქვს, უბრალოდ არ გავჩნდი, უბრალოდ არ მოვკვდები და მომავალი თაობისთვის დიდ რამეს შევქმნი... მინდა, რომ ჩემი დრო, ენერგია სწორად გამოვიყენო. მსურს უბრალოდ ბედნიერი ვიყო და ჩემ ირგვლივაც ყველა ბედნიერი იყოს.

- ცხოვრებაში შენს თითოეულ ნაბიჯს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- მადლიერების გრძნობა და გაცემა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"