„უაღრესად რთულ, მეტიც, კრიტიკულ ვითარებაში ვართ“ - კვირის პალიტრა

„უაღრესად რთულ, მეტიც, კრიტიკულ ვითარებაში ვართ“

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, აშშ-მა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. სავიზო სანქციები შეეხო ასევე სამართალდამცავებს, კერძო პირებსა და სანქცირებულთა ოჯახის წევრებსაც…- სულ 34 პირს. სანქცირებულთა გვარ-სახელები უცნობია, თუმცა, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყანა ძალზე რთულ ვითარებაშია - ჯერ კიდევ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა სანქციებს უწესებს ქვეყნის მართვაში ჩართულ პირებს. 6 ივნისს, როდესაც პირველი სანქციები გამოაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ "საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, შეცვალოს კურსი, რომელსაც ამჟამად მისდევს" და "გადახედოს ქმედებებს", მაგრამ თუკი არაფერი შეიცვლება, სანქცირების პოლიტიკა გაგრძელდება. ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ სანქციების პირველი ეტაპი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის მიერ არის გამოცხადებული "ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის" ფარგლებში. "ჩვენ ვაწესებთ სავიზო აკრძალვებს ათეულობით პირზე და მათ შორის მათ ოჯახის წევრებზე, მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლების შელახვაზე, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინებასა და საქართველოს მთავრობის მითითებით დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე", - განაცხადა მეთიუ მილერმა. ასევე ითქვა, რომ აშშ ისევ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებების, ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რიტორიკის გამო. "ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე როგორც ქართველი ხალხის სურვილს", - თქვეს 6 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. ექსპერტთა ნაწილის თქმით, სავიზო სანქციები შედარებით მსუბუქი შეზღუდვაა და უფრო გამაფრთხილებელი ხასიათი აქვს. "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო სანქციები პრობლემას არ წარმოადგენს და, შესაბამისად, ვერც მათ შეაცვლევინებს გეგმებს. ეს კი, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ სანქციების პოლიტიკა გაღრმავდება. სად მიიყვანს ქვეყანას ხელისუფლების ეს პოლიტიკა? - ამ თემაზე გვესაუბრება საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე.

fxaladze.jpg

- უაღრესად რთულ, მეტიც, კრიტიკულ ვითარებაში ვართ. წარმოუდგენელია, რაც ჩვენსა და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ხდება. სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით. აქ მნიშვნელოვანი რამდენიმე ფაქტორია. სავიზო სანქციები შედარებით მსუბუქი ზომაა, შესაბამისად, ეს შეიძლება გამაფრთხილებელ ნაბიჯად მივიჩნიოთ. ეს თქვა კიდეც მეთიუ მილერმა, რომ ამას შესაძლოა სხვა ნაბიჯებიც მოჰყვეს, თუკი არ შეიცვლება ვითარება. ამაში იგულისხმება არა მხოლოდ ე.წ. რუსულ კანონზე უარის თქმა, არამედ ზოგადად "ქართული ოცნების" დამოკიდებულება, რიტორიკა და ის ნაბიჯები, რასაც ბოლო ხანს დგამენ - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დადანაშაულება, შეთქმულების თეორიები, გლობალური ომის პარტიაზე ლაპარაკი და ა.შ. ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ქარის წისქვილებს ებრძვის... მისი წყალობით ამ კონსპირაციის თეორიებში ვართ ჩაკარგული. ეს ე.წ. აგენტების კანონი ერთი ნაწილია იმ პრობლემებისა, რაც დღეს ქვეყანას შეექმნა. ეს ყველაფერი თუ არ გადაიხედა და შეიცვალა, მაშინ, სამწუხაროდ, ეს პროცესი გაგრძელდება. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის იწყებს იმ ურთიერთობების გადახედვას, რაც ამ წლების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა. ეს საგანგაშო რამ არის.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი ცინიკური განცხადებებით ცდილობენ ამ გადაწყვეტილებების სიმძიმის შემსუბუქებას - თურმე არ დადიან აშშ-ში, არც შემდეგ წავლენ და ა.შ. ეს არის ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება. ეს სანქციები გაცილებით ბევრ რამეს ნიშნავს, ვიდრე ვიღაცისთვის აშშ-ში გადაადგილების შეზღუდვას. ჯერ ერთი, ეს არ იქნება მხოლოდ აშშ-ში გადაადგილების შეზღუდვა, როგორც წესი, უნისონშია ხოლმე ამერიკასთან დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა და, ალბათ, მალე ვიხილავთ ბრიტანეთის რეაქციას. ამ ყველაფერს აუცილებლად გაითვალისწინებს ევროკავშირიც.

მაგრამ მთავარი სხვა რამ არის - ის პირები, ვისზეც გამოცხადდა სანქციები, მიუხედავად იმისა, რომ გვარები არ დასახელებულა, ითქვა, რომ წარმოადგენენ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს. არიან კერძო პირებიც, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ სანქციებში მოხვდნენ პირები, რომლებიც არათუ დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან, არამედ უშუალოდ არიან ჩართული ქვეყნის მართვაში, როდესაც ხელისუფლების პოლიტიკურ პირებს ასანქცირებენ, როგორ ფიქრობთ, მათთან ვინმე ილაპარაკებს ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ან ახალ პროგრამებზე, ან ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე? ან რომელი სერიოზული ინვესტორი გადაწყვეტს თანხის ჩადებას ქვეყანაში, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლებიც დასანქცირებული არიან? ეს ყველაფერზე აისახება...

მთელმა ამ პროცესმა ქვეყანა უკვე ძალიან დააზარალა. ამის ნეგატიური შედეგები უკვე ცხადია - პირველი, ერთ თვეში გაიმართება ნატოს სამიტი, რომლის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკა საერთოდ არ არის ნახსენები; მეორე - რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, ჩვენი ხსენება კი არსად არის... გაითვალისწინეთ, ეს მხოლოდ მოლაპარაკებები არ არის, ეს არის წვდომა ახალ პროგრამებთან, ახალ დაფინანსებებთან და ა.შ. ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რაც უკვე დადგა. წინ კიდევ უარესი გველოდება, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა. საქართველოსთან ევროკავშირი მოლაპარაკებების დაწყებას კი არ განიხილავს, არამედ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება. ქვეყანა უაღრესად სავალალო მდგომარეობაშია. თუ ამას მოჰყვა ფინანსური სანქციებიც, იმ პროგრამების გადახედვა, რომლებიც შეეხება თავდაცვას, უსაფრთხოებას, ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ., წარმოიდგინეთ, რაოდენ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა.

- ხელისუფლების რიტორიკა დაახლოებით ამგვარია, რომ ამ კანონის მიღებით იცავენ ქვეყნის დამოუკიდებლობას და ცდილობენ რიგითი ობივატელი დააჯერონ ამაში შემდეგი ლოგიკით, როგორ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ქვეყანა და რა კანონის მიღებაც უნდა, ვერ მიიღოსო. ლამის იქამდე მივიდა საქმე, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს ადარებენ ერთმანეთს...

- რა თქმა უნდა, ქვეყნის ნებაა, რომ მიიღოს ის კანონი, რაც უნდა და ისიც, როგორ სახელმწიფოს ააშენებს, რაც ჩვენს პარტნიორებსაც არაერთხელ უთქვამთ, მაგრამ ისიც უთქვამთ, რომ მათი ნებაა უკვე, რა ურთიერთობები ექნებათ ამ ქვეყანასთან. როგორც ჩვენ გვაქვს უფლება მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, ასევე ჩვენს პარტნიორებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ისეთი დამოკიდებულება ამა თუ იმ ქვეყანასთან, როგორიც მათ სურთ.

ჩვენი საფეხბურთო ნაკრები მალე ჩაერთვება ევროპის ჩემპიონატში, რაც ისტორიული წარმატება და ჩვენი დიდი სიხარულია, მაგრამ წამით წარმოიდგინეთ, ჩვენ უცებ ვთქვათ, რომ არ მოგვწონს თქვენი წესები და ევროპის ჩემპიონატზე იმ წესებით ვითამაშებთ, რაც ჩვენ გვინდაო. თქვენი აზრით, რა მოხდება? ვინმე მისცემს ასეთ ნაკრებს თამაშის უფლებას?! ზუსტად იგივეა პოლიტიკაშიც. რა თქმა უნდა, ჩვენი უფლებაა, ვიქნებით დემოკრატიული თუ ავტოკრატიული სახელმწიფო, ევროპული თუ არაევროპული და ა.შ., მაგრამ ჩვენი პარტნიორების უფლებაა, ურთიერთობა ექნებათ თუ არა ჩვენთან.

ჩვენ აქამდე ვამტკიცებდით, რომ გვინდა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ვიზიარებთ მათ ღირებულებებს და ეს კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორებიც ამ დამოკიდებულებების გათვალისწინებით ურთიერთობდნენ ჩვენთან. უფრო მეტიც, ჩვენ მათგან ვითხოვდით ფულს, მათ უამრავი რესურსი ჩადეს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში, ასევე ჩვენი ქვეყანა დღემდე სარგებლობს მათი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით. დღეს კი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს წესები და ღირებულებები, რომლებისკენაც ამდენი ხანია მივდივართ, მისთვის მიუღებელია... ეს იგივეა მიხვიდეთ ბანკში, აიღოთ მიზნობრივი კრედიტი და მერე განაცხადოთ, ამ ფულს როგორც მინდა, ისე დავხარჯავ, ბანკს ვინ ჰკითხავსო... ეს ამდენი რესურსი და მხარდაჭერაც მიზნობრივი ინვესტიციაა... ვიმეორებ, თავისთავად ცხადია, ჩვენი გადასაწყვეტია როგორ ქვეყანას ავაშენებთ, თუმცა მათი გადასაწყვეტია, რა ურთიერთობა ექნებათ ამ ქვეყანასთან და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღეს. მათ თქვეს, რომ ვერ ექნებათ ძველებური დამოკიდებულება სახელმწიფოსთან, რომლის ხელისუფლებაც გამუდმებით ადანაშაულებს მათ შეთქმულების თეორიებში, არ იზიარებს მათ ღირებულებებს, ამიტომაც იწყებენ ურთიერთობების გადახედვას. რა არის ამაში გასაკვირი, რატომ არ მოსწონთ სანქციები თუ სხვა განცხადებები? ცალკარა თამაში არ გამოვა ამ ველზე. შეუძლებელია ყოველდღიურად აგინებდე და ლანძღავდე პარტნიორებს და მათგან პარტნიორობას მოითხოვდე, რომ ისევ დაგეხმაროს თავდაცვის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და ა.შ. გაძლიერებაში...

4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს კიდევ 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", რის შემდეგაც ხელისუფლებამ ამაყად გამოგვიცხადა, რომ თურმე უპრეცედენტო მაღალი მხარდაჭერა მივიღეთ - რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარიო... ეს ძალიან კარგია, მაგრამ რომ არ ყოფილიყო აშშ-ის, ევროკავშირის, ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური დახმარება, ჩვენ 103 ხმა გვექნებოდა, თქვენი აზრით? ეს დასავლური მხარდაჭერა რომ არა, რამდენ ქვეყანას ექნებოდა უკვე "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული? მით უფრო, რომ რუსეთი ამისთვის გამალებით მუშაობდა. ეს პროცესი ხომ ჩვენმა პარტნიორებმა გააჩერეს? ამ დროს საინტერესოა, სად არის ჩვენი ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი, რომელმაც ტრადიციულად მხარი არ დაგვიჭირა და თავი შეიკავა.

- როდესაც მნიშვნელოვან საკითხებზე კეთდება განცხადებები, სულ ჩნდება ვარაუდი, რომ პოლიტიკოსები კულუარულად სხვა მოლაპარაკებებს აწარმოებენ, საჯაროდ კი სხვას აცხადებენ. დღეს საქართველოს ხელისუფლების განცხადებების მიღმა შეგვიძლია რაიმე მსგავსი ვივარაუდოთ?

- არანაირად. ამაზე არათუ რაიმე ინფორმაცია არა მაქვს, არამედ იმის შთაბეჭდილებაც კი არ მრჩება, რომ ისინი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან რაიმეს კონსტრუქციულად ლაპარაკობენ კულუარებში. სამწუხაროდ, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ამის მცირე შანსსაც კი არ ტოვებს.

- შტატებისა და ევროკავშირის ლამის მტრად გამოცხადების პარალელურად ხელისუფლება ჯიუტად აცხადებს, რომ 2023 წელს საქართველოს შეიყვანენ ევროკავშირში, თუმცა ბოლოდროინდელი ვითარების გათვალისწინებით, ჩანს, რომ ამ ეტაპზე იქ ნაკლებად გველის ვინმე.

- საქართველოში სადღეგრძელოები კარგად ეხერხებათ, მაგრამ დღეს ეს სადღეგრძელოები და რეალობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ შეგვიძლია კვლავაც გავაგრძელოთ თავის მოტყუება, მაგრამ ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი გვეუბნება, რომ ეს არ არის გზა, რომელიც ევროკავშირში მიგვიყვანს. ხელისუფლებას შეუძლია ელაპარაკოს მოსახლეობას ზღაპრებითა და სადღეგრძელოებით, მაგრამ რეალობა, სამწუხაროდ, აბსოლუტურად განსხვავებულია.

- მოგეხსენებათ, ამ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ანაკლიის პორტს ჩინურ-სინგაპურული კომპანია ააშენებს. ამ თემაზე ბევრი მოვისმინეთ, მათ შორის ისიც, რომ საქართველოზე ჩინური ტვირთები გაივლის, და ჩვენი ქვეყანა გამდიდრდება. ამ ინფორმაციიდან მალევე, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ჩინეთმა გაეროში ჩვენს რეზოლუციას კვლავინდებურად არ დაუჭირა მხარი, რისთვისაც ჩვენი ხელისუფლებისგან მადლობა დაიმსახურა... "მადლობა ჩინეთს იმისთვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ხელისუფლებამ მადლობა ჩინეთს რაში გადაუხადა. მას ეს პოზიცია ჰქონდა აქამდეც და ახლაც იგივე შეინარჩუნა. არც მქონდა მოლოდინი, რომ შეიცვლიდა, რადგან ის განცხადება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც შარშან გამოქვეყნდა, ნამდვილად არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ რეალურად სტრატეგიული პარტნიორები ვართ. სტრატეგიული პარტნიორობა ფორმდება თანასწორუფლებიან სახელმწიფოებს შორის, ეს განცხადება კი თანასწორუფლებიანობის განცდას ნამდვილად არ ტოვებს - მასში, ძირითადად, ჩვენ ყველაფერში ვეთანხმებით და ვითვალისწინებთ ჩინურ ინტერესებს, მაგრამ არსად ჩანს, რომ ჩინეთსაც იგივე ვალდებულება აქვს აღებული საქართველოს მიმართ. ამასთანავე,როდესაც ვლაპარაკობთ ანაკლიის პორტზე, კვლავაც ბევრი უპასუხო კითხვაა. ჯერ ერთი, რას წარმოადგენს ის ჩინური კომპანია, რომლისთვისაც, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს შეზღუდვები აქვს დაწესებული. ასევე კითხვებია მისი რეპუტაციის შესახებაც. ასევე გაუგებარია, რას ნიშნავს ეს ინვესტიცია, შესაძლებელია თუ არა ჩინური კომპანიის ხელში აღმოჩნდეს საკონტროლო პაკეტი და ა.შ. კითხვა ბევრია, ხელისუფლება კი გვეუბნება მხოლოდ ფრაგმენტებს და არ ამბობს მთავარს. არადა, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი.

- თუ არსებითად არაფერი შეიცვალა და საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის კრიზისი უფრო გაღრმავდა, რა ელის ჩვენს ქვეყანას?

- საკითხი ძალიან მარტივად დგას - ან მიდიხარ დასავლეთისკენ, ან შორდები და თუ შორდები, რჩები იმ სივრცეში, რომელიც მოიაზრება რუსეთის უკანა ეზოდ. ხელისუფლებას ეს ესმის თუ არა, გამიჭირდება თქმა. ჩემი აზრით, ნამდვილად არ არიან გულუბრყვილოები, ბოლოს და ბოლოს, 12 წელია ხელისუფლებაში არიან და წესით, კარგად უნდა გარკვეულიყვნენ ამ ყველაფერში.

ჩვენს სახელმწიფოებრიობას ერთადერთი მომავალი აქვს - ეს არის ევროპული ოჯახი. სხვა შემთხვევაში რა გვემუქრება, ამის საპასუხოდ ყველას შეუძლია გადაშალოს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, კარგად გადაიკითხოს... ქართული სახელმწიფოებრიობის ადგილი, სამწუხაროდ, იქ არ ჩანს. ჩვენ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვართ, რომელთან გამკლავებაც დამოუკიდებლად არ შეგვიძლია. მარტო ახლა კი არა, დიდი ხანია ასეა და ამიტომაც გვქონდა საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებრიობა დაკარგული. ახლა გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების საშუალებით ეს სახელმწიფოებრიობა დავიცვათ. თუ ამ პარტნიორებს შევაბრუნებთ ჩვენგან, მაშინ არ ვიცი, რა გველოდება.

მართლა სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, როცა პარტნიორებს გლობალური ომის პარტიას ვეძახით და გადატრიალების მცდელობაში ვადანაშაულებთ. ნონსენსია! წარმოიდგინეთ, გლობალური ომის პარტიას, რომელიც მართავს თურმე აშშ-ს, დაჩოქებული ჰყავს ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ნატო, და ვისაც ვერ მოერია, ეს არის საქართველოს ხელისუფლება. ძალიან მაგრები ვყოფილვართ. გამოდის, ჩვენ ვმართავთ მთელ პლანეტას...

ჩვენ ვართ მოცემულობაში, როდესაც საფრთხე რეალურია. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მეტი რომ არ არის, ეს სწორედ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის დამსახურებაა. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მტერს მოყვარეს ვეძახით, მოყვარეს კი - მტერს... თქვენს კითხვაზე პასუხი ერთია - სამწუხაროდ, თუ ასე გავაგრძელეთ, ქვეყანას კარგი არაფერი ელის.