„თუ დასავლეთმა საქართველო დაკარგა, ამას მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია სომხეთსა და მოლდოვაში“ - კვირის პალიტრა

„თუ დასავლეთმა საქართველო დაკარგა, ამას მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია სომხეთსა და მოლდოვაში“

ბოლოდროინდელ მოვლენებზე ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გვესაუბრება.

- ორი თვის განმავლობაში აფრთხილებდნენ ამერიკელები "ქართული ოცნების" ლიდერებს, რომ თუ კურსს არ შეცვლიდნენ, მათ წინააღმდეგ რიგი ღონისძიებები გატარდებოდა. ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს "ქართულმა ოცნებამ" რუსეთისკენ გადაუხვია, მაგრამ საქმე კიდევ უფრო რთულად არის. გარდა იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას დასავლეთის წინააღმდეგ ომის პარტიაზე აპელირებით, ახლა პროჩინური კურსიც აირჩია. ჩინეთი რუსეთთან ერთად ქმნის ავტოკრატიის ღერძს და ორივე დასავლეთის უმთავრესი მეტოქეა. მსოფლიოში სულ ორი ღერძია - ავტოკრატიული (ჩინურ-რუსული) და დემოკრატიული - (დასავლური). სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიული კურსისკენ გადახრას ცდილობს. კარგია, რომ ქვეყანაში საზოგადოების განწყობა არ შეცვლილა, თუმცა არ არის გამორიცხული, "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ეს მოცემულობა შეიცვალოს. არჩევნებში გამარჯვებული "ოცნება" გახდება უფრო ხისტი და მკაცრ პოლიტიკას გაატარებს ქვეყანაში დასავლური განწყობის შეცვლის მიზნით. დასავლეთში ცხადად­ დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ დემოკრატიული პროცესი შეაფერხა და დასავლელი პარტნიორების ლანძღვა-გინება დაიწყო, არამედ ავტოკრატიულ რეჟიმებთან გააქტიურა თანამშრომლობა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პრემიერი კობახიძე ირანში ჩავიდა და მეგობრობა შეჰფიცა ქვეყნის ხელისუფლებას, რაც ასევე საგანგაშო სიგნალი იყო დასავლეთისთვის. ყველაფერი იქით მიდის, რომ დასავლეთმა­ შეიძლება დაკარგოს მხარდაჭერა კავკასიის მთავარ სახელმწიფოში - საქართველოში­. ამას კი ვაშინგტონსა და ბრიუსელში იოლად­ არ შეეგუებიან.

საქართველო ის ღერძია, რომლის დაკარგვის შედეგადაც დასავლეთს დასაყრდენი აღარ ეყოლება ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპის იმ უკიდურეს წერტილებში,­ რასაც კავკასია ეწოდება და მიიღებს­ უმძიმეს რეალობას - ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყება დასავლეთისკენ ძლივს შებრუნებული სომხეთის­ რუსიფიკაცია, მოლდოვაში გააქტი­ურდებიან პრორუსი პოლიტიკოსები.

- ზოგიერთი თქვენი კოლეგის აზრით, ხელისუფლება, პირველად ისტორიაში, მულტივექტორული დიპლომატიის წარმოებას ცდილობს, რაც არ ნიშნავს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე უარს.

- მულტივექტორული იქნებოდა, ამერიკასთანაც რომ თანამშრომლობდეს, ევროკავშირთანაც და სხვებთანაც, მაგრამ "ქართული ოცნება" არის განცხადებულად­ ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული, ეკონომიკის დამაზიანებელი და აშკარად პრორუსული და პროჩინური. როდესაც შენ იმეორებ რუსულ ნარატივს, რომ თურმე უკრაინა ურჩობისთვის ისჯება, რომ დასავლეთი ომის პარტიაა და ა.შ., შემდეგ კი შენს განცხადებებს იწონებენ რუსი პროპაგანდისტები, მაგალითად, ისეთი როგორიც დუგინია, ხომ ყველაფერი ცხადია? საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, დასავლეთი მტრად წარმოეჩინა, რუსეთმა პოზიტიური სიგნალები გაუგზავნა, თუმცა მხოლოდ ლიმიტირებულად, მას შემდეგ, რაც მოსკოვში აღმოაჩინეს, რომ "ქართული­ ოცნება" თავის პროპაგანდას აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაზე აწყობდა. დუმის დეპუტატებმა ამას ირონიული და ცინიკური განცხადებებით უპასუხეს და მიგვანიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არც უნდა იოცნებოს ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე. მულტივექტორული დიპლომატია ნიშნავს სარგებლის მიღებას ყველასგან, ჩვენ კი ვერავისგან სარგებელს ვერ ვიღებთ, მათ შორის ვერც ჩინეთისგან. ანაკლიის პორტის კონსორციუმში ჩინეთის ჩართვა იმ მიზნით, რომ ჩინეთთან დაახლოვდნენ, სასარგებლო ვერ იქნება, ვინაიდან ამ ჩინური კომპანიების პრაქტიკა ასეთია - არსებული ინფრასტრუქტურის მხოლოდ 49%-ს იღებენ, შემდგომ კი, როდესაც სხვა თანამონაწილე კომპანიები აღარ გამოჩნდებიან, სრულად იღებენ საკონტროლო პაკეტს და აყენებენ პრეტენზიას, რომ ოპერაციული კონტროლიც მათ უნდა განახორციელონ. ასეთი მაგალითები ვიხილეთ შრი-ლანკაში, ნიკარაგუაში, აფრიკულ სახელმწიფოებში...

- გაირკვა, რომ ანაკლიის კონსორციუმში­ ჩინურთან ერთად უკვე არის ამერიკული კომპანიებიც, მათ შორის "ბლექ როკი".

- მალე გაირკვევა, ის კომპანიები ნამდვილად ამერიკულია თუ არა. წარმოდგენაც არა მაქვს, სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან რა ინტერესი უნდა ჰქონდეს თუნდაც­ "ბლექ როკს". ამ ეტაპზე რაც ვიცით,­ ის არის, რომ საქართველომ ანაკლიის ღრმაწ­ყლოვანი პორტის სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი გადასცა ჩინე­თის სახელმწიფო კონსორციუმს, რომელიც აშშ-ს სანქ­ცირებული ჰყავს, რომელსაც­ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში "სესხის ხაფანგის" პოლიტიკის გამტარად მიიჩნევენ...

სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ - "ქართულ ოცნებას" ეშინია რუსეთის და ამიტომაც მიჰყვება რუსულ კურსს.

- რა შეიძლება იყოს შიშის საფუძველი? თუ მიზეზი ძალაუფლების შენარჩუნებაა, ეს ხომ სინამდვილეში მცდარი გზაა?

- სხვათა შორის, ამ კითხვას საკუთარ თავს ხშირად ვუსვამ და პასუხი ვერასდროს მივიღე. ერთადერთი, რასაც ვვარაუდობ, ის არის, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ დემოკრატიულ მმართველობაში. მათთვის გაცილებით ადვილია ქვეყნის მართვა ავტოკრატიული მეთოდებით. შესაძლოა სხვა მიზეზებიც არის, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, მაგალითად, პერსონალური კავშირები ან კიდევ რაღაც სხვა... გეთანხმებით, რომ დასავლეთთან ხიდების დაწვა მათ ძალაუფლებას უფრო და უფრო ასუსტებს, თუმცა, როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ რუსეთი და ჩინეთი დაეხმარებიან ავტორიტარული პოლიტიკის გატარებასა და ძალაუფლების შენარჩუნებაში.

მსოფლიო პოლიტიკის ისტორია გვეუბნება, რომ ჩინეთი კორუმპირებულ ხელისუფლებებს ეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში. დემოკრატიები ეხმარებიან დემოკრატიულ ხელისუფლებებს, ავტოკრატიები კი - ავტორიტარებს. დემოკრატია გადამდებია, ამიტომ ავტორიტარული ხელისუფლებები ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ სამეზობლოში ავტორიტარიზმი დემოკრატიამ არ ჩაანაცვლოს. როგორც რუსეთს, ჩინეთსაც აწყობს მაქსიმალურად სუსტი და მასზე ჩამოკიდებული, დავალებების შემსრულებელი საქართველო. საქართველო ხომ არ არის მძიმეწონიანი სახელმწიფო, რომელსაც რუსეთი და ჩინეთი რაიმეს შეუთანხმებენ ან ანგარიშს გაუწვენ?!

- ვის იმედზე ან რის საფუძველზე ვისმენთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიულ განცხადებებს?

- ძალიან სასაცილო იყო ასეთი განცხადებები. სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, რომ არჩევანის საშუალებაც კი არა აქვთ, გარდა იმისა, რომ უფრო დაუახლოვდნენ რუსეთსა და ჩინეთს. შესაბამისად, თუ ფიქრობენ, რომ მსოფლიოში მიმდინარე ახალი "ცივი ომის" პირობებში დასავლეთი ჩინეთსა და რუსეთს დაუთმობს საქართველოს­ და თავად ხელისუფლებას შეინარჩუნებენ, ძალიან ცდებიან. "ქართულმა ოცნებამ" წლების განმავლობაში იძახა, აბა, ომი გინდათო?! და შეიძლება სწორედ თავად ეს პოლიტიკური ძალა გახდეს კავკასიაში დაპირისპირების საგანი. "ქართულმა ოცნებამ" თავის ხალხსა და დასავლეთს გამოუცხადა ომი. გლობალური ომის პარტიას თუ მართლა ეძებენ, ურჩევნიათ კრემლსა და პეკინში მოძებნონ. წესით, მშვენივრად უნდა იცოდნენ, რომ დასავლეთთან დაპირისპირება საქართველოს ეკონომიკას ჩამოაქცევს, ჩინეთი და რუსეთი კი ის სახელმწიფოები არ არიან, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაში დაეხმარონ, პირიქით. რაც არ უნდა თქვან "ქართული ოცნების" ლიდერებმა, ფინანსური სანქციებისთვის საქართველო მზად არ არის. სამოგზაურო სანქციები, რომლებიც ახლა მხოლოდ ამერიკაზე ვრცელდება, მალე ევროპაზეც გავრცელდება და ცოტა ხანში ფინანსური სანქციებიც დაემატება, ქვეყნის გაღატაკებას კი ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

საქართველო სანქციებს ერთი წელიც ვერ გაუძლებს, 1991 წლიდან დონაციაზე ვართ ჩამოკიდებული, აქ თუ რამეა გაკეთებული, ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული პროექტები, თავდაცვის ძალების გაწვრთნა და ათასი სხვა რამ, ყველაფერი დასავლეთის ფულით გაკეთდა. ეს ფული რომ აღარ იქნება, რას იზამს "ქართული­ ოცნება", ჩინეთი და რუსეთი საქართველოს თავდაცვისა და ეკონომიკის გაძლიერებაში ფულს არ ჩადებენ. არ ყოფილა შემთხვევა, ამ ორ სახელმწიფოს რომელიმე ქვეყნის განვითარებაში ფული ჩაედოს, პირიქით. ჩიხშია "ქართული ოცნება" და ხალხს დიდი საფრთხის წინაშე აყენებს. ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანას "ცივი ომის" ერთ-ერთ მთავარ გამტარად გადააქცევენ.

საქართველოს დიდხანს ჰქონდა პროდასავლური კურსი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს ნეიტრალიტეტი თუ სტრატეგიული ბუნდოვანება აირჩია და დასავლეთი ამას გაგებით ეკიდებოდა, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა, "ოცნება" უკვე ძალიან მკვეთრ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ საქართველო დასავლეთს მოსწყვიტოს და ჩინურ-რუსულ ორბიტაზე გადაიყვანოს. ეს კი არავის არ უნდა, არც დასავლელ პარტნიორებს და არც ქართველი ხალხის დიდ ნაწილს.

ხათუნა ბახტურიძე