„ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორობა რუსეთისთვის დიდი გეოპოლიტიკური თავსატეხია“ - კვირის პალიტრა

„ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორობა რუსეთისთვის დიდი გეოპოლიტიკური თავსატეხია“

„მოსკოვს ჩვენს რეგიონში კონკურენციას უწევდა ჯერ თურქეთი და ირანი, მერე დასავლეთი, ახლა კი ქართველებმა „სიურპრიზი“ მოუწყვეს და ახალ მოთამაშედ ჩინეთი შემოიყვანეს“

"არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით, მიზანი იყოს ხელისუფლების ცვლილება მაიდნის სცენარის გათამაშებით", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა­ საქართველოზე საუბრისას. ნიშანდობლივია ისიც, რომ პუტინმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სერგეი შოიგუს ნაცვლად, ანდრეი ბელოუსოვი დანიშნა, მანამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი და თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსი იური კუზნეცოვი დააკავეს, უფრო მოგვიანებით კი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ვადიმ შამარინი. რისთვის ემზადება რუსეთი და რა როლი შეიძლება განესაზღვროს ამ გეგმაში საქართველოს, ამის შესახებ ანალიტიკოსი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება.

- რუსი პოლიტიკოსები ტყუილად არაფერს ამბობენ, ყველა გზავნილის უკან კონკრეტული ინტერესები დგას. სხვადასხვა­ მომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებაზე საკმაოდ თბილ, მეგობრულ განცხადებებს აკეთებენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის"კანონის მიღების მომენტიდანვე, რის გამოც ჩნდება განცდა, რომ ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდი რუსეთის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. მოსკოვის მიზანიც სწორედ ამის დემონსტრირებაა, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაცივებულია. მაშინ, როდესაც აშშ-მა სანქციები უკვე დაუწესა რამდენიმე ათეულ ადამიანს, ევროკავშირი კი საქართველოსთან­ უვიზო­ მიმოსვლის გადახედვაზე საუბრობს,­ ჩვენი­ ხელისუფლებისა და რუსი ლიდერების განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა. არც ერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი არ გააკეთებდა ისეთ განცხადებას, როგორიც პრემიერმა კობახიძემ გააკეთა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შესახებ. დაუჯერებელია, რომ ევროკომისარი ტელეფონზე საუბრისას მაფიის ბოსივით ემუქრება სხვა ქვეყნის პრემიერს. დასავლეთში ძალიანაც რომ უნდოდეთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, გამორიცხულია ტელეფონით ურეკავდნენ "ოცნების"“ლიდერებს და ემუქრებოდნენ. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების­ არაადეკვატური განცხადებები პირველად არ გვესმის. ზოგი სიცოცხლის ხელყოფით მუქარებზე საუბრობს, ზოგი ილუმინატების მსოფლიოში გაბატონებაზე და ა.შ. რუსეთი­ ასეთ აბსურდულ განცხადებებს­ მთელი სერი­ოზულობით ეხმაურება და ამას ორი მიზანი აქვს: პირველი - სურს წარმოაჩინოს, რომ საქართველო უკვე რუსული ორბიტის ნაწილია და დასავლეთს აქ აღარაფერი ესაქმება; მეორე მიზანი საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაა. რუსული სპეცსამსახურები ძალიან კარგად მუშაობენ არა მხოლოდ სახელისუფლებო, ბევრ სხვადასხვა წრეშიც. მათი მიზანი სამოქალაქო დაპირისპირების ხელშეწყობაა. ზუსტად მაშინ, როდესაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, საქართველოში ყველაზე არაპოპულარული რუსი, ალექსანდრე დუგინი, "ოცნების" მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს. რუსეთი მართლა რომ იყოს დაინტერესებული ე.წ. აგენტების კანონით, ჩუმად იქნებოდა და საქართველოს ხელისუფლებას თავისი პოლიტიკის მშვიდად გატარების­ საშუალებას მისცემდა. სინამდვილეში რუსეთი არც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნით არის დაინტერესებული და არც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებით. მოსკოვი ეძებს საშუალებებს, რათა ქვეყანაში გააღრმაოს დესტაბილიზაცია­ და საქართველო გაიყვანოს იმ თამაშიდან, რაშიც არცთუ დიდი ხნის წინ ჩაება.

- რა თამაშს გულისხმობთ?

- ჩვენმა სახელმწიფომ ისტორიაში პირველად ე.წ. მულტივექტორული დიპლომატიის წარმოების ნიშნები გამოავლინა. გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ დასავლეთზე არ უნდა ვყოფილიყავით ორიენტირებული და დაიწყეს საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

- საინტერესო თუ სახიფათო?

- დიდი რისკების შემცველი, მაგრამ ამავე დროს უდავოდ საინტერესო. საუბარია ჩინეთის მიერ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, ტვირთების სატესტო გადაზიდვებზე, როგორც ავტოსატრანსპორტო, ისე სარკინიგზო მაგისტრალების გამოყენებით, გაფორმებულია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი, საქართველოსა და ჩინეთს შორის ამოქმედებულია უვიზო მიმოსვლა, დანიშნულია პირდაპირი ფრენები. ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყო საქართველომ ბეიჯინგთან დაახლოება. სხვა საკითხია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ აისახება ეს საქართველოს განვითარებაზე, მაგრამ შევხედოთ ამ საკითხს რუსეთის პერსპექტივიდან - კავკასიასა და შავი ზღვის აუზში გაჩნდა ახალი მოთამაშე, რომელიც რუსეთისთვის და სხვათა შორის, კავკასიური ქვეყნებისთვისაც ორგანულად უცხოა. მოსკოვს­ ჩვენს რეგიონში ტრადიციულად კონკურენციას უწევდა ჯერ თურქეთი და ირანი, მერე დასავლეთი, ახლა კი ქართველებმა "სიურპრიზი" მოუწყვეს და ახალ მოთამაშედ ჩინეთი შემოიყვანეს.

- შეიძლება ეს სულაც არ იყო სიურპრი­ზი­. იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან­ და მათი ურთიერთობა რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო გააღრმავა, შესაძლოა საქართვე­ლოს საკითხში ურთიერთშეთანხმებით მოქმედებენ.

- შემიძლია ავხსნა - თუ ჩინეთი საქართველოზე დაიწყებს თავისი ტვირთების გატარებას, რომელ ქვეყანაზე შეამცირებს დამოკიდებულებას სატრანზიტო თვალსაზრისით? რუსეთზე. ამასთან, ჩინეთი არის ის პარტნიორი, რომელიც რუსეთის ფედერაციას დროდადრო ართმევს ტერიტორიებს, მაგალითად, დალნი-ვოსტოკის ოლქში პირდაპირ ექსპანსიას ეწევა, იქ უკვე რუსულად მოსაუბრე ადამიანების ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად შემცირებულია. გარდა ამისა, რუსეთი ძალიან ცინიკურად და უხეშად ეპატრონება რუსეთის ბუნებრივ სიმდიდრეებს. პეკინს მოსკოვთან 3 მილიონი კვადრატული კილომეტრი აქვს სადავო.ასე რომ, ჩინეთი რუსეთისთვის ისტორიულად ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია. შესაბამისად, როდესაც პეკინი მოსკოვზე დამოკიდებულებას ამცირებს, ზრდის ზემოქმედებასაც. ეს თავისთავად ცხადია, ასუსტებს­ რუსეთის ფედერაციას, რომელსაც­ უკვე ისედაც ძალიან უჭირს პოზიციის შენარჩუნება ცენტრალურ აზიაში და სხვათა შორის, სამხრეთ კავკასიაშიც. შეიძლება ითქვას, კავკასიის რეგიონსა და შავი ზღვის აუზში ჩინეთის შემოყვანა რუსეთისთვის ორმაგი თავსატეხია. ერთი მხრივ, ჩინეთის სახით რეგიონში გაჩნდა მეტოქე, რომელთანაც ვერ შევა ისეთ კონფრონტაციაში, როგორც აშშ-თან, იმიტომ, რომ დეკლარირებულად სტრატეგიული პარტნიორია. მოყვარე მტერი ყოვლისა­ მტრისაგან უფრო მტერია - აი, ზუსტად ეს არის ჩინეთი რუსეთისთვის. შესაბამისად, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორობა რუსეთისთვის დიდი გეოპოლიტიკური თავსატეხია.

- საქართველო-ჩინეთის პარტნი­ორობაც თავსატეხია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი­ ამერიკისთვისაც. ტრამპის ადმინისტრაციის დროინდელმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 2019 წელს მიგვანიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინეთის მონაწილეობას არ მიესალმებიან.

- მოიკითხეთ და ანაკლიის ჩინელ მეწილეებთან ერთად ამერიკულ კომპანიებსაც­ ნახავთ. საინტერესო ჩამონათვალია, მათ შორის არიან ისეთები, ვისაც "ოცნების" ზოგიერთი იდეოლოგი "გლობალური ომის პარტიად" აცხადებდა, მაგალითად, ბლექ როკი. არ გაგიკვირდეთ, რომ ჩინელები და ამერიკელები ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დალაგდნენ. პრობლემა ის კი არ არის, რომ ანაკლიის პორტს ჩინელები ააშენებენ, პრობლემა ის არის, რომ არ ვიცით, რა პირობებით ააშე­ნებენ. ამ ხელისუფლებას ხომ აქვს გამჭვირვალობის ფეტიში, ამის გულისთვის გადაიკიდეს მთელი დასავლეთი, გაგვიმხილონ, რა პირობებზე შეთანხმდნენ ჩინელებთან!­ თუ ჩვენც ისევე გვიშენებენ პორტს, როგორც მონტენეგროს აუშენეს ავტომაგისტრალი, მაშინ არ გვაწყობს. ჩინე­თის ხელისუფლება "ოცნების" ხელისუფლებისთვის კომფორტული პარტნიორია, იმიტომ,­ რომ ევროკავშირისა და ამერიკისგან განსხვავებით, პეკინს პრეტენზია არ აქვს დემო­კრატიულ არჩევნებსა და მედიაპლურალიზმზე. პირიქით, მზად არის ნებისმიერ ავტოკრატიულ რეჟიმთან ითანამშრომლოს. ამასთან, ხელისუფლება ფიქრობს, რომ შეუძლია იმ ზიანის კომპენსირება, რაც დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესებით შეიძლება მიადგეს. სჯერათ, რომ ეს გართულებული ურთიერთობა მუდმივი არ იქნება და ძალაუფლების კონსოლიდაციის პარალელურად, გაატარებენ მრავალვექტორულ დიპლომატიას, რაც საქართველოს ტიპის სახელმ­წიფოებისთვის ძალიან რთულია. ამისთვის­ დიდი ცოდნა, გამოცდილება და რესურსია საჭირო, ჩვენს ხელისუფლებას კი მესიჯბოქსის დალაგებაც უჭირს. შესაბამისად ძალიან დიდი რისკის წინაშე ვდგებით და ბევრად დაუცველები ვხდებით, ვიდრე აქამდე ვიყავით...

- რას შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის თავდაცვაში საკადრო ცვლილებები და ჩინოვნიკების დაპატიმრებების სერია?

- მეორე წელია ომი მიმდინარეობს და ჯერ კიდევ არ ჩანს გამარჯვებული. პუტინს­ უკრაინასთან მოლაპარაკება კი არა, სინამდვილეში ომის გაყინვა უნდა, იმიტომ, რომ გრძელვადიანი ომის წარმოება­ უჭირს. ომის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთი კიდევ უფრო დაზიანდება და ამას შესანიშნავად აცნობიერებს პუტინი. მას უნდოდა ნატო 1997 წლის ნიშნულს დაჰბრუნებოდა და პირიქით მოხდა, შვედეთისა და ფინეთის მიმართულებით გაიზარდა, ფაქტობრივად, ბალტიის ზღვა ნატოს ბაზად გადაიქცა.

- რა შემთხვევაში შეიძლება ამ ომის გაყინვა?

- გამორიცხულია. უკრაინამ მიიღო ახალი სამხედრო დახმარება და ნებართვა რუსეთის ტერიტორიას შეუტიოს. მალე საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელი სამხედროების სამხედრო გადამზადებაც დასრულდება. შესაბამისად, კიევს არ აწყობს ამ ომის გაყინვა.

ხათუნა ბახტურიძე