რა მოხდება 26 ოქტომბერს და არჩევნების შემდეგ?! - კვირის პალიტრა

რა მოხდება 26 ოქტომბერს და არჩევნების შემდეგ?!

ამერიკამ "ქართული ოცნების" დასანქცირება დაიწყო და როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, ძნელი სათქმელია, რადგან აშშ ამბობს, რომ ეს პირველი ტრანში იყო, "ოცნება" კი, როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებს. რა დარტყმა იქნება ეს მმართველი პარტიის იმიჯისთვის და შეძლებს თუ არა ისევ მომხრეების კონსოლიდირებას ან რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი არჩევნებზე, მით უმეტეს, რომ ოპოზიციაშიც არ არის ყველაფერი გარკვეული; რაც მთავარია, როგორი იქნება არჩევნებამდე მისასვლელი პერიოდი და გადავა თუ არა ხელისუფლება რეპრესიებზე, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს, ირაკლი მელაშვილს, რამაზ საყვარელიძესა და დავით ზურაბიშვილს ვესაუბრეთ.

"ახლა რეგიონებში წყდება არჩევნების ბედი"

- კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ხაბეიშვილს ბოკუჩავა ჩაანაცვლებს და ეს რას შეცვლის ოპოზიციის ფლანგზე?

ირაკლი მელაშვილი: - ხაბეიშვილს მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტი არასდროს ჰქონია. ყველამ იცოდა, რომ ის ნიკა მელიას მოსაშორებლად გამოიყენეს, რომელსაც არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა პარტიის მთავარ დამფინანსებელთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან. ბოკუჩავას კარგი ურთიერთობა აქვს უცხოელებთან, ამერიკელებს კარგად იცნობს და ამ დასანქცირების შემდეგ, "ნაცმოძრაობისთვის"­ ამერიკულ მხარესთან ურთიერთობა პრიორიტეტული იქნება. ქვეყანაში კი გინდა ბოკუჩავა იყოს თავმჯდომარე, გინდა ხაბეიშვილი, ეს არაფერს შეცვლის, რადგან ის "ნაცმოძრაობას" ვერც ვერაფერს შესძენს და ვერც ვერაფერს დააკლებს. საგარეო ასპარეზზე ბოკუჩავა გაცილებით პერსპექტიულია და უფრო საჭიროც. ისე, როდესაც ლაპარაკობენ სხვა პარტიების დემოკრატიულობასა და მმართველი პარტიის კულუარებიდან მართვაზე, ეს რაღა არის? - კაცი, რომელიც ელექტრონული გამოკითხვით აირჩიეს, გვერდით გასწიეს...

- თქვით, რომ შიგნით არაფერი შეიცვლება... ბოკუჩავა ვერ დაწერს სიას და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს?

- რა თქმა უნდა, სიას ვერ დაწერს და ყველა ხვდება, რომ ვერც გადაწყვეტილების მიმღები იქნება. გადაწყვეტილების მიმღები იქნებიან ისინი, ვინც ხაბეიშვილი­ და ახლა ბოკუჩავა მოიყვანა. მათ არ აწყობთ ამ თანამდებობაზე ისეთი პირი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ცხადი შეიქნა მელიას ჩამოშორებისას, რადგან მე მომწონს თუ არა, ის ფიგურა იყო, და პარტიიდან რომ წავიდა, "ნაცმოძრაობას" ხმები ლამის შუაზე გაუყო.

- "ქართული ოცნების" დასანქცირება საარჩევნოდ რეალობას როგორ შეცვლის და მოვლენების განვითარების რა კონფიგურაცია შეიძლება განვიხილოთ.

- "ქართული ოცნება" რას იზამს, ჯერ ძნელად წარმოსადგენია, რადგან ბოლო პერიოდში იმდენად არიან აცდენილი რეალობას, მგონი, მართლა სჯეროდათ, რომ დასავლეთი არ დაასანქცირებდა. ახლა მათ სერიოზული დაფიქრება სჭირდებათ. ფაქტია, ეს სანქციების პირველი ტალღაა, დასავლეთი მოზომილად მოქმედებს. ესენი კი ისევ თავისას აგრძელებენ. ორი დღის წინ კობახიძემ რაც უკრაინაზე თქვა, რომ ომი მაიდანმა მოიტანაო, პირდაპირ იმის გამეორება იყო, რაც წინადღით პუტინმა თქვა და აქამდეც უთქვამს. არ ვიცი, რატომ იქცევიან ასე, მაგრამ, როგორც ჩანს, გამოსვლების ეშინიათ და ახლა ცდილობენ ხალხიც შეაშინონ, აქციები თუ იქნება, ომი დაიწყებაო. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ასეთი განცხადებებით უფრო ირთულებენ როგორც საშინაო, ისე საგარეო ვითარებას. როდესაც ათიათასობით ადამიანს კანონით აგენტს არქმევ და კიდევ უამრავს მომავალს უსპობ, ამ ადამიანებს აღარც მაიდნის ეშინიათ და აღარც არაფრის. მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ხდება შენი მოშორება ხელისუფლებიდან. არაერთხელ მითქვამს, "ოცნება" თუ დიდ სისულელეს არ ჩაიდენდა, არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებდა, მაგრამ დიდი სისულელე გააკეთეს და ამას ვეღარაფერი შეცვლის - "ოცნება" წააგებს არჩევნებს.

- ოპოზიცია რა კონფიგურაციით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს შედეგებზე იმოქმედებს? ხელისუფლებას შეუძლია, რომ ოპოზიციის თუნდაც ნაწილი იყიდოს?

- ოპოზიციის ერთიანი სიით გამოსვლა, ჩემი აზრით, ხელისუფლების გეგმა იყო, რადგან "ოცნებას" გაუადვილდებოდა პროპაგანდა, "ნაცები" ბრუნდებიანო. როგორც ვხვდები, ეს გეგმა ჩავარდა და 3-4 ბლოკი მაინც იქნება, რომელთაც ბარიერის გადალახვის პრეტენზია ექნებათ. ეს ხელს შეუწყობს ოპოზიციური ამომრჩევლის მაქსიმალურად კონცენტრაციას. მთავარია, უფრო მეტად არ დაიქსაქსონ, რომ ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ 5-6-სუბიექტიანი პარლამენტი მივიღოთ. ახლა "ოცნების" მაქსიმუმი არის 20-25% და რას იზამენ, არ ვიცი. მე არ მეგულება ოპოზიციაში არც ერთი ძალა ამ 3-4 სუბიექტში შემავალი პარტიებიდან, რომელიც "ოცნებასთან" კოალიციური მთავრობის გაკეთებას მოინდომებს,­ რადგან "ოცნება" თავის ანტიდასავლური განცხადებებით პრორუსულ ძალად ჩამოყალიბდა და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. ასეთი აღქმაა მოსახლეობის დიდ ნაწილში, ვფიქრობ, 2/3-ში მაინც."ოცნება" ვერ აიღებს იმდენ ხმას, რომ მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა. პირველ ადგილზე რომც გავიდეს, ვერავისთან ვერ მოახერხებს კოალიციის შექმნას.

- მაშინ როგორ შეეცდებიან ძალაუფლების შენარჩუნებას?

- ადმინისტრაციული რესურსი და პრორუსული ელექტორატი იქნება მისი დასაყრდენი, რაც ნამდვილად ცოტა არ არის. მეორე საკითხია, რომ ადმინისტრაციული რესურსიც არ არის ასე მყარი, ბოლოს და ბოლოს, მათი შვილები დგანან აქციაზე და მათ შვილებს სცემენ, აკავებენ და აშინებენ. რეგიონებშია სამუშაოა და ესეც მარტივად მოსაგვარებელია, სამი ათასამდე სოფელია და ქუჩაში ასი ათასამდე კაცი იდგა. მხოლოდ ამის ნახევარი რომ გადანაწილდეს, ჩავიდეს სოფლებში და ელაპარაკონ მშობლებს, ნათესავებს, მეზობლებს, ის ადმინისტრაციული რესურსიც განეიტრალდება, რადგან საკუთარი შვილების წინააღმდეგ არავინ მისცემს ხმას. ეს არის აუცილებელი საქმე, მთელი ზაფხული აქციების ჩატარება არ არის საჭირო. "ოცნებაც" დაიწყებს რეგიონებში პროპაგანდას და ახალგაზრდები რეგიონებში უნდა დახვდნენ. ახლა რეგიონებში წყდება არჩევნების ბედი, იქ უნდა შევიდეს ის მუხტი, რაც თბილისშია.

- "ოცნება" მუდმივად სუვერენიტეტზე აპელირებს და ახლა რამდენად არის საფრთხე, თუნდაც არჩევნების პარალელურად ჩაატარონ პლებისციტი, ნატო თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაო, და მოსახლეობას გააკეთებინონ საბედისწერო არჩევანი, - ოღონდ ტერიტორიული მთლიანობა და არ გვინდა დასავლეთიო. ამაში რუსეთიც შეუწყობს ხელს, ხმებიც მოემატებათ ვითომ ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივით...

- რუსეთი რისი დამბრუნებელია? ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ - თუ ერი ასეთ იდიოტიზმზე წამოეგო, მაშინ ჩვენ ევროპაში არაფერი გვესაქმება. მე ხალხის იმედი მაქვს, რომ ამას კარგად ხვდება. რუსეთი არაფრის დამბრუნებელი არ არის და როგორც კი ევროპა მიგვატოვებს, ეგრევე ჩავცვივდებით მის კლანჭებში. ამიტომაც ეჭვი მეპარება, რომ "ოცნებამ" საზოგადოების ამით მოტყუება შეძლოს. უფრო კულუარულად იმუშავებენ და ხალხს ეტყვიან, ბიძინამ ჩააწყო ეს საქმე და მოგვეცით ხმაო. აი, ესეც უნდა იყოს ახალგაზრდების სასაუბრო თემა რეგიონებში.

"ოცნება" უკან აღარ დაიხევს"

რამაზ საყვარელიძე: - დღეს რამდენიმე მიდგომა იკვეთება. ერთი დაახლოებით იმეორებს ამერიკელების ტექსტს, რომ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის გადაიდგა მთავრობის სანქცირებისკენ ნაბიჯი და მომავალში კიდევ გადაიდგმება, რადგან მთავრობამ გადაუხვია დემოკრატიას. შესაბამისად, ხალხს ამ ხელისუფლების მოშორება უნდა უნდოდეს, თუ არადა, ზეწოლა გაგრძელდება. ამიტომაც ლოგიკური შეიძლება იყოს ის, რომ ხელისუფლება არჩევნებზე შეიცვლება, მაგრამ ვინ უნდა მოვიდეს? ბოლო დროს ანალიტიკოსების ნაწილი "ქართულ ოცნებას" საყვედურობს, რომ დასავლეთის საწინააღმდეგო რიტორიკა აქვს და პრორუსულ და პროჩინურ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ამერიკისთვის არ არის მოსაწონი. მაგრამ ისეთი ვინ უნდა მოვიდეს, ვინც პროჩინურ პოლიტიკას არ გაატარებს? ამის პასუხი ის არის, რომ ლოგიკურად ისევ "ნაციონალები" უნდა იყვნენ, რადგან საიმისო რეიტინგი, რომ ხელისუფლება აიღოს ხელში, სხვას არავის აქვს.

- სხვა ოპოზიციაც ხომ არსებობს და აპირებენ კოალიციური ხელისუფლების შექმნას?

- ვისაც "ნაციონალების" ეშინია, ეს შიში უნდა გავუძლიერო - კოალიციური მთავრობა ნიშნავს, რომ უპირატესობა ექნება იმას, ვისაც მეტი ხმა აქვს. თუ ვიტყვით, რომ "ოცნებამ" საერთოდ ვერ აიღო ხმები და მხოლოდ ოპოზიციური სპექტრის­ ხმები გვაქვს, ამათში ხომ ყველაზე მეტი "ნაცმოძრაობას" აქვს? ეს ხომ ნიშნავს, რომ უმთავრესი პორტფელები "ნაცმოძრაობას" ექნება? უმთავრესი პორტფელები კი ქვეყნის მართვაში ძალოვანებისაა.

- არის დაპირება, რომ "ნაციონალების" ძალოვანები პოსტებს არ დაიკავებენ...

- ზურაბიშვილის შეთანხმებას გულისხმობთ? ხელის მოწერა და შეთანხმება­ უამრავი გვინახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შესრულდა? ასე რომ, ასეთი გულუბრყვილო დამოკიდებულება ცოტა ძნელი გასაზიარებელია, მით უმეტეს, "ნაცმოძრაობას" აქვს ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება და რა ლოგიკით დაუშლიან, გააკეთოს ის, რაც სურს? მით უმეტეს, "ნაცმოძრაობას" აქვს მყარი არგუმენტი, რომ მას ყველაზე მეტი ხმა მოაქვს. ასე რომ, ყველაზე მეტი ხმა მოიტანოს და მერე არ გააკეთოს ის, რაც უნდა, ღიმილის­ მომგვრელია. პრეზიდენტი ხელისუფლებას რომ აძლევს შენიშვნებს, კურსს ცვლიო, ოპოზიციას რატომ არ აძლევს არანაირ შენიშვნას? ოპოზიცია თუ სუსტია და ხელისუფლებამ დასავლური კურსიდან გადაუხვია, ეს ნიშნავს, რომ არანაკლებ დამნაშავეა ოპოზიცია.

- საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც ეს ხე­ლისუფლება ძალიან არ მოსწონს, და ეს კატეგორია საკმაოდ დიდია, მიიღებს ამ მოცემულობას?

- გამოსვლები იქნება, მაგრამ დასავლეთმა თუ არჩევნების შედეგი აღიარა,­ ოპოზიცია ნიადაგგამოცლილი იქნება. ოპოზიცია კონკურენციას კი ვერ უწევს ხელისუფლებას, რევოლუციით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას. არაერთხელ მიხსენებია შარპის კონცეფცია, რომელიც მოიცავს ორასამდე პუნქტს, თუ როგორ უნდა მოხდეს ხავერდოვანი რევოლუცია. ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ის არის, რომ ხელისუფლების გადასაგდებად გამოსვლები არჩევნების მერე უნდა დაიწყოს.

- რა შანსია, რომ ახლა "ოცნებამ" უკან დაიხიოს და მაშინ საარჩევნოდ პროცესები როგორ განვითარდება?

- ამის განწყობას ხელისუფლებას ვერ ვატყობ. ამით ამომრჩეველს დაკარგავს. მისი ამომრჩევლები ხედავენ, რომ ეს არის ერთადერთი ძალა, ვინც დასავლეთს უპირისპირდება და არ აძლევს "ნაცების" ხელისუფლებაში მოყვანის საშუალებას. თუ უკან დაიხევს, ამომრჩეველს დაკარგავს. ამიტომ მგონია, რომ "ოცნება" უკან აღარ დაიხევს.

- დასავლეთთან დაპირისპირების გამო არ დაკარგა "ოცნებამ" ამომრჩეველი და ექნება ახლა ის მხარდაჭერა, რომ გაყალბების გარეშე შეძლოს გამარჯვება?

- დასავლეთთან დაპირისპირების რამდენიმე რაუნდი იყო. ერთი იყო მეორე ფრონტის გახსნის თემა, მეორე ჩინეთი და ახლა გააქტიურდა გადატრიალების თემა, მით უმეტეს, რომ ამერიკელებმაც თქვეს, 2012 წლის მერე საქართველომ გადაუხვია დემოკრატიულ კურსსო. ე.ი. მანამდე იდეალური იყო ხომ დემოკრატია? ანუ ფაქტობრივად განაცხადეს, რომ ხელისუფლებაში­ სააკაშვილის მოყვანა გვინდაო. თვითგადარჩენის ინსტინქტი კი მუშაობს და "ოცნებამაც" დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის და ამ ბრძოლაში რევოლუციით გადაგდების თემა რომ იყო, ბოლოს გამოჩნდა. ეს კანონი იყო რაღაც პროცესების ამუშავების საბაბი და არა მიზეზი. თუმცა, ცხადია, მოსახლეობის ერთი ნაწილი უდავოდ კრიტიკული იქნება "ოცნების" მიმართ.

რაც შეეხება გაყალბებას, სულ არ არის საჭირო გაყალბება, ხმაური ისედაც ატყდება და უცხოეთიც იტყვის, გააყალბესო. რეალურად გააყალბებენ თუ არა, აღარ ექნება მნიშვნელობა.

- თუკი არჩევნებზე იქნება ნეგატიური შეფასებები, რა გველოდება? საზოგადოების დაპირისპირების საფრთხე რამდენადაა?

- თუ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლა რეალური გახდა, რა თქმა უნდა, ეს საფრთხე დადგება. სააკაშვილს ციხიდან გამოიყვანენ თუ არა, არა აქვს მნიშვნელობა. საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სააკაშვილი კატეგორიულად არ უნდა, აუცილებლად შეეწინააღმდეგება.­ თუმცა მაინც არა მგონია, რომ ეს შეჯახება სისხლიანი იყოს, რადგან, წესით, არავინ არ უნდა მისცეს მხარეებს იარაღი. თბილისის ომმა ხომ იმიტომ იარსება, რომ რუსეთი იარაღს ერთ მხარესაც აძლევდა და მეორესაც. აქ იარაღის ასეთი მიმცემი არავინ ჩანს და კონფლიქტების ტალღა გადაივლის.

- ყველაზე მეტად რომელი სცენარია მოსალოდნელი?

- ჩვენ მხოლოდ შიდა სცენარები განვიხილეთ, მაგრამ ასეთ დროს ასეთ ადგილას გაკვეხებული ქვეყანა, როგორიც საქართველოა, დამოკიდებული იქნება საგარეო ურთიერთობებზე. თუკი გამწვავდება ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით და თუკი, პირიქით, მოგვარდა, საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესიც გაიზრდება. არც იმას გამოვრიცხავ, მხოლოდ ევროკავშირში გაწევრება კი არა, ნატოს საკითხიც რეალური გახდეს.უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა მოუვა რუსეთს, რაც ცალკე სასაუბრო თემაა.

"ყველაზე შესაძლებლად ჩანს ცენტრი"

დავით ზურაბიშვილი: - ძალიან რთულია წინასწარ განსაზღვრა, რა იქნება.­ თუმცა აგენტების კანონის მიღების შემდეგ­ რაც მოხდა, თუ არჩევნები ჩატარდა და საერთოდ არ გააუქმეს, არ დაიწერა ის შედეგები, რაც აწყობთ, ჩატარდა ისეთი ან თუნდაც იმაზე ცოტა უარესი, რაც 2020 და 2021 წლებში იყო, მგონი, ხელისუფლება ან დამარცხდება და კოალიციური ხელისუფლების ფორმირება იქნება შესაძლებელი, ან შესაძლოა კიდევ გაიმარჯვოს და მთავრობის ფორმირებაც შეძლოს, მაგრამ ეს უპირატესობა იმდენად მცირე იქნება, რომ ოპოზიციამ თუ კიდევ რაღაც ბოიკოტი არ აიჩემა, ძალიან მალე დადგება რიგგარეშე არჩევნების საკითხი. "ოცნებას" არ ექნება მყარი ძალაუფლება და შენარჩუნებისთვის მოუწევს კომპრომისებზე წასვლა, პირველ რიგში ამ კანონის გაუქმება და სხვა რაღა­ცების დათმობა. არჩევნები თუ ჩატარდა, პრაქტიკულად, ივანიშვილის ერთპიროვნულ ხელისუფლებას პერსპექტივა არა აქვს, ეს არჩევნები წაგებული აქვს, იმისდა მიუხედავად, როგორი იქნება ოპოზიციის კონფიგურაცია. ცხადია, თუ ოპოზიციამ არ ჩაიდინა კიდევ უარესი.

- რა შეიძლება იყოს ეგ უარესი?

- შეიძლება იმდენად გაიბნეს ოპოზიციური ხმები, იმდენად ბევრი სუბიექტი იყოს არჩევნებში, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, და ხმები დაიკარგოს. ეს არის ერთადერთი საფრთხე. ერთი სია არარეალისტური მგონია. ყველაზე შესაძლებლად ჩანს 4 ცენტრი - "ნაცმოძრაობა", გვარამია-მელიას­ პარტია, "ლელო" და გახარია. ეს ოთხი შედარებით მსხვილი მოთამაშეა. აქედან "ნაცმოძრაობასა" და "ახალს" ორნიშნა რეიტინგი აქვთ, 10%-ზე მეტი, და ეს რეალურად "ნაცმოძრაობის" გაყოფილი რეიტინგია. ასე რომ, თუ არჩევნები ჩატარდება, მათ პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული აქვთ. ცოტა უფრო რთულად არის საქმე ე.წ. არანაცურ ფლანგზე, "ლელოს" და გახარიას, ჯერჯერობით ორნიშნა რეიტინგი არა აქვთ. "ლელოს" ბოლო დროს ცოტა მაღალი აქვს, 6-7%-ის ფარგლებში, გახარიას - 5%-ის. ეს ბუნებრივიც არის, რადგან გახარიას პარტია თავისი ბუნებით რადიკალიზებული სიტუაციისთვის არ არის, რაც ხელისუფლების დამსახურებაა. "ლელო", რომელიც ადრე გახარიას ჩამორჩებოდა და, ძირითადად, "ნაცმოძრაობის" მთავარ მესიჯს იმეორებდა, რომ ბიძინა რუსეთია, "ოცნებამ" ყველაფერი­ გააკეთა იმისთვის, რომ ამ მტკიცებას საფუძველი ჰქონოდა. ფაქტია, ის, რასაც "ოცნება"­ აკეთებს, განზრახულად არის თუ არა, შედეგის თვალსაზრისით რუსეთისთვის მომგებიანია. ამიტომაც "ლელოს" რეიტინგმა ცოტა მოიმატა, გახარიას რეიტინგმა კი დაიკლო. ყველაზე სწორი იქნებოდა, ეს ორი ძალა გაერთიანებულიყო, მაგრამ მგონია, არ გამოვა. ამის მხოლოდ სუბიექტური მიზეზებია,­ ობიექტურად კი ეს ორივეს აწყობს. მგონი, იქნება 4 ცენტრი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, როგორ იმოქმედებენ: ორიენტირებული­ იქნებიან სხვა პარტიების შემოერთებაზე თუ შეეცდებიან მარტო გასვლას. გახარია მარტო გასვლას ცდილობს და მეეჭვება, ეს ხელსაყრელი იყოს, რადგან 5%-ის აღება­ იოლი არ არის. ხელისუფლება იმოქმედებს, მას აწყობს, რაც შეიძლება ბევრმა პარტიამ არ გადალახოს ბარიერი, პირველ რიგში კი გახარიამ. ამიტომაც გახარიას ადგილზე გამსხვილებას ვიფიქრებდი. ამ თვალსაზრისით "ლელო" უფრო აქტიურია და აპირებს გამსხვილებას. თუ ეს ხმები არ დაიკარგება, ვფიქრობ, ხელისუფლება დამთავრებულია, იმისდა მიუხედავად, როგორ არჩევნებს ჩაატარებს. თუ "ოცნება" შეეცდება არჩევნების მისაკუთრებას, ანუ თუ ივანიშვილმა გასცა ბრძანება, არ მაინტერესებს, ვინ რა აიღო, მე დამიწერეთ ამდენიო, და ეს გაკეთდა, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში იქნება რევოლუციური სიტუაცია, პროტესტი იქნება გაცილებით მწვავე და მრავალრიცხოვანი, ვიდრე ამ კანონის გამო იყო. ხელისუფლება რევოლუციას მართლა მიიღებს და ეს იქნება აბსოლუტურად გამართლებული და ლეგიტიმური. თუმცა მე მაინც მგონია, რომ აქამდე საქმე არ მივა, რადგან დამარცხდებიან და იძულებული იქნებიან, ამას შეეგუონ.

- აღიარებენ დამარცხებას?

- მოუწევთ. წინ კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ამბავი გველოდება - არასამთავრობო ორგანიზაციებს სექტემბრამდე­ აქვთ ვადა, რომ აგენტებად და უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირდნენ. მთელი არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედია აცხადებს, რომ ამას არ გააკეთებენ, რასაც მოჰყვება, ალბათ, არჩევნებზე მათი არდაშვება, ეს კი ძალიან მაღალი ალბათობით გასაჩივრდება­ სტრასბურგის სასამართლოში. ასევე მაღალი ალბათობით მგონია, რომ სტრასბურგი გამოიყენებს დროებით ღონისძიებას და შეაჩერებს ამ კანონის მოქმედებას. მერე ხელისუფლება რას იზამს? არ დაემორჩილება სტრასბურგს? არ დაემორჩილები ვაია, დაემორჩილები და, ვუი - ანუ წინასაარჩევნოდ ორივე შემთხვევაში ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება.

- შეიძლება "ოცნება" დათმობაზე წავიდეს? თუ წავა, როგორ შეცვლის ეს ვითარებას?

- მე ვიტყოდი, ეს იქნებოდა რბილი წასვლა და მათთვის უკეთესი, მაგრამ ეს ხელისუფლებას შიგნიდან აბსოლუტურად დაანგრევს. დღეს ხელისუფლება დგას ბიძინას ყოვლისშემძლეობის მითზე, მაგრამ სანქციებმა უკვე დიდი წყალი შეუყენა ამ რწმენას, რადგან ის უმტკიცებდა გუნდის წევრებს, რომ არანაირი სანქციები არ იქნებოდა. ეტყობათ რეაქციებზე, რომ სანქციებს მართლა არ ელოდნენ. რატომ არ ეგონათ, როცა ამდენი ხანია აფრთხილებდნენ? ისინი კი აფრთხილებდნენ, მაგრამ ბიძინა სხვას ეუბნებოდა, და ამათ ხომ ბიძინასი უფრო სჯერათ. ჰგონიათ, ბიძინამ უკეთესად იცის, ამერიკა რას გააკეთებს, და ახლა მათი ეს რწმენა ირღვევა. ამიტომ ახლა ხელისუფლება რომც წავიდეს კომპრომისზე, ბიძინაც უნდა წავიდეს და ბიძინა რომ წავიდეს, ვერტიკალი ერთიანად ჩამოიშლება.

- თუკი დასავლეთმა თქვა, რომ "ოცნებამ" წააგო ან გააყალბა არჩევნები, აღიარებენ ამ შეფასებას?

- თუ არ აღიარებენ, გამოვა ხალხი, ესენი კი შეეცდებიან, დაარბიონ, მაგრამ ხალხი არ გატყდება. შეიძლება იყოს შენობების ბლოკირება, დაკავება და უკვე რევოლუციური პროცესები დაიწყება. "ოცნებაშიც" დაიწყება რღვევა, ვიღაც ხალხის მხარეს გადავა, ვიღაც დარჩება ხელისუფლებასთან, მაგრამ ხელისუფლება ვერ გაიმარჯვებს. დღევანდელი ხელისუფლება სერგო ორჯონიკიძესავით ვერ შემოიყვანს აქ რუსეთს, რადგან ეს არავის აწყობს, არა მარტო დასავლეთს, არამედ ჩინეთსაც და თურქეთსაც. ამიტომ არ ვიცი, რისი იმედით­ იბრიქებიან.

რუსა მაჩაიძე