მთავარი კითხვები, რომლებიც ყველას აშფოთებს - რა იქნება არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ?! - კვირის პალიტრა

მთავარი კითხვები, რომლებიც ყველას აშფოთებს - რა იქნება არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ?!

ქვეყანაში ჩვენი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მეშვეობით კვლავ ორი ალტე­რნატიული რეალობა ვიხილეთ. ხელისუფლების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამერიკული სანქციები დიდი არაფერია და ხაზს უსვამენ - ეს ვაშინგტონის მტრული­ ნაბიჯია, ოპოზიციონერებსა და ხელისუფლების კრიტიკულად განწყობილ ექსპერტთა ნაწილს კი ზარ-ზეიმი აქვთ, თითქოსდა "ოცნებამ" არჩევნები უკვე წააგო.სინამდვილეში, სიმართლე სადღაც შუალედშია. ვაშინგტონის სასანქციო პაკეტი ტრაგედია არ არის, თუმცა შესაძლოა ცუდი ამბების დასაწყისი იყოს. ამ ყველაფრის შემხედვარეს ჩვენს თანამოქალაქეებს, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებისა, დაახლოებით ერთნაირი კითხვები აწუხებთ: გაუარესდება თუ არა ამ პოლიტიკური ტურბულენტობისა და თბილისი-დასავლეთის დაპირისპირების გამო ყოველდღიური ცხოვრება?!

ამერიკელებს უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოსთვის სანქციები არ დაუწესებიათ. წავა თუ არა ამაზე, ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე - საქართველოს ხელისუფლების სამომავლო პოზიციაზე, არჩევნებსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. თუ მოხდა კატასტროფა და იქამდე მივედით, რომ ვაშინგტონმა უშუალოდ ქვეყანას დაუწესა სანქციები, მაშინ ეს აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე - მდიდრებზეც და ღარიბებზეც.

ზოგიერთი ეკონომიკის ექსპერტი, ალბათ, მაღალჩინოსანი ბოსებისთვის თავის­ მოსაწონებლად ეშმაკობს, კალკულატორზე ანგარიშობს ამერიკა-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების მონაცემებს, ამერიკული ინვესტიციების რაოდენობას და ამტკიცებს, რომ მოვლენების ყველაზე უარესი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც ქვეყანას დიდი დანაკარგის გარეშე გამოძრომა შეუძლია. ეს არასწორია. ვაშინგტონის მიერ ქვეყნისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს, რომ ამერიკელებმა რუბიკონი გადალახეს და უკიდურეს ნაბიჯებზე წავიდნენ. შესაბამისად, ისინი მოიქცევიან ისე, როგორც ყოველთვის იქცეოდნენ - შეეცდებიან იგივე გააკეთონ მათმა პარტნიორებმაც, ესენი კი ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილია.

მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკურ-საფინანსო სისტემაში ისეთი რყევები დაიწყება, ძალიან საეჭვოა, გაუძლოს. ლარის კურსზე აღარაფერს ვამბობთ. თუმცა ვიმეორებთ - ეს არის ყველაზე კატასტროფული სცენარი, რომელსაც ჩვენს ქვეყანას მხოლოდ დაუძინებელი მტრები თუ უსურვებენ. თუმცა ის, რომ ვაშინგტონმა საქართველოს ხელისუფლებას ან მათთან დაახლოებულ პირებს სანქციები დაუწესა, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

ელემენტარული არითმეტიკაა - ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ძრავა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლაა. შესაბამისად, მოინდომებენ კი ისეთ ქვეყანაში ფულის დაბანდებას, რომლის ხელისუფლების თავზე სანქციები დამოკლეს მახვილივით კიდია? პასუხი, ალბათ, ყველასთვის ნათელია.

იმაზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ აშშ ჩვენთვის მხოლოდ მდიდარი ძია კი არ იყო, როდესაც გვიჭირდა, ფულს რომ გვაძლევდა, არამედ ლობისტი გეოპოლიტიკურ არენაზე. ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობა ჩადგება ჩვეულ კალაპოტში. რა და როგორ უნდა გააკეთონ ეს მხარეებმა, ამის შესახებ, ჩვენ, რა თქმა უნდა, რეცეპტებს ვერ გავცემთ.

თუმცა ფაქტია, აშშ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს სწორედ ქართველებმა მოვიწვიეთ კავკასიაში (რა თქმა უნდა, ეს თავად ვაშინგტონსაც სურდა და აქ ჩვენი ლამაზი თვალების გამო არ შემოსულა).­ ამ მთავარ მსოფლიო მოთამაშეს და ზესახელმწიფოს აქვს აქ თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები­ და მის დათმობას არ აპირებს­. ასე რომ, "გმადლობთ და ცოტა ხანი გაიწიეს" ტაქტიკა არ გაჭრის.

მიჰბაძავს თუ არა ევროკავშირი ამერიკას და მოსალოდნელია თუ არა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება?

ნაწილობრივ ამ თემაზე ზემოთ ვისაუბრეთ, კერძოდ, იმაზე, რომ თუ აშშ-მა რუბიკონი გადალახა, ამასვე "ურჩევს" ევროკავშირს. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ევროკავშირში ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდა და სავარაუდოდ, ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებებს თბილისთან დაკავშირებით. ყველას გვაღელვებს ერთი საკითხი - გაგვიუქმებს თუ არა ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას? ამ შიშს ამძაფრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის მინიშნებები,­ ევროპარლამენტარების განცხადებები და ზოგიერთი ბალტიისპირული ქვეყნის­ აქტი­ურობა. თუმცა გადაწყვეტილებების მიმღებებმა, ალბათ, ძალიან კარგად იციან, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხი ასე მარტივად გადასაწყვეტი­ არ არის. კერძოდ, თუ ევროკავშირი ამ ნაბიჯზე წავიდა, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე უდიდესი მორალური დარტყმა. მათ შორის იმ ხალხზეც, რომელიც ევროპაში არ ყოფილა, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, იქ რა ხდება, მაგრამ აქვს იმედი, რომ ერთხელაც გაისეირნებს იმ ადგილებში, მხოლოდ ინტერნეტით და ტელევიზორში თუ უნახავს.

"შენ თუ ჩემს ხელისუფლებასთან პრობლემები გაქვს, მე რა დაგიშავე?!" - დაახლოებით ასე რომ ფიქრობს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, არ უნდა დავივიწყოთ. შესაბამისად, თუ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი გაუუქმა, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი "ევროპაზეც" გაბრაზდება.

ასევე, ყველანი კარგად ვხედავთ, თუ როგორი პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური სიტუაციაა ქვეყანაში, რომლის თანამდევია ურთიერთბულინგი (უკვე მხოლოდ სოციალურ ქსელში კი არა, ქუჩებშიც), სადარბაზოებში დახვედრა, ცემა-ტყეპა და ა.შ. უვიზო­ მიმოსვლის გაუქმება შესაძლოა კრიტიკული ნაპერწკალი იყოს დენთის კასრში და... ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური­ დესტაბილიზაცია დაიწყოს, რომ უკვე ევროინტეგრაციაზე სასაუბროდ აღარავის ეცალოს. იმედია, ამას გაითვალისწინებენ ბრიუსელში,­ მით უმეტეს, თავად ევროპელი­ ლიდერები ხაზს უსვამენ საქართველოს მოსახლეობის პროდასავლურ განწყობებს და თბილისს ლამის ევროპის დედაქალაქად აცხადებენ. რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა-არშეწყვეტის მთავარი გასაღები ბრიუსელშია, თუმცა ეს გასაღები ქართველ საზოგადოებასაც აქვს (პოლიტიკოსით დაწყებული და ინჟინრით დამთავრებული). თუ საარჩევნო გამოცდა ვერ ჩავაბარეთ და ერთმანეთს დავერიეთ, ევროკავშირი, დიდი ალბათობით, დაუყოვნებლივ შეწყვეტს უვიზო რეჟიმს.

მოსალოდნელია თუ არა მძიმე პროცესები არჩევნებამდე და რამდენად რეალურია დესტაბილიზაციის საშიშროება არჩევნების შემდეგ?

617d850461248-w-h-1717933011.jpeg

თუ დღევანდელი სტატუს-კვო შენარჩუნდა ანუ დასავლეთმა თბილისის მიმართ არ გადადგა მკვეთრი ნაბიჯები და ქვეყანაში რაიმე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებული უბედურება არ მოხდა, კითხვის პირველ ნაწილზე უკვე შეგვიძლია ვუპასუხოთ. ხელისუფლებამ და აქციებმა გარკვეული თანაცხოვრება ისწავლეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა­, რომ აქციის მონაწილეები არ გააღიზიანოს­ რობოკოპებითა და მკვეთრი ქმედებებით. ასევე, როგორც ჩანს, აქციის ორგანიზატორებმა მაქსიმალურად გაფილტრეს ის სიტუაცია, რომ ვინმემ პარლამენტის კარებს­ ჯაჯგური­ არ დაუწყოს ან რაიმე არ ესროლოს სამართალდამცველებს. აპრილის დასაწყისისგან განსხვავებით, უკვე შეიძლება­ პროგნოზირება, რომ რყევებით, აქციებით, სუპერპოლარიზაციითა და ურთიერთბულინგით როგორღაც მივჩოჩდებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.

მთავარია, რა მოხდება 26 ოქტომბერს და მომდევნო პერიოდში. ეს განსხვავებული არჩევნები იქნება. კერძოდ, საქართველოში აქამდე ჩატარებულ არჩევნებში ყველა პარტია მეტ-ნაკლებად ეგუებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს და ევროპელ თუ ამერიკელ დიპლომატთა პოზიციებს.­ ამის ყველაზე კარგი მაგალითი 2020 წელს გვქონდა, როდესაც სწორედ ევროპელებისა და ამერიკელების უშუალო ჩართულობით და ლამის "საბავშვო ბაღის"­ პრინციპების გამოყენებით, განიმუხტა 7-თვიანი პოლიტიკური კრიზისი. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ დროებით... დღეს ასეთი არბიტრი აღარ არის. ამიტომ არის იმის ალბათობა, რომ მათი დადებითი­ თუ ნეგატიური დასკვნები რომელიმე მხარემ არ გაიზიაროს და ისინი არაობიექტურობაში დაადანაშაულოს.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა გაისიგრძეგანოს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია. 26 ოქტომბერს არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება არის სტრატეგიული ამოცანა, რომელზეც არის დამოკიდებული ისიც, ქვეყანა მეტ-ნაკლებ სტაბილურობას შეინარჩუნებს თუ გადაუხვევს საშიში ჩიხისკენ.

სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ერთი მხარე იტყვის, რომ გამოქვეყნებული მონაცემები არ ასახავს რეალობას, მეორე მხარე, ალბათ, მათ "რევოლუციური სცენარის" დაწყებაში დაადანაშაულებს და დაიწყება ყველაზე საშიში პროცესი... შესაბამისად, მთავარია, ქართველ საზოგადოებას, მოსახლეობას არ ჰქონდეს ეჭვი, რომ არჩევნების დღეს რაღაც­ მანიპულაციები ჩატარდა. ქვეყანა ჩალით არ არის დახურული და საზოგადოება მიხვდება, ცესკოს გამოქვეყნებული საბოლოო ციფრები ასახავს თუ არა რეალობას. შესაბამისად, თუ არჩევნები ობიექტურად ჩატარდა, მოსახლეობა აღარ აჰყვება ერთი თუ მეორე მხარის მოწოდებას და სახიფათო ვითარება აღარ იქნება.

როდესაც ამ ყველაფერზე და ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე ვწერთ, კიდევ ვიტყვით და არ დავიღლებით ამის გამეორებით - არ დაგვავიწყდეს ჩრდილოეთი, რომლის ინტერესებშიცაა (და ამას ყველანაირად უწყობს ხელს) ქვეყნის დესტაბილიზაციასა და ჭაობში გადაჩეხა.

P.S. გასულ კვირას, ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინამ და­ მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა­ ნაბიჯი შეასრულეს. ძალიან გულდასაწყვეტია ჩვენთვის (თორემ უკრაინელებსა­ და მოლდოველებს ვულოცავთ). იმედია, ამ ევროპულ გზაზე "ბუქსაობა" მალე დასრულდება.

გიორგი კვიტაშვილი