განგსტერული „სამართალი“ აფხაზეთში - რატომ მოახდევინეს აფხაზებმა სომხებს ბოდიში და არძინბასა და ანქვაბის კლანები - კვირის პალიტრა

განგსტერული „სამართალი“ აფხაზეთში - რატომ მოახდევინეს აფხაზებმა სომხებს ბოდიში და არძინბასა და ანქვაბის კლანები

ოკუპირებულ სოხუმში მედია და საზოგადოების ნაწილი რამდენიმე კვირაა აფხაზი ე.წ. სამართალდამცველების ძალადობაზე აღშფოთებით წერენ. მედიის ცნობით, ბოლო დროს მილიციის თვითნებობაზე ბევრი ფაქტი დაგროვდა, თუმცა ყველაზე დიდი სკანდალი მოჰყვა ყაბარდოელი მებრძოლის, "აფხაზეთის ომის გმირის" არტურ ალოევის იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დაპატიმრებას. წერენ, რომ მილიციას ძალადობასა და უკანონობაზე კარტ-ბლანში აქვს მინიჭებული და იმ დროს, როდესაც არც ერთი "მაღალჩინოსანი" თუ გავლენიანი კლანის წარმომადგენელი არასდროს დასჯილა გახმაურებული თუ საგანგებოდ დამალული დანაშაულების გამო, "აფხაზეთის გმირს" იარა­ღის შენახვისთვის აპატიმრებენ და "საქმეს უკერავენ". უფრო მეტიც, ჟურნალისტებმა ბოლო წლებში დე ფაქტო მაღალჩინოსნების დანაშაულებისა და მილიციის ძალადობის მამხილებელი საქმეების სიაც გამოაქვეყნეს.

აფხაზეთის ომის ვეტერანის სკანდალური საქმე

აფხაზეთის ომის ვეტერანი, 59 წლის არტურ ალოევი, 25 მაისს დააპატიმრეს. მილიციის ცნობით, ალოევს სახლში ხელნაკეთი რევოლვერი და ვაზნები აღმოაჩნდა, თავად დაკავებული კი ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა. "აფხაზი გმირის" დაპატიმრებას სოხუმში დიდი აღშფოთება მოჰყვა, დაიწერა სტატიები, იყო განხილვები აფხაზურ ტელეგრამ-არხებზე პათოსით, ძველი, ომისდროინდელი იარაღის შენახვის გამო გმირის დაპატიმრება და ამის ვიდეოჩანაწერის გავრცელება მიუღებელია, თუკი ომის ვეტერანებს ასე აგდებით მოვექცევით, ისევ რომ დაგვჭირდეს თავის დაცვა, გვერდით აღარავინ დაგვიდგებაო. განცხადება გაავრცელა ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაამაც", სადაც ნათქვამია, რომ "არ დაუშვებს იმ ადამიანის სახელის გაშავებას, რომელიც იცავს­ ქვეყნის დამოუკიდებლობას". დაიწერა, რომ ალოევი უბრალოდ ომის ვეტერანი კი არ არის, არამედ აფხაზეთში მნიშვნელოვანი მედიაფიგურა იყო ომის შემდეგ: "მისი გამოსახულებით პლაკატები ამშვენებდა ქვეყანას გამარჯვების დღეს, მედია რეგულარულად საუბრობდა მის ქმედებებზე და ინტერვიუებს ართმევდა, ახლა კი იგივე ტელევიზია გვიჩვენებს სიუჟეტს, სადაც მოხალისე გმირს ხელბორკილებს ადებენ".

ამ გამოხმაურებების შემდეგ დე ფაქტო შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ალოევი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს, ის ღამით სოფელ აგუძერის პარკში ისროდა, თუმცა რადგანაც­ ომის ვეტერანია, მხოლოდ დააჯარიმებენ. აფხაზების აღშფოთება ამ განცხადებას არ გაუნელებია და ამბობენ, რომ მილიციამ "გმირს საქმე შეუკერა", რადგან­ არც პარკში ყოფილა სროლა და თანაც, ვეტერანის ხელში იარაღი აფხაზეთში ვის უკვირს. აფხაზები ტელეგრამ-არხზე ირონიულად წერენ, მადლობა მილიციას, რომ მხოლოდ დაპატიმრება აკმარა "გმირს" და არ უცემიათ და არ მოუკლავთ, რადგან სხვა დაკავებების შემთხვევებში უარესიც მომხდარაო.

ჟურნალისტებმა ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად გახმაურებული რამდენიმე საქმეც გაიხსენეს, სადაც სამართალდამცველების ძალადობა თუ მაღალჩინოსნების დანაშაულის დაფარვაზე იყო საუბარი.

სწორედ ვეტერანთან დაკავშირებული სკანდალის კვირას დაემთხვა საქართველოს მოქალაქის თემურ (ვიტალი) კარბაიას ცემით მოკვლის საქმეზე დაკავებული 3 აფხაზი­ მილიციელის საქმის განხილვის დასასრულიც, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აფხაზ მილიციელებს ჩადე­ნილი დანაშაულის გამო არავინ სჯის.

აფხაზ მილიციელებს, ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავასა და დავით კვეკვესკირს, ბრალად ედებოდათ 2023 წლის დეკემბერში თემურ კარბაიას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.

საქმის მასალების თანახმად, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ნასვამი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის­ ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში "მოწმეების არყოფნის პირობებში, უკანონოდ გაჩხრიკა კარბაია და ამის დოკუმენტირება არ მოახდინა. შემოწმების ბოლოს კარბაიამ კვეკვესკირს უცენზურო სიტყვებით მიმართა, რის შემდეგაც კვეკვესკირმა კარბაიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაქუა და აბშილავა, რომლებიც კვეკვესკირთან ერთად კარბაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას მუშტებითა და ფეხებით სცემეს, რის შედეგადაც კარბაიამ გულმკერდის არეში ტრავმა, ოთხი ნეკნის მოტეხილობა მიიღო, დაკავებულს ჰქონდა მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოებზე სისხლჩაქცევებიც".

გალის დე ფაქტო რაიონულმა­ სასა­მართლომ მილიციელები გაამართლა, მუხლი კი გადააკვალიფიცირა დაუდევ­რობად­, რის მიხედვითაც მილიციელებს მხოლოდ 50.000 რუბლის (დაახლოებით 1.500 ლარი) ჯარიმა დაეკისრათ და ასევე ერთი წლის ვადით თანამდებობების დაკავება აეკრძალათ. აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზ ომბუდსმენს ხმა არ ამოუღია.

დაუსჯელი დანაშაულების ისტორია

მილიციელების მიერ პატიმრის მოკვ­ლის პირველი შემთხვევა, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა, 2019 წელს მოხდა - მილიციის შენობაში ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილი ანზორ თარბა დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დააკავეს გამომძიებელი და მილიციის სამი მაღალჩინოსანი, მათ ბრალად ედებოდათ "განსაკუთრებული სისასტიკით წამებაში, რამაც დაკავებულის სიკვდილი გამოიწვია". საბოლოოდ, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ოთხივე გაამართლეს.

"ნუჟნაია გაზეტას" რედაქტორმა იზიდა ჭანიამ გამოაქვეყნა სია, სადაც სამართალდამცველებისა და ე.წ. მაღალჩინოსნების დანაშაულებზეა საუბარი. როგორც ჟურნალისტი წერს, სია სრულყოფილი არ არის. ამ სიიდან რამდენიმე ისტორია ასეთია:

21 მაისს, გულრიფშის რაიონის სოფელ­ გუფის ე.წ. გამგეობის უფროსმა გოგუამ ღამით იმავე სოფლის მკვიდრის გაუპატიურება სცადა და დანით დაჭრა, რის შემდეგაც გაიქცა. დაიწყო თუ არა გამოძიება,­ ამის გასარკვევად ჟურნალისტებმა დე ფაქტო შსს-ს მიმართეს, თუმცა პასუხი არ ჩანს;

2024 წლის 17 აპრილს, დე ფაქტო შს სამინისტროს თანამშრომლებმა 16 წლის გიორგი გამგიას იმის გამო სცემეს, რომ ღამით ქუჩაში კაპიუშონი ეხურა. ინფორმაცია­ დედამ გაავრცელა. ამის შემდეგ მილიციის მაღალჩინოსანმა მშობლები გააფრთხილა,­ რომ ამ ინციდენტის შესახებ საუბარი შეეწყვიტათ, თუმცა დედამ ჩანაწერი ჟურნალისტებს გადასცა. მედია უკვე ერთ თვეზე მეტია ითხოვს დამნაშავის ვინაობის გასაჯაროებასა და დასჯას, მაგრამ უშედეგოდ. ე.წ. მინისტრმა რობერტ კიუტმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ შიდა აუდიტი ჩატარდება;

2021 წლის 31 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის ე.წ. გამგებელმა ბესლან ბიგვავამ­ სოხუმის რესტორანში სროლა ატეხა და მამაკაცი დაჭრა. მას თანამდებობა არც დაუკარგავს;

2021 წლის 30 სექტემბერს რესტორანში­ "აფხაზეთის გამარჯვების დღეს" აღნიშნა­ვდნენ ერთი დე ფაქტო დეპუტატი და ორი ვეტერანი. მთვრალებმა ქეიფის შემდეგ სანაპიროზე რამდენჯერმე ჰაერში გაისროლეს. იქვე შემთხვევით ე.წ. შს მინი­სტრი დმიტრი დბარი და მისი ორი მოადგილე აღმოჩნდნენ. ვინ ისროდა, ამ დეტალების გარკვევისას მაღალჩინოსნებმა ვეტერანებსა და დეპუტატს სასტიკად სცემეს. ამ ფაქტმა სოხუმში დიდი რეზონანსი­ გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ "მინისტრს" მხოლოდ ბოდიშის მოხდამ მოუწია;

2021 წლის 12 თებერვალს სამართა­ლდამცავებმა სოხუმში ლოლიტა ხალვაშის­ სახლი გაჩხრიკეს. ქალის მთავარი ბრალდება ფეისბუკზე ანონიმური გვერდების მართვა იყო. შემთხვევის ადგილზე მივი­დნენ "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზურაბ ქაჯაია და "ტურიზმის მინისტრის" მოადგილე დათო ქაჯაია, რომლებმაც რამდენიმე ტყვია გაისროლეს და ერთი მცხოვრები დაჭრეს. ადამიანის დაჭრისთვის გამოძიება არც დაწყებულა;

2020 წლის 4 ნოემბერს გუდაუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფროსის მოადგილე თემურ ვოზბამ გუდაუთის საავადმყოფოში მისული რუსი ექიმის გაუპატიურება სცადა. რუსეთის ელჩმა ამას "ტრადიციული აფხაზური სტუმართმოყვარეობა" უწოდა, რომელმაც "ამჯერად, შემაშფოთებლად გადააჭარბა ნორმას". ვოზბას აპატიეს და დაივიწყეს;

2020 წლის 2 მაისს "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" უფროსის მოადგილის რუსლან ქაჯაიას შვილი ნასვამი მართავდა ავტომობილს და შეეჯახა შემხვედრ მანქანას. დაიღუპნენ მძღოლი და სამი მგზავრი. სასამართლოს შემდეგ ქაჯაიას დაუდგინდა სხვადასხვა სიმძიმის 14 დაავადება - ჰეპატიტით დაწყებული, ონკოლოგიურით დამთავრებული. ის თავისუფალია;

"აფხაზეთში ვეტერანს ბევრი რამ ეპატიება"

ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: - ოკუპირებულ აფხაზეთში კანონი არ არსებობს, მკაცრ ზომებს იყენებენ მხოლოდ მათთან, ვინც უპატრონოა. პატრონი ნიშნავს, რომ თუ დანაშაულის ჩამდენი რომელიმე­ აფხაზური გავლენიანი კლანის წევრია, მას ყველაფერი ეპატიება. დე ფაქტო ხელისუფლება ძალოვანებზე დგას, თან ყველა ყველას ნათესავია და ამიტომ არავის უღირს ამ პატარა საზოგადოებაში ვიღაცების განაწყენება.

აფხაზეთში ვეტერანს ბევრი რამ ეპატიება. იარაღი ყველას აქვს და ამით ვერავის გააკვირვებენ, ამიტომაც იყო, რომ იარაღის შენახვის გამო დაკავება აფხაზეთში საეჭვოდ გამოიყურება. რაც შეეხება ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნას, აფხაზეთში ახალგაზრდობის ნახევარი ნარკოტიკებს მოიხმარს და ამიტომაც არის, რომ ოპოზიციას მიეცა სალაპარაკო. კიდევ ერთი საკითხი - ის ვეტერანი აფხაზი არ არის. ის, რომ აფხაზი ყოფილიყო, სროლაც რომ აეტეხა, ხელს არავინ დააკარებდა.

კარბაია აფხაზი რომ ყოფილიყო, საქმე ძალიან რთულად იქნებოდა. დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, კარბაიას რა ნათესაობა ჰყავს, რა გავლენებით სარგებლობს და ა.შ. შიდა მოლაპარაკებები წავიდოდა. საზოგადოებაც უფრო აღშფოთდებოდა. აფხაზი საზოგადოება უფლებრივად თანასწორად არ მიიჩნევს ქართველს. ქართველები მათთვის მტრები არიან. სომხების მიმართაც იგივე დამოკიდებულებაა. რამდენიმე კვირის წინ სომხებმა თავიანთი სოფლის ბანერი შეცვალეს და ძველი, საბჭოთა დასახელება დააბრუნეს, რასაც იმხელა ამბავი მოჰყვა, რომ სომხებს ბოდიშების მოხდამაც მოუწიათ.

"ომის დროს სად იყავით?!"

ალექსანდრე კვახაძე, ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი: - აფხაზური მილიცია თავისი სტრუქტურითა და ქმედებით ძალიან ჰგავს შევარდნაძის დროინდელ პოლიციას: ძალის გადამეტება, წამება, ნარკოტიკების ჩადება, ქრთამი, კორუფცია და ა.შ. უნიფორმაც კი დიდად არ შეცვლილა. კრიმინოგენული სიტუაცია აფხაზეთში არასახარბიელოა, თუმცა მაინც გამოსწორებულია, ვიდრე 15-20 წლის წინ იყო. ამის მიზეზი ის არის, რომ აფხაზ საზოგადოებაში ფეხმოკიდებულია ქურდული სამყარო და დიდი გავლენა აქვს. აფხაზეთი ძალიან პატარაა და ყველა ერთმანეთის ნათესავია, ამიტომ დე ფაქტო ხელისუფლებას არა აქვს იმის პოლიტიკური ნება, რომ ისეთივე ანტიკრიმინალური რეფორმა გაატაროს, როგორიც საქართველოში მოხდა, და ქურდული სამყაროს წევრობა დასჯადი გახადოს. ყველა თავის ნათესავს აფარებს ხელს. ისინი სხვადასხვა ბიზნესობიექტების წილში სხედან, ქუჩაში საქმეებს არჩევენ და ახალგაზრდებს, როდესაც სადავო საკითხი აქვთ, ე.წ. მაყურებელს ან ე.წ. კანონიერ ქურდს მიმართავენ. ქურდული სამყაროს წევრები ტურისტული სეზონის დროს აკონტროლებენ ქუჩაში კრიმინალი იმ დონეზე არ ავიდეს, რომ ტურისტები დაფრთხნენ, სანაცვლოდ წილს იღებენ ტურისტული ობიექტებიდან. ამის მიუხედავად, ხშირია რუსი ტურისტების შეურაცხყოფის ფაქტები, თაღლითობა, თანხის გამოძალვა, არასათანადო სერვისების მიწოდება. ხშირია დამამცირებელი რეპლიკებიც. ამას ემატება ნარკოტიკებით ვაჭრობა.

მკვლელობის ფაქტებიც არის. გავიხსენოთ ოთხოზორიას მკვლელის, კანჯი-ოღლის შემთხვევა, რომელიც არც კი დაჰკითხეს. აფხაზეთში არააფხაზ დამნაშავეს მაქსიმალურად ლმობიერ სასჯელს უწესებენ. აფხაზეთში დანაშაული ის არის, თუ აფხაზს დაუშავებ რამეს. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი გავიდა აფხაზეთის ომის შემდეგ, ვეტერანი ხელშეუხებლად ითვლება. როდესაც დე ფაქტო ხელისუფლებაში ერთმანეთს აკრიტიკებენ, დისკურსი ასე ვითარდება - "აფხაზეთის ომის დროს სად იყავი?" ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ყაბარდოელი მეომრის დაკავება. ყველა ვეტერანი შეიარაღებულია, იარაღის დიდი არსენალიც აქვთ და ხშირად დაუსჯელობით სარგებლობენ. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ნარკოტიკის მოხმარებას, გარჩევებს, ბიზნესრეკეტებს. როცა ამგვარ ინციდენტებზე რეაგირება ხდება და პირი ომის ვეტერანია, ერთვებიან თანამებრძოლები, ვეტერანთა ორგანიზაციები და ყველანაირად ცდილობენ გაათავისუფლონ, მილიცია კი დეზერტირობაში დაადანაშაულონ ისევ იმ რეპლიკით, "ომის დროს სად იყავით?!"აფხაზეთის ომის შემდეგ არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, როდესაც მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსანი რაიმე დანაშაულზე დააპატიმრეს. იქ ორი ძირითადი კლანია - არძინბას და ანქვაბის. ისინი დე ფაქტო ხელისუფლებაში ერთმანეთს ენაცვლებიან, მაფიოზური შეთანხმებას, ომერტას - ორივე ვაშავებთ, მაგრამ ერთმანეთს არ ვეხებით, მკაცრად იცავენ.

ეკატერინე ბასილაია