როგორ განვქორწინდეთ, როცა ქმარი ციხეშია - კვირის პალიტრა

როგორ განვქორწინდეთ, როცა ქმარი ციხეშია

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს შეკითხვებს.

გამარჯობა, ვიმყოფები იტალიაში, მყავს ორი შვილი. ერთი არის 17 წლის, მეორე 16 წლის ხდება დეკემბერში, აგვისტოში მსურს დასასვენებლად ბავშვების ჩამოყვანა. მეუღლეს გაშორებული ვარ და არ ვიცით, სად იმყოფება. რა პრობლემა შემექმნება საზღვარზე?

- 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი ბავშვის პასპორტის ასაღებად საჭიროა მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის თანხმობა, შესაბამისად, ვინაიდან თქვენ იმყოფებით საზღვარგარეთ, შეგიძლიათ გასცეთ მინდობილობა ნებისმიერი პირის სახელზე, რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი და განაცხადებს თანხმობას ბავშვების პასპორტის ასაღებად იუსტიციის სახლში. ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ საზღვარზე.

ვარ ასაკში და მინდა სოფლის სახლი ვაჩუქო ჩემს შვილს, რათა მერე მემკვიდრეობაზე საწვალებელი არ ჰქონდეს. ჩუქების დროს მომიწევს თუ არა გადასახადის გადახდა და რა დოკუმენტები დამჭირდება?

- იქიდან გამომდინარე, რომ შვილი პირველი რიგის მემკვიდრეა, კანონით არ იბეგრება ჩუქების საფუძველზე მიღებული ქონება. უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ჩუქების ხელშეკრულება შეგიძლიათ დადოთ როგორც სანოტარო წესით, ასევე მარტივი წერილობითი ფორმით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერა მოწმდება იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სათანადო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება; ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისას – შეთანხმება ჩუქების ხელშეკრულებაში ცვლილების ან ჩუქების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო განცხადებას უშუალოდ რეესტრში შეგავსებინებთ ოპერატორი.

nugbara-advokati-1699644231.jpg

რაიონში ავაშენე 6კვმ სამზარეულო, რომელიც უკანონო მშენებლობად ცნეს და დამაჯარიმეს. ჯარიმა არ გადავიხადე და დამიბლოკეს ბარათები. როგორც მოგეხსენებათ, 15 დეკემბერს გამოვიდა სამშენებლო ამნისტია, თუმცა აღსრულებასა და გამგეობაში ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ჰქონდათ თუ არა ბარათების დაბლოკვის უფლება? ამნისტია შეეხო დემონტაჟსაც და ჯარიმასაც. ახლა მეუბნებიან, რომ არეალები არ არის განსაზღვრული, როგორ მოვიქცე?

- ბარათების (ანგარიშების) დაბლოკვა მოხდა იმ საფუძვლით, რომ თქვენ არ გადაიხადეთ ჯარიმა და სწორედ ამ საფუძვლით დაგებლოკათ. მიმართეთ რაიონის იმ მერიის არქიტექტურის სამსახურს, სადაც არის აშენებული შენობა-ნაგებობა და ისინი გასცემენ შესაბამის დოკუმენტს, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა ჩააბაროთ. რეალურად არქიტექტურის სამსახური ვალდებულია თავად გადაგზავნოს, თუმცა ეს გაჭიანურდება, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ამას თვითონ დაინტერესებული პირი გააკეთებს.

ახლობელი არის პატიმარი. ციხიდან რომ გამიკეთოს მინდობილობა, შემიძლია თუ არა სასამართლოში მისი ინტერესები დავიცვა. პროფესიით არა ვარ იურისტი, მაგრამ მისი დაცვა ადვოკატზე უკეთესად შემიძლია.

- მინდობილობის გასაკეთებლად განცხადებით და მინდობილობის ფორმით უნდა მიმართოთ იმ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სადაც სასჯელს იხდის პირი, ასევე განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მინდობილობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მეურვეობის გადაცემაზე რა ფორმით უნდა შევიტანო საქალაქო სასამართლოში მოთხოვნა და რა დოკუმენტები დამჭირდება ამისთვის? ჯანმრთელობის პრობლემების გამო მინდა გაიცეს მზრუნველობა.

- იმისათვის, რომ სრული და ამომწურავი პასუხი გაგცეთ ამ კითხვაზე, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ ვისზე გსურთ მეურვეობის გადაცემა. ასევე, თანახმა არის თუ არა ორივე მშობელი აღნიშნულზე. ისე კი ეს უნდა მოხდეს სარჩელის ფორმით, ასევე შეგიძლიათ მინდობილობის გაკეთებაც. თუმცა თქვენს შემთხვევაში რამდენად იქნება მხოლოდ მინდობილობა საკმარისი, ვერ გეტყვით, რადგან საქმის სრული გარემოება არაა მოცემული.

როგორ დავიცვათ თავი სამშენებლო კომპანიების თაღლითური სქემებისგან? რა ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ, სანამ მშენებარე ბინის შესყიდვას გადავწყვეტთ?

- აუცილებელია შესყიდვამდე კონსულტაცია გაიაროთ ადვოკატთან და გააცნოთ კონკრეტული ხელშეკრულება სრულად, რათა ამომწურავი პასუხი მიიღოთ და სწორად შეაფასოთ რისკები.

მაქვს გამოწერილი ვიდეოჯარიმები და მსურს გავასაჩივრო. სად უნდა მოხდეს გასაჩივრება და მაქვს თუ არა შანსი, რომ ხანდაზმულობის ვადები შეეხოს ამ ჯარიმებს?

- ვიდეოჯარიმების გასაჩივრების ვადა აითვლება მათი გამოქვეყნებიდან და შეადგენს ერთ თვეს, ერთი თვის მერე გადაუხდელობის შემთხვევაში დაგეკისრებათ საურავი, რიგი ჯარიმების გადაუხდელობა იწვევს მართვის მოწმობის შეჩერებასაც. ასევე ჯარიმა მოექცევა იძულებით აღსასრულებლად და შესაბამისად დაგიყადაღდებათ ანგარიშები ან და თქვენს სახელზე რიცხული ნივთები.

ჩემი მეუღლე არის უკრაინის მოქალაქე, მე - საქართველოს. შეიძლება თუ არა მას მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა? როგორ მოვიქცეთ?

- თუკი თქვენ ბრძანდებით რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაშინ თქვენს მეუღლეს შეუძლია მუდმივი ბინადრობის მისაღებად მიმართოს იუსტიციის სახლს. თუმცა მიმართვამდე აჯობებს კონსულტაცია გაიაროთ ადვოკატთან, რათა სწორად შეადგინოთ განაცხადი.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან, აგრეთვე იძულებითი აღსრულებისგან თავის არიდების მიზნით მათ საკუთრებაში არსებულ ქონებებს ფორმალურად სხვა პირზე ან ოჯახის წევრზე აფორმებენ. ეს ხომ თვალთმაქცური გარიგებაა? ამის დამტკიცება რთული იქნება?

- რაც შეეხება კითხვას, რთულია თუ არა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების არსებობის დამტკიცება, ცალსახად შეუძლებელია შეფასება. თვალთმაქცური არის თუ არა გარიგება, უნდა შეფასდეს იმ მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც არსებობს საქმეზე, ანუ საამისო ფაქტობრივი გარემოება უნდა არსებობდეს. მაგალითად, თუ ოჯახის წევრზე გაფორმებულია უძრავი ნივთის ჩუქება და ჩუქების ხელშეკრულების დადება ემთხვევა ვალდებულების შეუსრულებლობას, შეიძლება შეიქმნას ვარაუდი, რომ ქონება გაჩუქებულია მხოლოდ პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად.

ჩაუბარებელ კორპუსში ვაპირებ ბინის ყიდვას. დღემდე მშენებარეს სტატუსი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ცხოვრობს და კომუნიკაციები ჩართულია. რეესტრში ჩვეულებრივად ამოდის საკადასტრო კოდიც. ხომ არ შემექმნება პრობლემა?

- პირველ რიგში აუცილებელია დადგინდეს, თუ რატომ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული ამ დრომდე შენობა, ვინაიდან შეიძლება ბევრი პრობლემის მატარებელი აღმოჩნდეს. ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზეც, რომ ბინას კომპანიის რაიმე ვალდებულება არ გამოჰყვეს.

ბინა შევიძინე თბილისში. შევთანხმდით, რომ ყოფილი მეპატრონე ბინას დაცლიდა 2 თვეში, მაგრამ გავიდა ნახევარი წელი და არ გადის ბინიდან. ბინა ოფიციალურად გაფორმებულია ჩემს სახელზე, რომ მივდივარ კარსაც არ მიღებს. როგორ შემიძლია მისი ბინიდან გაყვანა? სასამართლოს გარდა, სხვა უფრო მოკლე გზა თუ არსებობს?

- სასამართლოს უნდა მიმართოთ ნივთის უკანონო მფლობელობიდან უკან დაბრუნების მოთხოვნით. სამწუხაროდ, ასეთ დროს სხვა გამოსავალი არ არის.

სასამართლოს გზით არის გამოწერილი ადმინისტრაციული 2000-ლარიანი ჯარიმა და ჩავიბარე. რომ არ გადავიხადო, რა პრობლემები შემექმნება? გადახდის საშუალება არა მაქვს. ან გადანაწილება თუ არის შესაძლებელი?

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმის გადახდის ვადა აითვლება სასამართლოს გადაწყვეტილებიდან. თუკი არ გადაიხდით ჯარიმას, დაგეკისრებათ საურავი და მიექცევა იძულებით აღსასრულებლად. გადანაწილება ანუ ე.წ. განწილვადება შეგიძლიათ მოითხოვოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განცხადებით.

შვილთან მაქვს პრობლემები, ამიტომ ის წავიდა სახლიდან. ვარ ასაკოვანი მოხუცი და ვცხოვრობ მარტო. შვილი არ მანახებს შვილიშვილს. არადა, ბავშვი ჩემი გაზრდილია. მივმართე სასამართლოს და მოვითხოვე ნახვის დღეების დაწესება, მაგრამ ამის აღსრულება არ ხდება. ვერ მეხმარება სოციალური სამსახური, ჩემი შვილი მეუბნება, რომ ბავშვს არ უნდა ჩემთან წამოსვლა. ის არის უკვე 13 წლის. ბავშვი დედის გარეშე კარგად მელაპარაკება და როცა დედასთან ერთად არის, მეუბნება, რომ ვერ მოვა ჩემთან. ასეთ დროს რა გზები არსებობს, რომ ბავშვმა მომინახულოს?

- სასამართლო გადაწყვეტილებით და სააღსრულებო ფურცლით მიმართეთ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს, თქვენი ან ბავშვის საცხოვრებელი ადგილსამყოფლის მიხედვით. განცხადებაში მიუთითეთ, რომ დედა ახდენს ბავშვზე ზემოქმედებას, იძულებას და ბავშვი დედის შიშის ფაქტორის გამო თავს იკავებს თქვენთან ურთიერთობისგან, მოითხოვეთ ასევე საქმეში ფსიქოლოგის ჩართვა.

16 წლამდე ვიყავი საქართველოს მოქალაქე. შემდეგ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო აღარ მაქვს საქართველოს მოქალაქეობა. ორჯერ შევიტანე მოქალაქეობაზე განაცხადი და ორივეჯერ უარი მომივიდა. შემდეგ მომცეს მუდმივი ბინადრობის მოწმობა. ბოლო 6 წელზე მეტია საქართველო არ დამიტოვებია. რომელი ქვეყნის მოქალაქეც ვარ, იმ ქვეყანაში ვარ ნასამართლევი და ძებნაში ქვეყნის მასშტაბით. აქ არანაირი დანაშაული არა მაქვს ჩადენილი, მაგრამ მოქალაქეობას არ მაძლევენ. რამე შანსი მაქვს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე?

- იმისათვის, რომ აღნიშნულ კითხვას სწორი სამართლებრივი შეფასება მივცეთ, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა საფუძვლითა და შინაარსით შეიტანეთ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი და ასევე რა საფუძვლით გეთქვათ უარი მოქალაქეობაზე.

- ჩემი ქმარი დაკავებულია ჩემზე მუქარის ბრალდებით. ჯერ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი, მაგრამ მან დაარღვია და ახლა რამდენიმე თვეა ციხეში ზის. ჯერჯერობით არ არის საქმის განხილვა დასრულებული. მივედი იუსტიციის სახლში, მინდოდა ოფიციალურად გაყრა, მაგრამ უარი მითხრეს, ჯერ სასჯელი უნდა მიესაჯოს, ან გარეთ უნდა იყოს და თანხმობა უნდა განაცხადოსო. როგორ მოვიქცე? იქნებ არსებობს გამოსავალი, რათა რაც შეიძლება მალე გაფორმდეს განქორწინება.

- იუსტიციის სახლში განქორწინებისათვის საჭიროა ორივე მეუღლის თანხმობა განქორწინების თაობაზე, შესაბამისად, სწორად გეთქვათ უარი. თუმცა აუცილებელი არ არის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოთ, შეგიძლიათ განქორწინების თაობაზე სარჩელით მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ განქორწინება.