ხელოვნური წვიმა თუ XXI საუკუნის დაკიდებული ბაღები? როგორ ებრძვიან მსოფლიოში კლიმატურ ცვლილებებს - კვირის პალიტრა

ხელოვნური წვიმა თუ XXI საუკუნის დაკიდებული ბაღები? როგორ ებრძვიან მსოფლიოში კლიმატურ ცვლილებებს

კლიმატის ცვლილებას და ჰაერის დაბინძურებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა მეთოდით უპირისპირდებიან, მათ შორის, ხელოვნური წვიმით, რომელსაც ათეულობით ქვეყანაში იყენებენ, კერძოდ, აშშ-ში, ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანში და ა.შ... ჰაერის დაბინძურებას მცირე წვიმაც კი ამსუბუქებს, მაგრამ რამდენად ეფექტიანია მსგავსი მეთოდები? - ამის თაობაზე ვესაუბრეთ "მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარეს - ნინო ჩხობაძეს:

- ქალბატონო ნინო, მსოფლიოს მრავალ ქალაქში გვალვას და ჰაერის დაბინძურებას ხელოვნური წვიმით ებრძვიან. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს მეთოდი?

- ცხელ ქვეყნებში, სადაც წვიმა იშვიათად მოდის და სხვა გამოსავალი არა აქვთ, ხელოვნურ წვიმას იყენებენ. სხვათა შორის, ხელოვნურ წვიმას საბჭოთა პერიოდშიც იყენებდნენ. არის ასეთი ნივთიერება - არგენტუმ იოდი - სწორედ მისი დახმარებითაა შესაძლებელი, რომ წვიმა ხელოვნურად მოიყვანო. ეს მეთოდი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის გამოიგონეს, სადაც გვალვა ჩვეულებრივი მოვლენაა და მოსახლეობა წყლის დიდ ნაკლებობას განიცდის. სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მავნე ნივთიერებაა და მისი ხშირად გამოყენება სასურველი არ არის. ალბათ, ამიტომ, ხელოვნურ წვიმას ცხელ ქვეყნებშიც აუცილებლობის დროს იყენებენ. ხელოვნური წვიმისგან განსხვავებით, ხელოვნური თოვლი სრულიად უვნებელია. აპარატურა, რომელიც მას წარმოქმნის, ამისთვის დიდი რაოდენობით წყალს იყენებს და ამის გამო ბუნებაში ქიმიური ნივთიერებები არ გამოიყოფა.

- ხელოვნური წვიმა ნამდვილი შვება იქნებოდა ზაფხულის ცხელ დღეებში და ძალიან დაეხმარებოდა რეგიონებს, სადაც სარწყავი წყალი დეფიციტია...

- გვალვიანი ადგილებისთვის სხვა ტექნოლოგიებიც არსებობს, მაგრამ მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ჯერ კიდევ უცნობია. ნივთიერებები, რომლებსაც ამ დროს იყენებენ, ორგანიზმის მძიმე მეტალებით დაბინძურებას იწვევს.

კლიმატის ცვლილების გამო მეცნიერები ცდილობენ განსხვავებული მეთოდები შეიმუშაონ, რადგან ბევრ ადგილას წყალი­ გაქრა, თუმცა ბევრგან, მთელი სეზონის სამყოფი წვიმა ერთჯერადად მოდის. ასე მოხდა ჩვენთან მაისში. სწორედ ამიტომ მოწინავე ქვეყნებში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უმჯობესია, ბუნებასთან შეთანხმებული მეთოდები გამოიყენონ.

what-is-urban-agriculture-1717936288.jpg

- რას ნიშნავს "ბუნებასთან შეთანხმებული მეთოდი"?

- დიდ ქალაქებში, სადაც ზაფხულობით აუტანელი სიცხეა და ჰაერი ძალზე დაბინძურებულია, ყველაზე უვნებელი და საიმედო გზა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბაღების გაშენებაა, ცხადია, ჩვეულებრივ ბაღებსა და სკვერებთან ერთად. ეს მეთოდი პირველად ტოკიოში გამოიყენეს გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა იაპონიის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ხარისხმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. სწორედ მაშინ გაუჩნდათ იაპონელებს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბაღების იდეა, მათ თანამედროვე დაკიდებულ ბაღებსაც ეძახიან. როცა ასეთი ბაღების გაშენება სურთ, ნიადაგის ნაცვლად სახურავებსა და კედლებს იყენებენ. ვფიქრობ, ამგვარი ბაღების გაშენება დიდი შვება იქნება თბილისის მჭიდროდ დასახლებული უბნებისთვის, სადაც კორპუსები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და სუნთქვის საშუალება­ არ არის. მრავალსართულიანი კორპუსების სახურავზე ან კედლებზე მცენარეების გაშენება უკვე აღარ არის ნოვაცია - ამგვარ კორპუსებს მსოფლიოს მრავალ ქალაქში შეხვდებით. არქიტექტორებს იმედი აქვთ, რომ მომავლის მეგაპოლისები ვერტიკალური ბაღებით იქნება გაშენებული და არა შუშის ცათამბჯენებით.

- ალბათ, ამის საუკეთესო მაგალითია მილანის დაკიდებული ბაღები, გაშენებული ცათამბჯენების გარე ფასადებზე.

- დიახ, ასეა. როცა ხეებს ჭრიან და მათ ადგილზე კორპუსებს აშენებენ, ეს ყველაზე გონივრული გამოსავალია.

- თბილისშიც არის ხალხი, რომელსაც კორპუსის ჭერზე მოსავალიც კი მოჰყავს.

- მე მსგავსი რამ თბილისში არ მინახავს, მაგრამ იაპონიაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. გამწვანებული ტერიტორიები სულ სხვანაირ აირაციას უწყობს ხელს, რაც ჩვენმა წინაპრებმაც იცოდნენ. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მწვანე სახურავები - როცა სახლის სახურავზე ბალახი ხარობს. ადამიანებმა უძველეს დროში შენიშნეს, რომ მცენარეები სახლს მზის სიმხურვალისგან­ იცავდნენ, ეს თერმორეგულაციისთვისაც საუკეთესო გზა იყო. საუკუნეების წინ ეს ყველაზე ოპტიმალური საშუალება იყო, როცა ძალიან ცხელოდა, ან პირიქით, ტემპერატურა ეცემოდა.

თანამედროვე მსოფლიოში გაცილებით მეტი შესაძლებლობაა, რომ ჰაერის დაბინძურება თავიდან ავიცილოთ: ჩვეულებრივი­ ავტომანქანების ნაცვლად, ელექტრომობილების მომრავლება, სპეციალური კატალიზატორების გამოყენება, ხეების მოჭრა კი არა, მათი დარგვა და გაშენება იქ, სადაც ვცხოვრობთ - ეს ყველაზე მარტივი და უვნებელი მეთოდები გვალვისა და უჰაერობისგან დაგვიცავს.

- სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენებაც რისკის შემცველია?

- სამწუხაროდ, ასეა, მით უმეტეს, მსგავსი სისტემები არსად მუშაობს, მათ გამოყენებას საქართველოშიც ცდილობენ, მაგრამ სეტყვა მოსავალს მაინც აზიანებს. ამიტომ ისეთ ქვეყნებში, სადაც აგრარული სექტორია განვითარებული, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს იყენებენ. საბჭოთა პერიოდშიც იყენებდნენ, მაგრამ ძალიან ცუდი შედეგები მოგვიტანა: სპეციალისტებს დიდი ხანი დასჭირდათ, რომ ჩვენებური ღვინიდან ტყვია გამოეყვანათ, ტყვია კი ძალიან სახიფათო ნივთიერებაა: ის აღქმის უნარის დაქვეითებას იწვევს, რის გამოც ადამიანს წაკითხული ტექსტის გააზრებაც კი უჭირს. სამწუხაროდ, ტყვიით დაბინძურება­ სოფლებშიც გვაქვს.

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: ერთადერთი და ყველაზე კარგი გამოსავალი ბევრი ხის დარგვაა - ეს მეწყრული მოვლენებისგანაც დაგვიცავს, განსაკუთრებით, ჭალის ტყეების აღდგენა და გახარება.

- მეწყერმა და წყალდიდობამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა. მეწყრის მართვა ან შეჩერება თუ შეიძლება?

- მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვიცით, სად არის მოსალოდნელი. ყველაზე შედეგიანი მეთოდია კლდეების ჩამოშლა, რითაც შეიძლება მეწყერს სულ სხვა მიმართულება მისცე - ეს დასახლებულ პუნქტებს დიდი საფრთხისაგან იცავს. ეს მართლაც კარგი მეთოდია, მაგრამ მაღალი დონის სპეციალისტებმა უნდა მართონ. ძალიან დიდი შეცდომაა, როცა გზის გაყვანის დროს მეწყრულ ადგილებს­ აფეთქებენ, რაც მეწყრის ადგილიდან დაძვრას და მეწყრული პროცესის გააქტიურებას იწვევს. ჯერ გამაგრებები უნდა გაკეთდეს და გზის გაყვანა მერე უნდა დავიწყოთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს პირიქით ვაკეთებთ, ტრაგიკულ შედეგებს­ სწორედ ამიტომ ვიღებთ. გამაგრება, ბადეები, ტერასების გაყვანა - ამ და სხვა მეთოდებით მეწყრის მართვა შეიძლება, მაგრამ მოსახლეობამაც უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს წყალდიდობის, ღვარცოფის თუ მეწყრის ჩამოწოლის დროს. ელემენტარული წესების დაცვით საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია.

ხათუნა ჩიგოგიძე