„სიკეთეც ჩუმად უნდა აკეთო და მასზე არ უნდა ისაუბრო, მაგრამ თქვენ ამალაპარაკეთ“ - კვირის პალიტრა

„სიკეთეც ჩუმად უნდა აკეთო და მასზე არ უნდა ისაუბრო, მაგრამ თქვენ ამალაპარაკეთ“

სიკეთე გადამდებია და სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ საზოგადოებისთვის ქიზიყელი ახალგაზრდა კაცი, გიორგი­ შიხაშვილი გაგვეცნო. გიორგი სოფელ საქობოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე თვის უკან სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, ჩემს თონეში ხვალ პური უფასოდ დარიგდება და ვისაც სურვილი აქვს, მოვიდეს, წაიღოს და შაქრად შეერგოსო. საცხობში გიორგის მოგვიანებით ჩვენც ვესტუმრეთ.

- პროფესიით მექანიზატორი ვარ, საგზაო სამსახურში ვმუშაობ და გლეხი კაცის ცხოვრებით ვცხოვრობ. წინათ ჩვენს კუთხეში ყველა აცხობდა თონის პურს. დედა კვირაში ერთხელ მაინც ახურებდა თონეს და ულამაზეს პურებს გვიკრავდა. ორი წლის წინ გარდამეცვალა და დღემდე მივტირი. გაჭირვებული ცხოვრება გამოვიარეთ. დედა ფიზიკურ შრომას არ თაკილობდა, შვილები რომ გამოეკვება და ოჯახი ერჩინა. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გვიჭირდა, თონიდან ახალამოყრილ პურებს მეზობლებს აუცილებლად დაურიგებდა. მეც სიკეთის კეთებაში დედას ვბაძავ.

დედაჩემი პურს რომ ჩააკრავდა, მთელ სახლში საოცარი სურნელი დგებოდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ფქვილი არ იშოვებოდა, ცომის რიგში ღამეები მაქვს გათენებული, დედა იმით გვიკრავდა თონეში პურს. ეჰ, რა დამავიწყებს იმ წლებს, იმ პურის სუნსა და გემოს. ახლა პურს სუნი აღარ აქვს, რადგან ხორბლის ჯიშები შეიცვალა. პურის ცხობაც ეზარება ხალხს, ფიჩხი და შეშაც დეფიციტი გახდა, ცხობა აღარ იციან ქალებმა...

- შოთების გამოსაცხობად თონის მოწყობა რამ გადაგაწყვეტინათ?

- ეს საცხობი ქირით ავიღე. აქ წინათ ღუმელებს ამზადებდნენ. საკუთარი ხელით შევაკეთე და თონე ორი თვის წინ გავხსენი. გარე ფასადი აგურისფრად შევღებე და ქიზიყელი პაპის გამოსახულებიანი ტრაფარეტი დავაყენე. მეც ისე ვიქცევი, ქიზიყელ პაპას რომ მოეწონებოდა...

ქველმოქმედებას გარდაცვლილთა სულების საცხონებლად ვეწევი. სახლი სოფლის სასაფლაოს წინ მაქვს და იქით რომ ვიყურები, მარმარილოს დაფებზე სულ ახალგაზრდების ფოტოებს ვხედავ. გული მიკვდება მათი გაყინული სახეების დანახვაზე. სხვას რას გავუკეთებ მათ სულებს, უნდა ვცე პატივი.

გარდაცვლილი ძმაკაცი მყავს, გოგიტა კევლიშვილი, რომელსაც სოფელში საცხობი ჰქონდა. ქველმოქმედება პირველად მან წამოიწყო. გოგიტა ავტოავარიაში დაიღუპა. იმ საშინელ დღეს ჩვენი საერთო ძმაკაცის ცხედარი უნდა ჩამოესვენებინათ უკრაინიდან. გოგიტას პური უნდა დაერიგებინა მაღაზიებში და მერე წასულიყო აეროპორტში, მეგობრის ცხედარს რომ დახვედროდა. სოფელ ჯუგაანში ავარია მოუხდა და დაიღუპა. ჩავთვალე, რომ მის წამოწყებულ კეთილ საქმეს მიმბაძველი აუცილებლად უნდა ჰყოლოდა. მას შევფიცე, შენს კეთილ საქმეს გამგრძელებელი ეყოლება-მეთქი და სიტყვას ვასრულებ. სწორედ მისი, კიდევ სხვა გარდაცვლილი მეგობრებისა და დედაჩემის სულის საცხონებლად ვარიგებ უფასოდ პურს.

აღდგომამდე მიცვალებულთა დღეებია. ერთ დღეს 1000 პური გამოვაცხვეთ. ფეისბუკზე დავწერე, ჩემო ქიზიყელებო, ხვალ დილიდან, ღამის 9 საათამდე, სანამ თონე იმუშავებს, შეგიძლიათ მოხვიდეთ და პური უფასოდ წაიღოთ, ღმერთმა შეგარგოთ და გაიხარეთ-მეთქი. იმ დღეს დამხმარე ხალხიც მოვიყვანე. ზოგმა არ იცოდა ეს ამბავი და რომ ვეუბნებოდით, პური უფასოდ რიგდება-მეთქი, თავიდან ხუმრობა ეგონათ, მერე კი გვლოცავდნენ. სანამ ქველმოქმედებისთვის პურს მოვამზადებდი, მოძღვარი მოვიყვანე და ის ფქვილი, წყალი და მარილი, რომელიც პურის გამოსაცხობად უნდა გამოგვეყენებინა, ვაკურთხებინე. მერე მთელი დღე ვარიგებდით. სახელის მეტს ამ ქვეყნიდან ვერაფერს წაიღებს კაცი, ამიტომ უანგაროდ უნდა ვაკეთოთ სიკეთე. ეს ჩემი სულის ხსნაც არის, რათა იმ ქვეყნად პირნათელი წარვდგე.

ჩემს თონესთან ვინც უნდა მოვიდეს, როცა დავინახავ, რომ ხურდას ითვლის, ვეუბნები, ეგ ფული სხვა საქმეში გამოიყენე, რამდენი პური გინდა, უფასოდ გაძლევ-მეთქი. ორი დღის უკან ბავშვები მოდიოდნენ გზაზე. თონეს რომ გაუსწორდნენ, ჯიბეები მოიჩხრიკეს და ხურდა ფული გადათვალეს. დავუძახე, რამდენი პური გინდათ-მეთქი. მოიცადეო, და თვლა გააგრძელეს. 5 პური ვაჩუქე, თაროზე ყველი მედო, ისიც მოვუჭერი და ვუთხარი, მაგ ფულით წვენი იყიდეთ და ჩემს საჩუქარს დააყოლეთ-მეთქი. თურმე სკოლის შემდეგ სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ მიდიოდნენ და მოშივდათ. მოხუცისთვისაც ხშირად მიჩუქნია პური, ყველი და კახური ნაზუქი.

- კახურ ნაზუქსაც აცხობთ?

- ჩემთან ყველაფერი კახურ-ქიზიყურია: შოთის პური, ნაზუქი, გახუხული პური. აქაური ყველიც გვაქვს. გზად ვინმეს წახემსება თუ მოუნდა, გაჩერდება და ჩვენც ყველს, პურს და კეთილ გულს გადავუშლით. დახლთან უფასო სანთლებიც მიწყვია, ვისაც სურვილი აქვს, გაიყოლებს და მიცვალებულებს დაუნთებს.

- ამდენი ქველმოქმედება თქვენი ბიზნესისთვის საზიანო არ არის?

- გაწეული სიკეთე ყველაფერში მეხმარება. როგორც გითხარით, ტრაქტორზეც ვმუშაობ და ოჯახს ჩემი ოფლით ნაშოვნ პურს ვაჭმევ. მეტი არც არაფერი მინდა.

ხელნაკეთი, თანამედროვე თონე მაქვს, გვერდები ეხსნება და იოლია მასში პურის გამოცხობა, გაზით ხურდება. ახლა ისეთი თონეებია, შიგ ჩაყუდება საჭირო არ არის, კარებს გამოხსნი და პურებს გამოსაცხობად აწყობ, მერე კი გამომცხვარს იღებ - იოლია. პურს ხაშით, ძველი მეთოდით ვაცხობთ. მერე პატარა ცომს ვიტოვებთ და მომდევნო ცომს ამით ვაფუებთ.

ქველმოქმედებაც და სიკეთეც ჩუმად უნდა აკეთო და მასზე არ უნდა ისაუბრო, მაგრამ თქვენ ამალაპარაკეთ. მაღაზიაში რომ შევდივარ, თუ დავინახე, მოხუცი ხურდა ფულს ითვლის, აუცილებლად ჯიბეებს ვიჩხრეკ და გამყიდველს ვანიშნებ, არ გამოართვას. მისი ნავაჭრის თანხას მე ვიხდი. ჩემთვის კაცური ცხოვრება და სიკეთის კეთება ყველაზე მთავარია. დედამ ასეთი გამზარდა და ამ გზიდან ვერ გადავუხვევ.

ორი შვილი მყავს და ორი შვილიშვილი. მათაც იმავეს ვასწავლი. ორივე შვილი მშრომელი და ცოდო-მადლიანია. ამას წინათ ჩემი ქალიშვილი ქუჩაში გაცნობილ მოხუც ბებოს დახმარებია. ამის გამო მადლობა მეც მითხრეს და ძალიან გამიხარდა. რა თქმა უნდა, სიკეთე გადამდებია...

ნელი ვარდიაშვილი