„სამეფო მარგალიტი“ აფხაზური ფესვებით - კვირის პალიტრა

„სამეფო მარგალიტი“ აფხაზური ფესვებით

"ეს ლამაზი გოგონა ოსმალეთის უკანასკნელი ხალიფა აბდულმეჯიდ II-ის შვილი­ ჰათიჯე ჰაირიე აიშე დურუშეჰვარ სულთანია ("სამეფო მარგალიტი")... დედამისი მუჰაჯირობის დროს აფხაზეთიდან წასული აბაზის, ჰაჯიმაფ აკალსბას ქალიშვილი, ატიე აკალსბა იყო...", - დაწერა სოციალურ ქსელში ისტორიის დოქტორმა, ჟურნალისტმა კახა კვაშილავამ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის უმშვენიერესი დურუშეჰვარის შესახებ ვრცლად გვიამბობს:

- აბდულმეჯიდს ერთ-ერთი მეუღლე­ წარმოშობით აფხაზი ჰყავდა. ამას წინათ ინტერნეტში წავაწყდი ცნობას დურუშეჰვარზე, დავიწყე ინფორმაციის მოძიება და ბევრი საინტერესო რამ აღმოჩნდა...

- როგორ მოხვდა ოსმალეთის სულთნის კარზე აფხაზი ქალი?

- მეთვრამეტე საუკუნის მიწურული­დან,­ მეცხრამეტე საუკუნესა და მეოცე საუკუნის დასაწყისშიც ოსმალეთში ყველა სულთანი ნახევრად კავკასიური, ქართული ან ჩერქეზული წარმოშობის გახლდათ. ამიტომ სტამბოლში კავკასიური ფლანგი­ ძალიან ძლიერი იყო. ვინაიდან სულთნებს­ დედები კავკასიელები ჰყავდათ, ბუნებრივია, ყველა დედამთილი ცდილობდა მოეყვანა თავისი ეროვნების რძალი. 130 წლის განმავლობაში ოსმალეთში მთავარი ქალები ქართველები ან ჩერქეზები იყვნენ. ეს დიდ გავლენას ახდენდა ქვეყნის პოლიტიკაზეც. მე-18 საუკუნის მიწურულს, 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად, ოსმალეთმა კავკასიაზე, ყაბარდოზე კონტროლი­ დაკარგა. ამასთანავე, იძულებული შეიქნა დასავლეთ საქართველოდან ტყვეების წაყვანაზე უარი ეთქვა... 1783 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატს აწერს ხელს. ქართლ-კახეთი 1555 წლის ამასიის ზავით ირანის გავლენის სფერო იყო, მაგრამ სპარსეთი და ოსმალეთი ამ ტერიტორიებს ხშირად ერთმანეთს ეცილებოდნენ. სტამბოლი მაინც ცდილობდა ამ მხარესაც დაჰპატრონებოდა.­ ამიტომაც კავკასიელებთან­ ქორწინებაც გარკვეულწილად მანიშნებელი იყო იმისა, რომ ოსმალეთს კავკასიის მიმართ ინტერესი ჰქონდა.­ სულთნების ქართველი ცოლები ხშირად არისტოკრატიული წარმოშობის არ იყვნენ. ზოგიერთი გლეხი იყო, ზოგი მართლმადიდებელი მღვდლის შვილი.

- ქართველი ქალები მშობლიურ წესებს რამდენად ინარჩუნებდნენ?

- სხვა ქვეყანაში რაც არ უნდა დიდ­ხანს­ ეცხოვრათ, ქალებს ენა მეტ-ნაკლებად­ ახსოვდათ. მათი კონტაქტი გარე სამყაროსთან შეზღუდული იყო, უმეტესად ჰარემში იყვნენ. მამაკაცებში მშობლიური ენის დაკარგვის შანსი უფრო დიდი იყო. ოსმალეთში წასული და გადიდკაცებული ქართველი ცდილობდა თავისი ეროვნების­ ადამიანების შემოკრებას, მაგრამ ენა თანდათან ავიწყდებოდათ. ქართველი ქალები ენას უფრო ინარჩუნებდნენ, ამას ბევრი­ რამ მოწმობს: აჭარის იმ ტერიტორიაზე, რომელიც 1877-1878 წლებში რუსეთმა ომით დაიპყრო და შეიერთა, ქართული ენის შენარჩუნება ქალების დამსახურება იყო. ტაო-კლარჯეთში ქართველმა ქალებმა საგანგებო, ე.წ. დედაბრული დამწერლობაც კი შექმნეს. ამით ქართული ენა შეინარჩუნეს და ქართულმა ენამ ჩვენ შეგვინარჩუნა აჭარლები, შავშელები, ტაოელები...

- დურუშეჰვარის შესახებ გვიამბეთ...

- ულამაზესი დურუშეჰვარი 1914 წელს დაიბადა. 1924 წელს თურქეთის რესპუბლიკის დიდმა ეროვნულმა კრებამ კანონი მიიღო სახალიფოს გაუქმების შესახებ და დურუშეჰვარის მამა ოსმალეთის უკანასკნელი ხალიფა აღმოჩნდა. რევოლუციურმა ხელისუფლებამ ოსმალთა დინასტიას ქვეყანა ისე დაატოვებინა, რომ მათ დაბრუნების უფლებაც აღარ ჰქონდათ. როცა აბდულმეჯიდი 1944 წელს გარდაიცვალა, დურუშეჰვარს ძალიან სურდა მამა სამშობლოში­ დაეკრძალა, მაგრამ თურქეთის რესპუბლიკამ უფლება არ მისცა. ის ჩავიდა კიდეც იმდროინდელ თურქეთის პრეზიდენტ ისმეთ ინონუსთან შესახვედრად, მაგრამ მამის თურქეთში დაკრძალვაზე მაინც უარი მიიღო. აბდულმეჯიდი ჯერ პარიზის მეჩეთში იყო დაკრძალული, 1954 წელს მედინაში გადაასვენეს. სხვათა შორის, იქვეა განსასვენებელი სახელოვანი დაუდ-ფაშა მანველიშვილისა - "ბაბილოვნის ხელმწიფისა".

- როგორ ცხოვრობდნენ ქვეყნიდან გასახლების შემდეგ და როგორ გადაწყდა დურუშეჰვარის აზამ-ჯაჰზე დაქორწინება?

- თურქეთიდან გასახლების შემდეგ მათ ქონების დიდი ნაწილი ჩამოართვეს და ქვეყნიდან განდევნის შემდეგ ადრინდელთან შედარებით ძალიან უჭირდათ.

დურუშეჰვარ სპარსულად "სამეფო მარგალიტს" ნიშნავს. მართლაც ძალიან ლამაზი ქალი გახლდათ. 15 წლისას, უამრავი მთხოვნელი გამოუჩნდა, ირანის შაჰი, ეგვიპტის მეფე, ოსმალი დიდებულები... აბდულმეჯიდი ყველას უარს ეუბნებოდა. ალბათ, მაჰრის შესახებ ვერ თანხმდებოდნენ. "მაჰრი" არაბული სიტყვაა და "საქორწილო საჩუქარს" ნიშნავს: სასიძო საცოლეს ქონების განსაზღვრულ ნაწილს ჩუქნის. საბოლოოდ აბდულმეჯიდმა­ 50 ათასი გირვანქა­ სტერლინგი მოითხოვა, რაც იმ დროში დიდი თანხა იყო, დღევანდელი კურსით 4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი. მან 17 წლის "სამეფო მარგალიტი" იმ დროისათვის უმდიდრეს მუსლიმან პრინცს, ჰაიდარაბადის ნიზამს, აზამ-ჯაჰს მიათხოვა.

ჰაიდარაბადი ფეოდალური პროვინცია იყო თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიაზე, სადაც მუსლიმანები ცხოვრობდნენ.­ ჰაიდარაბადის მმართველი კორპორაციებს ფლობდა ევროპაში, აშშ-ში. 50 ათასი გირვანქა სტერლინგით დურუშეჰვარის ოჯახმა ამოისუნთქა, მაგრამ მცდარია აზრი, თითქოს დურუშეჰვარი ოჯახმა გაყიდა. ეს გადასახადი მუსლიმანურ­ თემში­ დღემდე ტრადიციაა, 14 საუკუნეზე მეტია არსებობს.

დურუშეჰვარმა აზამ-ჯაჰთან 23 წელი იცხოვრა, ორი ვაჟიშვილი შეეძინათ, მაგრამ ოჯახი მაინც დაიშალა. აზამ-ჯაჰი გარეგნობით არ გამოირჩეოდა, ცოლზე საკმაოდ დაბალი იყო, დურუშეჰვარი კი მაღალი, წარმოსადეგი ქალი გახლდათ. აზამ-ჯაჰი თავისუფალ ცხოვრებას ეწეოდა, ბევრი საყვარელი ჰყავდა, რის შესახებაც ამბები დურუშეჰვარის ყურამდე მიდიოდა, მაგრამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებდა. ის მცირეწლოვან შვილებზე ზრუნავდა. 23-წლიანი ქორწინების შემდეგ დურუშეჰვარმა გადაწყვიტა ქმართან თანაცხოვრება დაესრულებინა. განქორწინების შემდეგ მან 200 ათასი დოლა­რი მიიღო - დღევანდელი კურსით, სადღაც 2.5 მილიონი დოლარი. ისლამურ საზოგადოებაში როცა ოჯახი ქმრის მიზეზით დაიშლება, ქმარი ვალდებულია ქონების ნაწილი ცოლს მისცეს. დურუშეჰვარი ინგლისში გადასახლდა, სადაც გააგრძელა ქველმოქმედება. ის ჰაიდარაბადშიც ეწეოდა ქველმოქმედებას. სანამ ჰაიდარაბადში ცხოვრობდა, ქმრის მშობლიური ენა - ურდუც ისწავლა. დურუშეჰვარი აშენებდა სკოლებს, სამშობიაროებს, ხელს უწყობდა ქალთა განათლებას... ჰაიდარაბადში ყოფილ დედოფალს დღესაც დიდი სიყვარულით მოიხსენიებენ­. დურუშეჰვარი XX საუკუნის მიწურულს ქმრის სამშობლოში ისევ დაბრუნდა საქველმოქმედო მისიით, მაგრამ აღარ დარჩენილა.

199105437-982727469208940-3932197692483329152-n-1717938261.jpg

- ინგლისელებმა როგორ მიიღეს?

- დურუშეჰვარმა ინგლისური კარგად­ იცოდა, სახლიც იყიდა. მაღალი, ტანადი, არისტოკრატი ქალი დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ინგლისელ საზოგადოებაზე. ინგლისელი საზოგადოება ძალიან კონსერვატიულია, სხვებს ადვილად ვერ იღებენ. ამ დიდებულმა ქალმა კი ყველანაირი ბარიერი დაანგრია. დედოფალ ელისაბედ II-ის და, მარგარეტი, რომელიც ლამაზ ქალად ითვლებოდა, როგორც ამბობენ, დურუშეჰვარს თავის მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა. მარგარეტი, რომელიც ინგლისის სამეფო ოჯახის წევრი იყო, კონკურენტს ხედავდა ყოფილ დედოფალში, რომელიც სადღაც აზიიდან ჩამოვიდა. ამ დროს კი ეს ყოფილი აზიელი დედოფალი ინგლისის­ მაღალ საზოგადოებაში ამინდს ქმნიდა. ინგლისური გაზეთი 1960-იან წლებში წერდა: ის, რაც დურუშეჰვარს ადვილად გამოსდის, მარგარეტისთვის ძნელად მისაღწევია - დურუშეჰვარის დარგული ხე ძირმაგარი, მტკიცე, ნაყოფიერია, მარგარეტისა კი ქარიშხალს ვერ უძლებსო...

დურუშეჰვარი ინგლისშიც აგრძელებდა ქველმოქმედებას, ეხმარებოდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ემიგრანტ მუსლიმან ქალებს. 1960-იან წლებში ინგლისში ძალიან გაიზარდა ემიგრაცია­ აფრიკული და აზიური ქვეყნებიდან. მათ მიმართ დამოკიდებულება მაინცდამაინც შესაშური არ იყო, ძალიან უჭირდათ თავის დამკვიდრება. დურუშეჰვარი აარსებდა ფონდებს და ქალებს ეხმარებოდა, მათ შორის ინგლისური ენა რომ შეესწავლათ.

- აფხაზ საზოგადოებაშიც იცნობენ მას?

- თურქეთში მცხოვრებმა აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლებმა მეტ-ნაკლებად იციან ვინაა დურუშეჰვარი, მაგრამ ოკუპირებულ აფხაზეთში წარმოდგენა არ აქვთ.

- მის შვილებზე რა არის ცნობილი?

- ორი ვაჟი ჰყავდა და მათი ოჯახის დაშლის შემდეგ ხან დედასთან, ხან კი მამასთან ცხოვრობდნენ.

- საქართველოსთან ჰქონდათ კავშირი?­

- დურუშეჰვარის შვილებმა შეიძლება იცოდნენ, რომ მათი წინაპრები აფხაზეთიდან იყვნენ. როგორც მოგახსენეთ, კავკასიელი ქალები დიდ გავლენას ახდენდნენ ოსმალებზე. მაგალითად გავიხსენებ აბდულმეჯიდ I-ს, რომელიც 1839-1861 წლებში ოსმალეთს მართავდა და დედით ქართველი იყო.

დედამისის ქართული სახელი ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ მისი ოსმალური სახელი - ბეზმიალემ-სულთანი ("სამყაროს მშვენება"). ის 1807 წელს თბილისში დაიბადა. აბდულმეჯიდ I-ის დროს დაიწყო ახალი ომი რუსეთთან, რომელსაც ყირიმის ომი ეწოდება. ახლახან გამოქვეყნდა ოსმალეთის საარქივო დოკუმენტაცია, საიდანაც ვიგებთ, რომ აბდულმეჯიდმა საგანგებო ბრძანება გასცა, რომ ტყვედჩავარდნილ ქართველ სამხედროებს გულისხმიერად მოპყრობოდნენ. როგორც ჩანს, მის ამ გადაწყვეტილებაზე დედამაც იქონია გავლენა. აბდულმეჯიდ I-ის პირველი დიდვეზირი ქოჯა ჰუსრევ მეჰმედ ფაშაც ქართველი იყო; ქაფუჯიბაშიც, ანუ სამხედრო ფლოტის მთავარსარდალი, ქართველი ჰყავდა - ბათუმელი იბრაჰიმ-ბეგი.

ქართველი დედები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ შვილებს ცოლად ქართველი­ ქალები მოეყვანათ და გარემოცვაშიც ქართველები ჰყოლოდათ. ასე იქმნებოდა ქართული გავლენა და XIX საუკუნის ოსმალეთში ეს კარგად ჩანს.

საინტერესოა, რომ ოსმალეთის უკანასკნელი სულთნის მეჰმედ VI ვაჰიდედინის პირველი (მთავარი) ცოლიც აფხაზეთიდან იყო - წებელდაში დაბადებული ემინე ნაზიკ ქადინ მარშანია. თავად მეჰმედ VI კი აბდულმეჯიდ I-ისა და გულუსტუ ("ვარდთა მბრძანებელი") შარვაშიძის შვილი იყო. დედოფალი აფხაზეთის ძლევამოსილი მთავრის ქელაიშ-აჰმედ-ბეგ შარვაშიძის შვილის, ტაჰირის ქალიშვილი გახლდათ; დედით კი - აფიშე ლაკრბას ქალიშვილი. გულუსტუ­ ­მას ჰარემში მოხვედრის შემდეგ ეწოდა, დაბადებით კი ფატიმა ერქვა.

ოსმალეთის სულთნის სელიმ III-ის დედა მიჰრიშაჰი ("მეფის მზე"), რომელსაც "გურჯუ გუზელისაც" ("ქართველი ლამაზმანი") უწოდებდნენ, ქართველი იყო, მღვდლის ასული. მას ქართველი სადრაზამი (დიდვეზირი), ქოჯა იუსუფ ფაშა ჰყავდა, რომელმაც, როგორც ოსმალეთის წარმომადგენელმა, იასის ზავს მოაწერა ხელი. რუსეთის მხრიდან ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი ხელმომწერი სერგი ლაშქარევი ანუ ლაშქარაშვილი იყო.

შეიძლება ვინმემ იკითხოს, ქართველებს­ ეს რაში წაადგათო? ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ტყვეებს ცუდად არ ექცეოდნენ, სტამბოლში ჩასულ ქართველებს, ასე თუ ისე, პატრონობდნენ.