მამაკაცი იშვიათი სახელითა და „ცისფერი სისხლით“ - კვირის პალიტრა

მამაკაცი იშვიათი სახელითა და „ცისფერი სისხლით“

ეს მოგონება ეძღვნება ერთ გარეგნობითაც და ბუნებითაც გამორჩეულ ქართველ მამაკაცს - გეიდარ ფალავანდიშვილს, რომელიც წლების წინ გავიცანი და რომლის ოჯახიც ჩემთვის ძალიან მშობლიურად იქცა. უფრო ზუსტად, ეს ოჯახი გაცნობამდეც იყო მშობლიურივით, რადგან ჩემი გმირისა და უსაყვარლესი მწერლის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის, 26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული გურამ რჩეულიშვილის უმცროსი დის - მარინე რჩეულიშვილის ოჯახი გახლავთ. ამბავი კი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, ქალბატონი მარინეს მოგონებების ერთი ძვირფასი ეპიზოდია: - 1960 წლის აგვისტოში, გურამ რჩეულიშვილის დაკრძალვის დღეს, კინორეჟისორი გიორგი შენგელაია, იმხანად მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის დიპლომანტი, ავად ყოფილა, შინ იწვა და უსმენდა რადიოგადაცემას გურამზე. უეცრად რადიოში დაწყებულა გურამის ერთი-ორი დღით ადრე გამოქვეყნებული მოთხრობის (გურამი ვერ მოესწრო მის გამოქვეყნებას), "ალავერდობის" კითხვა. გიორგის უთქვამს, ისეთი გრძნობა დამეუფლა, გეგონება, მე მიკითხავდნენო, და სწორედ მაშინ გადაუწყვეტია, სადიპლომო ნამუშევრად "ალავერდობა" გადაეღო. გიორგი შენგელაიას გოგი ოჩიაურისთვის უთხოვია, ყოფილიყო ფილმის მხატვარი, ერლომ ახვლედიანისთვის - სცენარისტობა, ფელიქს ღლონტისთვის - მუსიკის დაწერა. ერლომმა უარი უთხრა, მიძნელდებაო. მოგვიანებით "ალავერდობის" სცენარზე თავად გიორგი შენგელაიამ იმუშავა, მწერალ რევაზ ინანიშვილთან ერთად. რეჟისორს მთავარი გმირის როლისთვის მსახიობის შერჩევა გასძნელებია. ქალბატონი მარინა იხსენებს, 1961 წლის ზაფხულში ხევსურეთში იყვნენ გიორგი შენგელაია, გეიდარ ფალავანდიშვილი, ერლომ ახვლედიანი, გოგი ოჩიაური, მამა-შვილი ლადო და გოგი მესხიშვილები. გიორგიმ იქ ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო და შესაძლებელია მან სწორედ ხევსურეთის შემდეგ გადაწყვიტა გურამის როლში გეიდარ ფალავანდიშვილის გადაღებაო. ამ ფილმს მოჰყვა თენგიზ აბულაძის "ვედრებაში" მუცალის როლი, შემდეგ - "ფერისცვალებაში" გივის როლი, "ჯვარცმულ კუნძულში" - სოსოს როლი და ბოლოს, "მთვარის მოტაცებაში" - თარაშ ემხვარის. მეც სწორედ თარაშ ემხვარით გავიცანი და შევიყვარე გეიდარ ფალავანდიშვილი. არც კი ვიცოდი, რომ ის გურამ რჩეულიშვილის სიძე იყო.

პირველი შეხვედრა "თარაშ ემხვართან"

- საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს, "საქწყალპროექტის" გენერალურ დირექტორს გეიდარ ფალავანდიშვილს სასაუბროდ სამსახურში, მის კაბინეტში ვესტუმრე. ოთახში უკვე გაჭაღარავებული მამაკაცი დამხვდა, ძალიან მკაცრი გარეგნობის, კუშტი, მაგრამ... კვლავ ძალიან სიმპათიური. მართალია, არ იღიმოდა და ამან მეც ძალიან დამძაბა, მაგრამ მოსაუბრე კი შესანიშნავი გამოდგა.

ბატონი გეიდარი მსახიობი არ იყო, მაგრამ რამდენიმე როლითაც კი დამკვიდრდა ქართულ კინემატოგრაფში, ეს კი იოლი არავისთვის ყოფილა. მას მართლაც ყველა მონაცემი და პირობა ჰქონდა, შესანიშნავი სამსახიობო კარიერა შეექმნა, მაგრამ... ჰქონდა პროფესია, რომელიც უყვარდა და ამიტომ მსახიობობაზე საბოლოოდ თქვა უარი. მახსოვს, ვკითხე, ვინ იცის, კიდევ რა როლებს გთავაზობდნენ რეჟისორები, რატომ არ გაჰყევით ამ გზას-მეთქი? მოკლედ მომიჭრა: "მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე და მეტი რაღა უნდა მნდომებოდაო?!

რას წარმოვიდგენდი, რომ იმ პირველ ნამდვილ შეხვედრას შეხვედრების კასკადი მოჰყვებოდა. ეს კი, უპირველესად, ჩემი დიდი სიყვარულის - გურამ რჩეულიშვილის დამსახურებაა. ჩვენი გამომცემლობის, "პალიტრა L"-ის წიგნების პროექტების მენეჯერობამ რჩეულიშვილ-ფალავანდიშვილების ოჯახში მიმიყვანა და მას შემდეგ იმ სახლის ხშირი სტუმარი გავხდი... შესაბამისად, ნელ-ნელა აღარც ბატონი გეიდარი მეჩვენებოდა ძალიან კუშტ ადამიანად და მისი მეუღლე ქალბატონი მარინეც ახლოს გავიცანი.

"ალავერდობის" მთავარი გმირი

- რეჟისორი გიორგი შენგელაია იხსენებდა, გეიდარი ძმასავით მყავდა. ამ გამორჩეულ კაცს ძარღვებში ცისფერი სისხლი უჩქეფდა, მისი დედისა და მამის თავადური წარმოშობა აისახებოდა მის გარეგნობაზეც, ქცევაზეც, ლაპარაკზეც, კეთილშობილებაზეც და განათლებაზეცო. რეჟისორს მართლაც ძალიან გასჭირვებია "ალავერდობისთვის" მთავარი გმირის - გურამ რჩეულიშვილის როლის შემსრულებლის შერჩევა - ჯერ ერთი, ეს უკანასკნელი ახალი გარდაცვლილი იყო და მეორეც - იმხანადაც კი გიორგი შენგელაია გურამ რჩეულიშვილს უკვე სამაგალითო მწერლად და დიდ ადამიანად მიიჩნევდა. მიუხედავად მცირე ასაკობრივი სხვაობისა, მეგობრობდა კიდეც მასთან, ექსპედიციებშიც ხშირად დადიოდნენ ერთად. რეჟისორმა საერთო წრეში ბევრი ვაჟი მოსინჯა თურმე როლისთვის, მაგრამ არჩევა გაუჭირდა, რადგან ერთი მომენტი უნდა გაეთვალისწინებინა - ამ როლის შემსრულებლის თავის ფორმა რაღაცნაირად ცხენს უნდა ჰგვანებოდა, რადგან ფილმის სიუჟეტი ისე ვითარდებოდა, გმირი და ცხენი ერთ სხეულად უნდა გადაქცეულიყვნენ. საბოლოოდ, გეიდარ ფალავანდიშვილი აირჩია, მაგრამ იმ ზაფხულს ის და მისი ახალშერთული მეუღლე მარინე ზღვაზე, საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდნენ. როგორღაც მაინც დაითანხმა და სასწრაფოდ ჩამოიყვანა. თურმე პირდაპირ ალავერდის გუმბათზე აიყვანა სინჯის გადასაღებად და დაამტკიცა კიდეც როლზე. რადგან ბატონი გეიდარი უკვე რჩეულიშვილების ოჯახის წევრი იყო და მათთან ცხოვრობდა, მისთვის, ალბათ, პატივიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც გურამის როლის შესრულება. გიორგი შენგელაია ამბობდა, გარდა იმისა, რომ გეიდარი ნიჭიერი კაცი იყო, მას ძალიან საინტერესო გარეგნობა და გამოკვეთილი სახის ნაკვთები ჰქონდა, რაც აუცილებლად მიიპყრობდა ნებისმიერი რეჟისორის ყურადღებასო. მას სცოდნია, რომ გეიდარ ფალავანდიშვილი მანამდე ცხენზე არასდროს მჯდარიყო, ამბობდა, მე შევსვი პირველადო. არადა, ბატონმა გეიდარმა წლების წინანდელ ჩვენს ერთ-ერთ ინტერვიუში სხვაგვარად მიამბო. მახსოვს, მითხრა, მოჯირითე ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ერთხელ კი მყავდა ცხენი გაჭენებული, ხევსურეთში, გოგი ოჩიაურთან ერთად. ხევსურეთიდან მოვდიოდით და ხისუნაგირიანი ცხენები იმდენ ხანს ვაჭენეთ, გვარიანად დაგვაზიანაო. რაც შეეხება ფილმში ცხენის ჭენებას, იქ თურმე მასწავლებლები ავარჯიშებდნენ, თანაც დიდხანს გაუგრძელდა ვარჯიში, რადგან გადაღებამ წელიწადზე მეტხანს გასტანა.

გიორგი შენგელაია იხსენებდა, გეიდარი რამდენჯერმე გადმოაგდო ცხენმა, სულ დაჟეჟილი იყო, მაგრამ რატომღაც მაინც დაიჯერა, რომ ცხენის დამორჩილებას შეძლებდა. გადაღებებს შორის, პაუზების დროს, ალაზანზე დადიოდა ხოლმე საბანაოდ და ერთხელაც ცხენით შევიდა, მაგრამ ისეთ დღეში ჩავარდა, ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდაო. ერთხელ კი ბატონ გეიდარს ალავერდის წინ მოუნდომებია ცხენის გაჭენება. გიორგი შენგელაიას თქმით, გამოუცდელი იყო და ვერ განსაზღვრა, რომ ტაძრის შიგნით თავლა იყო და ცხენი იქით გაიქცეოდა. მართლაც ასე მოხდა, ცხენი სწორედ იმ შესასვლელისკენ გაჭენდა. კიდევ კარგი, გეიდარმა შეჩერება მოახერხა, თორემ იმ შესასვლელში ცხენიანად ვერაფრით შეეტეოდა და, ალბათ, მძიმედ დასრულდებოდა ეგ ამბავი. ამ შემთხვევაში მხოლოდ გადმოვარდნას დასჯერდაო.

"თბილისი იყო ურთიერთობა"

გეიდარ ფალავანდიშვილი 1937 წელს დაიბადა და მიუხედავად იმხანად გამეფებული უღმერთობისა, მოუნათლავთ და სახელად გიორგი უწოდებიათ. დიდი და ძალიან კარგი სამეგობრო ჰყავდა - გიორგი შენგელაია, გოგი ოჩიაური, თემიკო ჭიჭინაძე, დათუნა მაჭავარიანი, კოკა იგნატოვი... იმხანად მათი თაობის 25-მდე გამორჩეული ბიჭი მაინც იყო თბილისში, რომელთა უმრავლესობა რუსთაველზე ცხოვრობდა და მთელ დროს ერთად ატარებდა. ბატონი გეიდარისა და მისი მეგობრების ბავშვობა რეპრესიებს, ახალგაზრდობის წლები კი ომის შემდგომ პერიოდს­ დაემთხვა, ასე რომ, იმ გამორჩეულმა ბიჭებმა გაჭირვებაც ბევრი ნახეს და ტკივილიც, მაგრამ... კაცობა და ღირსება მაინც შეინარჩუნეს. როგორც ჩანს, დიდად არც ბატონი გეიდარის ოჯახს ულხინდა და ამიტომაც იყო, რომ მომავალ მეუღლეს - დიდი ივანე ჯავახიშვილის დის შვილიშვილსა და გურამ რჩეულიშვილის დას, მარინე რჩეულიშვილს რომ უნდა შეხვედროდა, კარგი პალტო დათუნა მაჭავარიანმა ათხოვა, კიდევ ერთმა მეგობარმა ქუდი მისცა, მეორემ - ფეხსაცმელი და ასე წავიდა თურმე პაემანზე, მანამდე კი...

გეიდარი და მარინე ერთმანეთს პირველად ბაკურიანში შეხვედრიან, მანამდე გურამ რჩეულიშვილი ყოფილა ბაკურიანში და თბილისში დაბრუნებული, მარინეს დაჰპირებია, კიდევ უნდა წავიდე და შენც წაგიყვანოო. მართლაც შეუსრულა დას დანაპირები და მალევე წაიყვანა. მარინე გურამის მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა და სწორედ იმ წრეში გაიცნო გეიდარიც. როგორც ჩანს, ერთმანეთი მაშინვე მოეწონათ... უფრო კი, მგონი, შეუყვარდათ... მერე თბილისშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მალე დაქორწინებაც გადაწყვიტეს. მარინემ გეიდარი შინ მიიყვანა და თავის დიდ ბაბუას წარუდგინა, ეს უკანასკნელი თურმე ადამიანების შეფასებისას გვარიშვილობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და, როგორც ჩანს, გეიდარის გვარმა აშკარად გაჭრა, რადგან მისდამი იმწამს კეთილად განეწყო. იმ პერიოდში გურამ რჩეულიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა და გეიდარისა და მარინეს ქორწინებაც გადაიდო. რომ დაქორწინდნენ, გეიდარი ოცდაოთხი წლის ყოფილა, მარინე - ოცდასამის.

უნივერსალური ადამიანი

სტატიის დასაწყისში ჩემი და ბატონი­ გეიდარის შეხვედრა გავიხსენე, არადა, პირველად მართლაც ძალიან დიდი ხნის წინ შევხვდი, ღრმა ბავშვობაში - მე ეკრანს მივშტერებოდი, თვალცრემლიანი,­ ის კი ნელ-ნელა ზღვაში იკარგებოდა... მას შემდეგ ის კადრი არასდროს ამომშლია მეხსიერებიდან. რომ წამოვიზარდე, უკვე სხვა თვალით დავინახე, ცხადია, ისევ ეკრანიდან - ახალგაზრდა კაცი, საოცარი, მომნუსხველი გარეგნობის, თავადური გენი იგრძნობოდა... ძლიერ მოვიხიბლე, თუმცა ვიცოდი, ჩემზე მეტისმეტად უფროსი იყო. მაშინ უკვე კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაც კარგად ვიცოდი, "მთვარის მოტაცებაც" და თარაშ ემხვარიც, გურამ რჩეულიშვილიც და მუცალიც... და მისი სახელიც გავიგე, ქართველებისთვის იშვიათი სახელი - გეიდარი.

ბატონი გეიდარი მართლაც უსაზღვროდ ნიჭიერი ადამიანი აღმოჩნდა. რაც გიამბეთ, ზღვაში წვეთი იყო: თურმე პროფესიულად ცურავდა; ფარიკაობდა; თხილამურებით სრიალებდა; 40 წლის ასაკში შესანიშნავად შეუსწავლია ჩოგბურთის თამაში და დღეს ჩოგბურთში მისი სახელობის ტურნირიც კი იმართება; ხიდიდან წყალში ხტებოდა (სხვათა შორის, 74 წლის ასაკშიც კი), ვიდრე...

მისი ავადმყოფობის ამბავი ქალბატონ მარინესგან შევიტყვე. რა არ სცადეს, საზღვარგარეთაც უმკურნალეს. რომ ჩამოვიდნენ, სწორედ მაშინ მომიხდა მათთან მისვლა და... გული შემეკუმშა. სადღა იყო ის კუშტი მამაკაცი... ავადმყოფობას ძალიან შეეცვალა, თითქოს გულჩვილიც გამხდარიყო. თბილად მომიკითხა, კარგა ხანს მესაუბრა... მერე კი, ძალიან მალე... "გაქრა"... 2012 წელი იყო... ზუსტად 12 წლის წინ... თურმე 6 მაისს მიაბარა სული უფალს გეიდარ ფალავანდიშვილმა, ნათლობის სახელით - გიორგიმ, გიორგობის დღესასწაული 5 წუთის დამდგარი რომ იყო, სწორედ მაშინ...

პ.ს. "გაშალა მკლავები ემხვარმა. მოსტაცა თვალი მოვარვარე დისკომ მთვარისამ, თითქოს უფსკრულეთს დარჩენოდა ცეცხლებრ მგზნებარე ცალი თვალი და მიჰყვა მთვარეს ცნობაწართმეული ცურვით, მაგრამ იძალა ისევ ენგურმა, იბურთავა მთვარე, გამოსტაცა ქანცმილეულ მცურავს და გააქანა უფსკერო შავეთში...

ლაინისფერი გადაჰკვროდა ზღვას მშვიდად მთვლემარეს. მთვარე აღარ სჩანდა ცაზე. ერთადერთი ღრუბლის ფთილა შერჩენოდა მალაქიტის ცას, კოლხური ოქროს საწმისის ფერისა", - კ. გამსახურდია, "მთვარის მოტაცება"