როგორ ნადგურდება ისტორიას შემორჩენილი ქართული მოზაიკა - კვირის პალიტრა

როგორ ნადგურდება ისტორიას შემორჩენილი ქართული მოზაიკა

კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდეგ ქუჩებში გამოსულმა სულთანმა გაშმაგებული იანიჩარი დაინახა, რომელიც იქაურობას ლეწავდა, და ჰკითხა, რას ერჩი, რა დაგიშავაო. იანიჩარს კითხვა კი გაუკვირდა, მაგრამ მაინც მხნედ უპასუხა, როგორ თუ რას ვერჩი, აქ ხომ ყველაფერი ბერძნებისააო! სულთანმა მახვილი იშიშვლა, იანიჩარს გულში გაუყარა და დასძინა, ბერძნების იყო, ახლა კი ჩემიაო!

ამ თქმულების გახსენება იქნებ მთლად მახინჯაურის მოზაიკის განადგურების პარალელიც არ იყოს, მაგრამ არც უამისობაა: ყოფილ საბჭოთა და დღეს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს კუთვნილ მოზაიკურ მემკვიდრეობას გულმოდგინედ ანადგურებენ, თანაც მაშინ, როდესაც კულტურის მსგავს ისტორიულ მემკვიდრეობას მთელი მსოფლიო უფრთხილდება და ელოლიავება. ქართული მოზაიკების კატალოგში შეტანილი და მაღალი მხატვრული ღირებულების მახინჯაურის მოზაიკა ერთ დღეში გააქრო გულგრილობამ და ვანდალიზმმა. არადა, მოსახლეობა მას წლების განმავლობაში იცავდა და ბოლო დრომდე დაუზიანებლად მოიტანა. ასე რომ, გაწბილებულ მოსახლეობას არაფერი გამოუვიდა, ქმედება კი სრულიად უპასუხოდ დარჩა. ასე რომ იქნებოდა, "საქმის" ინიციატორებმა, ცხადია იცოდნენ, კანონმდებლობა მათ არაფერს აკისრებს და არც დააკისრებს: საბჭოთა მემკვიდრეობით გადმოცემული მოზაიკების დაცვის კანონმდებლობა არ არსებობს, - დე ფაქტო ისინი მხოლოდ იმ კედლის შემადგენელი ნაწილია, სადაც განთავსებული არიან და მხოლოდ დე იურე წამოადგენენ კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშს.

მოსახლეობისა და დიზაინერ ნატალია ამირეჯიბი დე პიტას შექმნილი რესტავრაციის კომპანიისთვის კი ეს ამბავი მორიგი სტრესი აღმოჩნდა: ცნობილი მოზაიკების რეაბილიტაციის პარალელურად უამრავი მოზაიკური პანო იღუპება.

9a985f55-7814-4684-aa09-3acd464a87a9-1717939460.jpg

- ქალბატონო ნატალია, წლებია ევროპაში­ ცხოვრობდით, ევროპულ მოზაიკას აკვირდებოდით და პარალელურად იტალიაში მოზაიკის სპეციალობას დაეუფლეთ. ცხადია, ზუსტად შეგიძლიათ განსაზღვროთ, რას წარმოადგენს ქართული საბჭოთა მოზაიკური მემკვიდრეობა და გვაკლდება თუ არა რაიმე მისი განადგურებით?

- შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს მემკვიდრეობა წამოადგენს მსოფლიოს მოზაიკური ხელოვნების ძალიან ღირებულ ნაწილს, რომელიც შექმნილია ქართველი ოსტატების თვითმყოფადი ხელწერით და არის მაღალი კულტურული ღირებულების შემოქმედება. ოთხი წელიწადია, რაც საქართველოში დავბრუნდი და ვცდილობ ამ კულტურის რესტავრაციას, რომელსაც სხვადასხვა ფონდი აფინანსებს, მათ შორის ევროკავშირიც და შემიძლია გადმოგცეთ თითოეულის აღტაცება ქართული მოზაიკით. ასე რომ არ ყოფილიყო, ამ მოზაიკის აღდგენა ვერ გაგრძელდებოდა. მნიშვნელობა არა აქვს, ის საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილია თუ რაღაც სხვა მოვლენა. მთავარია, ეს ხელოვნება შევინახოთ და არ უარვყოთ ზუსტად ისე, როგორც ვცდილობთ შევინახოთ ჩვენი კულტურის ნებისმიერი შრე. უკვე ვთქვი, რომ ამ კულტურას მაღალი ხელოვნების ოსტატები ქმნიდნენ, რომლებიც მართალია, დავალებას საბჭოთა იდეოლოგებისაგან იღებდნენ, მაგრამ ამ დავალებაშიც კი ფართოდ შლიდნენ თავიანთ სულსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. საბჭოთა ტოტალიტარიზმში სწორედ ქართული, შემდეგ კი უკრაინული მოზაიკა ვითარდებოდა ყველაზე მეტად. მიზეზი ის იყო, რომ საკურორტო ქვეყნები იყვნენ.

გული მტკივა, რომ არც ხალხს აქვს ქართული მოზაიკის დაცვის შესაძლებლობა და არც ჩვენ, სპეციალისტებს, რომელთაც დღემდე ვერ მივაღებინეთ ხელისუფლებას ქართული მოზაიკის დაცვის კანონი. ამისთვის საჭიროა მათი აღიარება მატერიალური კულტურის ძეგლად.A ამიტომაც არის, რომ მათ ანგრევს და ანადგურებს ყველა, ვისაც ამის საჭიროება დაუდგება. იქნება კერძო მესაკუთრე, რომელიც მოზაიკიან შენობას იყიდის თუ ე.წ. რესტავრატორი, რომელმაც მახინჯაურის მოზაიკა გაანადგურა.

bbbb-1717939460.jpg

- ეს კულტურა რომ საბჭოთა დროს არის შექმნილი, მისი დაუცველობის მიზეზი არ უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა ძეგლები ტურისტულ პარკებად აქციეს, საიდანაც შემოსავალს იღებენ.

- როდესაც სამშობლოში დავბრუნდი და მოზაიკის აღდგენა ძეგლების დათვალიერებით დავიწყე, პირველი შოკი მაშინ მივიღე, რადგან გაპარტახებული მოზაიკური პანოები ვნახე. ხშირად მიფიქრია, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება: კულტურა ხომ მხოლოდ ძეგლები არ არის, ის ხომ ჩვენი ენერგიით არის შექმნილი და ამ ენერგიას არა მხოლოდ ჩვენ გადმოგვცემს. ეს არის სიამაყე და თვითმყოფადობა, რომელიც გვჭირდება, რათა ეს ღირებულება არ დავკარგოთ. ამიტომაც ვცდილობთ და არაერთ ძეგლს აღვადგენთ. ისეთებშიც კი, რომლებიც სანახევროდ დანგრეულია, დეტალებს აღვადგენთ, რომლებიც ულამაზესია. ეს არ არის ადვილი, მაგრამ მთავარია, აღდგენა და შენარჩუნება შეიძლება. უფრო მეტიც, შეიძლება მოზაიკა მოხსნა, სხვა ადგილზე გადაიტანო და ასე შეინარჩუნო ეს ფასეულობა. თუმცა არცთუ იშვიათად საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომელთაც კულტურა და სულიერება არ აინტერესებთ. იგივე შემთხვევა გვქონდა მახინჯაურში. იქ მნიშვნელოვანი მოზაიკა იყო, რომელსაც ხალხი სულითა და გულით იცავდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზი იყო, არამედ იმიტომაც, რომ ის ბევრი იქაურის ისტორიის ნაწილი იყო. მაგრამ მოვიდა კომპანია, რომელსაც სკოლის რესტავრაციის ტენდერი ჰქონდა მოგებული და რადგან კედელი ხელს უშლიდა, არც დაფიქრებულა, ისე მიიყვანა ტრაქტორი დასანგრევად. რატომაც არა, კანონით არ დასჯიდნენ, სამაგიეროდ, ტენდერს უპრობლემოდ დაასრულებდნენ. სწორედ იქაურების დამსახურებით, მოზაიკა თითქმის სრულყოფილად იყო შენახული, მხოლოდ მცირე ნაწილი ჰქონდა დაზიანებული, რისი აღდგენაც მარტივად შეიძლებოდა. განა მარტო ეს, შემიძლია უამრავი მაგალითი დავასახელო. მაგალითად, რუსთავში შეთანხმებულიც კი ვიყავით, მაგრამ მოზაიკა მაინც დაანგრიეs. თბილისში ქარხანა "მიონის" მოზაიკაში მესაკუთრემ ფანჯრები ამოჭრა. მერიაში დახმარებას დაგვპირდნენ, მაგრამ ორი წელიწადი გავიდა და მოზაიკას ისევ ფანჯრები აქვს ამოჭრილი. ასე დაამახინჯეს თბილისში ულამაზესი მოზაიკა "გოგონა მტრედებით", რომელზეც მესაკუთრემ ასევე უსახური რკინის კარი ამოჭრა. ქუთაისში მეპატრონემ შენობის მოზაიკა შეფუთა. როდესაც ვკითხეთ, ეს რატომ გააკეთა, გვიპასუხა, მოზაიკა შენობას არ უხდება, მაგრამ მილიონი ღირს და ამიტომ შევინახავ, დავფარეო.

95452fd8-6621-42d2-b35e-fb9b7d548ccc-1717939460.jpg

- ანუ მერე გავყიდიო?

- სამწუხაროდ ვერ გათვალა, რადგან მოზაიკები ლითონის შრეზე მონტაჟდება, რომელიც შეფუთული დაიჟანგება და ჩამოიშლება.

- ახლა გავიფიქრე: როდესაც ფრინველების ფრთების დაცვის კანონს ვიღებთ, რატომ არის ასე წამოუდგენელი მოზაიკების დაცვის შესახებ კანონის მიღება-მეთქი.

- ვერ გეტყვით. თუმცა, რასაც ვხედავ, არა მხოლოდ იმიტომ ხდება ასე, რომ ამ კულტურის დაცვისთვის ნება არ არსებობს, არამედ იმიტომაც, რომ აბსურდული აზროვნება გვიშლის ხელს. მაგალითად, როდესაც ვნახეთ, რომ ნატახტარის გზაზე მდებარე მოზაიკა ადგილობრივი მოვაჭრეების ფარდულად იქცა, რითაც ზიანდებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის ინდივიდუალურად გამხდარიყო მატერიალური კულტურის ძეგლი. პარალელურად მოზაიკის ახალი ფილები დავამზადეთ, რომ რესტავრაციაც გაგვეკეთებინა. ახლა კი რა აღმოჩნდა? თურმე მატერიალური კულტურის ძეგლის რესტავრაცია ასე მარტივად არ ხდება და ამიტომ ამ მოზაიკასთან აღარ გვიშვებენ. ამიტომ კიდევ უფრო სწრაფად ინგრევა.

იმიტომაც ვთხოვთ საზოგადოებას, რომ მხარი დაგვიჭიროს ამ კანონის მიღებაში და არ დავუშვათ ამ კულტურის განადგურება. თუ შევძლებთ, რომ ეს კანონი ხელისუფლებამ როგორღაც მიიღოს, მაშინ ამ ღირებულებას სწორედ ჩვენი საზოგადოების მომავალი შეინარჩუნებს, რაც აუცილებელია.