"ყოველთვის ვცდილობ ბისზე ქართული ნაწარმოები დავუკრა" - კვირის პალიტრა

"ყოველთვის ვცდილობ ბისზე ქართული ნაწარმოები დავუკრა"

ჯერ კიდევ სამი წლისა ორი თითით მარტივ მელოდიებს უკრავდა. 5 წლისამ ოპერისა და ბალეტის თეატრში "აიდა" ნახა და მთელი ცხოვრება ოპერით დაავადდა, ხოლო 8 წლისამ ორკესტრთან ერთად მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. პირველი დიდი წარმატება პატარა მუსიკოსთან 11 წლის ასაკში მოვიდა, კონკურსზე "ახალი სახეები". ის ყველაზე უმცროსი მონაწილე იყო, მაგრამ ისე შეასრულა ბახის ნაწარმოები, რომ ყველას დაამახსოვრა თავი. "ის განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით გამოირჩევა და მიეკუთვნება იმ ახალგაზრდა მუსიკოსთა რიცხვს, რომლებსაც შესწევთ უნარი სახელი გაუთქვან საქართველოს მუსიკალურ კულტურას", - ეს ჯერ კიდევ საკონკურსო მწვერვალების დაპყრობამდე დიდი ხნით ადრე თქვა მაესტრო ჯანსუღ კახიძემ. მათი ტანდემი წარმატებული გამოდგა. როდესაც ის უკვე საქართველოში აღარ ცხოვრობდა, ბატონ ჯანსუღს კონცერტში მონაწილეობაზე უარს არასდროს ეუბნებოდა და დღემდე სიამაყით ამბობს, რომ მოასწრო მასთან ურთიერთობა.

ჩვენი დღევანდელი სტუმარი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანაშვილია. ის საქართველოს რამდენიმე დღით ესტუმრა "თბილისი­ პიანო-ფესტზე", რომლის დამფუძნებელი თავადაა.

- გილოცავთ, "თბილისი პიანო-ფესტის" წარმატებულად დამთავრებას.

- გმადლობთ. ძალიან ბედნიერი ვარ. წელს განსაკუთრებული სტუმრები გვყავდა, მაგალითად, მარკ-ანდრე ჰამელინი, მსოფლიო დონის პიანისტი. ჩემთვისაც დაუჯერებელი იყო, რომ ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად დაგვთანხმდა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ განსხვავებული რეპერტუარისა და მიმართულების მუსიკოსები, რათა ეს საინტერესო ფორმატი და მრავალფეროვნება შევინარჩუნოთ. ჩამოსული იყო ასევე ესტონელ-ამერიკელი, ქარიზმატული დირიჟორი კრისტიან იარლი, რომელმაც უდირიჟორა თბილისის სიმფონიურ ორკესტრს. 8 საფესტივალო დღე, უამრავი ცნობილი მუსიკოსი და საოცარი ემოციები მიმყვება აქედან. პირველი საიუბილეო თარიღია და ძალიან მიხარია, რომ ყოველ წელს პოპულარობა ემატება. ჩვენი პრიორიტეტია წარმატებული ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების წარდგენა. ისინიც ჩამოვიყვანეთ ფესტივალზე. წელსაც ასეთივე საინტერესო პროგრამით წარვდექით ქართველი მსმენელის წინაშე, რომლის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩვენი დროის გამოჩენილი პიანისტის, ციპრიენ კაცარისის სახელი. მან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე.

- როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

- ამ ფესტივალის ჩატარების იდეა ნიუ-იორკში დამებადა. ისიც მსგავსი ფორმატის ფესტივალია, სადაც სახელგანთქმული პიანისტები ჩადიან მთელი მსოფლიოდან და კონცერტის მეორე დღეს უკვე მასტერკლასების ფორმატში მუშაობენ ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან. მაშინ ვიფიქრე, რომ სასურველი და აუცილებელიც არის თბილისშიც ყოფილიყო მსგავსი ფესტივალი. ნელ-ნელა შემოვიკრიბე ჩემი გულშემატკივარი და ამ საქმის პროფესიონალები. ცნობილი მუსიკოსები, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ და ზოგიერთთან მიმუშავია კიდეც სხვადასხვა ფესტივალზე, ზოგსაც შორიდან ვიცნობდი, ჩამოვიდნენ თბილისში და გამართეს არაჩვეულებრივი კონცერტები. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ მათ საშუალება მიეცათ, გაეცნოთ ჩვენი ულამაზესი საქართველო. ვინც ამ უძველეს კულტურას, ჩვენი ხალხის სითბოსა და სილაღეს გაეცნობა, დარწმუნებული ვარ, ისევ მოისურვებს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას.

- ვიცი, რომ ძალიან გენატრებათ თბილისი.­

- აქ ჩემთვის ყველაფერი ძვირფასია. მენატრებიან ჩემი მეგობრები, რომლებთან­ ერთადაც არაერთხელ ვმდგარვარ მსოფლიოს წამყვან სცენაზე. ყოველთვის ვცდილობ ბისზე ქართული ნაწარმოები დავუკრა. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ჩემს ქართველ კოლეგებთან: ნიკა რაჭველთან, ლიზა ბათიაშვილთან, ანიტა რაჭველთან, ნინო ხარატაიშვილსა და სხვებთან მუშაობა.

- როგორია ჩვენი სტუმრების თვალით დანახული თბილისელი მსმენელი?

- ყველა ამბობს, რომ ქართველი შემსრულებლები არიან უაღრესად ნიჭიერები და ემოციურები. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში შევდივართ, ვერაფერი შეცვლის იმ ცოცხალ შესრულებას, როდესაც მსმენელის აურას გრძნობ. როცა სცენაზე ვარ, იმდენად დიდი ენერგეტიკული გაცვლა ხდება დარბაზთან, რომ ამას ვერც იუთუბი და ვერც ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს. ამ გლობალიზაციის დიდი და დადებითი მონაპოვარი ის არის, რომ საქართველოც ამ დიდი ოჯახის, მსოფლიო მუსიკის ნაწილი ხდება.

ქართველები ყველაფერში მომთხოვნები­ ვართ, მით უმეტეს, ქართველი მსმენელი მუსიკაში ძალიან კარგად ერკვევა. ყველა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით მიდის­ საქართველოდან, რადგან ისეთ სითბოს იღებს­ მსმენელისგან, რთულია არ შეუყვარდეთ ჩვენი ქვეყანა.

- დუდანა, 2008 წლის აგვისტოს ომმა ბევრი რამ შეცვალა თქვენს ცნობიერებაში.

- 2008 წლის ომის დროს საქართველოში ვიყავი და მივხვდი, რომ აუცილე­ბლად რაღაც უნდა გამეკეთებინა დასავლეთში ჩვენ შესახებ სწორი აზრის ჩამოსაყალიბებლად. ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი, ხელოვნების სფეროთი დაწყებული, პოლიტიკური წრეებითა და მედიით დამთავრებული. ბერლინის არტწრეებში­ გავხდი ქართველების კონსულტანტი­ კულტ­უ­რის, საზოგადოებასა და პრესასთან ურთიე­რ­თობის საკითხებში. 2013 წლის სექტემბრიდან კი უკვე როგორც დიპლომატმა, ოფიციალურად დავიკავე გერმანიაში საქა­რთველოს კულტურის ატაშეს თანამდებობა.

- ბოლოდროინდელ მოვლენებზე რას გვეტყვით?

- ჩვენ ძალიან ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა ვართ და ამის თანმდევია ის ყველაფერი, რაც ხდება­. თავისუფლება, რომელიც მოვიპოვეთ­ ბოლო ათწლეულებში, დასაფასებელია, უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ხომ დიდი ევროპული­ ოჯახის ნაწილი ვართ და ვიქნებით ყოველთვის.

რუსუდან შაიშმელაშვილი