ქვეყნის უახლესი წარსული და აწმყო, შოკის მომგვრელი დეტალებით - კვირის პალიტრა

ქვეყნის უახლესი წარსული და აწმყო, შოკის მომგვრელი დეტალებით

(ამონარიდი წიგნიდან)

P.S.

- მეკითხებიან, რა გინდა პოლიტიკაში, თავს რატომ ალანძღვინებ ამ ხალხს, ხომ იცი, რა ბინძური საქმეა, საქართველოში - განსაკუთრებით, ამხელა შესაძლებლობები გაქვს, ფული, თავისუფლება, შენს ადგილზე სადმე უცხოეთში ვიქნებოდი, ვიმოგზაურებდი, ამ ქვეყანას, ხომ იცი, მაინც არაფერი არ ეშველება. თითქმის ყოველი ასეთი საუბარი ამ წინადადებით მთავრდება. ზოგი სხვანაირად მეკითხება: რატომ მოხვედით პოლიტიკაში? ბიზნესის დაცვა გინდათ? სასამართლოსგან თავის არიდება? აბა, რა გინდათ? გჯერათ, რომ რამეს შეცვლით? ვის ატყუებთ? ხომ იცით, რომ პოლიტიკაში ძირითადად იტყუებიან... და ბოლოს იგივე ფრაზა: ხომ იცით, რომ არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. თუმცა არიან ისეთებიც ჩემ გარშემო, რომელთაც ნამდვილად სჯერათ იმის, რამაც პოლიტიკაში მომიყვანა - რომ დარწმუნებული ვარ ცვლილებების აუცილებლობაში, რომ ვხედავ, როგორი შეიძლება იყოს ძლიერი საქართველო და ვიცი, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. ვგრძნობ მთელი სხეულით, გონებით. ვიცი, რამდენი წინააღმდეგობა მელოდება და გველოდება კიდევ წინ. საშიშია? კი, რა თქმა უნდა. აქ, ამ ქვეყანაში წარმატებაა საშიში, თორემ დამარცხებულებს უცებ აყრიან მიწას, ივიწყებენ, გაკვეთილადაც არ განიხილავენ.

ისე, რომ შეხედო, განა მართალი არ არის ის ხალხი, რომელიც მეუბნება, წადი, ისიამოვნე, ამდენი რამ გადაგხდა თავს და არ გეყოო? განა მე ვიქნებოდი პირველი, ვინც შედეგს მიაღწია და მერე ამ შედეგით ტკბობას მიჰყო ხელი? განა მე არ ვიცი, რომ მთელი ბიზნესსაქმიანობა და ინვესტიცია არ უნდა დაუკავშირო ისეთ სარისკო ქვეყანას, როგორიც საქართველოა - არასტაბილური ეკონომიკის, მუდამ გეოპოლიტიკური გამოწვევების მოლოდინში, რამდენიმე ომგადახდილს, ოკუპირებულს... თან ამდენჯერ რომ გაკოტრდები, ფიზიკურად გადარჩები და ისევ იქ დაიწყებ თავიდან, მართლა არ არის ნორმალური. ყველა ბიზნესსკოლაში კვერცხების სხვადასხვა კალათაში ჩაწყობას და განაწილებას, ანუ დივერსიფიკაციას ასწავლიან, რომ კრიზისის შემთხვევაში რისკი დაზღვეული გქონდეს და მთლიანად არ ჩამოგენგრეს, რაც წლები აშენე. ვიცოდი ეს ოქროს წესი? რა თქმა უნდა, ვიცოდი, მაგრამ რატომღაც საპირისპირო ვაკეთე. საპირისპიროდ ვაკეთე ისიც, რასაც მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად ბიზნესის კეთება ჰქვია. ასე შევქმენით ერთ-ერთი უნიკალური გუნდი და ბავშვობის მეგობრებმა და ბიძაშვილებმა ისეთი კორპორაციები ავაშენეთ, სადაც არათუ ვინმესგან კარის გაჯახუნება და გუნდის დატოვება, არამედ მცირე უთანხმოებაც კი არ მახსოვს. როგორ მოვახერხეთ? ჩვენ ყველა სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილების და ასაკის ვიყავით. როგორც იტყვიან, ჯერ წესი ჩამოვაყალიბეთ და მერე - საქმე. ამ საქმეს გამჭვირვალობა და გარე სამყაროსთან ანგარიშვალდებულება დავუმატეთ და ავაწყვეთ ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი ბიზნესკონგლომერატი, უკვე 15000 სამუშაო ადგილით და რამდენიმე ასეული მილიონის ყოველწლიური შენატანით ქვეყნის ბიუჯეტში.

ჩემს პოლიტიკაში მოსვლას კონკრეტული წინა პირობა და დროის ქრონოლოგია აქვს.

"რუსულ ოცნებას" ბიძინას მეთაურობით ანაკლიის პროექტის განხორციელება რომ დაეცლია, ის იქნებოდა ჩემი ყველაზე დიდი პოლიტიკა. დღეს, 4 წლის შემდეგ, მნიშვნელობით სულ სხვა ქვეყანა ვიქნებოდით რეგიონში, კავკასიის კარიბჭე მთელი მსოფლიოსთვის და მთავარი დამაკავშირებელი არტერია ევროპასა და აზიას შორის, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას ერთი-ორად გაზრდიდა. ქვეყანა ახალ საფეხურზე ავიდოდა, ხალხი დასაქმდებოდა, ბიუჯეტი გაიზრდებოდა, ქვეყანაში ახალი ინვესტიციები და დიდი კორპორაციები შემოვიდოდა, მეგაპროექტები განხორციელდებოდა, ინოვაციურ და Iთ ტექნოლოგიების ჰაბად გადაიქცეოდა. აბა, მეტი რაღაა პოლიტიკა? ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია იძლევა აფხაზებთან ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყების უნიკალურ შესაძლებლობას; ეს ურთიერთობა პროექტის განხორციელების პროცესში დაიწყო კიდეც. აფხაზებთან შეხვედრები და საუბრები უკვე იმართებოდა, ძირითადად, სტამბოლში. მე გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ბიზნესპროექტს ვაკეთებდი და არანაირად არ ვუკავშირებდი პოლიტიკას. მაგრამ, როცა ანაკლიის პროექტზე და პირადად ჩემზე ამხელა შემოტევა დაიწყო - "ოცნების" პოლიტიკოსების, სახელმწიფო სტრუქტურების, ბოტების, ტროლების, ფალსიფიცირებული სასამართლოს და პროკურატურის - აი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ისეთს შევეხე, რაც სცდება ბიზნესპროექტს, რომ ეს პოლიტიკაა და თან - რამხელა პოლიტიკა: ეწინააღმდეგები ჩრდილოელი მეზობლის გეოსტრატეგიულ ინტერესებს და ამას ემატება ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი, კომერციული თუ პიროვნული. ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამ კონკრეტულ ბრძოლაში დაგვჯაბნა, ანაკლიის განვითარება შეაჩერა, თუმცა ომს ქვეყანასთან წააგებს, იმიტომ, რომ შეუძლებელია გაიმარჯვო საკუთარი ქვეყნის ფუნდამენტურ, განვითარებასა და თავისუფლებაზე დაფუძნებულ ინტერესებზე.

თუმცა ანაკლიის პროექტზე თავდასხმა არ გამხდარა ჩემი პოლიტიკაში მოსვლის პირველი მიზეზი. 2019 წლის 20 ივნისს "გავრილოვის ღამე" მოხდა, რამაც ყველა წესიერი მოქალაქის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ამ მოვლენას რამდენიმე დღეში ფეისბუკზე სტატუსი მივუძღვენი, სადაც დავაფიქსირე მკაცრი პოზიცია და ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყება დავაანონსე. ამას სექტემბერში ამ ორგანიზაციის დაფუძნება, დეკემბერში კი პარტიის "ლელო საქართველოსთვის" შექმნა და პირველი ყრილობა მოჰყვა. ხაზს ვუსვამ: ამ დროს სახელმწიფოსთან ანაკლიის პროექტის კონტრაქტი გაწყვეტილი არ იყო, ჩვენ ვმუშაობდით და ვაგრძელებდით ინვესტირებას. ჩემს განცხადებას ერთ კვირაში მოჰყვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ჩემი და ბადრის მიმართ. კიდევ გავიმეორებ: ანაკლიის კონტრაქტის გაუქმების შემდეგ არ წავსულვართ მე და ბადრი პოლიტიკაში, გაცილებით ადრე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება იმ ბრალდებას, თითქოს პარლამენტი გვჭირდებოდა, რომ იმუნიტეტით დაგვეცვა თავი სასამართლოს განაჩენისაგან, ესეც მტკნარი სიცრუეა. მე ­სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე სამი თვით ადრე დავტოვე პარლამენტი, სწორედ იმიტომ, რომ არანაირი პოლიტიკური იმუნიტეტი არ მჭირდებოდა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. პოლიტიკაში მოვედი ერთი მიზნის მისაღწევად: თავი დავაღწიოთ ამ პოლიტიკურ ჭაობს, დავიცვათ საქართველო ჩრდილოური იმპერიალიზმისგან, არ დავუშვათ ახალგაზრდებისაგან ქვეყნის დაცლა, მივაღწიოთ საზოგადოების კონსოლიდაციას, გაერთიანებას და ერთ მუშტად შეკვრას, ისე როგორც ახლახან ვიყავით სტადიონზე, როცა საქართველოს ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. აბა, ვის რაში აინტერესებდა, ვინ რომელი პარტიის წევრი იყო, ჩვენ ყველა ერთი პარტიის - საქართველოს - წევრები ვიყავით. უნდა განვახორციელოთ სწრაფი და მძლავრი რეფორმები, რათა უმოკლეს დროში გავხდეთ ევროკავშირის წევრი, გავაორმაგოთ ეკონომიკა, გავზარდოთ პენსიები, რაც უმნიშვნელოვანეს საქმედ მიმაჩნია (მე ამ ამბავს ჩემი ბებია-ბაბუის გადასახედიდან ვუყურებ, სულ განიცდიდნენ პენსიონერების უიმედო მდგომარეობას, ჯერ კიდევ მაშინ, საბჭოთა კავშირში, როცა ფასები ფიქსირებული იყო თითქმის ყველაფერზე). დღეს 833000 პენსიონერი მიტოვებულია სახელმწიფოს მიერ, ელემენტარული საჭიროებისთვის უსახსრო არსებობა აქვთ მისჯილი. ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია. ჩვენი ახალგაზრდები, განათლებითა და პროფესიებით, დიპლომებით ხელში უმუშევრობისთვის არიან განწირული და არავითარი გარანტია არ აქვთ, რომ სადმე სპეციალობით დასაქმდებიან; ან მეგა პროექტები და "ოცნების" მიერ ურეფორმო ქვეყანაში გამქრალი 200000-მდე სამუშაო ადგილი, რომელიც ზუსტად ვიცით, როგორ უნდა შეიქმნას. სწორედ ამისთვის დაწერა "ლელომ" უნიკალური სამოქმედო პროგრამა - მარშალის გეგმა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მოწინავე ეკონომიკად და მთელი რეგიონის მძლავრ ლიდერად უნდა აქციოს. ეს უნდა გახდეს დიდი მოძრაობა უკეთესი მომავლისკენ, სადაც ემიგრაცია იტყვის გადამწყვეტ სიტყვას ქვეყნის აღმშენებლობაში.

აი, ამიტომ და სხვა უამრავი ინიციატივისა თუ რეფორმის განხორციელებისთვის ვარ მთელი არსებით ჩართული პოლიტიკაში. აი, ამიტომ ვდგავარ წინა ხაზზე და ნურავის ექნება იმედი, რომ შავი პიარით, ცილისწამებით და სხვა უღირსი მეთოდებით გაგვაჩერებენ მე და ჩემს თანაგუნდელებს. ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და მჯერა, რომ ნებისმიერ ჩვენგანს კონკრეტული მისია აქვს დაკისრებული. მთავარია იპოვო შენს თავში, რა არის ეს მისია, რა გაძლევს მოტივაციას და შთაგონებას, სად და რატომ იხარჯები წინააღმდეგობების მიუხედავად. ასეთ კითხვებზე პასუხი ერთბაშად არ მოდის, ასეთი პასუხებისთვის დიდი შრომა, წვალება, გამარჯვება და დამარცხებაა საჭირო. ეს მიზანი, ეს სურვილი სულ უნდა გაწუხებდეს, სულ თან გდევდეს, გული არ უნდა გიცივდებოდეს და არ უნდა იღლებოდე. მაშინ მიხვდები, როდის, რატომ და სად უნდა იდგე. მე აქ ვდგავარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. ვიცი, რომ გავიმარჯვებ საქართველოსთან და თქვენთან ერთად.

რაც შეეხება ამ წიგნს, სიმართლე გითხრათ, პოლიტიკაში მოსვლაზე უფრო წარმოუდგენელი ჩემთვის ის იყო, რომ ოდესმე წიგნს დავწერდი (სულ მიმაჩნდა, რომ ჩემი საქმე იმ ხალხის მხარდაჭერაა, ვინც წიგნებს ბევრად უკეთ წერს). მაგრამ თურმე ცხოვრებაში მართლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორც ბიზნესმენმა, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე, მიუხედავად ბევრი მარცხის, წინააღმდეგობის თუ ტრაგიკული ამბისა. ამ ამბების ნაწილი წიგნში დეტალურადაა აღწერილი, მათი დიდი უმრავლესობა კი მხოლოდ ვიწრო წრემ იცის: ოჯახმა, მეგობრებმა, უშუალო მონაწილეებმა. შევეცადე, ზედმიწევნით ზუსტად და შეულამაზებლად მომეყოლა ყველაფერი, რაც მახსოვს. რა გასაკვირია, რომ ეს მონაყოლი გასცდა პირად ამბებს და ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ბოლო დაახლოებით ორმოცი წლის ქრონიკად იქცა.

მარტივი არ იყო ამ წიგნის წერა - ყველა მარცხისა და გამარჯვების ხელახლა განცდა, ემოციების ხელახლა გამოვლა, მაგრამ ჩავთვალე, რომ შეიძლება სასარგებლო იყოს იმ თაობისთვის, რომელიც ახლა დგას გზაგასაყარზე და ფიქრობს, გააგრძელოს ბრძოლა თუ დანებდეს. ბავშვობიდან ჩამინერგეს, რომ თავისუფლება არის ძირითადი და უპირველესი ღირებულება და მხოლოდ მისთვის ღირს ბრძოლა. გამარჯვების ფორმულაც მას ეფუძნება - ცდილობ, იყო თავისუფალი და ასე აღწევ წარმატებას ყველაფერში. ჩვენი ქვეყნის ისტორიაც ამის დასტურია. ალბათ, ასე და ამიტომ გადავრჩით: სულ ვიბრძოდით თავისუფლებისთვის. ახლაც ვიბრძვით. არაფერია ამაში ახალი.

წიგნის შეძენა შესაძლებელია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 47 00 45 და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით ან შეიძინეთ წიგნი საიტზე: www.palitral.ge