რა ელოდება ლარის კურსს?! - ექსპერტების პასუხი კითხვებზე: გაგვიძვირდება თუ არა ცხოვრება და შეინარჩუნებს თუ არა ლარი სიმყარეს - კვირის პალიტრა

რა ელოდება ლარის კურსს?! - ექსპერტების პასუხი კითხვებზე: გაგვიძვირდება თუ არა ცხოვრება და შეინარჩუნებს თუ არა ლარი სიმყარეს

რატომ გრძელდება ლარის გაუფასურება სებ-ის ინტერვენციების მიუხედავად და რა გავლენას იქონიებს მოსახლეობაზე, ამ საკითხებზე ეკონომიკის დოქტორს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ჭარაიასა და ფინანსისტ ზვიად ხორგუაშვილს ვესაუბრეთ.

"ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი იყო განწყობა, რომ ქვეყანაში არ არის სტაბილურობა"

ვახტანგ ჭარაია: - ლარის გაუფასურება იმ კანონის მიღებისა და საპროტესტო აქციების ფონზე უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან აჟიოტაჟი ყოველთვის ყველა ქვეყანაში ახდენს გავლენას და ცხადია, ლარზეც იმოქმედა, რადგან ლარს გაცვლითი მცურავი კურსი აქვს. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი გარკვეულ მანიპულაციებს მიმართავს, რათა ლარი ნახტომისებურად არ გაუფასურდეს, ან არ გამყარდეს. ეს მიღებული ფორმატია მცურავი კურსის ვალუტებისთვის. ისინი, ძირითადად, მაინც დამოკიდებულია ბაზრის ტენდენციებზე, სიგნალებზე, რასაც იღებს ბაზრიდან, და ეკონომიკიდან - როგორც კარგი, ასევე ცუდი მიმართულებით. შესაბამისად, ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი იყო განწყობა, რომ ქვეყანაში არ არის სტაბილურობა, მომავალი პესიმისტურია... მეორე მხრივ, აუცილებლად გავუსვამდი ხაზს, რომ მიუხედავად იმ მასშტაბის შოკისა და გამოწვევისა, რომელიც ქვეყანაში გვქონდა, საგარეო კურსის ცვლილების საკითხიც კი წამოიჭრა, რაც ამ კანონმა შეიძლება განაპირობოს, რომ ქვეყანა დაკარგავს ყველა სტრატეგიულ პარტნიორს და ა.შ. - ეს სწორია თუ არა, ამაზე მსჯელობას არ დავიწყებ და მხოლოდ ეკონომიკურად შევაფასებ - ამ მასშტაბის რყევის ფონზე ლარის გაუფასურება ძალიან სიმბოლური იყო, მხოლოდ 5%-იანი. გასაგებია, რომ ყველას არ ჰქონდა ეს განცდა, მაგრამ მთლიანობაში ასეთი განწყობები როგორც საშინაო, ასევე საგარეო ველიდან ქმნის ლარის როგორც გაუფასურების, ასევე გამყარების შესაძლებლობას. ამიტომ ვიტყოდი, რომ ამ მასშტაბის კრიზისისთვის, რაც ჩვენ გადავიარეთ, და იმედია, გადავიარეთ, ლარის 5%-იანი გაუფასურება, მე თუ მკითხავთ, პირიქით, ლარის სიმყარეზე მიუთითებს, ვიდრე მის სისუსტეზე.

- ეს ხომ არ განაპირობა იმან, რომ რეზერვებიდან დიდი თანხა დაიხარჯა და ამით შეჩერდა როგორღაც გაუფასურება. დახარჯული რეზერვების ფონზეც შეგვიძლია ლარის სიძლიერეზე ლაპარაკი?

- ეროვნულ ბანკს ეს ინსტრუმენტი აქვს და ხარჯავს, მაგრამ ვერც ერთი ეროვნული ბანკის ჩარევა ვერ იქნება შედეგიანი, თუ ეკონომიკა არ მიიღებს ამ ჩარევას. სებ-მა 110 მილიონი დოლარი დახარჯა, მაგრამ თუ ასე წავალთ, მაშინ წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 300 მილიონი აქვს შეძენილი. კი ბატონო, დახარჯა, მაგრამ ეს არ იყო ისეთი თანხა, რომელიც რაღაც ძალიან დიდ მასშტაბს ქმნიდეს, მით უმეტეს, ერთ-ერთი გაყიდვის დროს 60 მილიონი გაიტანა და ბაზარმა 48 მილიონზე მეტი ვერ აითვისა - ანუ მთლიანობაში ეს ხომ ლარის ზურგია. ლარის სიძლიერე არ არის მარტო ქაღალდი, ის განპირობებულია ეროვნული ბანკისა და ჩვენი ეკონომიკის სიძლიერითაც. ჩვენს ეკონომიკასა და ეროვნულ ბანკს ამ მასშტაბის კრიზისის გადალახვა 110 მილიონი დოლარით, რომელიც უფრო ადრე ისევ ბაზრიდანვე იყიდა, საბოლოოდ მხოლოდ ლარის 5%-იანი გაუფასურება დაუჯდა, რაც ძალიან პოზიტიური მიღწევაა და არა ნეგატიური. ამ მასშტაბის კრიზისებს ასე მარტივად ვერ გადალახავენ ხოლმე და არც ლარს არ გადაულახავს აქამდე ამ მასშტაბის კრიზისები. მეტიც, უფრო მსუბუქი კრიზისების დროს უფრო დიდი დარტყმა და ნეგატიური შედეგი მიგვიღია. შესაბამისად, ეს არ არის ლარის დასაკნინებელი შედეგი და ლარის სიძლიერის დამამტკიცებელი მოვლენა უფრო იყო, ვიდრე პირიქით.

- შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს, თუ ასეთ საფრთხეს აღარ ელოდებით?

- რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ეს პროცესი დასრულებულიყოს, მაგრამ ცალსახად არ არის დასრულებული. პოსტსაარჩევნო პერიოდიც ყოველთვის მძიმეა. არა მაქვს მოლოდინი, რომ ლარი ამ კურსზე გაიყინება. შეიძლება პროცესები ისე წარიმართოს, რომ პირიქით, ლარი გამყარდეს კიდეც, თუმცა, არც კიდევ გაუფასურებაა მოულოდნელი. მაგრამ წინასწარ იმ განწყობის შექმნა, რომ ლარი გაუფასურდება, არც ჩემი მხრიდან იქნება სწორი და პროფესიონალური და რა თქმა უნდა, არც იმას ვიტყვი, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება და არ მოვუწოდებ მოსახლეობას, ამით იხელმძღვანელოს. ლარმა ამ მასშტაბის კრიზისის ფონზე, უსტაბილურესად აჩვენა თავი. მიმაჩნია, რომ ლარზე რაც უფრო მეტი პოზიტიური განცხადება იქნება, მით უფრო მოგებული დარჩება ქართული ეკონომიკა.

- ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს, რაც მთავარია, ინფლაციაზე ექნეს გავლენა და ეს პრობლემა მოსახლეობისთვის მწვავედ დადგეს?

- ინფლაცია საქართველოსთვის მთავარ გამოწვევას არ წარმოადგენს, რადგან წლის დასაწყისიდან ინფლაცია სულ რაღაც 2%-ია. რა თქმა უნდა, თუ დიდი გაუფასურება იქნება, ინფლაციაზეც იქონიებს გავლენას, მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და შესაძლოა ლარის გაუფასურებას მიჰყვეს ქართული ექსპორტის სტიმულირება და მათთვის უკეთესი საბაზრო პირობების ჩამოყალიბება. საერთოდ, ლარის მცირედი გაუფასურება ზრდის ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას. თუმცა, რადგან იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, ადგილზეც გვიზრდის ინფლაციას. ამიტომ ერთიც უნდა გავითვალისწინოთ და მეორეც. ჩვენ არა ვართ მხოლოდ მომხმარებლები, რაღაცის მწარმოებლები და გარკვეული სამუშაო ადგილების შემქმნელებიც ვართ და მათთვის, ვინც ექსპორტზეა ორიენტირებული, შესაძლოა ძალიანაც საინტერესო იყოს ლარის გარკვეული გაუფასურება. თუმცა ცხადია, მოსახლეობის ფართო ნაწილისთვის, ვინც იმავდროულად მომხმარებლებიც ვართ, ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს. საერთო ჯამში, არცთუ ცალსახად უარყოფითია ლარის ზომიერი გაუფასურება. იმედია, რაღაც დიდი ნახტომით არ გაუფასურდება, რომ ინფლაცია გამოიწვიოს.

- თუკი ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დასავლეთის შენიშვნების არად ჩაგდებას და დასანქცირება გაგრძელდება, ეს როგორ იმოქმედებს ლარის კურსზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე? შეძლებს ლარი ამ სიმყარის შენარჩუნებას?

- რიგითი მოქალაქის დასანქცირება ქვეყნისთვის პრობლემა არ არის, მაგრამ თუკი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაასანქცირებენ, ეს ზიანის მომტანი იქნება ეკონომიკისთვისაც, თუნდაც იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ეს პირები შესაძლოა მოლაპარაკებების მაგიდასთანაც ვერ დასხდნენ მათთან, ვისაც ჩვენ პარტნიორებად მივიჩნევთ. ეს კი მიუღებელი იქნება ეკონომიკური გადმოსახედიდან.

"კურსის ცვლილება ფასებზე არანაირ გავლენას არ ახდენს"

ზვიად ხორგუაშვილი: - რატომ ხდება ახლა ლარის გაუფასურება, ადვილი მისახვედრია - დიდი ალბათობით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო და ამაზე რა პასუხებიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს (იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური პარტნიორები), გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის, მოლოდინების გაუარესება კი ლარის კურსზეც მოქმედებს. ზოგადად, სხვა თანაბარ პირობებში, ლარი რატომ უფასურდება, იხსნება ხოლმე რამდენიმე თვის შემდეგ. ამიტომ ახლა აკადემიური პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან ამას დრო სჭირდება და უნდა გვქონდეს ინფორმაცია მთელი რიგი პროცესების შედეგებზე. მაგრამ დღეს ნებისმიერი მოქალაქე მიხვდება, რაღაც არასწორი რომ ხდება ქვეყანაში, ამას მოჰყვება სწორედ ეს შედეგები. ამიტომაც ერთ-ერთი კომპონენტი აუცილებლად იქნება გაუარესებული მოლოდინები ქვეყანაში.

რაც შეეხება მომავალში მოსახდენს, ეს კაცმა არ იცის და მათ შორის, ლართან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, სებ-ს დიდი რაოდენობით აქვს რეზერვი, შეუძლია დიდხანს ხარჯოს და ლარი არ გაუფასურდეს. ბოლოს და ბოლოს, ისიც კი შეუძლია, საერთოდ ხმარებიდან ამოიღოს ლარი და დოლარზე გადავიდეს, იმდენი რეზერვი გვაქვს. ამიტომაც მომავალში რა იქნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რეზერვიდან რამდენის დახარჯვისთვის არის მზად ცენტრალური ბანკი იმ შემთხვევაში, თუ გაუფასურება გაგრძელდება. თუკი ხელისუფლება განაგრძობს იმ პოლიტიკას, რომ ხელი ჰკრას პარტნიორებს, რა თქმა უნდა, ცალსახად ნეგატიურად აისახება, მათ შორის, ეკონომიკაზეც. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რიცხვებში როგორ გამოისახება, ძნელი სათქმელია. თუ საქართველოს ხელისუფლება გაცხადებულად უარს ამბობს დასავლეთზე და პარტნიორებად კომუნისტურ ჩინეთსა და დიქტატორულ რუსეთს ირჩევს, რა თქმა უნდა, აქ უკვე სხვანაირად დალაგდება ყველაფერი. შესაძლოა იმისთვის, რომ ქვეყანაში რამე რყევა არ მოხდეს და ამ ხელისუფლებას, რომელიც მისაღებია ჩინეთისთვისაც და რუსეთისთვისაც, საფრთხე არ შეექმნას, რაღაც თანხები წამოიღოს კიდეც ამ ქვეყნებიდან. თეორიულად ეს შესაძლებელია და ამიტომ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი დაშვებებია. თუმცა იმედია, ასეთი რამ არ მოხდება.

- ანალიტიკოსების ნაწილი ასეთ გაუფასურებას მაინც არ თვლის პრობლემურად და უფრო მეტიც, იმასაც კი ამბობენ, რომ ეს ლარის სიმყარეზე მიუთითებს. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს, მართლა ასე მყარია ლარი თუ არა და მეორე, რაზე მიანიშნებს ეს გაუფასურება?

- ეს ნიშნავს, რომ რეზერვები, რაც ბაზარზე გაუშვეს, არ იყო საკმარისი, ერთ-ერთი ვერსია შეიძლება ეს იყოს, მაგრამ ვიმეორებ, ესეც ვარაუდია. ზოგადად, მოტივტივე გაცვლითი კურსის რეჟიმში ვინც საუბრობს, გუშინ რატომ მოხდა რაღაც ან მომავალში რა იქნება, არის ჩვეულებრივი შარლატანი და ასეთებს არ უნდა დავუჯეროთ. ამიტომ მეც შარლატანობა რომ არ გამომივიდეს, ამიტომ ვამბობ, რომ დიდი ალბათობით, ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება ქვეყანაში, აისახება ლარის კურსზე და შეუძლებელიც არის, არ აისახოს ასეთი მასშტაბის ამბები. კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებით და მოთხოვნაზე მოლოდინები ძალიან მკვეთრად მოქმედებს, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება ისეთ საკითხს, როგორიც არის ყოველდღიური ვაჭრობა ვალუტაზე, რადგან კურსი სწორედ ყოველდღიური ვაჭრობის შედეგად დგება. ამიტომ ვამბობ, რომ შესაძლოა ეს იყო დიდწილად, თუმცა შესაძლოა სხვა ფაქტორებიც იყო, რაც ჯერჯერობით არ ვიცით. მაგალითად, შეიძლება გაირკვეს, რომ მკვეთრად შემცირდა ფულადი გზავნილები და ა.შ. ბევრი "შეიძლება" არსებობს. ამიტომ ამაზე აკადემიური პასუხი შეუძლებელია და მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამთ.

- ეს მოცემულობა ფასებზე როგორ აისახება?

- კურსის ცვლილება ფასებზე არანაირ გავლენას არ ახდენს, გავლენას ახდენს მხოლოდ იმპორტირებული პროდუქტების ფასებზე. მაგრამ წარმოიდგინეთ ასეთი რაღაც - გაქვთ შემოსავალი, ვთქვათ, 100 ლარი, და ყიდულობთ 40 ლარის შემოტანილ პროდუქციას. 40 ლარის ნაცვლად თუ მოგიწევთ 50 ლარის გადახდა, მაშინ იმისთვის, რისთვისაც ადრე 60 ლარს ხარჯავდით, ახლა 50-ს დახარჯავთ. ამით მოთხოვნას შეამცირებთ, რაც ნიშნავს, რომ ფასებიც შემცირდება, საბოლოოდ კი დაბალანსდება და ჯამში მაინც 100 ლარს დახარჯავთ. ამიტომაც ფასების ზრდა არის მხოლოდ მონეტარული ფენომენი, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ ცენტრალურ ბანკს როგორი მონეტარული პოლიტიკა ექნება. თუ ფულის მასას მკვეთრად ხელოვნურად გაზრდის, მაშინ ცალსახად ინფლაციური პროცესები გვექნება, მაგრამ თუ გვექნება მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ლარის გაუფასურება ინფლაციაზე გავლენას ვერ იქონიებს.

- მე რომ ვარ რიგითი მოქალაქე, რომელიც როგორც მომხმარებელი, მაინც დამოკიდებული ვარ იმპორტირებულ პროდუქციაზე, რადგან ქვეყანაა იმპორტდამოკიდებული, ჩემზე როგორ აისახება ეს პროცესები?

- აქ გასათვალისწინებელია, თუ მთლიანად იმპორტირებულ საქონელს მოიხმართ, მეტადაც იზარალებთ, მაგრამ ასეთი კატეგორია დიდი არ იქნება; თუ სესხი სხვა ვალუტაში გაქვთ, მეტად იზარალებთ; ფულის მასა თუ გაიზრდება, მაშინ გაიზრდება ინფლაციაც და უფრო მეტად იზარალებთ... ამიტომ ვამბობ, რომ დიდად მნიშვნელოვანი კურსი კი არ არის, არამედ ის, რაც კურსს განსაზღვრავს. კურსის გაუფასურება აღწერს, რამდენად დავზარალდით სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ხოლო მომავალში ვინ როგორ მოიქცევა, ეს არ არის ეკონომიკის თემა, ეკონომიკა უფრო წარსულს აფასებს და ძალიან რთულია თქმა, მომავალში რა იქნება.

რუსა მაჩაიძე