რა ბედი ეწევა ჩვენს საპენსიო დანაზოგს ?! - რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი - კვირის პალიტრა

რა ბედი ეწევა ჩვენს საპენსიო დანაზოგს ?! - რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო­ სქემა 5 წელია მოქმედებს. პენსიის დაგ­როვება სავალდებულოა 40 წლამდე­ ასაკის ყველა დასაქმებულისთვის. ამ დრო­ისთვის საპენსიო სქემაში გაწევრებულთა­ რაოდენობა­ 1 მილიონ 511 ათასი კაცია. მოქალაქეთა საპენსიო დანა­ზოგმა ჯამში 4,9 მილიარდ ლარს მიაღწია. როგორც ირკვევა,­ ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ საპენსიო სააგენტოს მართვაც იცვლება,­ სახელიც და ის ლიმიტიც,­ რომლითაც საპენსიო ფონდს შეეძლება მსხვილი პროექტები დააფინანსოს. დღეს მოქმედ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული­ ოთხი უცხოელი წევრია. ისინი პარლამენტმა 2019 წლის ივნისში დაამტკი­ცა საბჭოს წევრებად­ და მათ საქმიანობის ვადა წლეულს, ივნისში­ ეწურებათ. საბჭოს ხელმძღვანელობს საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ოლივიე რუსო. ეს საბჭო საპენსიო აქტივების ინვესტირების თაობაზე იღებს გადაწყვეტილებებს. ახალი კანონპროექტის მიხედვით იცვ­ლება­­ სახელი და საპენსიო სააგენტოს "საპენსიო ფონდი" დაერქმევა. ამჟამად სააგე­ნტოს ორი საბჭო ჰყავს: სამეთვალყურეო­ და საინვესტიციო. ახალი ცვლილებით, ორივე საბჭო უქმდება. სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს მმართველობითი­ საბჭო ჩაანაცვლებს და საპენსიო ფონდს მმართველად მხოლოდ ეს ერთი საბჭო ეყოლება­, რომელიც მინიმუმ 9 და მაქსიმუმ 15 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. საბჭოს წევრებს სპეციალურად შექმნილი კომისია აირჩევს, რომელთაც პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს და მათი უფლებამოსილების ვადა 5 წლით განისაზღვრება. დღეს მოქმედი კანონით, საინვესტიციო საბჭოს წევრებს პარლამენტი ამტკიცებს, ცვლილებების შემდეგ კი სააგენტო მთავრობას დაექვემდებარება. თავის მხრივ, კომისია, რომელიც საბჭოს წევრებს ირჩევს, 7 წევრისგან შედგება. ისინი იქნებიან: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის 3 წევრი (წარადგენს საკანონმდებლო ორგანო), 1 დამოუკიდებელი წევრი (წარადგენს ეროვნული ბანკი). ეს ნიშნავს, რომ სააგენტოს მმართველ საბჭოს, რომლის უფლება-მოვალეობების სია მოცულობითია, მთავრობა დააკომპლექტებს. სააგენტოში ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტი უნდა შექმნას ამ მმართველობითმა საბჭომ, მათ შორის, საინვესტიციო, რისკის მართვისა და შიდა აუდიტის კომიტეტები. საპენსიო ფონდს ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული ბანკი ანუ საპენსიო ფონდში ეროვნული ბანკის უფლებები გაიზრდება. მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სებ-ს შეეძლება თანამდებობიდან გაათავისუფლოს ფონდის დირექტორატის წევრები: გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკის ოფიცერი და შიდა აუდიტის უფროსი. ამჟამად ეროვნული ბანკი მხოლოდ საინვესტიციო ნაწილის ზედამხედველი და მარეგულირებელია, ის სააგენტოს დანარჩენ ნაწილში ვერ ჩაერევა.

რომან გოცირიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი: - დღეს მოქმედი­ კანონით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი,­ სრული შემადგენლობის უმრავლესობით­. საბჭოს წევრები და თავმჯდომარე უცხოელები არიან, რომლებიც პარლამენტმა აირჩია­. ახალი კანონპროექტის მიხედვით, პარლამე­ნტს ჩამოერთმევა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების არჩევის უფლებამოსილება და მათ პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს, ეს კი ნიშნავს, რომ საბჭოში აირჩევენ ისეთ პირებს, ვისი კანდიდატურაც მთავრობას აწყობს, და გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკურად მიკერძოებული.

საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო­ და საინვესტიციო საბჭოები გაუქმდება და ისინი ჩანაცვლდება ერთიანი მმართველობითი საბჭოთი, რომელსაც 9-დან 15 წევრამდე ეყოლება. მმართველობითი საბჭო პასუხისმგებელი იქნება როგორც მენეჯმე­ნტზე, ასევე აქტივების ინვესტირებაზე. ამასთან, იზრდება ლიმიტები - საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ეს შესაძლებლობა­ გაჩნდება­ დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც კი. ამასთან, მოქალაქეები­ ვეღარ შეძლებენ საპენსიო აქტივების გადატანას დამოუკიდებელ მმართველ კომპანიებში - მოგეხსენებათ, 2025 წლიდან მოქალაქეებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, საკუთარი საპენსიო აქტივები გადაეტანათ აქტივების მმართველ დამოუკიდებელ კომპანიებში.

გაიზრდება ლიმიტი, რომლითაც საპენსიო ფონდს მსხვილი პროექტების დაფინანსება შეეძლება, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად დაფინანსების გაცემაში თანამონაწილეობას გულისხმობს იმ პირობით, რომ საპენსიო ფონდის თანამონაწილეობა დაფინანსების 20%-ზე მეტი არ იქნება. ეს ცვლილება საპენსიო ფონდს 700-750 მილიონ ლარს გამოუთავისუფლებს, რომლის მსხვილ პროექტებში მიმართვაც შეეძლებათ.

მოქმედი კანონით, საპენსიო სააგენტოს უფლება აქვს 2025 წლიდან საპენსიო თანხების ინვესტირება (დაბანდება) მოახდინოს სამი კატეგორიის აქტივში/პორტფელში: დაბალრისკიანში, საშუალორისკიანსა და მაღალრისკიანში. თითოეული კატეგორია სხვადასხვა პროპორციულობით მოიცავს დეპოზიტებს, ფასიან ქაღალდებს, კომპანიის წილებს და ა.შ.

დაბალრისკიანი პორტფელი მოიცავს­ საბანკო დეპოზიტებს, სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების­ ფასიან ქაღალდებს და ასევე შესაძლებელია იყოს 20%-მდე საწარმოთა აქციები.

საშუალორისკიანი პორტფელი მოიცავს­ იმავეს, რასაც დაბალრისკიანი, ოღონდ მასში უნდა იყოს მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 40% საწარმოთა აქციები, ამას დამატებული შესაძლებელია 15%-მდე სხვა ტიპის აქტივები.

მაღალრისკიანი პორტფელი მოიცავს­ იმავეს, რასაც დაბალრისკიანი, ოღონდ მასში უნდა იყოს მინიმუმ 40 და მაქსიმუმ 60% საწარმოთა აქციები და ამას დამატებული შესაძლებელია 20%-მდე სხვა ტიპის აქტივების ფლობაც.

მთავარი საკითხი "სხვა ტიპის აქტივების­" კომპონენტია, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა პროექტის დაფინანსება, ჰესის მშენებლობის ფინანსირებაში მონაწილეობა, პორტის თუ სხვა საინვესტიციო პროექტი, თუკი აღნიშნული პროექტის ფინანსირებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მონაწილეობენ. წარმოდგენილი ცვლილებით, ამ ნაწილში იცვლება მხოლოდ ამ ,,სხვა ტიპის აქტივების" პროპორციულობა, კერძოდ: დაბალრისკიან პორტფელში შესაძლებელია უკვე 15%-მდე სხვა ტიპის აქტივების ფლობაც, მოქმედი კანონით კი საერთოდ არ შეიძლება. საშუალორისკიანში ახალი კანონით უკვე შესაძლებელია 20%-მდე სხვა ტიპის აქტივების ფლობა, მოქმედით კი 15%-ია. მაღალრისკიანში ახალი კანონით შესაძლებელია 25%-მდე სხვა ტიპის აქტივების ფლობა, მოქმედით 20%-ია.

ცვლილება გამოიწვევს რისკიან და წამგებიან ბიზნესში თანხების განთავსებას.­ ამას ახლავს კორუფციის რისკის ზრდაც,­ რადგან ფული შესაძლოა სახელისუფლებო ბიზნესების, მაგალითად, სამშენებლო კომპანიების დასაფინანსებლადაც წარიმართოს.

ამავე კანონპროექტით იზრდება საპენსიო ფონდის ადმინისტრაციული ხარჯები, რისთვისაც გაიზრდება მართვის საკომისიოც. თუკი არსებული კანონით, საპენსიო სააგენტო იღებს მართვის საკომისიოს 0,5%-ის ოდენობით, ახალი ცვლილებით საკომისიო 0,75%-მდე გაიზრდება.

"ეს კანონი არის წარმატებული!", - ასე უპასუხა პარლამენტის საფინანსო-საბ­იუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ­ სააგენტო "ინტერპრესნიუსს". მისი თქმით, ცვლილებები ფონდის მართვას არ შეეხება, უბრალოდ, ორი საბჭოს ნაცვლად იქმნება ერთი. "როცა ჩვენ ეს კანონი მივიღეთ, არც ერთ ოპოზიციონერს მხარი არ დაუჭერია და ყოველთვის აკრიტიკებდნენ. ჩვენ ვართ ამ კანონზე პასუხისმგებლები. ამდენი წელი გავიდა და შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეთ. მთავარი,­ რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ის არის, რომ, ჩვენ არ ვეხებით მართვას. ახლა უქმდება ორივე საბჭო და იქნება ერთი. მინისტრები ამ საბჭოში აღარ იქნებიან (ისინი მხოლოდ კომისიაში იქნებიან), კომისია წარმოადგენს კანდიდატებს, როგორც აქამდე წარმოადგენდა", - განაცხადა კვიჟინაძემ.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში გრძელდება, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე სამი მოსმენით უნდა მიიღონ. რაც შეეხება ამოქმედების ვადებს, კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის 1-ლ ივლისამდე საპენსიო ფონდმა სამართლებრივი აქტები კანონის მოთხოვნებს უნდა შეუსაბამოს, ხოლო 2025 წლის 1-ლ მარტამდე კომისიამ მმართველობითი საბჭოს წევრები უნდა აირჩიოს და პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს.