62 წლის შემდეგ პუტინი ხრუშჩოვის 1962 წლის კარიბის კრიზისის გამომწვევ ავანტიურას იმეორებს? - კვირის პალიტრა

62 წლის შემდეგ პუტინი ხრუშჩოვის 1962 წლის კარიბის კრიზისის გამომწვევ ავანტიურას იმეორებს?

12 ივნისს ჰავანის პორტს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ოთხი ხომალდი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რაც ნაკლებად საინტერესო იქნებოდა მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების ახალი ამბებისთვის, რომ არა ერთი, ძალიან საშიში ისტორიული ფაქტის გახსენება, რომელთანაც შეიძლება პარალელის გავლება. ზუსტად 62 წლის წინ საბჭოთა კავშირმა კუბაზე მალულად დაიწყო ბირთვული იარაღისა და მისი გადამტანი რაკეტების განთავსება, რომლებიც სწორედ საზღვაო ხომალდების საშუალებით გადაზიდა.

ამის გამეორების საშიშროებაზე ისიც მეტყველებს, რომ რუსეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინისთვის აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული შეიარაღებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმების მისაყენებლად შეზღუდვის მოხსნაზე კომენტირებისას რამდენიმე დღის წინ გარკვევით განაცხადა: "თუკი ვინმეს შესაძლებლად მიაჩნია ასეთი შეიარაღების მიწოდება საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩვენს ტერიტორიაზე დასარტყმელად, მაშინ ჩვენ რატომ არა გვაქვს უფლება, ასეთივე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებს მივაწოდოთ, საიდანაც დარტყმებს მიაყენებენ იმ ქვეყნების მნიშვნელოვან ობიექტებს, რომლებიც რუსეთს ამას უკეთებენ? პასუხი შეიძლება იყოს ასიმეტრიული. ჩვენ ამაზე ვიფიქრებთ".

ემთხვევა ორი გარემოება - კრემლის მუქარა, რომ ბირთვული ქობინების პოტენციურ მატარებელ რაკეტებს აშშ-ის მეზობელ ქვეყნებს გადასცემს და რუსული სამხედრო ხომალდების ვიზიტი კუბაში... ანუ ის, რაც მოხდა 1962 წელს კრემლის მაშინდელი ბინადრის, ხრუშჩოვის ინიციატივით, რამაც მსოფლიო ბირთვული ომის დაწყების ზღვარზე დააყენა.

თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ტექნიკურად თითქმის შეუძლებელია რამდენიმე დღეში რუსულმა სამხედრო-საზღვაო ჯგუფმა ბირთვულქობინიანი "ისკანდერები" ან "კალიბრები" ჩაიტანოს კუბაში, რადგან მის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ფრეგატი, ერთი ტანკერი და ერთიც საზღვაო ბუქსირია, თუმცა მათ მიაცილებს რუსული ატომური წყალქვეშა ნავიც, რომლის ბორტზე აუცილებლად იქნება ბირთვულქობინიანი ტორპედოები და ხომალდსაწინააღმდეგო "ონიქსები" ან "კალიბრები", ოღონდ არა კუბაში დასატოვებლად.

კუბიდან "ჰაიმარსის" კლასის რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების "ისკანდერ-მ"-ის 500 კმ-მდე მფრენი აერობალისტიკური რაკეტებით შეიძლება ფლორიდას, ქალაქ ტამპამდეც კი მისწვდე, ხოლო "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტების მიფრენის რადიუსი 2 ათას კმ-ზე მეტად იზრდება და ჰავანიდან გაშვების შემთხვევაში ამ ზონაში ხვდებიან ნიუ-იორკი და თვით აშშ-ის დედაქალაქი ვაშინგტონიც.

მეორე პოტენციური ქვეყანა აშშ-ის სიaხლოვეს, რომელიც გაბედავდა ამერიკელებზე რუსული რაკეტების დამიზნებას, შეიძლება ვენესუელა აღმოჩნდეს, რომლის პრეზიდენტი მადურო ისედაც ყველაფერში ამერიკელებს სდებს ბრალს, მათ შორის ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას (არადა, ვენესუელა მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ნავთობის მარაგის რაოდენობით), მაგრამ ვენესუელიდან გაშვებული რუსული "კალიბრი" მხოლოდ მაიამის თუ მისწვდება.ვინ დაუშლის პუტინს, რომ ხვალ არ გაიმეოროს ხრუშჩოვის მაგალითი და ბირთვულქობინიანი რაკეტების მალულად გადაგზავნა არ სცადოს კუბაში ან ვენესუელაში და მსოფლიო ისევ არ დააყენოს ბირთვული ომის დაწყების საშიშროების წინაშე?