„ამერიკელები პირდაპირი ხალხია და რასაც ამბობენ, აკეთებენ“ - კვირის პალიტრა

„ამერიკელები პირდაპირი ხალხია და რასაც ამბობენ, აკეთებენ“

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი­ ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. როგორც­ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკე­რმა­­­ მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს... პოლიტოლოგ ავთანდილ წულაძესთან ინტერვიუს "უცხოური გავლენის გამჭვი­რვალობის შესახებ" კანონზე საუბრით ვიწყებთ, რამაც პარტნიორი ქვეყნის სანქციები განაპირობა.

- ამ კანონის მიღება ჩინეთისა და რუსეთის ზეწოლამ განაპირობა. ისინი ერთად მოქმედებენ სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ტრადიციულად კი მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში რუსეთია მთავარი, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ნომერი პირველი ჩინეთია. ეს მისი გეგმაა, რათა გლობალურად დაამარცხოს დასავლეთი, ჩაანაცვლოს და ის იყოს დომინანტი რეგიონში. ჩინეთი კომუნისტური ქვეყანაა, ყრილობებზე იმავეს ამბობენ, რასაც თავის დროზე საბჭოთა ბელადები. ეს არის გლობალური ბრძოლა დასავლეთის, დემოკრატიისა და ლიბერალიზმის წინააღმდეგ. ამ პროცესში დომინანტი ჩინეთი, რომელიც რუსეთს იყენებს. დასავლეთსა და რუსეთს შორის დაწყებულია "ცივი ომი" და ამ ომში რუსეთი ალიანსშია ჩინეთთან.

- "ო, ბრაიენის ვიზიტიდან მალევე,­ მეთიუ მილერმა სანქციების პირველი ტრანში გვაუწყა. ელოდით, ასე სწრაფად აშშ-ისგან დანაპირების შესრულებას?

- სანქციები ეტაპობრივი იქნება. ო,ბრაიენმა პირდაპირ თქვა, კანონს თუ მიიღებთ, მალე იქნება სანქციებიო. მიკვირს, რატომ არ სჯერა ზოგიერთს - ამერიკელები პირდაპირი ხალხია და რასაც ამბობენ, აკეთებენ. შეიძლება ითქვას, ეს უკვე ფინანსური სანქციაც არის - ლარის კურსის ვარდნა რეაქციაა პოლიტიკურ დესტაბილიზაციაზე. ფინანსურ სექტორზე სანქციებს დააწესებენ, თუ სხვა გამოსავალი არ ექნებათ­. ახლა პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური შეტევის ეტაპია. ხელისუფლებამ თუ შეიგნო, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, თუ შეცვალა პოლიტიკა და რიტორიკა, მაშინ ამერიკელები შეაჩერებენ სანქცირების პროცესს.

- თქვენი აზრით, ამ მოვლენას სათავისოდ გამოიყენებს ხელისუფლება თუ წნეხის შედეგად­ შეცვლის პოლიტიკასა და რიტორიკას?

- საქმე ის არის, რომ მემარჯვენეები ორიენტირებული არიან მოგებაზე, ეკონომიკურ წარმატებაზე და ა.შ. "ოცნებას", რომელიც მემარჯვენე გახდა, ეს არ მოუტანს წარმატებას, რადგან ჩვენი ფინანსური სისტემა დამოკიდებულია დასავლეთზე და სანქციების პირველი ეტაპიც ძალიან მძიმედ აისახება ფინანსურ სექტორზე. ფინანსურს მოჰყვება ეკონომიკის სფერო, ეკონომიკას - სოციალური დესტაბილიზაცია და ა.შ. ჩვენ არა ვართ რუსეთი, რომელსაც ბევრი ნედლეული, გაზი, ნავთობი და სხვა აქვს. მას შეუძლია მეტსაც გაუძლოს. ჩვენი ეკონომიკა პატარაა და დიდხანს ზეწოლას ვერ გაუძლებს. მგონი, მალე ხელისუფლებას მოუწევს ამ სიტუაციის დაბალანსება. აქამდე სატრაბახო რომ გვქონდა ეკონომიკური ზრდა, ასე თუ გაგრძელდა, ძალიან მოკლე ხანში ესეც აღარ იქნება. ეს სიგნალია ინვესტორებისთვის. ჩვენი ფინანსური სექტორი ძალიან დამოკიდებულია დასავლურ ფინანსურ სისტემაზე. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არა გვაქვს იმის ძალა, ეკონომიკური საშუალება, რომ ვეკამათოთ და ბრძოლა დავუწყოთ ევროკავშირსა და აშშ-ს. "ოცნება" რომ ამბობს, მათ საწინააღმდეგოდ არაფერი გაგვიკეთებიაო, ეს პოლიტიკური მანიპულაციაა. ასეთი ენით საუბარი დასაველთთან - ჩვენ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ და თქვენ ვალდებული ხართ, დაგვეხმაროთო, არ გამოვა. საჭიროა სერიოზული დიალოგის აღდგენა დასავლეთთან. ეს თამაშები და მანიპულაციები უნდა დავივიწყოთ, რადგან ისევ ჩვენ დავრჩებით წაგებული. ჩემი აზრით, ასეთი ვითარება დიდხანს არ გაგრძელდება, ზაფხულში გადაწყდება, როგორ უნდა დაბალანსდეს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა. ჩემი აზრით, იქნება ეტაპობრივი, წერტილოვანი სანქციები, რითაც მმართველ გუნდს კურსის შეცვლისკენ უნდა უბიძგონ. სავარაუდოდ, პრეზიდენტი, კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს და რატომ გამოვრიცხავთ, რომ სასამართლომ დაადგინოს ამ კანონის არაკონსტიტუციურობა? ყოველ შემთხვევაში, დარჩა კიდევ ერთი ფორმალური ეტაპი. დასავლელი პოლიტიკოსების გამონათქვამებიდან გამომდინარე, ეს არ უნდა შეეხოს მოსახლეობას, თუმცა თუ შეწყდა პროგრამების დაფინანსება, მოსახლეობას მაინც დაარტყამს. ვფიქრობ, მოსახლეობისთვის სანქციები ნაკლებად მტკივნეული იქნება, მაგალითად, არ გაუქმდება ვიზალიბერალიზაცია. რაც შეეხება პროგრამების დაფინანსების შეჩერებას, ეს მნიშვნელოვან სექტორებს შეეხება - თავდაცვას, განათლებას, ჯანდაცვას და ა.შ.

- ბლინკენმა განაცხადა, რომ გადაიხედება როგორც საქართველოსთან თანამშრომლობა, ასევე მრავალმილიონიანი დახმარების საკითხი.

- გვახსოვს, რა რთული პროცესი იყო აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცების გამო. ამერიკელ საზოგადოებას უნდა აუხსნა, რატომ და რისთვის აძლევ სხვა ქვეყანას ფულს. ფინანსურ დახმარებას რაც შეეხება, ამერიკასთან­ როგორი რიტორიკაც ახლა გვაქვს, ვფიქრობ, ფინანსურ დახმარებას შეწყვეტენ - ამერიკელი ხალხის ფულს გაძლევს, შენ კი აგინებ და რატომ უნდა დაგეხმაროს?

- ხელისუფლება საზოგადოებას მუდმივად­ უმტკიცებს, რომ ევროკავშირისკენ ქვეყანა "ღირსებით" მიჰყავს. ასევე, ამერიკას შანტაჟში­ ადანაშაულებს და მასთან ურთიერთობის გადატ­ვირთვაზე საუბრობს. პრემიერმა ისიც თქვა, რომ ეს "კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის კონსტიტუციაა". რას ემსახურება მსგავსი გამონათქვამები?

- ხელისუფლება ხშირად აპელირებს­ სუვერენიტეტზე, რაც მემარჯვენეების ლოზუნგია. მემარჯვენეებმა თავი წამოყვეს ევროპაშიც (ამის კლასიკური მაგალითია ორბანი), ახლა არჩევნებია ევროპარლამენტში, უმრავლესობა არ გახდება, მაგრამ, ალბათ, მემარჯვენეები მეტ მანდატს მიიღებენ, მაგალითად, იტალიის პრემიერ-მინისტრი მელონი მემარჯვენეა, რადიკალური მემარჯვენეები არიან ტრამპი და პუტინიც. იზოლაციონალიზმი, სხვანაირად სუვერენიტეტი, არის მსოფლიოში მემარჯვენე ძალების იდეა და ფაქტობრივად, "ქართული ოცნებაც" რადიკალურად მემარჯვენე პარტია გახდა. ამ კანონის მიღებამდე ის პოლიტიკური ცენტრიზმის პოზიციაზე იყო, აბალანსებდა სიტუაციას დასავლეთსა და რუსეთს შორის. ოპოზიციას ამ არჩევნებზე დიდი შანსი არ ჰქონდა, იმიტომ, რომ საზოგადოებას ეს ბალანსი აწყობდა. ახლა "ოცნება" რადიკალი მემარჯვენე პარტიაა, ანუ "ტრამპისტი, ორბანისტი და პუტინისტი". მემარჯვენეების პოლიტიკის გატარება გადაწყვიტეს. როგორც მიაჩნიათ, მათი მოკავშირეები არიან ტრამპი, ორბანი, პუტინი და ა.შ. არადა, ქართველ საზოგადო­ებაში უფრო ლიბერალური და მემარცხენე განწყობაა. ევროპასა და მსოფლიოში ვითარების შეცვლამდე "ქართული ოცნება" ცენტრისტული პარტია იყო. ჩვენი ხელისუფლება რუსეთთანაც თანამშრომლობდა და დასავლეთთანაც. პროდასავლურ ოპოზიციას არ ჰქონდა შანსი, რადგან ხელისუფლების ცენტრისტული პოლიტიკა მოსახლეობის უმრავლესობისთვის ნებისმიერ ქვეყანაში მისაღები და მომგებიანია. ახლა კი "ქართულ ოცნებას"„პოლიტიკური ცენტრიზმი დაკარგული აქვს.

- ტრამპზე დიდ იმედს ამყარებენ, თითქოს მისი დამოკიდებულება­ საქართველოს მიმართ შეიცვლება. საერთოდაც, მისი ინტერესის სფეროს­ წარმოადგენს საქართველო?

- ტრამპი პოპულისტი და შოუმენია,­ რაც შეეხება მის რეალურ პოლიტიკას, ის 4 წელი იყო პრეზიდენტი და დიდი არაფერი მიღწევა არ ჰქონია, ის არ იყო რეიგანის, რუზველტის და სხვათა მასშტაბის­ პრეზიდენტი. თუ ის კვლავ გახდება პრეზიდენტი, არა მგონია, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალოს იმიტომ, რომ კონგრესში, სავარაუდოდ (ნოემბერში იქნება კონგრესის არჩევნებიც და პრეზიდენტისაც), დემოკრატები გაიმარჯვებენ და იქნება წინააღმდეგობა ტრამპსა და კონგრესს შორის. ამიტომ, რასაც ის ახლა ამბობს, ვერ გააკეთებს, მაგრამ მთავარი განსხვავება ის იქნება, რომ ამერიკაში ბიზნესისთვის გადასახადებს შეამცირებს (მემარჯვენეების პოლიტიკა ასეთია). ბაიდენი დემოკრატია, აქედან გამომდინარე, მემარცხენე და ის პირიქით, ზრდის გადასახადებს ბიზნესისთვის, რათა სოციალური სფერო გააძლიეროს.

რაც შეეხება საქართველოს, ტრამპს არ აინტერესებს ეს რეგიონი. მისი ინტერესის სფერო უფრო აზია-წყნარი ოკეანეა. ჩვენთვის ეს ცუდია, აშშ-ის ყურადღების გარეშე სხვა ქვეყნების გავლენის სფეროში მოვექცევით. რეგიონში მეტოქეობაა ერთი მხრივ, დასავლეთსა და რუსეთ-ჩინეთს შორის, მეორე მხრივ კი თურქეთს­ თავისი ინტერესი აქვს. ასე რომ, კიდევ გაგრძელდება ბრძოლა დიდ ბლოკებს შორის (სამი ბლოკი გამოდის - თურქეთი, დასავლეთი და რუსეთ-ჩინეთი). ეს მეტოქეობა გაგრძელდება მანამ, სანამ რეგიონში რაღაც ბალანსი არ შეიქმნება. რა ვითარება იქნება საქართველოში, ეს დამოკიდებულია იმაზე, რით დასრულდება ომი უკრაინაში.

ნოემბერში აშშ-ში არჩევნებია, 5 თვე ძალიან დაძაბული ვითარება იქნება უკრაინის ფრონტზე, ვინაიდან ახალი შეიარაღება დასავლეთიდან მიიღო და უფლებაც მისცეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. დასავლეთის პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს დაამარცხონ ანტიდემოკრატიული ბლოკი და ეს ჩვენს რეგიონსაც შეეხება.