„შტატები „ოცნებას“ უკანდასახევ გზას უტოვებს, რომ მუხრუჭს დააჭირონ ფეხი“ - კვირის პალიტრა

„შტატები „ოცნებას“ უკანდასახევ გზას უტოვებს, რომ მუხრუჭს დააჭირონ ფეხი“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ "ქართული ოცნების" წევრების, პარლა­მენტარების, სამართალდამცველებისა და კერძო პირების დასანქცირების შემდეგ, აქტუალური საკითხია, კერძოდ, ვის დაუწესდა სანქციები. თუმცა პასუხი ჯერ არ გვაქვს, მათ შორის, არც თავად სანქცირებულ პირებს. ამ საკითხის ანონიმურობა და მომდევნო შესაძლო ნაბიჯები ანალიტიკოსმა ლევან ლორთქიფანიძემ შეაფასა:

- პირველი სანქციები, როგორც წესი, შეეხება მოგზაურობას და სავიზო რეგულაციებს და ნიშანია იმისა, რომ მომავალში იქნება სხვა ტიპის სანქციებიც. სანქციები­ გავრცელდება მათი ოჯახის წევრებსა და ამ პირების კაპიტალზეც. დაადგებიან გზას, ჩავლენ ვაშინგტონში და უცებ იქ გაიგებენ, რომ სანქცირებული არიან. ეს ერთ-ერთი მეთოდია, ყველას აქვს ეჭვი, მასაც ხომ არ შეეხო სანქცია. თუ საჭირო შეიქნება, გამოაცხადებენ გვარებს. საგულისხმოა,­ რომ სანქცირებული­ არიან ცალკეული ინდივიდებიც. მაგალითად,­ შესაძლოა სიაში იყოს ივანიშვილის მთავარი ბიზნესმოკავშირე ვანო ჩხარტიშვილი. ამიტომაც არის გაბრაზებული და შეშინებული. შეიძლება სიაში იყვნენ შალვა რამიშვილი და მისი ტელევიზიის წევრები.

ყველაფრის მიუხედავად, შტატები "ქართულ ოცნებას" უკანდასახევ გზას უტოვებს, რომ რიტორიკა შეცვალონ, მუხრუჭს დააჭირონ ფეხი, სანამ არის შანსი. ვთქვათ, თქვან, ამ კანონს არჩევნების მერე ავამოქმედებთო, და ეს უკვე იქნება სიგნალი ამერიკისთვის, რომ სანქცირების რეჟიმი შეჩერდეს. მაგრამ თუ გააგრძელებენ იმავე რიტორიკას, იქნებიან სანქცირებული მათი ოჯახების წევრებიც, დაყადაღდება ქონება/ბიზნესი ან კაპიტალის ბრუნვას შეექმნება საფრთხე. ეს უკვე ხაზინის დეპარტამენტის ანუ იქაური ფინანსთა სამინისტროს საქმეა.

ხელისუფლების წევრები რომ ამბობენ,­ ამერიკაში ისედაც არ დავდივართო, ეს მხოლოდ სავიზო შეზღუდვა არ არის. თქვენ რომ იყოთ მილიონერი, დააბანდებთ თანხას იმ პირთან ერთად, რომელიც სანქცირებულია? ეს სერიოზული რეპუტაციული ზიანია, მათ ხელს არავინ ჩამოართმევს­ საქმიან წრეებში. მთელ დასავლურ სამყაროში, ეკონომიკურ და ფინანსურ წრეებში­ კეთროვანებივით იქნებიან. ნებისმიერ ბაზარზე და ბირჟაზე პრობლემა შეექმნებათ... უბედურება ის არის, რომ ეს ქვეყანაზეც მოახდენს უდიდეს გავლენას. ხომ ვხედავთ, რა დღეშია ეროვნული ვალუტა... ისე როგორ უნდა მოიქციო საქმე, საერთო­ ენის გამონა­ხვა ვერ შეძლო ქვეყანასთან, რომელიც­ 30 წელია გეხმარება და გაფინანსებს?! პური რომ არ გქონდა, პურს გიგზავნიდა. შაქარი,­ რომ არ გქონდა, შაქარს გიგზავნიდა. ომში რომ იყავი, 4 მილიარდი გამოგიგზავნა.

კიდევ ერთი უბედურება ის არის, რომ ფაქტობრივად არ არსებობს სანქციების უკან წაღების მექანიზმი, ძალიან იშვიათი შემთხვევაა, ეს სამუდამო დაღია. როგორი ამბავია - ამერიკას დასანქცირებული ჰყავს რუსეთის, ბელარუსის მთავრობის წევრები, რამდენიმე აფრიკელი დიქტატორი­ და ჩვენი, საქართველოს მთავრობა. რუსეთმა 2 წლის წინ უკრაინაში ომი რომ დაიწყო,­ ამერიკამ დაასანქცირა მულტიმილიონერი,­ რუსეთის პოლიტიკურ პროცესებში დიდი გავლენების მქონე ანატოლი ჩუბაისი. სანქცირებული არიან ლუკაშენკო და მისი გარემოცვა. გარდა იმისა, რომ ისინი ვერ მოგზაურობენ, გაეყინათ ანგარიშებიც.

- დღეს ჩანს, რომ უკან დახევას არ აპირებენ, რისი იმედი აქვთ?

- როგორც იკვეთება მათი რიტორიკიდან, ჩვენს დეპუტატებს აქვთ იმედი, რის გამოც მიდიან ამ ყველაფერზე. პირველი იმედია ბატონი ივანიშვილი, რომელიც უთუოდ ეუბნება, რომ ტრამპი მოიგებს არჩევნებს და თეთრ სახლში იქნება­ მემარჯვენე ადმინისტრაცია. ტრამპი არ არის ასეთი­ აგრესიული პოლიტიკის მომხრე ჩვენს წინააღმდეგ... მეორე იმედი ის არის, რომ ახლა რუსე­თზე ტრანზიტი შეზღ­უდუ­ლია, ვგული­სხმობ, ჩინეთსა და ევროპას შორის ტრანზიტს. შესაბამისად, საქართველოს ბუნებრივად ენიჭება ფუნქცია, რომ ევროპა-ჩინეთს შორის სავაჭრო გზებმა ჩვენზე­ გაიაროს. ამიტომაც "ოცნების" მხარდამჭერებში ასეთ რიტორიკასაც შეხვდებით, ჩვენ ევროპას უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენო... ტრამპის გამარჯვება­ ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა ულტრაკონსერვატიული რეჟიმი მხარს დაუჭერს - შტატები პატარა ქვეყნების მიმართ საგარეო პოლიტიკას ასე მარტივად არ ცვლის. ასე რომ, ბაიდენის ტრამპით ჩანაცვლება არ უნდა იყოს დიდი იმედი "ოცნებისთვის". ამასთან, ტრამპი­ თავის მთავარ მტრად აცხადებს ჩინეთს. ტრამპის ადმინისტრაცია მხარს არ დაუჭერს იმ ხელისუფლებას, რომელიც პორტებს/აეროპორტებს აშენებინებს ჩინურ კომპანიებს და მთელ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას ჩინელებს გადასცემს.

- არის მოსაზრება, რომ "ქართულ ოცნებას" თბილისი წაგებული აქვს...

- კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ შეხედეთ თბილისის ქუჩებს. ბოლო 2 თვის განმავლობაში რამდენჯერმე შეიკრიბა­ 100 ათასამდე კაცი. ეს ძალიან დიდი რაოდენობა­ მილიონ 200-ათასიანი ქალაქი­სთვის. ეს ნიშნავს, რომ დამარცხებული არიან თბილისში. რეგიონებშიც დამარცხდებოდნენ, ცოტა თავისუფალი სივრცე­ რომ იყოს. სამწუხაროდ, რეგიონებში ხალხი უფრო საბიუჯეტო სამსახურებშია დასაქმებული და იძულებული არიან პარტიას გაუწიონ ანგარიში, თორემ არც რეგიონებში­ აქვთ გრანდიოზული მხარდაჭერა. მომხრეები როგორ არა ჰყავთ, მაგ­რამ 50%-ზე მეტი არსად.

- რა ვითარებაა არაქართულ რეგიონებში, მაგალითად, მარნეულში?

- ჩვენ ამ რეგიონებთან ვმუშაობთ. ისეთი­ სიტუაცია აღარაა, როგორც ადრე იყო, როცა მოსახლეობა ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობას აძლევდა ხმას. ისინი მთავრობისთვის ხმის მიცემით ამბობენ, ჩვენ ამ სახელმწიფოს ერთგულები ვართო. თუმცა ამის შეცვლაც შესაძლებელია, იმიტომ, რომ მოდიან სრულიად რეალიზებული ახალგაზრდები, აქტიური მოქალაქეები.

- რა უნდა გაკეთდეს, რომ წვრილ პარტიებში ხმები არ გაიფლანგოს?

- ოპოზიცია არა 25 ბლოკად, არამედ­ სამ ბლოკად უნდა დაირაზმოს. ამ გზით ხმები არ დაიკარგება და "ოცნების" ყულაბაში არ წავა. ამდენს თუ მიხვდებიან ჩვენი ოპოზიციონერები, შეიძლება ვთქვათ, Aრომ გამოქვაბულიდან გამოვიდნენ. უნდა იყოს სამი სიმძიმის ცენტრი: გახარია, "ნაცები"­ და ის, "ნაცები", რომლებმაც დატოვეს ძველი­. გახარია არავისთან რომ არ გაერთიანდეს, 5%-იან ბარიერს ნამდვილად გადალახავს. მაგალითად, მე ვარ ამომრჩეველი, რომელიც "ოცნებას" აღარასოდეს მისცემს ხმას, მაგრამ თუ "ნაციონალებს" მივეცი­ ხმა, ხელი გამიხმება. შესაბამისად, მე არჩევანის საშუალება უნდა მქონდეს. ჩემნაირი ამომრჩევლისთვის ასეთი გახარიაა. მე გახარიას დიდი მოტრფიალე არა ვარ, მაგრამ ახლა ასეთი მოცემულობაა.

მხოლოდ ერთი ფრონტიდან შეტევა "ქართულ ოცნებას" არ ეყოფა: "ნაციონალებს" თავისი ფრონტი აქვთ, ჩემი აზრით, "ლელოს" და "ახლებს" უნდა ჰქონდეთ საერთო ფრონტი და ჩვენც, იმ ხალხს, ვისაც არც "ნაციონალებისთვის" შეგვიძლია ხმის მიცემა და არც "ოცნებისთვის".

იმისთვის, რომ სახელისუფლებო პარტიამ ვერ გადალახოს 50%-იანი ბარიერი, ამის ორი საუკეთესო წამალი არსებობს, ოღონდ ის ერთად უნდა მივიღოთ: პირველი - ოპოზიციაში სამი სიმძიმის ცენტრის შექმნა და მეორე - ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა არჩევნებზე. ასეთ შემთხვევაში სულ რომ წელზე ფეხი დაიდგან 7-8%-ით შეძლონ შეცვალონ ადამიანთა განწყობები, 15%-ს ვერ გააყალბებენ.

- რას გვეტყვით პრეზიდენტის იდეაზე, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ?

- ეს იქნება გარდამავალი პერიოდი. ტექნიკური მთავრობა მოამზადებს ქვეყანას უკეთესი არჩევნებისთვის, როცა გატარდება სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმები და ყველა პუნქტი, რომლებიც მითითებულია ქარტიის წესდებაში. როცა ევროპული რეკომენდაციები შესრულდება, მერე დაინიშნება ხელახალი თავისუფალი არჩევნები.

ტექნიკური მთავრობა ნიშნავს, რომ ვთქვათ, იუსტიციის მინისტრი გახდება უპარტიო პირი. მას დაევალება­ შეიმუშაოს ნორმალური საარჩევნო კოდექსი და მოამზადოს ქვეყანა არჩევნებისთვის - ანუ ვინმე პარტიული ნიშნით კი არ იქნება მინისტრი, არამედ დარგის სპეციალისტი. ისევე, როგორც ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნება ექიმი, განათლების მინისტრად ვინმე გამოცდილი სკოლის დირექტორი.

მე პირადად ქარტიის იდეა მომწონს, მაგრამ ისიც მესმის, ბატონმა გახარიამ რომ არ მოაწერა ხელი - მისი მიზანია "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერები მიიმხროს, ამიტომ ერიდება ყველაფერს, სადაც "ნაცმოძრაობა" ფიგურირებს.

ქარტია რამდენად ქმედითი იქნება, არ ვიცი, მაგრამ სიმბოლურად ჩარჩოებს უწესებს ოპოზიციონერებს, რომლებიც დიდი კულტურით არ გამოირჩევიან.

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გველოდება საპრეზიდენტო არჩევნებიც...

- ძალიან საინტერესო საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება. ვთქვათ, ოპოზიციამ მოიგო საპარლამენტო არჩევნები. კოლეგია, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს, 150 პარლამენტარისა და 150 საკრებულოს დეპუტატისგან შედგება. საკრებულოში აირჩევენ პარტიებს პროპორციული წარმომადგენლის მიხედვით. როგორც მოგეხსენებათ, საკრებულოებში "ოცნებას" ბევრი ხალხი ჰყავს. ყველაზე მეტი ამ 150 ხმოსანში "ოცნებიდან" იქნება. "ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში რომ დამარცხდეს, ყველა საკრებულოში ხომ მას აქვს უმრავლესობა­, ანუ ამ კოლეგიის მეორე ნახევარს ისედაც თვითონ დააკომპლექტებს უმრავლესობა. შეიძლება ძალიან თანაბარი ბრძოლა გაიმართოს პრეზიდენტის პოსტისთვის.

ოპოზიციის გამოკვეთილი, უპირობო ლიდერი იქნება სალომე ზურაბიშვილი. მას ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას, ვინც არ უნდა წარადგინონ, თუ, რა თქმა უნდა, თვითონ ზურაბიშვილი არ მოინდომებს. მას კარგად ვიცნობ და მსმენია მისგან, რომ მაინცდამაინც მოწადინებული არ არის, კიდევ ერთი ვადით დარჩეს ქვეყნის სათავეში. როგორც იცით, პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ და ამ დროისთვის ზურაბიშვილი 72 წლის იქნება. ასაკიც­ აქვს, შვილიშვილი ჰყავს და სახლში უნდა ყოფნა­. მაგრამ თუ საქმე მოითხოვს, ალბათ­, კიდევ იყრის კენჭს. ისეთი ფიგურა არ არის, რომ პირადი ამბის გამო უკან დაიხიოს.

რაც შეეხება ხელისუფლების კანდიდატებს, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, "ქართულ ოცნებას" ექნება არჩევანი ან წარადგინოს თვითონ ბიძინა ივანიშვილი,­ რათა მას სტატუსი ჰქონდეს და საერთა­შორისო ასპარეზზე როგორც პრეზიდენტმა­ და უმაღლესი წარმომადგენლობის მქონე პირმა თავი დაიცვას უფრო მკაცრი სანქციებისგან, ან ვინმე უსახო პირს წარადგენენ, რომელსაც ივანიშვილი შეარჩევს.

სოფო კაჭარავა