"ეროვნული სამოსი ფანტაზიით იქმნება, ოღონდ ტრადიციის დაცვით“ - კვირის პალიტრა

"ეროვნული სამოსი ფანტაზიით იქმნება, ოღონდ ტრადიციის დაცვით“

ტრადიციის ერთგულება და ეროვ­ნული სამოსის შექმნა ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხელოვნების პედაგოგისთვის მთავარი სამიზნე გახდა. "ჩემი პროდუქცია განსაკუთრებული იმიტომ არის, რომ ყველაფერი ხელნაკეთია, თითოეული ნაქარგი უნიკალურია და საკუთარი ფანტაზიით შექმნილი", - გვეუბნება რუსუდან უსუფაშვილი, რომელიც მეუღლესთან, მერაბ ფარეულიძესთან ერთად არის ამ საქმეს შეჭიდებული. წყვილი ამზადებს სხვადასხვა სახის სამოსსა და აქსესუარებს, ტრადიციულ კაბებსა და ჩოხებს. მათ შორისაა ხევსურული სამოსი: ქათიბი, ტალავარი, მოქარგული ქუდი, ქამარი, ჩანთა, სამაჯური, ჟილეტი, თავსაბურავი და სამკაულები.

რუსუდან უსუფაშვილს ეს საქმე ბავშვობაშივე შეუყვარდა. შემდეგ ცოდნა გაიღრმავა და საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია. სამოსს თუ ხელნაკეთ ნივთებს აქაც ყიდის და საზღვარგარეთაც. "პროფესიით ბიოლოგი ვარ, ხოლო მაგისტრატურა ეკოლოგიის განხრით დავამთავრე. პარალელურად პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯ "აისში" გავიარე მხატვრული ქსოვილების პროგრამა. გარდა ამისა, დამთავრებული მაქვს ხალხური საკრავებისა და ქორეოგრაფიის სრული კურსი", - გვიყვება რუსუდანი, რომელიც ამავე დროს სოფელ მატნის სკოლის მასწავლებელი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელია.

- ხელსაქმე, რომელსაც დღეს ემსახურებით, და უკვე თქვენი ბრენდიც გაქვთ, როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

- ქარგვითა და ქსოვით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. ერთხელ სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს კულტურის სახლის დირექტორმა ლამარა ბეჟაშვილმა შემომთავაზა, მომექარგა რთულორნამენტებიანი ხევსურული ნაჭრელა (კერვის/ქარგვის ხერხია ერთგვარი. - ლ.ფ.), რომელიც, ვფიქრობ, კარგად გამომივიდა. ამის შემდეგ ამ საქმით დაინტერესება უფრო გამიღრმავდა, თუმცა სამოსის შექმნის იდეა მას მერე გამიჩნდა, რაც აღმოვაჩინე, რომ ჩემს მეუღლეს კერვის ნიჭი ჰქონია. ეს თავადაც არ იცოდა. ჩვენი პირველი ნამუშევარი მეუღლის ბებიის ნაქონ ძველ საკერავ მანქანაზე მომზადდა და მალევე გაიყიდა. იმ თანხით შევიძინეთ ქსოვილი და მომდევნო სამოსი შევკერეთ. მე და ჩემს მეუღლეს ეს ნიჭი წინაპრებისგან დაგვყვა.

შევისწავლე და გავეცანი ხევსურული სამოსის ისტორიას, კანონებს და ყოველი მომდევნო სამოსი უფრო დახვეწილი გამოდიოდა, რაც მეტ სტიმულს მაძლევდა, ტრადიციული სამოსი უფრო მეტი პროფესიონალიზმით შეგვექმნა.

9749476a-4fc4-434a-9477-d0ccc0c101a6-1717943495.jpg

- რით არის გამორჩეული ხევსურული სამოსი?

- ის ყველასგან გამოირჩევა თავისი ორიგინალურობით, ორნამენტების სიუხვით, სილამაზითა და ფერთა გამით. ყოველი ახალი მოდელის შექმნა საინტერესოა, რადგან საშუალება მაქვს თითოეული სამოსი განსხვავებული გავხადო. მარტო ამდენს ვერ შევძლებდი, რომ არა ჩემი მეუღლე, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ სწრაფად ვკერავთ სხვადასხვა დიზაინის სამოსს. საქმეს ისე ვინაწილებთ, რომ დრო დავზოგოთ და დამკვეთს არ ვალოდინოთ.

- თქვენს "სამზარეულოშიც" შეგვახედეთ - როგორ იწყებთ ამა თუ იმ კოსტიუმზე მუშაობას და რა თანამიმდევრობით?

- თავდაპირველად ნახაზს ვარჩევ, ორნამენტებსა და ძაფის ფერებს. ვიწყებ ქარგვას, ამასობაში ჩემი მეუღლე ჭრის ამა თუ იმ სამოსის თარგებს, ერთმანეთზე აწყობს. შემდეგ შეკერილ სამოსზე გადაგვაქვს ჩემი ნაქარგი. მომდევნო ეტაპია წვრილმანები, ღილის დაკერება თუ სხვა. ბოლო ეტაპი სამოსის კარგად დაუთოებაა. დასრულებული მანეკენზე გადაგვაქვს და ფოტოს ვუღებთ, რათა მომხმარებლამდე მივიტანოთ. შესაკერად სხვადასხვა ქსოვილს ვიყენებთ, ხოლო ნაქარგს კანვაზე ვაკეთებ.

18bdbe1b-8881-4662-8872-fc9e046497ae-1717943496.jpg

- ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა სჭირდება. მარტო აუდიხართ თუ მუშახელი გყავთ?

- მოგეხსენებათ, ქარგვა როგორი შრომატევადია. მოკლედ, ოთხი მქარგველი ვართ და ერთი მკერავი, მაგრამ ვგეგმავთ მკერავის დამატებას, რადგან ხევსურული სამოსის გარდა, ქართული ჩოხის წარმოებაც დავიწყეთ.

- სად ყიდით თქვენს ნახელავს?

- როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში. გვაქვს რამდენიმე ინტერნეტპლატფორმა სამოსის რეკლამისა და რეალიზაციისთვის.

- რა გაძლევთ იდეას ამა თუ იმ სამოსის შესაქმნელად?

- თითოეული ნამუშევრის იდეა მე და ჩემს მეუღლეს გვეკუთვნის, ჩვენი ფანტაზიით ვქმნით სამოსს, ტრადიციის დაცვით. ვცდილობთ ჩვენი სტილი გვქონდეს, სხვებს არ ვბაძავთ. ყოველთვის ვამატებთ ჩვენს სამოსს რამე ახალს, საინტერესოს, ჩვენს ვერსიას. ყველაზე მეტად მსიამოვნებს ხევსურულ ტალავარსა და ქათიბზე მუშაობა, რადგან ეს ორი სამოსი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა.

36e631d5-96f5-4caa-8113-799104355efd-1717943496.jpg

- ამ ყველაფრის შექმნას, ალბათ, ემოციაც განსხვავებული ახლავს.

- თითოეული დასრულებული ნამუშევარი სიამაყითა და სითბოთი მავსებს, ხალხის თბილი სიტყვები, მადლიერება და დალოცვა დადებით გრძნობებს აღძრავს და სურვილი მიჩნდება მეტი შემართებით გავაკეთო ეს საქმე. ქარგვის გარეშე ერთ დღეც არ შემიძლია. არ არის აუცილებელი ქალაქში ცხოვრობდე, რომ წარმატებული ადამიანი იყო. უნდა დარჩე შენს რეგიონში და მაქსიმალურად წარმოაჩინო შენი მხარე.

- რაიმე გრანტით ხომ არ გისარგებლიათ?

- ჩვენი სამოსი დღეს რომ ასეთ დონეზეა, სწორედ პროგრამით "აწარმოე საქართველოში" მოგებული ორი გრანტის შედეგია. მათი წყალობით შევიძინე ყველა საჭირო ინვენტარი, რამაც ჩვენს საქმეში დიდი როლი ითამაშა.

- რა გეგმები გაქვთ?

- ვაშენებთ ატელიეს, რომელიც ისე უნდა მოვაწყო, რომ ტურისტისა თუ დაინტერესებული ადამიანისთვის საინტერესო იყოს ჩვენთან სტუმრობა. გარდა ამისა, აუცილებლად გავზრდით დასაქმებულთა რიცხვს. სოფლებში უამრავ ბავშვს შევასწავლე ქარგვა, ამ საქმეში მათ ჩართვასაც ვაპირებ, რათა ეს ხელობა სოფელ მატანში არ დაიკარგოს. თავდაპირველი მიზანიც ხომ ის იყო, ყველას გაეცნო და აღდგენილიყო ძველი ტრადიციული სამოსი. საერთოდ, ხარისხიანი ეროვნული სამოსის შექმნა დიდ შრომას მოითხოვს და საპასუხისმგებლოა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ცნობადობა, მეტმა ადამიანმა გაგვიცნოს და ჩვენი ნამუშევრები ნახოს.