კახეთში ბლის „რთველი“ ქართლისას ასწრებს - კვირის პალიტრა

კახეთში ბლის „რთველი“ ქართლისას ასწრებს

წლის ერთ-ერთი საუკეთესო ხილის, ბლის კრეფა სწორედ ახლა, ივნისში შედის ძალაში და შესაბამისად, ქართული ბაზარიც ამ პროდუქციით იტვირთება. თუმცა ქართული ბლის დიდი ნაწილი ექსპორტით გადის და შესაძლოა უკეთესი ხარისხისაც კი, ვიდრე ჩვენს ბაზრებზე ვხედავთ. ერთი მხრივ, ეს სოფლის მეურნეობის მეწარმეებისა და ეკონომიკისთვის არის კარგი, მეორე მხრივ კი ჩვენში ბლის ბაღებისა და მოსავლის ზრდის საჭიროებასა და ბლის ბაღის გაშენების აუცილებლობაზე მიუთითებს. ბლის იმპორტი ორი ქვეყნიდან გვაქვს: ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან, სადაც თურქეთი ლიდერობს. ბლის იმპორტმა შარშან სულ 0,54 ტონა შეადგინა (1,58 ათასი დოლარის ღირებულების). თურქული ბალი ქართულ ბაზარზე წლეულსაც შემოვიდა, თუმცა მყიდველის არჩევანი უმეტესად ადგილობრივი პროდუქციისკენ იხრება. ამჟამად 1 კილოგრამი ბლის ფასი 4-დან 8 ლარამდე მერყეობს, გააჩნია ხილის ხარისხს. თუმცა, როგორც ვთქვით, საუკეთესო ხარისხის ქართული ბალი ექსპორტით გადის. ჩამონათვალში არიან მეზობელი ქვეყნები (სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი), გერმანია, ასევე კატარი, სადაც საჰაერო ტრანსპორტით სეზონზე არც ისე ბევრი, მხოლოდ 1,5 ტონა ბალი გადის, თუმცა ამ ქვეყანაში მისი მაღალი ფასი ბლისთვის ასეთი ტრანსპორტის გამოყენებასაც ამართლებს. ექსპორტზე სულ დაახლოებით 550 ტონა ქართული ბალი გადის.

ზოგიერთმა ფერმერმა ბალზე მოთხოვნის ზრდის პერსპექტივა ადრევე გათვალა და ბლის ბაღები რამდენიმე წლის წინ გააშენა. ამგვარმა წინდახედულობამ 5-6 წლის შემდეგ ანუ დღეს გაამართლა, როდესაც სოფელ კაჭრეთის ბაღების 6 ჰექტარზე დაახლოებით 90 ტონა ხარისგულა იკრიფება, რომელიც თითქმის მთლიანად იმპორტზე გადის. გვესაუბრება ფერმერი ბესო კეკენაძე.

- ბატონო ბესო, თქვენ ყვარელში, სოფელ ბალღოჯიანში ცხოვრობთ და ძლიერი მეურნეობა გაქვთ. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ყვარლიდან გურჯაანში, კაჭრეთში გადმოგინაცვლებიათ ბლის გასაშენებლად.

- ქართული მიწა ყველგან ბარაქიანია. თუმცა, ბუნებრივია, კულტურები ყველგან განსხვავებული ნაყოფიერებით ხარობს. კაჭრეთს ცოტა შემაღლებული ფერდობები აქვს და ეგ სწორედ ბლის ბაღებისთვის არის საუკეთესო, ფერდობები ბაღს მზის სხივის, წვიმის თუ სხვა კლიმატური პირობებისგან იმგვარად იცავს, რომ დაავადება ნაკლებად უჩნდება, თან კაჭრეთი არც ბალღოჯიანიდან არის შორს. ამიტომაც მოვიფიქრეთ რამდენიმე ბალღოჯიანელმა კაჭრეთელებთან ერთად კაჭრეთში ბლის ბაღების გაშენება. შევთანხმდით და, ასე ვთქვათ, ბალღოჯიან-კაჭრეთული ბაღები გავაშენეთ. ბალღოჯიანელებს ყველას ავტომანქანა და ტექნიკა გვყავს, არც შრომა გვეზარება, რომ კაჭრეთში ბაღებისთვის ვერ მოგვევლო. ჰოდა, ჯერ ნერგი ვიშოვეთ, მიწა დავამუშავეთ და მერე ბაღიც გავაშენეთ. 6 ჰექტარის გასაშენებლად დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვშრომობდით.A გასხვლასა და შეწამვლაზეც ზუსტად ასე ვშრომობთ და არაფერი დაგვიკარგავს, ბაღების მსხმოიარობა ძალაში შევიდა და უხვზე უხვი და გემრიელი მოსავალი გვაქვს, რომელიც რეალიზაციის გარეშე არ დარჩება. სხვათა შორის, ჩვენს გადაწყვეტილებას ის გათვლაც ჰქონდა, რომ კახეთის ბალი უფრო ადრე შემოდის, ვიდრე ცნობილი ქართლის ბალი, რომელიც ქარელისა და გორის ზონაშია გაშენებული. მოთხოვნა ბალზე ძალიან დიდია. გემრიელი და ხარისხიანი ბლის გაშენება კახეთშიც შეიძლება. კახეთის ბალი კი, როგორც ვთქვით, უფრო ადრე შემოდის და ის, რომ ჩათავდება, ქართლის ბაღების კრეფაც დაახლოებით მაშინ იწყება.

095aeed5-c2f8-4b9d-a9b3-e0007423d90a-1717943496.jpg

- ჭკვიანური გათვლაა. სახელმწიფო არ დაგიდგათ გვერდში სოფლის მეურნეობის პროექტებით?

- ბაღები მხოლოდ საკუთარი სახსრებით გავაშენეთ და მოვუარეთ. სახელმწიფოს ლოდინი ასეთ შემთხვევაში უსარგებლოა. ლოდინს ნამდვილად სჯობს, ხელი თავად აამოძრაო და იშრომო. როცა შრომობ, ყველაფერი გამოდის.

- გეთანხმებით, თუმცა ხარისხიანი ნერგების შოვნა, მით უფრო, ბლის, როგორც ჩემთვის ცნობილია, პრობლემაა. როგორც ვიცი, ქართლში არაერთმა ფერმერმა ბლის ნერგები იტალიიდან და ესპანეთიდან ჩამოიტანა.

- არ ვამბობ, რომ იტალიური და ესპანური ნერგები უხარისხოა, მაგრამ როდესაც ლაგოდეხელ მენერგეებს საუკეთესო ხარისგულა გამოჰყავთ, ესპანეთში რატომ უნდა წავიდე ნერგებისთვის? ჩვენმა ბაღებმა მსხმოიარობა უკვე დაიწყო და ისეთ მსხვილი ხარისგულა მოგვყავს, გულს უხარია. ამ დღეებში თეთრი ბლის კრეფასაც დავიწყებთ. არც ერთი ჯიშის გაყიდვა არ გაგვიჭირდება, ბევრი საბითუმო შემსყიდველი გვყავს. ადგილზე 8-10 ლარს იხდიან 1 კილოგრამ ბალში.

- კარგი თანხაა 1 კილოგრამისთვის, მაგრამ ცოტა დავიბენი, თბილისის ბაზარზე რატომ არის 1 კილოგრამი ბლის ფასი მაქსიმუმ 8 ლარი?

- იმიტომ, რომ ის შედარებით წვრილი ბალია, რომლის მოვლა-მოყვანის დროს ყველა წესს არ იცავენ, ამიტომ ხარისხიც ოდნავ დაბალია. თუმცა ისიც უგემრიელესია და ყველას ვურჩევ მიირთვას, ბალსაც დიდი სარგებელი აქვს. ინტენსიურ ბაღებში დაკრეფილი ბალი, ძირითადად, იმპორტზე გადის. ნაწილს, ალბათ, მაცივარშიც შევინახავთ და მოგვიანებით გავყიდით, საბედნიეროდ, კახეთში ბევრი მაცივარია.

- მართლაც საბედნიეროდ, რადგან მოსავლის გაფუჭებისა და ზარალის პრობლემები აღიკვეთა. თუმცა მუშახელის დეფიციტი, ალბათ, გექნებათ. ეს საქართველოში პრობლემაა. არც არის გასაკვირი, მოსახლეობის მესამედი ემიგრაციაში წავიდა.

- მუშახელს რაც შეეხება, ჩვენთანაც არის პრობლემა, მაგრამ, ალბათ, ბევრად ნაკლებად, ვიდრე სხვაგან. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მუშახელისთვის დღეში მოჭრილი თანხის, მაგალითად, 50 ლარის გადახდით. ჩვენ ერთი სტანდარტული ვედრო ბლის მოკრეფისთვის 10 ლარს ვიხდით. ეს სტიმულია, ზოგიერთი დღეში 8 ვედროს კრეფს და 80 ლარს იღებს, ზოგი კი 5 ვედროს ჩამოკრეფს და 50 ლარს გამოიმუშავებს. შრომა ადვილი არ არის, მაგრამ გასამრჯელოც კარგი საქმეა, თანაც, ერთად ვართ, ამით ვმხიარულობთ და შრომას ესეც ამსუბუქებს. მე ასე მესმის, ადამიანი თავისი შრომით უნდა ბედნიერდებოდეს, თუმცა აუცილებლად სამშობლოში.

მუდამ ვმუშაობ, ძალიანაც ვიღლები, მაგრამ შედეგი მახარებს. ვერ წარმოიდგენთ, შრომას რამდენი შეუძლია, - ამ დღეებში შვილივით ნალოლიავები პამიდვრის ბაღი დამესეტყვა და ეს რომ დავინახე, კინაღამ მოვკვდი, მაგრამ დასეტყვილი პამიდორიც გავაცოცხლე, - ჯიუტი მცენარეა, სიცოცხლისთვის იბრძვის და მეც მინერალების შეტანით დავეხმარე. სულ ცოტა ხანში ფეხზე ისე წამოდგა, ჩემს თავს ვუთხარი, აი, რა შეუძლია შრომას, არ უნდა შეგეშინდეს-მეთქი. როდესაც ბლის ასეთ ბარაქიან "რთველს" ვხედავ, ისევ ამას ვამბობ და იმედიანად ვარ.