ევროპაში "რადიკალურმა" ძალებმა "გაიღვიძეს"?! - ევროპარლამენტის არჩევნები: დამწუხრებული მაკრონი და შოლცი და იმედგაცრუებული ორბანი - კვირის პალიტრა

ევროპაში "რადიკალურმა" ძალებმა "გაიღვიძეს"?! - ევროპარლამენტის არჩევნები: დამწუხრებული მაკრონი და შოლცი და იმედგაცრუებული ორბანი

ბრიტანული გაზეთის - “გარდიანის“ (The Guardian) 10 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით - „ევროპარლამენტის არჩევნები: მემარჯვენე პოპულისტები წარმატებას აღწევენ, მაგრამ პროევროპული ცენტრი პოზიციებს მაინც ინარჩუნებს“ (ავტორები - ჯენიფერ რენკინი, ლიზა ო’კეროლი და ლილი ბაიერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ცხრა ივნისის საღამოს ულტრამემარჯვენეები გამარჯვებას ზეიმობდნენ, არა მარტო საფრანგეთში, არამედ - გერმანიაშიც და ავსტრიაშიც, სადაც პოპულისტურმა პარტიებმა გასაოცარი წარმატება მოიპოვეს ევროპულ არჩევნებში. თუმცა, მემარჯვენე პოპულისტების პოზიტიური შედეგების მიუხედავად, პროევროპულმა ცენტრმაც, როგორც ჩანს, ისეთ შედეგებს მიაღწია, რომელიც ევროპარლამენტში მათი გავლენის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. საბოლოო ჯამში კი, ამ ყველაფერს ის მოჰყვება, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში კანონშემოქმედებითი საქმიანობა გართულდება.

საფრანგეთში პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პარლამენტი - ეროვნული კრება დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა მას შემდეგ, რაც მისმა ცენტრისტულმა პარტიამ - „აღორძინებამ“ კატასტროფული მარცხი განიცადა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანებისაგან“. გერმანიაშიც კანცლერ ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ არჩევნები წარუმატებლად ჩაატარა, რის გამოც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ულტრამემარჯვენე პარტიამ - „ალტერნატივა გერმანიისათვის“.

წინასწარი მონაცემების თანახმად, გერმანიაში მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკმა, რომელიც ამჟამად ოპოზიციაში იმყოფება, ხმების 30,9% მოაგროვა, ხოლო „ალტერნატივამ გერმანიისათვის“ – 14,2%, რაც ბევრად მეტია 2019 წლის არჩევნების შედეგებთან შედარებით, და ეს იმ სკანდალების მიუხედავად, რაც პარტიის დეპუტატობის კანდიდატების განცხადებებმა გამოიწვიეს, - ყველა „ესესელი“ ანუ ნაცისტ-სოციალისტების („ნსდაპ“) მთავარი სამხედრო ძალის ყველა წევრი დამნაშავედ არ უნდა ჩაითვალოსო.

ეგზიტპოლების მიხედვით, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 14,6% მიიღო, რაც ბევრად უარესია, ვიდრე 2019 წლის არჩევნების ყველაზე სუსტი შედეგები. „მწვანეები“, რომლებსაც 2019 წელს 20,5% ჰქონდათ მიღებული, ახლა ხმების რაოდენობით (12,8%) მეოთხე ადგილზე აღმოჩნდნენ.

იტალიაში პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის, როგორც პარტიის ლიდერის პოზიციები გამყარდა - მისი ულტრამემარჯვენე „იტალიის ძმები“ თითქმის 30%-მდე ხმას აგროვებს და დამაჯერებლად უგებს თავის მემარცხენე-ცენტრისტულ მეტოქეებს (21-25%).

ამასობაში კი ავსტრიაში ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა, მიღებული ხმების 25,7%-ით და გაუსწრო კონსერვატიულ სახალხო პარტიას (24,7%) და სოციალ-დემოკრატებს (23,2%).

ნიდერლანდებში გერტ ვილდერსის უკიდურესად მემარჯვენე პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა (17%) და, როგორც ჩანს, მხარდამჭერთა მოლოდინი ვერ გაამართლა: მას ხმების 21,1%-ით გაუსწრო მემარცხენეთა და მწვანეთა ალიანსმა, რომელსაც ევროკომისიის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

უნგრეთში ვიქტორ ორბანის პარტიის - „ფიდესის“ შედეგებიც მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ მართალია, ორბანის მომხრეებმა მიღებული ხმების რაოდენობით (43,7%) პირველი ადგილი დაიკავეს, მაგრამ ეს შედეგები მაინც პროგნოზირებულ 50%-ზე ნაკლები აღმოჩნდა. „ფიდესის“ ოპონენტმა პარტიამ - “ახალმა მეტოქემ“, რომელსაც მთავრობის ყოფილი ლოიალისტი და შემდეგ კრიტიკოსად ქცეული პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს, ხმების 30,7% მოაგროვა.

ულტრამემარჯვენეებისა და რადიკალურად განწყობილი პარტიების წარმატების მიუხედავად, თავიდანვე ჩანდა, რომ ძირითადი პროევროპული პარტიები ევროპარლამენტში თავიანთ წამყვან პოზიციებს, თუნდაც შემცირებული სახით, მაგრამ მაინც შეინარჩუნებდნენ.

მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია, რომელიც ესპანეთში და პოლონეთში ლიდერობს, ეგზიტპოლების მიხედვით, ევროპარლამენტში ყველაზე მეტ - 190 ადგილს იღებს, რაც იმას მიანიშნებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თავის თანამდებობას შეინარჩუნებს.

ევროპელმა სოციალისტებმა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს მალტაში, რუმენითში და შვედეთში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევთ, კვლავ მეორე დიდი საპარლამენტო ჯგუფის პოზიციები ჰქონდეთ, თუმცა - შედარებით სუსტი სახით, ვიდრე ეს წინა არჩევნების შედეგად იყო.

პროგნოზის მიხედვით, რომელიც წინასწარ მონაცემებს ემყარება, ევროპის სახალხო პარტიამ, სოციალისტებმა და დემოკრატებმა, ცენტრისტულმა პარტია „აღორძინებამ“ და „მწვანეებმა“, ერთად უნდა მიიღონ 462 ადგილი 720-დან, რაც 64,1% შეადგენს ანუ მხოლოდ 4%-ით ნაკლებს, ვიდრე მათ ერთად გააჩნდათ უკვე ვადაგასული ევროპარლამენტის შემადგენლობაში. კაცმა რომ თქვას, სხვაობა მაინცდამაინც დიდი არ არის, ამიტომ ისინი მაინც გააგრძელებენ დომინირებას.

ისე, თუ გავიხსენებთ, წინა ევროპარლამენტში „მწვანეებმა“ მხარი არ დაუჭირეს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას, ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე, შესაძლოა, არც ახლა დაუჭირონ. თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გამორიცხა მხარდაჭერის მიღება ევროპელი კონსერვატორებისა და იტალიელი ჯორჯა მელონის პარტიისაგან.

რასაკვირველია, ძირითადი პროევროპული პარტიების დეპუტატების რაოდენობის შემცირება (არც თუ ძალიან, მაგრამ მაინც) მეტ-ნაკლებად საფრთხეს შეუქმნის ამბიციური კანონების მიღებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის საქმეში, რომელსაც ულტრამემარჯვენეები მხარს არ უჭერენ. ასევე, რთული ბალანსირება დასჭირდება ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელახლა არჩევას ევროკომისიის ლიდერის პოსტზე - მისთვის აუცილებელი იქნება ევროპარლამენტის 361 ახალი წევრის ხმის მიღება.

საინტერესოა ევროპის სახალხო პარტიის წარმატება პოლონეთში, სადაც პრემიერ დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციამ“ (შედის ევროპის სახალხო პარტიის შემადგენლობაში) დამაჯერებლად დაამარცხა კაჩინსკის უკიდურესად მემარჯვენე პარტია „კანონი და სამართალი“, რომელიც წლების განმავლობაში, ბოლო დრომდე, პოლონეთის მმართველ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა და ხელისუფლებიდან 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად წავიდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო