დიდი დანაკარგი, რომელსაც კრემლი მალავს?! - კრეისერი "მოსკვა" "საიქიოდან" არ ისვენებს და თავისთან კიდევ ერთი რუსული ხომალდი "წაიყვანა" - კვირის პალიტრა

დიდი დანაკარგი, რომელსაც კრემლი მალავს?! - კრეისერი "მოსკვა" "საიქიოდან" არ ისვენებს და თავისთან კიდევ ერთი რუსული ხომალდი "წაიყვანა"

მეორე დღეა, არკვევენ, თუ რომელი რუსული სამხედრო ხომალდი ჩაძირეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა აზოვის ზღვის ეისკის საზღვაო პორტთან...

რუსულმა მხარემ, რა თქმა უნდა, ზუსტად იცის თავისი მორიგი დანაკლისის შესახებ, რომელიც კრეისერ „მოსკვას“ მიუერთდა წყალქვეშ, ოღონდ აზოვის ზღვის ფსკერზე, მაგრამ კონკრეტული დადასტურება დამოუკიდებელი საერთაშორისო წყაროებიდან ჯერჯერობით არ არის.

ყოველ შემთხვევაში, ცნობილი ბრიტანული სატელევიზიო არხი, მაღალჩინოსან უკრაინელ სამხედრო წყროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 8 ივნისის საღამოს ეისკის პორტთან ჩაძირული იქნა, არც მეტი და არც ნაკლები... 775 პროექტის მორიგი რუსული დიდი სადესანტო ხომალდი...

მაშინ, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა თავისი ძირითადი სამხედრო ხომალდები გამოიყვანა ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზიდან და ისინი უფრო მოშორებით, ნოვოროსიისკის პორტში „გადამალა“, უკრაინული საზღვაო და საჰაერო კამიკაძე-დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გახშირებული თავდასხმებისგან დასაცავად, ცოტა წარმოუდგენლად მოჩანს, თუ რას აკეთებდა რუსული დიდი სადესანტო ხომალდი აზოვის ზღვაში, რომელიც ბევრად უფრო ახლო და ადვილი მისაწვდენია უკრაინული დრონებისთვის?

1-bdk-1718012075.jpg
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მორიგი დიდი სადესანტო ხომალდის შესაძლო ჩაძირვა, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის, რომ რუსმა ოკუპანტებმა მომავალში შეძლონ ოდესასთან დიდი საზღვაო დესანტის გადასხმა...

საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ დასავლეთის სადაზვერვო თანამგზავრებმა უცნაური ფაქტი დააფიქსირეს -ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის ნავმისადგომებიდან ერთდროულად მოიხსნა და ღია ზღვაში გავიდა ათამდე რუსული სამხედრო ხომალდი, მათ შორის - წყალქვეშა ნავები და დიდი სადესანტო ხომალდებიც...

ამიტომაც სრულიად შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი რუსული დიდი სადესანტო ხომალდი აზოვის ზღვაში, ეისკის საზღვაო პორტთანაც აღმოჩენილიყო, მით უმეტეს, რომ აქედან მარიუპოლამდე საზღვაო გზით სისტემატურად ეზიდებიან შეიარაღებასა და საბრძოლო საჭურველს ზაპოროჟიეს ფრონტის მონაკვეთზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების შენაერთების მოსამარაგებლად.

თუკი საბოლოოდ დადასტურდა, რომ 8 ივნისის საღამოს საჰაერო თავდასხმის შედეგად ეისკის პორტთან დაზიანდა ან სულაც ჩაიძირა მორიგი რუსული დიდი სადესანტო ხომალდი, ის ამ კლასის მეხუთე მცურავი საშუალება გახდება, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაკარგა, ამ ომის დაწყებიდან, ისე, რომ ერთი დიდი წარმატებული საზღვაო-სადესანტო ოპერაციაც კი არ შეუსრულებია.

საგულისხმოა, რომ პირველი დიდი სადესანტო ხომალდი რუსეთს სწორედ აზოვის ზღვაში ჩაუძირეს და - არა შავ ზღვაში - 2022 წლის 24 მარტს (ანუ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან ზუსტად ერთი თვის თავზე) აზოვის ზღვის ბერდიანსკის პორტში, ნავმისადგომთან, საბრძოლო საჭურვლის ჩამოცლაზე მდგარი 1171 პროექტის დიდი სადესანტო ხომალდი „სარატოვი“ დაზიანდა უკრაინელი სამხედროების მიერ გამოშვებული ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის - „ტოჩკა-უს“ აფეთქების შედეგად,ცეცხლი გაუჩნდა და იქვე, პირსთან ჩაიძირა.

2-bdk-1718012118.png
უკრაინაზე თავდასხმიდან ერთი თვის თავზე აზოვის ზღვის ოკუპირებული ბერდიანსკის პორტზე ზუსტი სარაკეტო თავდასხმისას დაზიანდა და იქვე, ნავმისადგომთან ჩაიძირა რუსული დიდი სადესანტო ხომალდი „სარატოვი“, ხოლო „ცეზარ კუნიკოვმა“ და „ნოვოჩერკასკმა“ გაქცევით უშველეს თავს, ოღონდ - დროებით...

ამავე დროს დაზიანებები მიიღეს იქვე მდგარმა 775 პროექტის „ნოვოჩერკასკმაც“ და „ცეზარ კუნიკოვმაც“, მაგრამ მათმა ეკიპაჟებმა მოახერხეს ღია ზღვაში სწრაფად გასვლა და ბორტზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობა, თუმცა ისინი სარაკეტო კრეისერის - „მოსკვას“ ბედს მოგვიანებით მაინც ვერ გადაურჩნენ - 2023 წლის 26 დეკემბერს ფეოდოსიის პორტში მდგარი „ნოვოჩერკასკი“ უკრაინელების გაშვებულმა ფრანგულმა ფრთოსანმა „სკალპმა“ შუაზე გადაჭრა“ და ჩაძირა, ხოლო 2024 წლის 14 თებერვალს ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროსთან, ალუპკისთან ექვსმა უკრაინულმა კამიკაძე-კატარღამ „ცეზარ კუნიკოვი“ ალყაში მოიქცია და ზუსტი დაჯახება/აფეთქებებით შავი ზღვის ფსკერისკენ გაგზავნა...

რაც შეეხება კიდევ ერთ აფეთქებულ რუსულ დიდ სადესანტო ხომალდს, 775 პროექტის „მინსკს“, ის უკრაინელებმა ბრიტანული ფრთოსანი რაკეტებით სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის მშრალ დოკში 2023 წლის 13 სექტემბერს ააფეთქეს...

საგულისხმოა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკრაინის მიერ აწ უკვე ჩაძირული ორი დიდი სადესანტო ხომალდი - „ცეზარ კუნიკოვი“ და „სარატოვი“ 2008 წლის 10 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საზღვაო დესანტს სხამდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის სანაპიროზე, რომელმაც შემდეგ კოდორის ხეობას, ზუგდიდსა და სენაკს შეუტია...