გერმანული ფეხბურთი ზაფხულის ზღაპრის მოლოდინში
გერმანული ფეხბურთი ზაფხულის ზღაპრის მოლოდინში
(გერმანული ფეხბურთი 2006-2024 წლებში).
გერმანიის გაერთიანება და რეფორმები
"გაერთიანების შემთხვევაში, წლების განმავლობაში დაუმარცხებლები ვიქნებით" - ეს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, ფრანც ბეკენბაუერის პასუხია კითხვაზე, რა მოხდებოდა თუ დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანია გაერთიანდებოდნენ. კითხვა უკვე მწვრთნელის რანგში მყოფს დაუსვეს. ფრანცი 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონობას დასავლეთ გერმანიის საფეხბურთო ნაკრებთან ერთად ზეიმობდა. თუ 1974 წელს მსოფლიოს ჩემპიონი კაპიტნის სამკლავურით გახდა, ამჯერად თასი მთავარი მწვრთნელის სტატუსით აღმართა.
რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” გამართულ ფინალურ მატჩში დასავლეთ გერმანელებმა საკმაოდ სიმპათიური არგენტინის ნაკრები დაამარცხეს და ამით რევანში აიღეს წინა მუნდიალის ფინალში არგენტინასთან დამარცხებისთვის.
ეს პოლიტიკურადაც გარდამტეხი დრო იყო, როგორც გერმანიისთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის, ფაქტობრივად "ცივი ომის" ერთ-ერთი სიმბოლო დაინგრა და ორი გერმანია ერთ, ისტორიულ მთლიანობად აქცია. ახდა გერმანელების და არა მხოლოდ მათი ოცნება.
გაერთიანებული გერმანიის საფეხბურთო იდენტობა და მისი ჩამოყალიბების გზა საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. ბეკენბაუერის სიტყვები, ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში დაუმარცხებელ გუნდად ქცევის შესახებ არ გამართლდა.
გერმანიის ეროვნული გუნდი 1990-იან წლებშიც რჩებოდა ერთ-ერთ უძლიერეს საფეხბურთო ნაკრებად და პრინციპში, ასეთად აღიქმებოდა 1954 წლიდან, როდესაც ფრიც ვალტერის, 1970-იან წლებში ბეკენბაუერის, 1990-იანებში კი ლოთარ მათეუსის თავგანწირულმა თამაშმა სამჯერ აზეიმა ქვეყანას მსოფლიოს ჩემპიონობა და მაისურზე მოელვარე 3 ვარსკვლავი.
"მანშაფტი" 90-იან წლებშიც რჩებოდა დომინანტ საფეხბურთო ქვეყნად. შეგვიძლია გავიხსენოთ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფი და კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტულის მესამედ დაუფლება (92 წელს ფინალი, 94 წლის მუნდიალზე მეოთხედფინალი).
კრიზისის პირველი ნიშნები
გერმანულ ფეხბურთში კრიზისის პირველი ნიშნები 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდა. უმეტესწილად ვეტერანებისგან დაკომპლექტებული „მანშაფტი“ ახერხებს მეოთხედფინალში გასვლას, სადაც ახალგაზრდულ და დინამიკურ ხორვატიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ტოვებს ტურნირს. ამას მოჰყვა ზედიზედ ორჯერ (2000; 2004) ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნა. 2002 წლის მუნდიალზე, მიხაილ ბალაკისა და ოლივერ კანის (რა თქმა უნდა, სხვებისაც, მაგრამ გუნდი ამ ორ ფეხბურთელზე იდგა. სხვათა შორის ბალაკი "გედეერიდან" ანუ კომუნისტური გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან იყო) ჰეროიკული თამაშის წყალობით აღწევს ფინალამდე, სადაც ბრაზილიის შეუდარებელი და ალბათ, 1970 წლის ნაკრების ( პელე, ჟაირზინიო, ჟერსონი...) შემდეგ საუკეთესო შემადგენლობა ამარცხებს გერმანელებს.
უკვე აშკარა ხდება, რომ „მანშაფტი“ კრიზისის პერიოდში შედის. დასავლეთგერმანული საფეხბურთო სისტემა ბერდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო დონეზე მიუნხენის ბავარიამ 2001 წელს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება იზეიმა, სისტემაში ცვლილებები გახდა საჭირო.
გაერთიანებულ ქვეყანაში ბევრი სიახლე ინერგებოდა, მათ შორის სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური... ეს ბუნდესკანცლერ გერჰარდ შრედერის რეფორმების სისტემის, "დღის წესრიგი 2010"-ის პერიოდია. შესაბამისად, რეფორმათა პროცესები შეეხო ფეხბურთსაც - ბუნდესლიგის კლუბებს ახალგაზრდული აკადემიების სისტემის ორგანიზების ვალდებულება დაეკისრათ. გაჩენილი ინვესტიციები ხმარდებოდა ახალი მწვრთნელების გადამზადების პროცესს და ასევე, აქცენტი გაკეთდა არა მხოლოდ ფიზიკურად ძლიერ ახალგაზრდებზე, არამედ უფრო მოქნილ, სწრაფ და ტექნიკურ სპორტსმენებზე.
ახალი ფილოსოფია
2006 წლის გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მთავარი მწვრთნელის რანგში გამოჩნდა ახალგაზრდა იურგენ კლინსმანი, ის არ ყოფილა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პირველი არჩევანი, უბრალოდ, სხვებმა, მათ შორის ოტმარ ჰიცველდმა, უარი განაცხადეს ასოციაციის შეთავაზებაზე. ასე აღმოჩნდა კლინსმანი ეროვნული ნაკრების სათავეში და, ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა.
კლინსმანი პოსტზე 2004 წელს დაინიშნა. მუნდიალამდე კიდევ 2 წელი იყო დარჩენილი. მან ეს დრო ეფექტიანად გამოიყენა და დაიწყო გერმანული ფეხბურთის კრიტიკით. ის ითხოვდა უფრო სწრაფ, შემტევ და სანახაობრივ სათამაშო სტილს.
ასევე აკრიტიკებდა ბუნდესლიგაში, სხვა მოწინავე ჩემპიონატებისგან განსხვავებით თამაშის ნელ ტემპს. კლინსმანის კრიტიკაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად იყო, 2002 წლის შემდეგ გერმანულ კლუბებს ჩემპიონთა ლიგის ფინალი არ უთამაშიათ. თუმცა, ჩემი აზრით, ბუნდესლიგაში იყო ერთი გამორჩეული კლუბი ბრემენის ვერდერის სახით, რომელშიც ახალგაზრდა მირო კლოზე, ტორსტენ ფრინგსი და ტიმ ბოროვსკი ბრწყინავდნენ. იმ წლების "ბრემენელი მუსიკოსები" მართლაც გამორჩეულ კომპოზიციურ ჰარმონიას ქმნიდნენ შიდა ჩემპიონატში, რაც მათ თამაშს განასხვავებდა სხვა კლუბებისგან.
კლინსმანი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს ახალი, განსხვავებული მეთოდით ავარჯიშებდა, აქცენტს სიჩქარეზე, დაცვის ხაზიდან ბურთის სწრაფად ამოტანაზე აკეთებდა, უფრო მეტი კრეატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უჩენდა ნახევარმცველებს და საერთო ჯამში, საშინაო მუნდიალზე გერმანელებმა ლაღად და ბურთი ლაზათიანად გააგორეს. თუ აქამდე გერმანულ ფეხბურთს ახასიათებდნენ როგორც მტკიცე ხასიათის, ფიზიკური ორთაბრძოლების, არ დანებების საფეხბურთო ფილოსოფიის აპოლოგეტს, კლინსმანმა გერმანიის "ახალ" ნაკრებს მეტი სინატიფე, ინდივიდუალობა, სისწრაფე და, რაც მთავარია, განსაკუთრებული სტილის კონტურები შესძინა. იურგენ კლინსმანი იყო ის, ვინც გერმანული ფეხბურთის რეგენერაციის ან რენესანსის ეპოქას ჩაუყარა საფუძველი.
2006 წლის მუნდიალზე „მანშაფტმა“ მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა, მაგრამ ნაჩვენები ფეხბურთით აღაფრთოვანა მაყურებელი მთელი პლანეტის მასშტაბით და, რა თქმა უნდა, გერმანელები, რომლებმაც იხილეს რაღაც ახალი, აქამდე მათთვის უჩვეულო სილაღე.
ნანახით მოხიბლულმა გერმანელმა ქომაგმა 2006 წლის მუნდიალს სახელიც კი მოუფიქრა - "ზღაპრული ზაფხული", სწორედ ასე დარჩა
გერმანელების კოლექტიურ მახსოვრობაში "მანშაფტის" ეს შესანიშნავი გაელვება, მაგრამ ყველაფერი წინ იყო.
თუ კლინსმანმა ახალი სათამაშო სტილის კონტურები მოხაზა, მისმა თანაშემწემ, რომელიც ნაკრებს 2006 წლის მუნდიალის შემდეგ ჩაიბარებს, ამ მონახაზს დასრულებულ სახეს მისცემს. იოგი ლიოვი კლინსმანთან ერთად შემუშავებულ გეგმას, ფილოსოფიურ პრიზმაში გაატარებს, მოარგებს გერმანულ პრაგმატიზმსაც თუ პრაქტიკულობასაც და ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს.
იოახიმ ლიოვის ერა დიდხნიანი იქნება და 2021 წლამდე გასტანს. 2010 წელს მუნდიალის ნახევარფინალს ითამაშებს. 4 წლის შემდეგ კი საუკუნის დასაწყისში წამოწყებული რეფორმები ახალგაზრდული აკადემიების სახით, რომელსაც უფრო ტექნიკურად სრულყოფილი მოთამაშეები უნდა გაეზარდა, შედეგს გამოიღებს. კლინსმანი-ლიოვის ტანდემის ხედვა ამ ბიჭებში შეისხამს ხორცს და მთელი გერმანია, გაერთიანების შემდეგ, პირველად იზეიმებს მსოფლიო ჩემპიონობას. ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად იქცევა ერისთვის. 2006 წლიდან, როდესაც კვლავ მოდური გახდა ეროვნული გუნდის მხარდასაჭერად სხვადასხვა საფეხბურთო ატრიბუტიკის გამოყენება, ეროვნული დროშის ფერებში გაღება და სიმბოლიკის ტარება, 2014 წელს დაგვირგვინდება როგორც ახალი საფეხბურთო იდენტობის შექმნით, ასევე 85 მილიონიანი ერის ეიფორიით.
იმ რეფორმების შედეგად მოსული ახალგაზრდები კი ამ გამარჯვებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ. მარიო გიოტცეს გოლი რად ღირს, მან არგენტინელებს ფინალურ მატჩში გაუტანა და ეს ბურთი გადამწყვეტიც აღმოჩნდა.
გერმანული ფეხბურთის გარღვევა საკლუბო დონეზეც აისახა და 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გერმანული ფინალი შედგა - დორტმუნდი ბაიერნის წინააღმდეგ.
2024 წლის საშინაო ევროპის ჩემპიონატი და ისევ კრიზისი?!
ცნობილი ანდაზისა არ იყოს, აღმართს დაღმართი მოსდევს და ეს ანდაზა ზუსტად ასახავს გერმანული ფეხბურთის პოსტ ჩემპიონობის წლებს. მომდევნო ორი მუნდიალისას (2018;2022 წლები) "მანშაფტი" ჯგუფურ ეტაპს ვერ გასცდება. რუსული და კატარული ფორუმები ჯგუფში ჩარჩენით დასრულდა.
და სულ რამდენიმე თვეში გერმანული ფეხბურთი მორიგი დიდი გამოწვევისთვის წინაშე აღმოჩნდება - ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი, რომელიც საკუთარ კედლებში უნდა ჩაატაროს, თუმცა რეალობა გაცილებით რთულია, ვიდრე ეს საუკუნის დასაწყისში, კლინსმანის მოსვლამდე იყო. გერმანული ფეხბურთი კვლავ კრიზისშია და ჯერჯერობით დაძლევის გზები, მექანიზმები თუ ახალი კლინსმანი არ გამოჩენილა.
2023 წლის 11 სექტემბერს იაპონიასთან გამანადგურებელი ანგარიშით (1-4) მარცხის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ ნაკრების მწვრთნელი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს. არადა, მწვრთნელ ჰანს ფლიკზე დიდ იმედებს ამყარებდა ფეხბურთის ასოციაცია. ახლა "მანშაფტს" ახალგაზრდა იულიან ნაგელსმანი წვრთნის და ცდილობს, გუნდი ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს, თუმცა...
პრობლემები
გერმანელებმა ბოლო 21 მატჩიდან მხოლოდ 7 შემთხვევაში შეძლეს გამარჯვების მოპოვება. მათი სათამაშო სტილი მოწინააღმდეგეებისთვის პროგნოზირებადია. 2014 წლის ტრიუმფის დროს გამოყენებული 4-3-2-1 ფორმაცია წარმატების მომტანი აღმოჩნდა, დღეს ნაკრებში სულ სხვა ფეხბურთელები თამაშობენ და როგორც ჩანს, აღნიშნული განლაგება მათთვის არ არის კომფორტული. ამასთან, ნათლად ჩანს გარკვეულ პოზიციებზე სისუსტეები, განსაკუთრებით ეს ეხება დაცვის ხაზს. ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა ცხრიანის პოზიციაზე, მაგრამ ახალი კლოზეს ძიებაში, გერმანელებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს.
ვინ არ მოისინჯა ცხრიანზე, კაი ჰავერცი, ტიიმო ვერნერი, მანამდე ტომას მიულერი, მაგრამ მაგრამ გამოჩნდა 30 წლის, გვიან გახსნილი ტალანტი - ნიკლას ფულკრუგი, რომელმაც შესანიშნავად ჩაატარა გასული სეზონი ვერდერის ბრემენის მაისურით და 16 გოლის გატანა მოახერხა შიდა ჩემპიონატში. მიმდინარე სეზონში დორტმუნდელების ყვითელი მაისური მოირგო და ბუნდესლიგაში 14 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო. ფულკრუგი წარმატებულია ეროვნულ ნაკრებშიც, კატარის მუნდიალზეც მოახერხა გატანა და ნაკრების მაისურით ბოლო 7 მატჩი 6 გოლი შეაგდო. არადა 30 წლის თავდამსხმელი სულ რაღაც 2 წლის წინ მეორე დივიზიონში ასპარეზობდა.
თუ ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ხვრელი ისე თუ ასე ამოივსო, არც თუ ისე სახარბიელო ვითარებაა მოედნის ცენტრში, სადაც, როგორც გამოჩნდა, გამოცდილების ნაკლებობა იჩენს თავს. მიუხედავად საკმაოდ კვალიფიცური დაცვის ხაზისა, სადაც ვხედავთ რამდენიმე ნიჭიერ მცველს და ამას დავამატოთ მადრიდის რეალისა და ჩელსის რიგებში 2 გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სახელოვანი რუდიგერი, წესით, იმ რაოდენობით გოლებს არ უნდა უშვებდეს გუნდი, მაგრამ კონტრშეტევებზე ხშირად ვარდება მოედნის ცენტრი და ჩნდება დაუფარავი ზონები. ნიშანდობლივია, რომ ბოლო 21 მატჩში 17-ჯერ შეიცვალა დაცვის ხაზში შემადგენლობა.
ერთი შეხედვით, გერმანელებს აქვთ ფუფუნება მოედნის ცენტრში ჰყავდეთ ისეთი სახელოვანი ფეხბურთელები, როგორებიცაა ჯოშუა კიმიხი, ლეონ გორეცკა, ილკაი გიუნდოგანი და სხვები, მაგრამ ჩამოთვლილი ფეხბურთელები ვერ პოულობენ იმ ბალანსს და ვერ აჩვენებენ ისეთ შედეგიან თამაშს, როგორსაც თავიანთ კლუბებში.
გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობას ერთ-ერთ ინტერვიუში ეხმაურება 2014 წლის ჩემპიონი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ტურნირის დირექტორი ფილიპ ლამი, რომლის აზრითაც, გუნდს აკლია ისეთი ფიგურა, რომელიც იქნება პასუხისმგებელი და ნაკრების სახე.
"არ ვიცი დღევანდელ ნაკრებში ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, ვინ ქმნის ბირთვს, ვინ არის გუნდის სახე" - ამბობს ლამი DW-თან ინტერვიუში.
საუბრობენ გუნდის საფეხბურთო იდენტობისა და გერმანული საბრძოლო სულის დაკარგვაზე. ამის შესახებ ლეგენდარული რუდი ფიოლერი და ბასტიან შვაინშტაიგერი გამოთქვამდნენ მოსაზრებებს.
კრიზისი აისახა მაყურებელზეც და ზოგადად, ქვეყანაში უნდა გაიმართოს დიდი საფეხბურთო ზეიმი, გერმანელ ქომაგს კი ეს ყოველთვის ძალიან უყვარდა და განსაკუთრებული მხარდაჭერა იცოდა, თუმცა ამ დროისთვის საზოგადოებაში არანაირი ენთუზიაზმი არ შეიმჩნევა.
ბევრი რამ გერმანიის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელის, 36 წლის იულიან ნაგელსმანის მუშაობაზე იქნება დამოკიდებული. წინ ევრო 2024-ია... შედგება თუ არა კიდევ ერთი "ზაფხულის ზღაპრი", ჯერჯერობით, უცნობია.
გიორგი ლორია
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს