მაკრონის სასოწარკვეთილი ნახტომი?! - "საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის ბედს გადაწყვეტს" - კვირის პალიტრა

მაკრონის სასოწარკვეთილი ნახტომი?! - "საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის ბედს გადაწყვეტს"

ბრიტანულ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის ბედს გადაწყვეტს: მოხერხდება თუ არა თავდაცვის ხაზის აგება ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ?“ (ავტორი - ბენ ჰოლი), რომელშიც განხილულია საფრანგეთისა და, საერთოდ, ევროპის პერსპექტივა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ევროპის პარლამენტის არჩევნები მეტ-ნაკლებად [ევროკავშირის წევრი ქვეყნების] ეროვნული ინტერესების შეჯახებასაც წარმოადგენს. თუ მხედველობაში მივიღებთ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებისა და მისი აღსრულების ხასიათს, ევროპის პარლამენტის არჩევნებს ხშირად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ელიტებს შორის კონკურენციაში, ვიდრე - ბრიუსელში ან სტრასბურგში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თვალსაჩინოდ დაადასტურა, რომ ყველაფერი მართლაც ასეა: თავისი გადაწყვეტილებით მან არათუ საფრანგეთი, არამედ - მთელი ევროპა გააკვირვა - გამოაცხადა ეროვნული კრების ვადამდელი არჩევნები და მოსამზადებლად მხოლოდ სამკვირიანი დრო გამოჰყო.

ასეთი რეაგირება მოახდინა ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენის პარტიის - „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების შემდეგ ევროპარლამენტის არჩევნებში, როცა მემარჯვენეებმა პრეზიდენტის პარტიასთან შედარებით ორჯერ მეტი ხმები მიიღეს ანუ აჩვენეს, რომ ემანუელ მაკრონის მომხრეებზე ორჯერ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ.

დანიშნა რა ვადამდელი არჩევნები, ემანუელ მაკრონი, თითქოსდა, ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მას სურს, გზა გადაუღობოს მარინ ლე პენს - არ გახდეს იგი 2027 წელს ქვეყნის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონი ფრანგებს აიძულებს, დაფიქრდნენ - უნდათ თუ არა მათ, რომ მემარჯვენე პარტია ხელისუფლებაში მოვიდეს.

საფრანგეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება ევროკავშირის მომავლისათვის, ვიდრე - ევროპარლამენტის არჩევნებს.

ევროპარლამენტის არჩევნებმა ევროკავშირის პოლიტიკა მარჯვნივ შეაბრუნეს, მაგრამ არა - გადამწყვეტად. პოპულისტები და უკიდურესი მემარჯვენე დეპუტატები ევროპარლამენტის შემადგენლობის მხოლოდ ერთი მეოთხედი იქნება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მატებაა, ვიდრე 15 წლის წინ იყო ან - 2019 წელს, მაგრამ მემარჯვენეები ევროპარლამენტს თავიანთი კონტროლის ქვეშ მაინც ვერ აიყვანენ, არაფერი რომ არ ვთქვათ თვითონ ევროკავშირის გაკონტროლებაზე. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის გარემოება, რომ მემარჯვენე ძალები დაყოფილნი არიან ორ ძირითად ჯგუფად და რამდენიმე დამოუკიდებელ პარტიად.

ოცნება იმაზე, რომ აი, შეიქმნება ევროსკეპტიკოსთა სუპერჯგუფი, რომელიც კონკურენციას გაუწევს მემარჯვენე ცენტრისტულ და მემარცხენე ცენტრისტულ ბლოკებს, ვერ განხორციელდა და ისევ ოცნებად დარჩა. სინამდვილეში, უკიდურესად მემარჯვენეები შეიძლება გაიყვნენ სამ ჯგუფად: უკომპრომისო რადიკალებად (გერმანული პარტიის „ალტერნატივის“ ჩათვლით), მმართველ პრაგმატიკოსებად (იტალიელი ჯორჯა მელონის პარტიის სახით) და უკიდურესად მემარჯვენე ევროსკეპტიკოსებად (ფრანგი მარინ ლე პენის პარტია).

ათწლეულების განმავლობაში ევროპარლამენტი მოქმედებდა მემარცხენე და მემარჯვენე ცენტრისტების მიერ შექმნილი დიდი კოალიციების მეშვეობით. 2024 წელს პირველად თეორიულად გახდა შესაძლებელი ისეთი უმრავლესობის გამოჩენა, რომელიც წარმოდგენილი იქნება მემარჯვენე ცენტრისტებით დაწყებული, უკიდურეს მემარჯვენეებით დასრულებული, მაგრამ ასეთი უმრავლესობა საეჭვოა შეიქმნას. მემარჯვენე ცენტრისტებმა უკვე გამორიცხეს თანამშრომლობა ისეთ ადამიანებთან, როგორიც მარინ ლე პენია ან გერმანული „ალტერნატივის“ ლიდერები. მაგრამ მათ იმავდროულად გადააადგილეს, „გასწიეს“ თავიანთი ე.წ. სანიტარული კორდონი და საკუთარ თავს ჯორჯა მელონისთან თანამშრომლობის ნება დართეს, რომელიც, მართალია, მემარჯვენეა, მაგრამ ბრიუსელთან მუშაობა შეუძლია და მას არ ეწინააღმდეგება.

სხვათა შორის, ეს „სანიტარული კორდონი“ უკვე დიდი ხანია, გაწელვას და მიწევ-მოწევას განიცდის, მაგრამ ემანუელ მაკრონი მას არათუ „წელავს“, არამედ - დანგრევა-გაწყვეტის ზღვრამდე მიჰყავს. ეს არის პარადოქსული სიტუაცია ლიდერისათვის, რომელმაც თავისი პოლიტიკური პოზიციები ჩამოაყალიბა, როგორც ევროპელმა პოლიტიკოსმა, რომელსაც უკიდურესად მემარჯვენეების გაძლიერების შეჩერება შეუძლია.

საფრანგეთის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებს საქმის იქამდე მიყვანა შეუძლია, რომ არ არის გამორიცხული, მარინ ლე პენის რადიკალურმა პარტიამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავისი კანდიდატურა დაასახელოს, რამდენიმე კვირის შემდეგ. პრეზიდენტს მოუწევს ხელისუფლება თავის მოსისხლე მტერს გაუყოს. ეს იქნება მისთვის ძალიან დამამცირებელი და, ალბათ, ძალიან არასტაბილური თანაარსებობა.

მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ უკვე ითვლება უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიად დღევანდელ პარლამენტში (ეროვნულ კრებაში), მას აქვს ძლიერი წინასაარჩევნო მექანიზმი, ხოლო კვირას მიღწეული გასაოცარი წარმატებით მან ძალის იმპულსი დააგროვა.

შესაძლოა, ემანუელ მაკრონმა ჩათვალა, რომ მისი ცენტრისტული ალიანსის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდებოდა. მისი მართლაც შოკისმომგვრელმა დამარცხებამ შეიძლება ამბიციურ „ტახტის მემკვიდრეებს“ შორის ბრძოლის პროვოცირება გამოიწვიოს. მაკრონის პარტიას „აღორძინება"ს უკვე ორი თვეა აღარ აქვს საპარლამენტო უმრავლესობა და მას ძალიან მცირე შანსები რჩება კოალიციის შესაქმნელად დღევანდელ სიტუაციაში. მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ გარდაუვალი გამარჯვების პერსპექტივამ შეიძლება სხვა პარტიები მასთან საარჩევნო ალიანსის შესაქმნელად განაწყონ.

ემანუელ მაკრონი, ალბათ, იმედოვნებს, რომ ისევე როგორც ორ წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ფრანგი ამომრჩეველი „გაჯიუტდება“ და მემარჯვენეებს ხმას არ მისცემს. შესაძლოა, იგი ასევე ფიქრობს, რომ თუ „ეროვნული გაერთიანება“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ისინი ისე ქაოსურად დაიწყებენ ქვეყნის მართვას, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროისათვის მარინ ლე პენის გარდაუვალი გამარჯვების აურა, უბრალოდ, „აორთქლდება“.

ემანუელ მაკრონს შეუძლია განაცხადოს, რომ საფრანგეთის ვერტიკალურ პოლიტიკური სისტემაში, სადაც ხელისუფლების დიდი ნაწილი ეკუთვნის პრეზიდენტს, მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ მიერ შექმნილი მთავრობა მნიშვნელოვან ზიანს არც ქვეყანას არ მიაყენებს და არც ევროკავშირს. მაგრამ მისი ნაბიჯი საფრანგეთშიც და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ბევრ ადამიანს უკანასკნელი იმედის სასოწარკვეთილ ნახტომად ეჩვენება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო