გაიცანით რუსები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ხელმძღვანელობდნენ - სად არჩევენ აგენტებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შესაგზავნად?! - კვირის პალიტრა

გაიცანით რუსები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ხელმძღვანელობდნენ - სად არჩევენ აგენტებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შესაგზავნად?!

9 ივნისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მორიგი ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო სიებში 29 ათასი ამომრჩეველი იყო შეყვანილი: დაახლოებით იმდენი თბილისისა და ბათუმის „დინამოების“ საფეხბურთო მატჩს რომ ესწრება ხოლმე. ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. არჩევნები შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ტარდებოდა და 34 დეპუტატის მანდატი უნდა „გათამაშებულიყო“. თუმცა ეს ყველაფერი თავიდანვე მორიგი ფარსი იყო, მოსკოვში, „კრემლის“ კაბინეტებში დაგეგმილი რუტინული სპეცოპერაცია. უფრო სწორედ: პოლიტიკური „დოღის ცხენების“ რბოლა, რომლის შედეგები წინასწარვე იყო ცნობილი.

მოსკოვი ყოველ ჯერზე, სათამაშოებივით ცვლის ცხინვალში (ისევე, როგორც აფხაზეთში და დნესტრისპირეთში) ე.წ. „პრეზიდენტებს“: ბოლომდე არავის ენდობა, ამიტომ ფარულად მათ შორის დაპირისპირებას აღვივებს – „დაჰყავი და იბატონე“ –, ეს უძველესი პრინციპი ახლაც კარგად მუშაობს. თუმცა „მოსკოველი კურატორებისთვის“ ცხინვალელი „პოლიტიკოსების“ წვრთნა–დაგეშვა ყოველთვის დიდი თავსატეხი იყო და არის: „კრემლში“ შედგენილ თანამდებობების განაწილების სქემებს უცბად ივიწყებენ. ცხინვალში (ისევე, როგორც სოხუმში) ყველას „პრეზიდენტობა“ ან „დეპუტატობა“ უნდა. „მოსკოველ კურატორებს“ ხშირად უწევთ წინ და უკან ვოიაჟი, რომ გამორიცხონ სეპარატისტების ბანაკში ვინმე, ოდნავ საღად მოაზროვნე ადამიანის გამოჩენა.

რუსეთის ხელისუფლების რომელ სტრუქტურებში არჩევენ მომავალ „გავლენის აგენტებს“ ყოფილი საბჭოთა რეპუბლიკების პოლიტელიტაში შესაგზავნად? ეს მიმართულება რუსული „რბილი ძალის“ იმდენად მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია, რომ მას საერთო კოორდინაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწევს. ამ სტრუქტურაში შექმნილია რეგიონული დანაყოფები პოსტსაბჭოთა ქვეყნების (სომხეთი, ყაზახეთი, საქართველო, ყირგიზეთი და ა.შ.) წინააღმდეგ „რბილი ძალის“ ოპერაციების დასაგეგმად და განსახორციელებლად. ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა რუსეთის სპეცსამსახურების „საბჭოთა ყაიდაზე“ გადაწყობისთვის, თუმცა გარკვეული სიახლეებიც შეიტანა.

2004 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სპეცსამსახურებში და თავდაცვის სამინისტროში სტრუქტურულ-ადმინისტრაციული რეფორმების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. მაშინ პუტინის ამ სიტყვებს ზოგი მინისტრი სიხარულით, ზოგი კი საკმაოდ დამწუხრებული ელოდა. ცვლილებები სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს “გამსხვილებისა” და მათი ფუნქციების უფრო მეტი ცენტრალიზაციისაკენ იყო მიმართული. მანამდე პუტინის გადაწყვეტილებით ეფ–ეს–ბეს შეუერთდა რუსეთის სასაზღვრო ჯარების სამსახური (რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა, საქართველოს საქმეებში კარგად ჩახედული, ეფ–ეს–ბეს დირექტორის, პატრუშევის, მოადგილე გენერალი პრონიჩევი), გარდა

alada-1718086454.jpg

ვლადიმერ პუტინი და ვლადიმერ პრონიჩევი

ამისა, რუსეთის მეორე სპეცსამსახურიდან „ სამთავრობო კავშირის ფედერალური სააგენტოდან“ ეფ–ეს–ბეს გადაეცა ელექტრონული დაზვერვისა და სპეცკავშირის რამდენიმე მნიშვნელოვანი დანაყოფი. მაშინ ამ სტრუქტურულმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაზარდა გენერალ პატრუშევის გავლენა პუტინის “კარზე”. ამიტომ ძალთა დაბალანსებისათვის პუტინმა დააკმაყოფილა რუსეთის თავდაცვის ძალზე პატივმოყვარე მინისტრის სერგეი ივანოვის ამბიციებიც და მის უწყებას გადასცა სარკინიგზო ჯარები (ასეთიც არსებობდა ჯერ საბჭოთა კავშირში და შემდეგ რუსეთში) და სამხედრო ობიექტების საამშენებლო გიგანტი “სპეცმშენი”. სერიოზული ცვლილებები განხორციელდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურშიც. 2000 წლის მაისში პუტინმა, ევგენი პრიმაკოვის კადრი, ვიაჩესლავ ტრუბნიკოვი გაათავისუფლა დირექტორის პოსტიდან და რუსეთის „მთავარ მზვერავად“ სერგეი ლებედევი დანიშნა, რომელსაც ჯერ კიდევ 80 იანი წლებიდან აღმოსავლეთ გერმანიაში სამსახურებრივი მივლინების დროიდან იცნობდა. ამავდროულად განხორციელდა საგარეო დაზვერვის სამსახურის ფუნქციების კორექტირება : ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება ეფ–ეს–ბეს გადეცა. პარალელურად პრეზიდენტმა პუტინმა თავის ადმინსტრაციაში შექმნა ორი „სამოქალაქო“ სამმართველო, რომელთა ძირითადი ამოცანა რუსული „რბილი ძალის“ ინსტრუმენტებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების „დასავლური გზიდან“ ჩამოცილება და „რუსულ ორბიტაზე“ დაბრუნება–შენარჩუნება იყო და არის.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს“ ძირითადი ამოცანებია ევროპული მიმართულებით საზღვრისპირა თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობა. ამ პროცესში ეს სამმართველო კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას რუსული „რბილი ძალის“ გასავრცელებლად ევროპის ქვეყნებში.

დღეისათვის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში „დასვლური ორიენტაციის“ წინააღმდეგ ღია და ფარული ოპერაციების დასგეგმად პუტინის მთავარი დასაყრდენი არის „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების სამმართველო“. მისი ძირითადი ფუნქციებია: სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რეალიზაციის კონკრეტული გეგმების შემუშავება და პუტინისთვის წარდგენა. მათ შორის: სამიზნე ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირების შერჩევა და კარიერულ წინსვლაში ფარული დახმარება. პუტინის განკარგულებით ეს სამმართველო 2005 წელს შეიქმნა და კადრებით დაკომპლექტებასაც პირადად მომავალი დიქტატორი წყვეტდა. დიდი მკითხაობა არ სჭირდება იმას, თუ რომელი უწყებიდან იყვნენ ამ სამმართველოს ხელმძღვანელები. ვფიქრობ ცუდი არ იქნება, თუ უფრო ახლოს გავიცნობთ იმ რუს ჩინოვნიკებს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდნენ და ახლაც ხელმძღვანელობენ რუსული „რბილი ძალის“ იერიშებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში).

თავდაპირველად „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების სამმართველოს“ ხელმძღვანელოდა „სამხრეებიანი პოლიტოლოგი“ მოდესტ კოლეროვი – ცნობილი „პუტინის პროპაგანდისტი“, რომელსაც "დსთ–ს ქვეყნებში

alada-1-1718086423.jpg

მოდესტ კოლეროვი

რუსული პოლიტიკის რუხ კარდინალსაც" ეძახდნენ. 2007 წელს კოლეროვი სხვა, რუსული საინფორმაციო–ფსიქოლოგიური ომის არანაკლებ მნიშვნელოვანი იარაღის, – საინფორმაციო სააგენტო REGNUM–ის შეფად გადაიყვანეს, სადაც დღესაც „წარმატებით“ მოღვაწეობს. ამჟამად მოდესტ კოლეროვი უკრაინაში რუსეთის აგრესიის პროპაგანდის გავრცელების გამო დასანქცირებულია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, შვეიცარიის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების მიერ. კოლეროვი „სამხრეებიანმა ჟურნალისტმა“, გამოცდილმა მზვერავმა ნიკოლაი ცვეტკოვმა შეცვალა, რომელიც 1986 წლიდან 1996 წლამდე იაპონიაში გაზეთების: „კომსომოლსკაია პრავდასა“ და „როსიას“ საკუთარ კორესპონდენტად მუშაობდა. „ამომავალი მზის ქვეყნის“ შესახებ საინტერესო სტატიების წერა ცვეტკოვს ძირითადი საქმიანობის – საბჭოთა/რუსეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომლის,– საქმიანობის შესანიღბად სჭირდებოდა.

alada-2-1718086402.jpg

ნიკოლაი ცვეტკოვი

2009 წელს რუსეთის ახალმა „პრეზიდენტმა“ მედვედევმა „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების სამმართველოს“ უფროსად „ყოფილი“ მზვერავი სერგეი ვინოკუროვი დანიშნა. ამ პიროვნებასთან ძალზე ბევრი, ხშირად სკანდალური, ფაქტია დაკავშირებული.

დაზვერვის ოფიცერი სერგეი ვინოკუროვი 2004 წლიდან 2007 წლამდე „სამოქალაქო“ საქმიანობით იყო დაკავებული: რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის, მიხაილ ფრადკოვის თანაშემწის პოსტს იკავებდა. მას შემდეგ, რაც პუტინმა ფრადკოვი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორად გადაიყვანა, სერგეი ვინოკუროვი დააწინაურეს და ის „ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების სამმართველოს“ უფროსად დანიშნეს. თუმცა ორი წლის შემდეგ დიდ სკანდალში გაეხვა: ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკების „საპრეზიდენტო არჩევნებში“ „კრემლის" მხარდაჭერილი კანდიდატების წარუმატებლობა მას დაბრალდა და ამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. სად გადაიყვანეს? ამას ქვემოთ გაიგებთ და ნამდვილად გაოცდებით.

alada3-1718086380.jpg

სერგეი ვინოკუროვი

2011 წლის შემოდგომაზე ს. ვინოკუროვმა „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად“ ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურა წარუდგინა „კრემლს“. შექებაც არ დაიშურა და „კრემლის“ კაბინეტებში „სულ ჩვენი კაცია“ იძახა. უფრო მეტიც მან დაარწმუნა „პრეზიდენტი“ მედვედევი ანატოლი ბიბილოვს შეხვედროდა. მართლაც 2011 წლის 21 ნოემბერს ვლადიკავკაზში მედვედევი ბიბილოვს შეხვდა, აქო და ადიდა „მომავალი პრეზიდენტი“: „რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ ოსეთის სათავეში ეფექტური ლიდერი დაინახოს“, "თქვენ აქტიურად მუშაობთ ჩვენს ბიჭებთან და წყვეტთ ძალიან რთულ პრობლემებს" და ა.შ.

alada-3-1718086347.jpg

არც ერთი იყო პრეზიდეტობის კანდიდატი და არც მეორე – პრეზიდენტი. ორივე პუტინის მარიონეტები იყვნენ და ასეთებად დარჩნენ.

ოკუპირებულ ცხინვალში კი მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა: „კრემლის ჯილას“ ანატოლი ბიბილოვს „პრეზიდენტობის“ სხვა კანდიდატმა ალა ჯიოევამ „მოუხაზა“ და „ცხინვალის პრეზიდენტიც“ გახდა . . . .. . რამდენიმე საათით. შემდეგ კი დაიწყო სეპარატისტების შიდა ორომტრიალი. ე.წ. „რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ“ კენჭისყრის შედეგები გააუქმა, ჯიოევას მხარდამჭერების პროტესტი კინაღამ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხოლო „პრეზიდენტის არჩევნების“ შედეგები გააუქმეს. 2012 წელს ჩატარდა განმეორებითი „არჩევნები“, რომელიც გაიმარჯვა ლეონიდ თიბილოვმა. ალა ჯიოევას კი „ვიცე-პრემიერის“ პოსტი უბოძეს.

ანალოგიური „იაღლიში“ მოუვიდა სერგეი ვინოკუროვს ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკების „საპრეზიდენტო არჩევნებშიც. „კრემლმა“ ვინოკუროვის რეკომენდაციით, ღიად დაუჭირა მხარი იქაური „პარლამენტის სპიკერს“ ანატოლი კამინსკის. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი პირადად ჩაება კამინსკის მხარდამჭერ საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კამინსკის პოლიტიკური, ფინანსური და საინფორმაციო მხარდაჭერის მიუხედავად, 2011 წლის დეკემბერში „დნესტრისპირეთის პრეზიდენტად“ აირჩიეს ოპოზიციონერი ევგენი შევჩუკი, რომელსაც მოსკოვი ყველაზე მეტად აკრიტიკებდა.

ამ სკანდალების შემდეგ „პრეზიდენტმა“ მედვედევმა 2012 წლის გაზაფხულზე სერგეი ვინოკუროვი გაათავისუფლა დაკავებული პოსტიდან და „ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების სამმართველოს“ უფროსად საგარეო დაზვერვის ვეტერანი, გენერალი ვლადიმერ ჩერნოვი დანიშნა. სერგეი ვინოკუროვი კი დიდხანს არ ყოფილა უმუშევარი: 2012 წლის ზაფხულში მას მხსნელად კვლავ მიხეილ ფრადკოვი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მაშინდელი დირექტორი მოევლინა და შერცხვენილი „სამხრეებიანი პოლიტტექნოლოგი“ მოადგილედ წაიყვანა.

(მეორე ნაწილის დასასრული)