მარინ ლე პენი: ქალი, რომელიც ევროპას აშინებს - პოლიტიკური "მიწისძვრა" საფრანგეთში და პარტიიდან გაგდებული საკუთარი მამა
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია დამარცხდა და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ხმების 30 % მოიპოვა. როგორც ჩანს, ეს სრულიად მოულოდნელი იყო ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ მაკრონისთვის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დაითხოვა პარლამენტი და საკანონმდებლო ორგანოს ახალი არჩევნები თვის ბოლოსთვის გამოაცხადა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შედეგები კატასტროფა იყო მისი მთავრობისთვის და განაცხადა, რომ ქვედაპალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი - 7 ივლისს ჩატარდება.
”ეს არის სერიოზული, მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნდობის აქტი”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ენდობა "ფრანგების შესაძლებლობებს, გააკეთონ საუკეთესო არჩევანი მათთვის და მომავალი თაობებისთვის".
საინტერესოა, ვინ არის მარინ ლე პენი, რომელმაც ხმების უმრავლესობა მოიპოვა.
ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი 2012 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, მაგრამ პირველივე ტურში მესამე ადგილი დაიკავა. მარცხის მიუხედავად, ის კიდევ მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა 2017 წელს, მეორე ტურში, ემანუელ მაკრონთან დამარცხდა. ის საფრანგეთის პრეზიდენტთან საარჩევნო ჭიდილში მეორე ტურში დამარცხდა 2022 წელსაც.
მარინ ლე პენი 1968 წლის 5 აგვისტოს საფრანგეთში, პოლიტიკოსის ოჯახში დაიბადა. მამამისი პარტია „ნაციონალური ფრონტის“ (დღევანდელი "ეროვნული გაერთიანების") ლიდერი გახლდათ. მარინ ლე პენს 2 და ჰყავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი პოლიტიკოსის მშობლები ჯერ კიდევ 1987 წელს განქორწინდნენ, როგორც ლე პენის დედა აღნიშნავდა, პოლიტიკოსი მეუღლე მას ამცირებდა. ქმრისთვის სამაგიერო რომ გადაეხადა, პერეტ ლალანმა ჟურნალ „ფლეიბოისთვის“ გადაიღო.
8 წლის ასაკში მარინ ლე პენი მამაზე თავდასხმას შეესწრო, ეს თავდასხმა კი მაშინ პრესაში „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ტერაქტად“ დაასახელეს.
გოგონას არ ჰქონია მარტივი ბავშვობა, ის ლიცეუმში სწავლობდა, სადაც მასწავლებლები მამის გამო დასცინოდნენ.
წლების შემდეგ ლე პენი ავტობიოგრაფიაში წერდა: „გავაცნობიერე - À contre flots - რომ ლე პენის შვილად ყოფნა ნიშნავს, შეეჯახო უსამართლო სამყაროს, სამყაროს, სადაც უნდა დავიცვა საკუთარი თავიც და მამაჩემიც, სწავლის პერიოდშიც კი“.
18 წლის გოგონა ჟან-მარი ლე პენილ მამის პარტიის წევრი გახდა, რომელიც 80-იან წლებში დიდი წარმატებით სარგებლობდა. არჩევნების შემდეგ პარტიამ პარლამენტში 35 ადგილი მოიპოვა. მოგვიანებით ის წერდა, - ვამაყობ, რომ მამის გვერდით ვარ... ელექტორალური წარმატება და მედიის ინტერესი იყო იმის დასტური, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდითო.
ლიცეუმის დასრულების შემდეგ მარინმა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და სამართალში მაგისტრის დიპლომიც მიიღო. მან ადვოკატის სერტიფიკატიც მოიპოვა.
როგორც კოლეგები აღნიშნავენ, ის „ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადვოკატი იყო“.
ლე პენი პირველად არჩევნებში 1993 წელს ჩაერთო. მაშინ მან მესამე ადგილი დაიკავა. 1998 წელს მამის პარტიაში იურიდიული განყოფილება შექმნა და იქ გადავიდა სამუშაოდ. 2011 წელს მარინი „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერად აირჩიეს. ამ თანამდებობას 38 წლის განმავლობაში მამამისი იკავებდა. 2004 წლიდან მარინი ევროპარლამენტის დეპუტატია.
2014 წლის 25 მაისს მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით „ეროვნულმა გაერთიანებამ“ საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. საფრანგეთის ისტორიაში პირველად ულტრამემარჯვენეებმა პირველი ადგილი დაიკავეს. პრესაში ეს შემთხვევა მაშინ „პოლიტიკურ მიწისძვრად“ შეაფასეს.
მარინ ლე პენი საპრეზიდენტი არჩევნებშიც ჩაერთო, თუმცა დამარცხდა, 2022 წელს კი როცა ემანუელ მაკრონის პარტიამ 58,55% აიღო, მარინმა აღიარა დამარცხება და განაცხადა:
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაგვიჭირა პირველ ტურში და მეორე ტურშიც შემოგვიერთდა... არაფერს ვნანობ. ეს მარცხი არ მიშლის ხელს იმაში, რომ იმედი მქონდეს“, - აღნიშნა მაშინ დამარცხებულმა ლე პენმა.
როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, საფრანგეთის მილიონობით მოქალაქეს, რომელთაც ხმა მას მისცეს, ამით ცვლილებების სურვილი დაადასტურეს. ის დარწმუნებული იყო, რომ მისი იდეების ასეთი მასობრივი მხარდაჭერა უკვე ნიშნავდა გამარჯვებას.
მარინ ლე პენი და სკანდალები
მარინ ლე პენის სკანდალიც და წარმატებაც, როგორც ჩანს, მამამისს, პოლიტიკოს ჟან-მარი ლე პენს უკავშირდა. ამბავი 2015 წელს მოხდა, როცა პარტიის განაწყვეტილებით ჟან-მარი თავისივე პარტიიდან გააძევეს. ეს მის შეხედულებებს უკავშირდება. როგორც ჟან-მარიმ ერთხელ აღნიშნა: „ნაცისტების გაზის კამერები მეორე მსოფლიო ომის მხოლოდ დეტალი იყო“. მაშინ მარინმა განაცხადა, რომ მამამისს აღარ ჰქონდა უფლება პარტიის სახელით ესაუბრა. ჟან-მარიმ კი შვილს ურჩია მეუღლის გვარზე გადასულიყო...
აღსანიშნავია, რომ მარინ ლე პენის წინააღმდეგ სასამართლოსაც მიმართეს, პოლიტიკოსს მუსლიმანთა მიმართ დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ, მას 2015 წელს ბრალდება მოეხსნა.
პირადი ცხოვრება
მარინ ლეპენი ორჯერ არის დაოჯახებული. პირველი ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს. 2002 წელს ის პირველ მეუღლესთან განქორწინდა და მეორეჯერ ერიკ იორიოზე იქორწინა, თუმცა მათი ქორწინებაც მალე დასრულდა.
ლე პენის პოლიტიკური შეხედულებები
როგორც ცნობილია, ფრანგი პოლიტიკოსი დიდ სიმპათიას გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ. ის მომხრეა, რომ ქვეყანას რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს. ლე პენმა რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის აუცილებლობაც აღნიშნა. ულტრამემარჯვენე ლიდერმა ისიც კი თქვა, რომ 2014 წელს ოკუპირებულ ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმი არავითარ კითხვას არ იწვევდა და ლეგიტიმური იყო.
მარინ ლე პენმა ამ თემაზე სატელევიზიო არხ BFMTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 2017 წელს ისაუბრა:
"აბსოლუტურად არ მიმაჩნია, რომ ეს უკანონო ანექსია იყო: რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც ყირიმის მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ მათ რუსეთთან მიერთება სურთ", - განაცხადა მაშინ პოლიტიკოსმა.
2017 წელს ის მოსკოვშიც იმყოფებოდა და ვლადიმერ პუტინს ეწვია. აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი რუსეთის პრეზიდენტის სიმპათიით სარგებლობდა.
2022 წელს კი ის აღნიშნავდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთი ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობას დატოვებდა, თუმცა ალიანსის წესდების მეხუთე მუხლზე უარს არ იტყოდა.
„მე ვიმეორებ ამას ორაზროვნების გარეშე, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მე დავტოვებ ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობას, თუმცა არ ვიტყვი უარს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე – ზუსტად ისე, როგორც ეს იყო 2009 წლამდე“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
ულტრამემარჯვენე კანდიდატი აცხადებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, მას ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობების დაახლოება სურს.
„როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და დარეგულირდება სამშვიდობო შეთანხმებით, მე მოვუწოდებ ნატო-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული დაახლოების განხორციელებისკენ, როგორც ეს ოდესღაც განიხილებოდა. ეს არის საფრანგეთისა და ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში“, - განაცხადა მაშინ მარინ ლე პენმა.