შეიძენს თუ არა ქართული სახელმწიფო იოანე ზოსიმეს ხელნაწერს, რომელიც Christie's აუქციონზე მილიონად იყიდება - "საქმის კურსშია პრემიერიც და განათლებისა და კულტურის მინისტრებიც" - კვირის პალიტრა

შეიძენს თუ არა ქართული სახელმწიფო იოანე ზოსიმეს ხელნაწერს, რომელიც Christie's აუქციონზე მილიონად იყიდება - "საქმის კურსშია პრემიერიც და განათლებისა და კულტურის მინისტრებიც"

„სახელმწიფოს უდიდესი სურვილია ეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახებოდეს“

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლონდონის Christie's აუქციონზე უძველესი ქართული ხელნაწერი იყიდება. მისი ფასი ფასი 1, 000 000 - 1, 500 000 გირვანქა სტერლინგია. უძველესი ხელნაწერის ქვედა ფენა V-VII საუკუნით თარიღდება, მისი ზედა ფენა კი 979 წელს იოანე ზოსიმეს მიერაა ხელმოწერილი. ტექსტი სინაის მთის (ეგვიპტე) კოდექსს (პალიმფსესტს) წარმოადგენს არამეულ და ქართულ ენაზე.

“ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე დაწერილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფრაგმენტი, რომელიც აუქციონზე ოდესმე გამოუტანიათ. ხელნაწერი დაწერილია დასავლეთ არამეულ დიალექტზე, რომელსაც იყენებდა მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში, V-XIII საუკუნეებში და შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტში და ხელნაწერში", - ნათქვამია ხელნაწერის აღწერაში.

ხელნაწერი იყიდება მარტინ შოენის კოლექციიდან.

თაკო ჭოხონელიძე, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე:

- ბატონი ზაზა აბაშიძის ინიციატივა იყო და სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, ეს ხელნაწერი ჩვენმა ქვეყანამ შეიძინოს. როგორც კი ამის შესახებ შევიტყვეთ, ბატონმა ზაზამ პრემიერს, კულტურის და განათლების მინისტრებს მისწერა, მათი დაინტერესებაც ძალიან დიდია. უდიდესი სურვილია, ეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახებოდეს, როგორ წარიმართება აუქციონის პროცედურები, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული.

გიორგი სისაური, არტისტი, კალიგრაფი, მწერალი, მხატვარი, პოეტი, ხელოვნებათმცოდნე:

- ეს უდიდესი იშვიათობა. სამწუხარო იქნება, თუ ეს კოდექსი კვლავ კერძო კოლექციის ნაწილად იქცევა... ეს ერთ-ერთი ძალიან ღირებული ხელნაწერია. იოანე ზოსიმეა იმ პერიოდის ყველაზე აქტიური კალიგრაფი.

(სპეციალურად საიტისთვის)