როგორ „აცხობენ“ იმერულ კეცებს ტობანიერში - კვირის პალიტრა

როგორ „აცხობენ“ იმერულ კეცებს ტობანიერში

იმერული კეცის ოსტატ მამუკა ხელაძეს ვანის მუნიციპალიტეტში კარგად იცნობენ. ის სოფელ ტობანიერიდან გახლავთ და კეცებს ამზადებს წინაპრების ტექნოლოგიით. ამ ტრადიციულ ხელობას ოჯახთან ერთად დღემდე მისდევს.

კეცი მრგვალი, დაბალგვერდებიანი თიხის ჭურჭელია, რომელშიც აცხობენ მჭადს, პურს ან სხვადასხვა კერძს ამზადებენ. შესანიშნავია კეცზე შემწვარი სოკო, წიწილა, ხაჭაპური, მწვადი. ეს ჭურჭელი ისტორიულად ქართული ყოფა-ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

სხვადასხვა მხარეში არსებობდა კეცის სხვადასხვა ნაირსახეობა და ცოდნა მისი შექმნის ტექნოლოგიის შესახებ. კეცი ორი სხვადასხვა მასალისგან მზადდება. გურიაში მას ქვისგან თლიდნენ, იმერეთის მაღალმთიან სოფლებში კი უძველესი ტექნოლოგიით, თიხისგან ამზადებენ. ქვისა და თიხის კეცი ერთმანეთისგან ზომითა და თერმორეგულაციით განსხვავდება. კეცი თანაბრად ანაწილებს სითბოს, ამიტომაც აქვს მასში მომზადებულ კერძს გამორჩეულად კარგი გემო. დროთა განმავლობაში კეცში მომზადებული კერძების არჩევანი გამრავალფეროვნდა, მათ შორის გამორჩეულია შქმერული კეცზე.

8bf849d4-bd9a-4e20-85e9-dfb997c0e403-1718109223.jpg

კეცი უმეტესად თიხისგან მზადდება და მისი სიღრმე 5-7 სანტიმეტრია. თუმცა ოდითგან არსებობდა დიდი და პატარა კეცები, რაც ოჯახის წევრთა რაოდენობითა და გამოსაცხობი მჭადის საჭიროებით განისაზღვრებოდა. კეცის ნაირსახეობა იყო ასევე შეხურვილი კეცი (ყურებიანი).

ადგილობრივი რეწვის ოსტატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ოდითგანვე ჰყავდა. საბედნიეროდ, ეს საქმე დღესაც ცოცხლობს, მაგრამ ოსტატთა რიცხვი სულ უფრო იკლებს, ხოლო ახალგაზრდა თაობა ნაკლებად ინტერესდება.

მამუკა ხელაძე:

- ვანის რაიონის სოფელ ტობანიერში 800-მდე კომლი ცხოვრობს. ხალხი სხვადასხვა საქმითაა დაკავებული, ჩემს ოჯახში კი ეს ხელობა დედაჩემმა იცოდა და ამის კეთება 30 წლის წინ დავიწყეთ, როცა 90-იანი წლები იყო და ცხოვრება ჭირდა. დედა ვანის რაიონის სოფელ რომანეთიდან იყო და იქ ჰქონდა ეს საქმე ნასწავლი. ახლა მე და ჩემი ოჯახობა ვართ ამ საქმეში ჩართული. შვილი ქუთაისში მუშაობს.

მაშინ დედის გვერდით მხოლოდ მე ვიყავი და ერთად ვმუშაობდით. ვარციხესა და ქუთაისშიც აკეთებენ იმერულ კეცს. სახელწოდება `იმერული~ მის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს, ანუ რა ნედლეულით მზადდება.

b1e1e322-4799-4b07-abd2-79b6dcf52778-1718109222.jpg

- რა არის საჭირო იმერული კეცის დასამზადებლად?

- თიხას კარგად უნდა მოზელა. 15 წლის წინ ელექტროსაზელით ვზელდი, მერე სამფაზიანი დენის გამოყენება აიკრძალა და ფეხით ვზელთ.

- თიხა, რომლისგანაც კეცებს ამზადებთ, სად მოიპოვება?

- ადგილობრივია. ერთი მოტანა თხილაგანში (ჩოხატაურის რაიონი) ვიყიდე, მაგრამ ჩვენთან რაც არის, იმისგან დიდად განსხვავებული არ აღმოჩნდა. საერთოდ, ეგ თიხა წითელი წებოვანი მიწაა და კეცის დამზადებისას მას მდინარის სილა ერევა.

როგორც ბატონ მამუკასგან შევიტყვეთ, კეცისთვის საჭირო თიხა, რომელსაც `ჭინჭიბურას~ უწოდებენ, თიხისმაგვარი ერთგვაროვანი წებოვანი მიწაა, რომელიც საგულდაგულოდ ხარისხდება, რათა სხვა მიწა არ შეერიოს. მას დიდი სიფრთხილით აშრობენ, რის შემდეგაც მიწა რამდენიმე დღით წყლიან ჭურჭელში გადააქვთ დასალბობად. დამბალ მიწაში ურევენ ადგილობრივ სილას, პროპორციით 3/2-ზე - 3 ვედრო კეცის მიწა 2 ვედრო სილაზე. კარგად შეზავებული მიწით გამოჰყავთ სასურველი ზომის კეცი, რომელიც 10 დღის განმავლობაში შრება. ბოლო ეტაპი კეცის გამოწვაა სრულ მზაობამდე...

- წებოვანი მიწის გამოშრობას დიდი დრო უნდა?

- ის უნდა გახმეს, რაც ამინდზეა დამოკიდებული... შემდეგ დამბალ თიხაში სილა ერევა, იზილება და იმ მასისგან კეთდება კეცი. გაშრობის შემდეგ კეცი ქურაში იწვება, სპეციალურ ბუხარში. გამოწვასაც დრო სჭირდება. კარგად რომ შეწითლდება კეცები, ეს მიანიშნებს, რომ მზადაა.

იმერეთში კეცს უმეტესად ნეშოიანი მჭადის გამოსაცხობად იყენებენ. რაც შეეხება ნეშოს, შქერის ნეშო საოცარ არომატს აძლევს მჭადს. მას სპეციალურად კრეფენ. კაკლის ფოთოლიც შეიძლება, მაგრამ სიმწარეს აძლევსო.

კეცი არის სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების - ხაჭაპურის, მჭადის, დიდი წიწილის შესაწვავად. სხვადასხვა კერძს სხვადასხვა ზომის კეცი სჭირდება...

9e5b3747-8be5-482f-82b7-596607691715-1718109223.jpg

- სად ყიდით თქვენს ნამუშევრებს?

- პარასკევსა და კვირას ადგილობრივ ბაზარზე ვარ. ვამარაგებთ ასევე დარბაზებს, რესტორნებსა და ვისაც ოჯახში კეცი სჭირდება. ძირითადი მყიდველი ესენი არიან. იმდენი წელია ამას ვაკეთებ, ცოტა კი ვარ დაღლილი, მაგრამ საქმე მიყვარს და ვერ ვეშვები.

- ალბათ, მეუღლე გეხმარებათ.

- დიახ. ჩემმა ბიჭმა სხვა ხელობა ისწავლა და თავისი საამქრო აქვს. გოგონაც გათხოვილია. ამიტომ მე და ჩემი მეუღლე ვშრომობთ. საქმეს ადრიანად ვიწყებთ. მერე ვისვენებთ, თუმცა სოფელში დასვენება არ გამოდის. გვყავს ხუთი სული საქონელი, ქათმები, საოჯახო მეურნეობას ვუვლით. გვაქვს ტალავერი, სადაც ცოლიკაურის ჯიშის ყურძენია გაშვებული. კარტოფილსაც ვთესავ, მოკლედ, ჩვენი ოჯახის სამყოფი ყველაფერი მოგვყავს.

- რას გეუბნებოდათ დედა, როცა გასწავლათ და მასთან ერთად დაიწყეთ ეს საქმე?

- მანამდე სამტრედიის რაიონში მშენებლობაზე ვმუშაობდი, როცა შეწყდა სამუშაო, იმხანად დედაჩემი მეზობლობაში აკეთებდა კეცებს. მოდი, ერთად დავიწყოთ ეგ საქმე-მეთქი, ვუთხარი და დავიწყეთ. მაშინ ჯერ კიდევ რუსული ფული იყო და ჩვენი 1 კეცი 1 მანეთი ღირდა. მერე 2 მანეთად ვყიდდით, ასე ვარჩინე ოჯახი წლების განმავლობაში და გავზარდე ბავშვები. მერე კუპონები შემოვიდა, კუპონებზეც ვყიდდით, ახლა ლარებში ვყიდით - 3 ლარად მიაქვთ ჩემი კეცი. ფასს მეტად ვერ ვზრდი, მეცოდება ხალხი, ჭირს ცხოვრება და ბევრს ფული არა აქვს. ერთი ის არის, რომ მდინარეზე სილას ვერ ვიღებ, ვყიდულობ. 3 კუბს 10 ლარი უნდა, მაგრამ უსაშველო თანხაც არ არის, ვუმკლავდები.

9d048a73-e2dd-4d43-92c2-e577112a03e9-1718109223.jpg

- კეცში გამომცხვარ მჭადს სხვა გემო აქვსო, ამბობენ...

- კეცის მჭადს ტყის ნეშოს ფოთოლს უფენენ, ზემოდან მჭადს დებენ, მერე ისევ ნეშოს და ასე. კეცი კეცზე ეწყობა და მართლა გემრიელი მჭადები ცხვება.

- ბატონო მამუკა, არასდროს გიფიქრიათ სოფლის დატოვებაზე? მით უფრო, რომ ქალაქად თუ ემიგრაციაში ამდენი ადამიანია წასული.

- არასდროს. დედ-მამა აქ მყავს დამარხული და სად უნდა წავიდე, უკვე 62 წლის კაცი ვარ. ამაზე ადრეც არ მიფიქრია. ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე, შეუძლებელია აქაურობა დავტოვო და სხვაგან გადავსახლდე. ჩვენი სოფლიდან კი ახალგაზრდები მიდიან. აგერ, მაგიდა მაქვს გაკეთებული და იქ საქმისგან დაღლილები ორი კაცი თუ ჩამოვსხდებით.

სოფელი რომ ცოტავდება, არ არის კარგი ამბავი. კოპიტნარის აეროდრომი გადაჭედილია, მიდის ხალხი ქვეყნიდან. ბავშვები ტირიან, დედა ენატრებათ... ჩემი აზრით, ჯობია აქ ვიყოთ, ვიწვალოთ, ვიშრომოთ ჩვენს ქვეყანაში. ადამიანი სახლ-კარს რომ დატოვებს, მის ეზოს მაშინვე დაეტყობა ხოლმე.

- არ მოსულან ახალგაზრდები, რომლებიც ამ ხელობით დაინტერესდებიან?

- არა, ასეთი არავინ მოსულა. ეტყობა, ინტერესი არა აქვთ. შრომატევადი საქმეა: თიხას გამოწვას დრო უნდა, კეცი უცებ არ კეთდება. არადა, თიხა გამოუწვავად რომ გაყიდო, არ ვარგა. ჰოდა, ამხელა საქმის ასე ხანგრძლივად კეთებაც, ალბათ, უკან სწევს ინტერესს.

P.S. ოსტატი მამუკა ხელაძის ოჯახი ერთადერთია ვანის მუნიციპალიტეტში, ვინც ამ კარგ საქმეს ემსახურება. აქაურ კეცზე დიდი მოთხოვნაა და ოსტატიც ცდილობს მომხმარებელი დააკმაყოფილოს.