ჟოლოს ღვინო - მართლა ღვინო - კვირის პალიტრა

ჟოლოს ღვინო - მართლა ღვინო

ჟოლოს ღვინო მასობრივად არ იწარმოება, თუმცა საქართველოში მის დაყენებას ცდილობენ. "ვინც კი ხილის ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს, არა ყურძნისეულს, მათ პროდუქტს დოკუმენტურად, ლაბორატორიულად, "ღვინო" არ ჰქვია, ჩვენ კი განსაკუთრებულ შედეგთან გვაქვს საქმე. ლაბორატორიის დასკვნით, ჩვენი პროდუქტი ღვინოა და თუ რატომ არის ნამდვილი ღვინო, ამას მეც მოგახსენებთ და დოკუმენტსაც წარმოგიდგეთ", - გვეუბნება მიხეილ ვაშაკიძე, ფსიქოლოგი და იურისტი. ის და მისი ბიძაშვილი იოსებ გამიზარდაშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტში წინაპრების მამულს დაუბრუნდნენ და მეურნეობას მიჰყვეს ხელი.

iosebi-marcxniv-da-mixeili-1718110513.jpg

მიხეილ ვაშაკიძე:

- ჩვენს ოჯახურ მეღვინეობას დიდი ხნის ისტორია აქვს, 60 წლის უიშვიათესი ვენახი გვაქვს - ოცხანური საფერე, ციცქა - უძველესი იმერული ჯიშები. ამ საოცარ იმერულ ღვინოებს ჟოლოს ღვინო შევმატეთ სოფელ ღვანკითში, თერჯოლასთან.

- როგორ დაიწყეთ ეს საქმე?

- სოსო გამიზარდაშვილი ჩემი ბიძაშვილია, ორივე დიდი კომპანიის გაყიდვების თანამშრომლები ვიყავით. პანდემიამ ყველაფერი გააჩერა და სოფლად წასვლა გადავწყვიტეთ. სოსო ვაკელია, მე - ვერელი, მაგრამ იმერეთში ფუძე გვაქვს, სადაც არ დავიზარეთ და ყველაფერი გავაცოცხლეთ. მეხუთე წელია, სოსო თბილისიდან ოჯახით, ოთხი შვილით წამოვიდა. მერე სახელმწიფო პროგრამით "აწარმოე საქართველოში" მცირედი გრანტი მივიღეთ და 15 ათასი ლარით ჟოლოს პლანტაცია გავაშენეთ. ეს პროგრამა მოგვეხმარა - მოგვცა ბოძები და გასაჭიმი მავთული. ნერგების ძიება ჩვენით დავიწყეთ და სანამ "კაროლინამდე" მივიდოდით, სხვა ორი ჯიში შევცვალეთ. რთული დრო გავიარეთ - ორი წლის წინ დიდი გვალვა იყო, ყურძენიც კი მოკლა. ამან გვიბიძგა მოგვეძებნა გზები ჟოლოს ნერგების გადასარჩენად.

ხაორი (არხი), რომელიც რიგებს შორის გავიყვანეთ, ხელით გავთხარეთ, რათა წყალი ჟოლოს ძირებში არ დაგროვებულიყო და არ დაელპო. წყალი ამის შემდეგ თავისუფლად გადიოდა.

- ანუ რიგიდან ჩამოდენილი სითხე არხებით გადიოდა, რათა ფესვში არ ჩამდგარიყო.

- კი, გასადინარი თუ არა აქვს, მცენარის ფესვი "იხარშება" და კვდება. იმ წელს დიდი ზარალი ნახა ჟოლოს წარმოებამ, ჩვენი კი გადარჩა.

ჟოლო ღვანკითში დავრგეთ, ჩემს სოფელში, ჯიხაიშში კი ნიადაგის სპეციალისტებმა თქვეს, გაუჭირდებაო. ჯიხაიშში კარგად მოდის უეკლო მაყვალი და მის გაშენებას ვაპირებთ, ვენახის საზრუნავს კი ჟოლოს კულტურა დაემატა.

0ae11dce-17ea-4b4a-9c92-3573b9a98b1d-1718110513.jpg

- ღვინო პირველივე მოსავლით დააყენეთ? როგორ მოვიდა ეს იდეა?

- მოსავლის მიღებამდე გვქონდა იდეა - ძიებაში ვიყავით, ჟოლოს, როგორც ყურძენს, როგორ დაეწყო დუღილი ისე, რომ არ დამატებულიყო მასში სპირტი, წყალი და ა.შ. მოკლედ, ეს ყველაფერი მოსავლის მიღებამდე ბევრად ადრე გადავწყვიტეთ. სოფელში წამოსვლა, აქ საქმიანობა და ჟოლოს ღვინის დაყენებაც მაშინ დავგეგმეთ. ჟოლო თითქმის 1 ჰექტარზეა გაშენებული.

ჩვენთან პოპულარული ჟოლოს ორი ჯიშია: "კაროლინა" და "ბრილიანტი". კარალეთში დიდი სანერგეები აქვთ და ერთმა ფერმერმა ერთი ჯიში მეორით ჩაგვინაცვლა. "კაროლინამ" კარგად იხარა და დიდი მოსავალი მოგვცა. ყურძენს ერთი მოსავალი აქვს, მოკრეფ და მორჩა, ჟოლოსი კი 40 დღეს გრძელდება, ყოველ ხუთ დღეში ისხამს.

- ყველაფერს თქვენ აკეთებთ?

- აბსოლუტურად ყველაფერს. სოფლის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ფული არა აქვს, შევთავაზეთ, გადაგიხდით და დაგვეხმარეთ-მეთქი, მაგრამ წაიბუზღუნეს. ავდექით და თვითონ დავკრიფეთ. როცა ღვინისთვის ჟოლოს ჭყლეტა უნდა დაგვეწყო, ვინაიდან პარალელურად სახლსაც ვაშენებთ, კრედიტი ავიღეთ. მოკლედ, ჭყლეტაზე მეგობარი თეო დავიხმარეთ, რომელიც თბილისიდან შვილებთან ერთად ჩამოვიდა. სანამ ჩვენ ბეტონს ვზელდით, ის წურავდა.

- რაში დაწურეთ?

- შუშის ბოცებში იწურება და არა ქვევრში ან თიხის ჭურჭელში, ანუ ისე არა, როგორც ღვინო იწურება. დაწურულ ჟოლოს შემდეგ დაემატა ბიობაქტერია, რომელმაც დუღილი დააწყებინა და ჟოლოს წვენი ასე იქცა ჩვეულებრივ ღვინოდ. შემდეგ გავფილტრეთ. ისეთი პროდუქტია, ერთხელ რომ დალევთ, მერე ფიქრობთ, მეორედ როდის დააგემოვნოთ. ბოკალი რომ აიღოთ და როგორც სომელიემ, საათის ისრის საწინააღმდეგოდ დაატრიალოთ, ისეთ ბუკეტს შეისუნთქავთ, თავი ჟოლოს ბაღში გეგონებათ.

- რა დროა საჭირო დაწურვიდან ღვინოდ ქცევამდე?

- ორიდან სამ კვირამდე. ერთმა ცნობილმა სომელიემ ჩვენი ჟოლოს ღვინო რომ გასინჯა, ფეხზე წამოდგა, ეს როგორ შეძელითო?!

წლევანდელი მოსავლით უკვე ოთხი მიმართულებით ვიწყებთ პროდუქტის შექმნას. ერთი იქნება ის, რასაც ჩვეულებრივად ვაკეთებთ, მეორე გაუფილტრავი, შემდეგ პეტნაკი - მსუბუქად დაგაზული და ცქრიალა - შამპანურის სტილში.

- სიდრზე რას იტყვით?

- მსოფლიოში არსებობს ჟოლოს ღვინოები, მათ შორის, ქართულიც. უმეტეს შემთხვევაში ღვინოს მხოლოდ ეტიკეტს აწერენ, მაგრამ ლაბორატორიულად და რეალურად ყველა ღვინო არ არის, ჩვენი ღვინო კი ლაბორატორიულად ღვინოა. გვაქვს ღვინის ეროვნული ლაბორატორიის ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პროდუქტი ჟოლოს ღვინოა.

- კიდევ გსურთ ჟოლოს რაოდენობის გაზრდა?

- წლეულს პლანტაცია ისეთი ყოჩაღია, დაახლოებით 10 ათას ბოთლს მოგვცემს, კიდევ დავამატებთ. ისეთ პროდუქტს შევიძენთ, რომელშიც ბიოლოგიური დანამატები არ იქნება. ამისთვის ვალის აღება მოგვიწევს, მაგრამ არა უშავს, მთავარია, ბორბალი გადავაგოროთ. ჩვენი ღვინით მსხვილი ღვინის კომპანია დაინტერესდა, ევროპაში სურთ გატანა.

- თვით კულტურა როგორი მოსავლელია?

- ყოველდღიური მოფერება სჭირდება. სარეველა უნდა მოაშორო, მუდმივად დაათვალიერო, რამე ხომ არ აწუხებს. ჟოლოსთან ჩამოვჯდები ხოლმე და ვესაუბრები. სხვანაირად არ გამოვა.

სანამ ჟოლოს ღვინის დაწურვას დავიწყებთ, ოცხანური საფერე, ციცქა, ცოლიკაური, ხვანჭკარა გვაქვს. მათი ბოთლებში ჩამოსხმა აქ ჩამოსვლის მერე დავიწყეთ. გამორჩეულია ოცხანური საფერე. ბუნებრივი სიმჟავე დაჰყვება - აქაურობა ამისთვის სპეციალური მიკროზონაა. აქ თუ არ შეიქმნა, არ გამოდის.

- თბილისელი ხალხი უკვე კარგად შეეგუეთ იმერულ გარემოს?

- მამებმა და ბაბუებმა გაგვიღვივეს ამ ყველაფრის სიყვარული. ეს იყო ჩვენი ქვეცნობიერის ოცნება, რომელიც ახდა.

ახლა გვინდა სოფელში კულინარიული და გასტრონომიული მიმართულებებიც განვავითაროთ. ჩემი სახლი ჯიხაიშში რეგიონში უძველესია - იმერული ოდა ულურსმნოდ არის აშენებული. ამის რესტავრაციასაც ვუძღვები და მინდა ტურისტი რომ მოვა, ნახოს სამსაუკუნოვანი სახლი. გვაქვს ასევე ჩემი დიდი ბაბუის ჩაყრილი ძველი ჭურები. ღვინოს დალევენ, იმერული ხაჭაპურით ისიამოვნებენ და ბევრ რამეს შეიტყობენ ჩვენი კუთხის შესახებ.