ერდოღანის დივნით დაწყებული დაპირისპირება - მტრობა შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის: ვის რა თანამდებობები სურს ევროკავშირში? - კვირის პალიტრა

ერდოღანის დივნით დაწყებული დაპირისპირება - მტრობა შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის: ვის რა თანამდებობები სურს ევროკავშირში?

როგორც ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 12 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის ორი ცნობადი სახე - შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი - ერთმანეთის მიმართ მტრობას აგრძელებენ: „შარლ მიშელი ცდილობს, ხელი შეუშალოს ურსულა ფონ დერ ლაიენს და სურს, რომ მას ევროკავშირის ლიდერთა სხდომებში მონაწილეობა აეკრძალოს“ - ასეთი სათაური აქვს პუბლიკაციას (ავტორი - ჯო ბარნსი), რომელშიც ორი ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსის მეტოქეობის ზოგიერთი საინტერესო მომენტია ასახული.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

„შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ცდილობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს იმ უმაღლესი დონის მოლაპარაკებებში მონაწილეობა აეკრძალოს, რომლებზეც მისი სამომავლო ბედი იქნება გადაწყვეტილი - დარჩება თუ არა გერმანელი ქალბატონი ევროკომისიის პრეზიდენტად ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ.

ეს სულ ახალი მომენტია შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის დიდი ხნის დაპირისპირებაში, რომელიც ამ წყვილის ურთიერთობაში ხუთი წელია, შეიმჩნევა, ევროკავშირის საჭესთან დგომის პერიოდში.

შარლ მიშელის წინადადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ჯერ კიდევ ასრულებს ევროკომისიის ხელმძღვანელის როლს, უნდა აეკრძალოს იმ დისკუსიებში მონაწილეობა, რომლებიც მომავალ კვირას დაიწყება უმაღლეს დონეზე (ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით) და რომლის დროსაც უნდა გადაწყდეს საკითხი - ვინ დაიკავებს უმაღლეს პოსტებს ბლოკში ევროპული არჩევნების შემდეგ.

როგორც "მუსიე" შარლ მიშელმა განაცხადა, "ფრაუ" ურსულა ფონ დერ ლაიენი, როგორც მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატი, მეორე ვადით თანამდებობის შესანარჩუნებლად იბრძვის [ანუ მას საკუთარი ვიწრო ინტერესები აქვს] და ამიტომ ევროპის საბჭოში დაგეგმილ თათბირ-დისკუსიებს არ უნდა დაესწროს, მით უმეტეს - თავის თანაშემწეებთან ერთად.

გაღიზიანება თუ მტრობა?“

საერთოდ, ის ფაქტი, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპის საბჭოში მიმდინარე მოლაპარაკებებში და სხდომებში მონაწილეობს, ჩვეულებრივი ამბავია და რაიმე კანონდარღვევა არ არის, მაგრამ... არის ერთი „მაგრამ“: ამჟამინდელი სიტუაცია უპრეცედენტოა, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი არასოდეს ცდილობდა ამ თანამდებობაზე დარჩენას ახალი ვადით, განმეორებით. ადრე ევროკომისიის ყველა ხელმძღვანელი, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, პოსტს სამუდამოდ ტოვებდა, ურსულა ფონ დერ ლაიენი კი ჯიუტობს და ევროკომისიის პრეზიდენტობის გაგრძელება სურს.

რასაკვირველია, შარლ მიშელის მცდელობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მასზე ისევ დაიწყეს ლაპარაკი, რომ იგი ხელს უშლის პროცესების ობიექტურად წარმართვას და გადაწყვეტილებების მიღებაში ერევა.

„თუ მას [შარლ მიშელს] მისი [ურსულა ფონ დერ ლაიენის] სხდომათა დარბაზიდან გაშვება უნდა, უკეთესი იქნება, თვითონ წავიდეს დარბაზიდან“, - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა. მეორემ კი დაამატა: „კი, მათ შორის ნამდვილად არის გარკვეული გაღიზიანება“.

დივანგეიტის“ კვალი

შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის არსებულ „გაღიზიანების ფაქტორს“ და ურთიერთქიშპობას სპეციფიკური ისტორია აქვს, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2021 წელს, თურქეთში მათი ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტის შედეგად, რომელმაც „დივანგეიტის“ სახელწოდება მიიღო.

საქმე ის არის, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ორივე პოლიტიკოსთან შეხვედრის დროს შარლ მიშელს - ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, მაგიდასთან ანუ მასთან ერთად დაჯდომა შესთავაზა, ურსულა ფონ დერ ლაიენი კი იქვე, მოშორებით მდგარ დივანზე დასვა. „ეს იმიტომ მოხდა, რომ მე ქალი ვარ [და კაცებმა დამჩაგრესო]“, - დაახლოებით, ასეთი რამ თქვა იმ დროს ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ვის რა თანამდებობა სურს?

ევროკავშირის ლიდერები ერთმანეთს 17 ივნისს შეხვდებიან, რომ არჩევნების შემდგომი სიტუაცია განიხილონ. განსახილველი მართლაც არის - მაგალითად, ის, რომ ხმის მიცემის დროს ულტრამემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვეს, განსაკუთრებით - საფრანგეთსა და გერმანიაში.

ევროკავშირის ლიდერები, ასევე, იმსჯელებენ ევროკავშირის სამი ძირითადი ხელმძღვანელის - ევროსაბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის ხელმძღვანელების კანდიდატურებზე, აგრეთვე, იმაზეც, თუ ვინ იქნება ევროკავშირის მთავარი დიპლომატი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში - ფაქტობრივად, საგარეო საქმეთა მინისტრი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა მიანიშნა, რომ მას ევროკავშირის მთავარი დიპლომატობა სურს, ჟოზეფ ბორელის ნაცვლად.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ალბათობით, თავის პოსტს შეინარჩუნებს, ამ დროს კი ევროსაბჭოს პრეზიდენტი, როგორც ამბობენ, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოშტა გახდება, შარლ მიშელის ნაცვლად.

თავის მხრივ, რობერტა მეცოლასაც განზრახული აქვს, ევროპის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო