"კუკი" პუტინისთვის: რუსულ ხომალდებს ფლორიდასთან ამერიკელები გადაეღობნენ - არის თუ არა სამხედრო დაპირისპირების დაწყების საფრთხე?! - კვირის პალიტრა

"კუკი" პუტინისთვის: რუსულ ხომალდებს ფლორიდასთან ამერიკელები გადაეღობნენ - არის თუ არა სამხედრო დაპირისპირების დაწყების საფრთხე?!

ფლორიდის სანაპიროდან 50-იოდე კმ-ში რუსულ ხომალდებს ამერიკულები გადაეღობნენ წინ...

1962 წლის კარიბის სარაკეტო კრიზისის გამეორების საფრთხე, საბედნიეროდ, არ ჩანს, მაგრამ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, კერძოდ კი - ფლორიდასთან, სულ რაღაც 26,4 საზღვაო მილზე (48,8 კმ) მიახლოებულ რუსულ სამხედრო ესკადრას წინ ამერიკული და კანადური ფლოტების სამხედრო ხომალდები გადაეღობნენ...

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 12-17 ივნისს კუბის დედაქალაქ ჰავანას პორტს უნდა ეწვიოს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდთა ჯგუფი, ოფიციალური მეგობრული ვიზიტით, რაშიც რაიმე განსაკუთრებული არც არაფერი იქნებოდა, რადგან ასეთი ვიზიტები კუბაში რუსულ ხომალდებს, 2013 წლიდან მოყოლებული, არა ერთხელ განუხორციელებიათ, მაგრამ მაშინ ჯერ არ იყო დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომი და არც ამერიკული „ჰაიმარსებით“ აყენებდა უკრაინა საპასუხო დარტყმებს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიას...

აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან ამაზე ნების დართვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა არც თუ ორაზროვნად განაცხადა, რომ საპასუხოდ რუსეთიც გადასცემს სარაკეტო შეიარაღებას აშშ-ის იმ მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც ამ რაკეტებით ჩრდილო-ამერიკის კონტინენტამდე მიღწევა შეეძლებათო...

2-plo-1718184911.jpg
ამერიკული სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანი „დონალდ კუკი“ ფლორიდის სანაპიროსთან „სამაგიეროს“ უხდის რუსულ ხომალდებს ათი წლის წინ შავ ზღვაში, ყირიმის ნახევარკუნძულთან, მასზე რუსული ბომბდამშენების გადაფრენების გამო...

თუმცა კუბისკენ დაძრული რუსული სამხედრო-საზღვაო ჯგუფი მხოლოდ ოთხი მცურავი საშუალებისგან შედგებოდა, რომლებსაც უბრალოდ ტექნიკურად არ შეეძლოთ პუტინის მიერ „შეპირებული“ რაკეტების ჩატანა კუბასა თუ ვენესუელაში - აშშ-ს იმ მეზობელ ქვეყნებში, რომლებთანაც თეთრ სახლს ყველაზე დაძაბული ურთიერთობა აქვს...

სამაგიეროდ, ამ საზღვაო ჯგუფმა კუბაში ჩასვლამდე უშუალოდ ფლორიდის სიახლოვეს მოისურვა მცირე საზღვაო სწავლების გამართვა, რითაც გააღიაზიანა ამერიკელი ადმირალები...

რუსულ საზღვაო ჯგუფში შემავალი ტანკერი „აკედემიკოსი პაშინი“ და სამაშველო ბუქსირი „ნიკოლაი ჩიკერი“ ჩრდილო-ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთვის არ წარმოადგენდნენ რაიმე საფრთხეს, მაგრამ ამ ჯგუფის კიდევ ორი წევრი მცურავი საშუალება - სარაკეტო ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“ და ატომური წყალქვეშა ნავი „ყაზანი“, მართლაც იმსახურებდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან ისინი შეიარაღებულნი არიან „ცირკონის“ ჰიპერბგერითი და „ონიქსის“ ფრთოსანი რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსი ათას კმ-ს აღწევს, ხოლო „კალიბრების“ გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ის სიღრმეში 2 ათასს კმ-მდეც შეუძლიათ მიღწევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფლორიდის სანაპიროდან 50-იოდე კმ-ის დაშორებით, თუკი რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „ყაზანი“ წყალქვეშა მდგომარეობიდან „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების სტარტს განახორციელებს (როგორც ამას რუსული დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავები აკეთებენ შავი ზღვიდან უკრაინის ქალაქების მიმართულებით), მაშინ საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ჩრდილო-ამერიკის მთელი აღმოსავლეთ სანაპირო...

3-plo-1718184911.jpg
ფლორიდის სანაპიროდან 26,4 საზღვაო მილში თავმოყრილი რუსული, ამერიკული და კანადური სამხედრო ხომალდები 11 ივნისის საზღვაო სანავიგაციო ელექტრონული რუკის მონაცემებით...

რა თქმა უნდა, თვითმკვლელი არც პუტინია და ასეთ რამეს ვერც დაგეგმავდა, თუმცა ამერიკელების ნერვებზე სათამაშოდ რუსმა ადმირალებმა მაინც ჩაატარეს მცირე საზღვაო წვრთნები „მაღალი სიზუსტის იარაღით 600 კმ-ის სიშორეზე, პოტენციური მოწინააღმდეგის ხომალდების გასანადგურებლად“... რაკეტების კომპიუტერული მოდელირების პრინციპით გაშვების სახით.

თუმცა ამის შესახებ ვერაფერს გაიგებდნენ იმ სამხედრო ხომალდების მეთაურები, რომლებიც აშშ-მა და კანადამ ფლორიდის სანაპიროსთან დაახვედრეს რუსულ საზღვაო ჯგუფს - ეს არის არანაკლებ ხუთი საესკადრო ნაღმოსანი და კორვეტი, რომლებიც გვერდში მიჰყვებიან რუსულ ხომალდებს და ვიზუალურადაც აკონტროლებენ მათ, სანამ რუსი მეზღვაურები კუბისკენ გადაუხვევენ...

საგულისხმოა, რომ რუსების დასახვედრად ამერიკელებმა გამოყვეს საესკადრო ნაღმოსანი USS Donald Cook (DDG-75)-იც, რაც არანაირად არ იქნებოდა აღსანიშნავი, რომ არა ერთი, არც თუ ძველი და ამასთან, ძალიან საინტერესო ისტორია...

4-plo-1718184910.jpg
2014 წლის აპრილში შავ ზღვაში, უკვე ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან ახლოს, რუსული საფრონტო ბომბდამშენის - Су-24М-ის ამერიკულ საესკადრო ნაღმოსან „დონალდ კუკზე“ ძალზე სახიფათო სიახლოვეს გადაფრენის მომენტი...

ათი წლის წინ, 2014 წლის 10 აპრილს, ამერიკული სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში შემოვიდა, რომლის დროსაც მის თავზე რამდენიმე პროვოკაციული გადაფრენა, დაბალ სიმაღლეზე, განახორციელა რუსულმა Су-24М ტიპის ორმა საფრონტო ბომბდამშენმა, რაც აიტაცეს კრემლის პროპაგანდისტებმა და მთელ მსოფლიოს მოსდეს, თითქოს ამ რუსულ ბომბდამშენებზე დაყენებულმა „ხიბინის“ ტიპის რადიოელექტრონული ბრძოლის აპარატურამ საერთოდ გათიშა ამერიკული ხომალდის - „იჯისის“ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, ხოლო შეშინებულმა ეკიპაჟმა მალევე დატოვა შავი ზღვა, თანაც, თითქოს, ამერიკაში დაბრუნების შემდეგ 27 მეზღვაურს პატაკი დაუწერია ფლოტიდან წასვლაზე...

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რუსული სამხედრო ფეიკი, წლების განმავლობაში, რომლისაც ძალზე სჯეროდა ტელევიზორებთან მიმჯდარ რუსულ აუდიტორიას და არა მარტო რუსეთში, ზოგს - საქართველოშიც...

სინამდვილეში კი, „ხიბინი“ 2014 წელს რუსულ Су-24М-ებზე საერთოდ არ ეყენა და გინდაც ყოფილიყო, ის „იჯისის“ ძლიერ სისტემას საერთოდ ვერაფერს დააკლებდა, ამასთან, არანაირად არ დასტურდება „დონალდ კუკის“ ეკიპაჟის დაშინება და მით უმეტეს - „27 მეზღვაურის გაქცევა ფლოტიდან“ - უბრალოდ ამ წმინდა წყლის სამხედრო სახის ფეიკით კრემლს სურდა, დაეკნინებინა შავ ზღვაში შემოსული ამერიკული სამხედრო ფლოტის უდიდესი ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები, კერძოდ კი - „დონალდ კუკის“ ბორტზე განთავსებულ 96 ბირთვულქობინიან „ტომაჰავკის“ ფრთოსან რაკეტას 2 500 კმ-ის რადიუსში შეეძლო ყველაფრის განადგურება - ამ რადიუსში შავი ზღვიდან თვით მოსკოვის კრემლიც ხვდებოდა...