„შოვში სტიქიის გავრცელების არეალში დაუშვებელია არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება“ - გეოლოგების დასკვნა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენში - „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ შოვის სტიქიის განვითარების ეტაპები და რეკომენდაციებია მოცემული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტიქიის გავრცელების არეალში დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 3 აგვისტოს შოვში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც გეოლოგები წერენ, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკურ კონტაქტში შევიდა მყინვართან, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის დეფორმაცია და ჩამონგრევა, რამაც გამოიწვია ყინულშიდა ნაპრალებში არსებული წყლების გადმოდინება, ასევე მყინვარის ზედაპირზე კლდეზვავის მყარი მასალის ხახუნის შედეგად მოხდა მყინვარის უსწრაფესი დნობა (ზემოთ აღნიშნული ფაქტორები სრულიად საკმარისი იყო ღვარცოფის მოძრაობაში მოსაყვანად - აღნიშნულია კვლევაში, რის შედეგად წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მკვლევრების ინფორმაციით, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის და შემორჩენილი თოვლის საფარის ინტენსიურმა დნობამ, წინა პერიოდში მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მყინვარის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლამ, რასაც თან დაერთო ნაპრალოვანი გენეზისის მიწისქვეშა წყლების ფრონტალური გადმოდინება, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან.