ქართული ჯარის ახალი იარაღი - "თავდამსხმელი" თურქეთიდან ანუ ვის შეუტევს VURAN -ი?!
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 12 ივნისს გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ თურქეთის რესპუბლიკიდან ნატოს სტანდარტის VURAN -ის (თურქულად ნიშნავს "თავდამსხმელს") ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები მიიღო, რაც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვის ძალებს...
ქართული არმიის არსენალის შევსება ყოველთვის მისასალმებელია, მით უმეტეს - იმ კლასის შეიარაღებით, რომელიც აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანია შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე, თუმცა საზოგადოების ნაწილში მალევე გაჩნდა კითხვები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა - რატომ ვყიდულობთ თურქულ ჯავშანმანქანებს, როდესაც საქართველო თავად აწარმოებს ანალოგიურ „დიდგორებს“, ეს ხომ ხელს შეუშლის „დელტას“ განვითარებას და, საერთოდ, ქართულ სამხედრო მრეწველობასო...
მისასალმებელია, როდესაც საზოგადობის ნაწილი ქომაგობს ქართულ არმიას და სამამულო შეიარაღების წარმოებას, თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში საქმე ცოტა სხვანირად არის და შეიძლება ძირითადი ორი მიზეზის გამოყოფა, რომელიც ამართლებს 46 ერთეული თურქული „ვურანის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენას ქართული არმიის არსენალში:
პირველი - თურქული „ვურანი“ გარეგნულად კი წააგავს ქართულ „დიდგორს“, მაგრამ ეს მხოლოდ ვიზუალური თანხვედრაა, სინამდვილეში „ვურანი“ „დიდგორზე“ ბევრად უფრო დაცულია, რადგან ჯავშანმანქანების სულ სხვა - MRAP-ის ანუ ნაღმებისგან და ჩასაფრებებისგან დაცულ კლასს განეკუთვნება (როგორც, მაგალითად, ამერიკული M1224 MaxxPro, რომლებზეც ქართველი სამხედროები ავღანეთის მისიებში გამგზავრების წინ კრწანისის სასწავლო ცენტრში ვარჯიშობდნენ).
Vuran-ი არსებობს რამდენიმე მოდიფიკაციაში: ჯავშანტრანსპორტიორის, თვითმავალი 120 მმ ნაღმმტყორცნის, 107 მმ რაკეტების გამშვები, ქიმიურ-რადიაციული დაზვერვის, ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვის, საჰაერო თავდაცვის - სითბური საზენიტო რაკეტებით და სხვა.
საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მოწოდებულია ჯავშანტრანსპორტიორის მოდიფიკაცია, რომელზეც დამატებით ინტეგრირდა ისრაელური კომპანია RAFAEL-ის წარმოების მსუბუქი დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული MINI-SAMSON-ი, რომელიც დაკომპლექტებულია სინგაპურული წარმოების 40 მმ კალიბრის ავტომატური ყუმბარმტყორცნით - CIS 40 AGL (STK 40 AGL). ეს ყუმბარმტყორცნი, თავის მხრივ, ამერიკული Mk-19-ის კლონია და ქართული ჯარის და შსს-ს შეიარაღებაში 2007 წლიდან არის.
BMC Vuran-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები:
იწარმოება - 2019 წლიდან
მასა - 16 ტონა
ეკიპაჟი - 2+(3-7)
სიგრძე - 6,8 მეტრი
სიგანე - 2,6 მეტრი
სიმაღლე - 2,8-3,5 მეტრი (RWS-ით)
კლირენსი - 400 მმ
ძრავი - Cummins ISLe3 375 PS
ძრავის სიმძლავრე - 375 ცხ/ძ (275 kW) @ 2100 ბრ/წთ
მაქს. ტორქი - 1550 Nm @ 1200 ბრ/წთ
მაქს. სიჩქარე - 110 კმ/სთ
ტრანსმისია - ავტომატური Allison 3000 Series
სარიგებელი კოლოფი - Meritor GHM MTC
შასის დაკიდების სისტემა - AxleTech ISAS 4500
სვლის მარაგი - 700 კმ
საწვავის ავზის ტევადობა - 310 ლიტრი
საბურავები - 395 / 85 R 20 & 10 x 20"
შიდაელექტრო სისტემა - MIL STD 1275
ჯავშანი:
დონე - STANAG 4569 level 3
ბალისტიკური - 7,62X51 მმ AP
ნაღმსაწინააღმდეგო - 6-8 კგ TNT(ტროტილი)
ნაკეთობის მდგრადობის სტანდარტი გარემო პირობებთან მიმართებაში - MIL STD 810G
ექსპლუატაციის ტემპერატურული დიაპაზონი - -32°C~+49°C
ანუ თურქული „ვურანი“ ქართულ „დიდგორზე“ 1,5-ჯერ უკეთესად შეჯავშნულია (განსაკუთრებით მეტი მდგრადობით გამოირჩევა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებისას) და თითქმის ორჯერ მძიმეა, შესაბამისად, ის სხვა კლასის ჯავშანმანქანაა და ჩვენი „დიდგორის“ კონკურენტი ვერ იქნება.
მეორე მიზეზი, რის გამოც ქართულ არმიაში ეს თურქული „ვურანები“ გამოჩნდა, უახლოეს ისტორიაში გადაინაცვლებს და უკავშირდება აგვისტოს ომის დაწყებამდე პერიოდს, მაშინ დადებულ ერთ კონკრეტულ ხელშეკრულებას, რისი არცთუ სასურველი შედეგების ერთგვარ გამოსწორებად იქცა ამ „ვურანების“ ჩამოტანა საქართველოში...
ამ საინტერესო ისტორიის შესახებ კი „კვირის პალიტრის“ 17 ივნისის ახალ ნომერში დაწვრილებით მოგითხრობთ, რის შემდეგაც ნათელი მოეფინება, თუ რატომ გამოჩნდნენ ჩვენი „დიდგორების“ გვერდით მაინცდამაინც თურქული „ვურანები“...