რუსული რუბლის კატასტროფა?! - გია ხუხაშვილის ანალიზი: რა გავლენას მოახდენს რუსული "ფინანსური მიწისძვრა" ლარის კურსზე და ქართულ ეკონომიკაზე
აშშ-ის მიერ მოსკოვის ბირჟის დასანქცირების შემდეგ რუბლი უპრეცედენტოდ გაუფასურდა. რა იქნება მომდევნო დღეებში, ამის პროგნოზირება ძნელია. როგორ იმოქმედებს რუსულ ეკონომიკაზე ამერიკული სანქციები და რა გამოწვევის წინაშე დააყენებს საქართველოს არსებული რეალობა, ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
- სამწუხაროდ, ბოლო დროს ქართული ეკონომიკის რუსულ ეკონომიკაში ინტეგრაციის ხარისხი ძალიან გაიზარდა. ბუნებრივია, რუსეთში არსებული პრობლემები ძალიან სერიოზულად შეეხება ქართულ ეკონიმიკასაც. რუსეთში უკვე შეწყვეტილია საბირჟო ვაჭრობა და შავ ბაზარზე ხდება დოლარის კურსის ფორმირება. შეუქცევადი პროცესი დაიწყო, საბჭოთა კავშირი გამახსენდა - რუსული ეკონომიკის სტერილიზაციის პროცესი ახალ ფაზაში გადადის. ამ დროს რუსეთი შეეცდება ეს პრობლემები ტრანზიტული გზებით გადაწყვიტოს. ერთი-ერთი ასეთი ტრანზიტული მიმართულება საქართველოა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენებს. ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ რუსულ ეკონომიკაში ინტეგრირების ამ დონით გაზრდა უსაფრთხოების მხრივ შეგვიქმნიდა პრობლემებს, მაგრამ ამაოდ...
- ამ დრომდე, სულ გვესმოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა შესაბამისად არ იმუშავა. თქვენი აზრით, ამჯერად რა მოხდება - საფონდო ბირჟის დასანქცირება როგორ იმოქმედებს რუსულ ეკონომიკაზე?
- ჯერ ძნელია რუსული ეკონომიკის მდგრადობის შეფასება, მაგრამ ფაქტია, რისკები ძალიან გაიზარდა. გარანტირებულად რამის თქმა არ მინდა, ვფიქრობ, ეს მაინც გრძელვადიანი პროცესია. რუსეთს საქართველოსგან განსხვავებით მდგრადობის ფაქტორები აქვს, თუნდაც ნედლეულის სახით. ჩვენი ექსპორტ-იმპორტის სალდო ისედაც კატასტროფულად დაბალია და ახლა შეიძლება კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდეს. ექსპორტ-იმპორტის სალდო ვალუტის კურსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სისტემური ფაქტორია.
- ე.ი. რუსეთში დევალვაციური პროცესი გავლენას იქონიებს ლარის კურსზე?
- რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ეკონომიკის რუსული ეკონიმიკაზე ბმის ხარისხი გაზრდილია, რუსეთში არსებული დევალვაციური პროცესი ქართულ ეკონიმიკაზე, მათ შორის ლარზეც აუცილებლად იქონიებს გავლენას
- თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას წინასწარ აფრთხილებდით, მაგრამ რა რესურსი და შესაძლებლობა გვქონდა, არსებული გამოწვევის თავიდან ასარიდებლად?
- თავიდანვე უნდა ამუშავებულიყო დამცავი მექანიზმები იმისთვის, რომ რუსული ეკონომიკური ექსპანსია არ განხორციელებულიყო. დღეს უკვე ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ პრობლემის სრულად აცილება შეუძლებელია, მაგრამ გარკვეული მექანიზმების ამუშავება მაინც შესაძლებელია, მაგალითად, საბანკო გადარიცხვების გამკაცრება და ა.შ. სამწუხაროდ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე - არა მგონია შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს. ე.ი. აშშ-ს ჯერ ჩვენთან არ დაუწესებია ეკონომიკური სანქციები, მაგრამ თავად შევქმენით ქვეყანაში ისეთი მოცემულობა, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები ჩვენს ეკონიმიკაზე აისახება.
- უნდა გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ რუსები მასობრივად დაიწყებენ საქართველოში დოლარის ყიდვას?
- ეს ბევრ სხვა საფრთხეთაშორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ჩვენ ვდგავართ რისკის წინაშე, რომ სავალუტო ბაზარზე დოლარის დეფიციტი გაიზარდოს. უკვე ისედაც უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ - კატასტროფულად არის შემცირებული პირდაპირი ინვესტიციები, ეროვნულ ბანკს, ბოლო ორი თვის განმავლობაში 170 მილიონი დოლარის ინტერვენცია დასჭირდა ლარის კურსის შესანარჩუნებლად, მაგრამ ამინც ვერ ინარჩუნებს. რუსეთში მიმდინარე პრობლემები გარკვეულწილად საქართველოზეც გადმომისამართდება და ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)