სენსაცია ფრონტზე: ყირიმში რუსული "პრომეთე" გამოჩნდა - რატომ მოხსნეს მოსკოვის თავდაცვიდან იარაღი, რომელიც ჯერ კიდევ გამოცდებს გადიოდა?!
ბოლო ორი კვირის მანძილზე, მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა კიევს ნება დართო, მის მიერ გადაცემული სარაკეტო შეიარაღება გამოეყენებინა, რუსეთის ტერიტორიის სასაზღვრო ზოლშიც, მკვეთრად იმატა რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების, მათ შორის - კარგად ცნობილი С-300-ებისა და თვით С-400-ების საბრძოლო დანაკარგმა...
თუმცა სწორედ ამ რუსულ, შორი მოქმედების საზენიტო საშუალებებზე განსაკუთრებული ნადირობა უკრაინის გენშტაბმა მაინც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე დაიწყო და თანაც ისეთი წარმატებით, რომ რუსეთის გენერალიტეტი იძულებული გახდა, თვით დედაქალაქის - მოსკოვის ანტისარაკეტო თავდაცვიდან მოეხსნა და ყირიმში გადაესროლა - „პრომეთეებიც“ კი...
ჯერ მცირე ისტორია -მეორე მსოფლიო ომის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, სტალინის ბრძანებით, 1940-იანი წლების ბოლოსკენ საბჭოთა კავშირში დაჩქარებული ტემპებით დაიწყეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შექმნა, რაც იმ პერიოდისთვის მთელ მსოფლიოში შეიარაღების ახალ სახეობას წარმოადგენდა.
С-25 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლესის შექმნის ერთ-ერთი პირველი მთავარი ორგანიზატორი ლავრენტი ბერიას შვილი, ახალგაზრდა სერგო ბერიაც გახლდათ, თუმცა მალევე მამამისი დახვრიტეს, თავად კი - დედასთან ერთად ციხეში ჩასვეს...
С-25-ების ერთგვარ განვითარებად იქცა С-75, С-125 და С-200 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ხოლო 1975 წლიდან შეიარაღებაში იქნა მიღებული С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომელიც წინამორბედებისგან განსხვავებით, ახალ რადიოელექტრონულ ბაზაზე იქნა შექმნილი, გამოირჩეოდა მეტი მობილურობით და ამასთან, საზენიტო რაკეტები ინახებოდა სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერებში, ისევე, როგორც ამერიკულ „პეტრიოტში“.
მას შემდეგ, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მიმდინარეობს ამ С-300-ების მოდიფიკაცია-გაუმჯობესების პროცესი და ასე „დაიბადნენ“ С-300ПМ2 Фаворит-ი(ამ ბლოგის ავტორს 25 წლის წინ ჰქონდა საშუალება მისი დეტალურად დათვალიერების), С-400 Триумф-ი და С-500 Прометей.
მათ ძალიან ბევრი საერთო აქვთ და შეიძლებოდა მათი სახელწოდების დატოვება, როგორც С-300-ის ესა თუ ის მოდიფიკაცია, მაგრამ რუსული სამხედრო-პროპაგანდისტული თვლსაზრისით, უკეთესად ჟღერდა ახალი სახელწოდების მინიჭება, მით უმეტეს, რომ ობივატელი თვლის - დასახელებაში ციფრის გაზრდა ავტომატურად ნიშნავს ამ საზენიტო-სარაკეტო სისტემის მოქმედების რადიუსის გაზრდასაც...
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე საბჭოთა/რუსულ С-300-ების ინტენსიური საბრძოლო გამოყენება არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დროს აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეების მიერ С-300-ების სხვადასხვა მოდიფიკაციის გამოყენების ერთეულ შემთხვევებს.
რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წელი აჩვენებს, რომ რუსული С-300-ები და С-400-ები მართლაც მაღალი საბრძოლო ეფექტიანობით გამოირჩევიან, უკრაინული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების წინააღმდეგ, მაგრამ უძლურნი აღმოჩნდნენ „ჰაიმარსებიდან“ გაშვებული აერობალისტიკური ATACMS-ების მოსაგერიებლად და არა მარტო სხვა ობიექტების, არამედ - საკუთარი საცეცხლე პოზიციების დაცვისას, შედეგიც სახეზეა - ყირიმის ჯანკოიში თუ სევასტოპოლთან ერთმანეთის მიყოლებით აფეთქებული იქნა რუსული С-300 და С-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემებში შემავალი რადიოლოკაციური სადგურები და მობილური სარაკეტო გამშვები დანადგარები...
დანაკლისის შესავსებად კი რუსეთის გენშტაბმა ანექსირებულ ყირიმში ახალი საზენიტო-სარაკეტო სისტემების გადასროლა დაიწყო და როგორც აღმოჩნდა, თვით С-500 Прометей-საც კი...
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა გენერალმა ბუდანოვმა დაადასტურა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე უკვე ჩაიტანეს С-500 Прометей-ის ტიპის სისტემის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ გამოცდებს გადიოდა...
მოსკოვის ანტისარაკეტო თავდაცვიდან მოხსნილი და ყირიმში სასწრაფოდ გადასროლილი რუსული „პრომეთე“ იმას მიუთითებს, რომ რუს ოკუპანტებს მართლაც სერიოზული პრობლემები გაუჩნდათ ამერიკული აერობალისტიკური ATACMS-ების მოგერიებისას, მაგრამ რამდენად გაართმევს ამ რთულ ამოცანას თავს რუსული „პრომეთე“?
С-500 Прометей-ი რუსეთმა შეიარაღებაში სამი წლის წინ მიიღო და ის ულტრათანამედროვედ ითვლება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის. ის, ძირითადად, განკუთვნილია ოპერატიულ-ტაქტიკური და საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების დასაზიანებლად/გასანადგურებლად, დასაცავი ობიექტის სიახლოვეს, თუმცა შეიძლება გამოყენებული იქნეს, ასევე, აეროდინამიკური სამიზნეების გასაუვნებელყოფადაც.
ახალი რუსული „პრომეთე“ თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით, რა თქმა უნდა, აღემატება წინამორბედ „ტრიუმფს“ და მით უმეტეს - „ფავორიტს“, მაგრამ მაინც ყირიმის ცაში მალე გამოჩნდება ვინ-ვის აჯობებს-მოიგერიებს ამერიკულ ბალისტიკურ რაკეტებს... თუ მათი ლუკმა გახდება...