"ყველაზე მეტად მჭირდება უსაფრთხოება, კომფორტი და სტაბილურობა" - თამთა კვარაცხელიას საიდუმლო ამოცანები, დაწესებული სტანდარტები და ცხოვრების წესები - კვირის პალიტრა

"ყველაზე მეტად მჭირდება უსაფრთხოება, კომფორტი და სტაბილურობა" - თამთა კვარაცხელიას საიდუმლო ამოცანები, დაწესებული სტანდარტები და ცხოვრების წესები

"მასში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობია. უყვარს ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა. შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, საშიში", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კატის (კურდღლის) წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი ტელეწამყვან თამთა კვარაცხელიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ბოლო წლებში ასტროლოგიით ძალიან დავინტერესდი. მანამდე რატომღაც არასერიოზულად აღვიქვამდი ამ უძველეს მეცნიერებას, რომელიც მზის, მთვარისა და პლანეტების გავლენას შეისწავლის ადამიანზე. ვფიქრობდი, რომ ძალიან ზოგადია, მაგრამ ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა დრო მოვიდა საკუთარ თავს ჩავღრმავებოდი და უკეთ გამეცნო, ჩემთვის მისაღებ ყველა საშუალებას მივმართე. სწორედ ამ პერიოდში, მოულოდნელად გამოჩნდა ადამიანი, ასტროლოგი, რომელიც დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის დამეხმარა, საკუთარი თავის გაცნობის უამრავ მეთოდს შორის, არჩევანი ასტროლოგიაზე გამეკეთებინა. ადამიანის პრობლემების მთავარი მიზეზი საკუთარ თავთან გაუცხოება და დიალოგის დეფიციტია. რადგან ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საკუთარ პოტენციალზე და არაფერი ვიცით იმ ნაკლოვანებებზე, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელია. არადა, ცხოვრების მოსაწესრიგებლად და ბედნიერების მოსაპოვებლად, პირველ რიგში, სწორედ საკუთარი თავის გაცნობა, შესწავლა და შეყვარებაა საჭირო, რაშიც ჩემს შემთხვევაში, ფსიქოლოგთან ერთად პირადმა ასტროლოგმა მაშველის როლი შეასრულა. განსხვავებულად, ბევრად მშვიდად და ობიექტურად დავიწყე სამყაროს აღქმა, თან მივხვდი, ყველაფერს, მათ შორის ნეგატიურ მოვლენებსაც თავისi მიზეზი აქვს. ასტროლოგია არა მხოლოდ ადამიანის ცხოვრებას, არამედ ქვეყნის ბედს, დროის გარკვეულ პერიოდს და პოლიტიკურ სიტუაციასაც განსაზღვრავს. ამ ეტაპზე მხოლოდ პირადი რუკით და ასტროლოგის რჩევებით შემოვიფარგლები. ველოდები კვირიდან კვირამდე ინფორმაცია მომაწოდოს, რომლითაც მერე ვხელმძღვანელობ.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ კატის (კურდღლის) წელში დაბადებული ადამიანები იღბლიანობით გამოირჩევით, ეთანხმებით?

- ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, ადამიანის ხასიათი გარკვეულწილად მისი დაბადების წლით განისაზღვრება. იღბლიანობით ნამდვილად გამოვირჩევი. არ ვიცი, გარემოებები ჩემს ირგვლივ ყოველთვის ისე როგორ ემთხვეოდა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე ვხვდებოდი და ყოველ ჯერზე ძალიან მიმართლებდა. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ბევრი შესაძლებლობა, რომელიც სამყარომ გამომიგზავნა, სათანადოდ არ ან ვერ გამოვიყენე. არ ვიყავი თავდაჯერებული, ბევრი კომპლექსი მქონდა და ჩემი დაბალი თვითშეფასება მაფერხებდა, მაგრამ არა უშავს, წელს განსაკუთრებულად შევძელი საკუთარი თავის მიღება და შეყვარება. სულიერი განვითარების ამ ეტაპზე უკვე აღარაფერი მაშინებს და არ ვაპირებ, ახალ შესაძლებლობებს უარი ვუთხრა. წინათგრძნობა მაქვს, რომ დიდი იღბალი წინ მელოდება.

441889629-370745496013871-5924660694954778741-n-1718434637.jpg

- "მატერიალისტია, სიღრმეებში ჩაძიება არ აინტერესებს, მშვიდად და მარტივად ცხოვრება ურჩევნია".

- ვეთანხმები, არ მიყვარს რთულ ადამიანებთან ურთიერთობა, ყველაზე მეტად მჭირდება უსაფრთხოება, კომფორტი და სტაბილურობა. ჩემი ყველა გადაწყვეტილება დიდი სიფრთხილით მაქვს მიღებული. ყველაფერს საფუძვლიანად ვსწავლობ, ამიტომ მძაგს ყველაფერი, რაც შეარყევს ჩემს მონაპოვარს და სირთულეებს გამოიწვევს, ამის უფლებას არავის მივცემ. სიმარტივე მიყვარს, ისედაც რთულია ეს ცხოვრება და აღარაა მისი მეტად გართულება საჭირო, პირიქით, უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება გავამარტივოთ, თორემ ზოგიერთებივით დაუსრულებელ დრამებში ჩავრჩებით. ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და პრიორიტეტები სწორად უნდა განვსაზღვროთ იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ.

- "უყვარს ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა".

- მნიშვნელობა არ აქვს, კულისებში ვარ თუ სცენაზე, ადამიანები მუდამ რაღაცას განიხილავენ. ჩემს ცხოვრებაში მოვლენები ისე სწრაფად იცვლება, ვერ ეწევიან სიახლეებს და ვერ დუნდებიან, რაღაცნაირად აქტუალობა ჯერ ვერ დავკარგე. ამ ყველაფერში სასაცილო ისაა, რომ მთელი ცხოვრება ვცდილობდი, საზოგადოების ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ყოველ ჯერზე იმედი მიცრუვდებოდა, ბოლოს დავნებდი და ამაზე დროის კარგვა შევწყვიტე. ახლა ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, არ ვიცი, მომწონს თუ არა ეს მდგომარეობა, რადგან საპირისპირო არ განმიცდია. ჭორების ეპიცენტრში ყოფნას შევეჩვიე.

- "უყვარს სტუმრების მიღება-მასპინძლობა, ლამაზი საღამოების ორგანიზება".

- ამ ნაწილშიც როგორი დამთხვევაა, ბავშვობიდან კონცერტებს ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და მეზობლებისთვის ვმართავდი. დღევანდელ დროში მხოლოდ მასშტაბები გაიზარდა, ისევ ისე მიყვარს სტუმრების მიღება-გამასპინძლება, დახვეწილი, გემოვნებით გაფორმებული მრავალფეროვანი საღამოების ორგანიზება.

- "მასში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რაღაც დოზით სნობია".

- მართალია, ადამიანებთან ურთიერთობისას, პირველ რიგში, დიდ ყურადღებას ვაქცევ მათი ქცევის და ემოციის გამოხატვის ფორმას, კულტურას, ეტიკეტს, განათლებას და ერუდიციას. ძალიან დაკვირვებული ვარ და საუბრის მანერითაც ვხვდები, ვინ როგორაა აღზრდილი. მომწონს წელგამართული, თხელი ფიგურის, თავშეკავებული მამაკაცები და დახვეწილი ქალები. თუ ადამიანი ჩემს კრიტერიუმში არ ჯდება, არასასიამოვნო შთაბეჭდილებას მიტოვებს, დისკომფორტს განვიცდი და თავს ვარიდებ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სნობი არ ვარ. ჩემთვის ადამიანის ღირებულება მის სოციალურ სტატუსთან არაა დაკავშირებული. არავისზე უპირატესად არ ვგრძნობ თავს, ქედმაღლობა არ მჩვევია, ძალიან უბრალო პიროვნება ვარ. ადამიანებში ყველაზე მეტად გულწრფელობას, ერთგულებას და სიკეთის უნარს ვცემ პატივს, მატერიალური მდგომარეობით არასდროს არავინ შემიფასებია.

- "იშვიათად კარგავს წონასწორობას. აფექტური ქმედებები არ ახასიათებს".

- სენტიმენტალური ვარ. წარსულში ჩემი შეგრძნებების გამოხატვა იმდენად გადამდები იყო გარშემო მყოფებისთვის, არც საკუთარი თავის და არც მათი დაზიანება არ მინდოდა. წლების განმავლობაში გამოვიმუშავე უნარი, ემოციები არ გამომეხატა. მერე ამ ქცევას ისე შევეჩვიე, მგონი, ცოტათი ზედმეტიც მომივიდა. დღეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი ემოციების მართვა ვისწავლე. მშვიდი და აუღელვებელი ვარ, რომელიც წონასწორობას თითქმის არასდროს კარგავს. უსამართლობაზე ვბრაზდები. ცუდად არასდროს არავის ვეხები, მაგრამ ვინმე არასწორად თუ მომექცევა და რამეს დამიშავებს, არაფერს ვპატიობ.

312564849-6219479974734282-6338113812356174460-n-1718434637.jpg

- "ყველაზე მეტად სკანდალებში ჩართვა და ხმაურიანი გარჩევები ეზიზღება".

- ბუნებით კონსერვატორი ვარ, სკანდალები და ხმაურიანი გარჩევები ისე არ მიყვარს, რომ სიფრთხილე თანდაყოლილ თვისებად მექცა. მიყვარს შინაური გარემო, სიმყუდროვე, ჰარმონია, ყველგან პოზიტივს ვეძებ. ჩემთვის ხმის აწევაც კი მიუღებელია. კარგი ნებისყოფა მაქვს, ყველა პრობლემას და გაუგებრობას წყნარად ვაგვარებ.

- "მან ყოველთვის იცის რა უნდა და რა გზით მოიპოვოს სასურველი ნივთი თუ მდგომარეობა".

- ვიცი ჩემი თავის ფასი. ისიც ყოველთვის ვიცი, რა მინდა. ყოველთვის მხოლოდ იქ ვარ, სადაც მინდა და მხოლოდ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც მინდა. არავისზე არ ვარ დამოკიდებული. ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა და ყველა ვალდებულება მხოლოდ საკუთარ თავზე მაქვს აღებული. ყველა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარე ვიცი. თავისუფლება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, დღეს ფეხაკრეფით მხოლოდ საკუთარ სურვილებს მივდევ. ყველას შეგვიძლია სასურველი ნივთი თუ მდგომარეობა მოვიპოვოთ, ცხოვრებას სწორად თუ დავგეგმავთ.

- "მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, საშიში, ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანი, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".

- კონკრეტულ სიტუაციაში ყველას შეუძლია, ეს თვისებები გამოავლინოს, უარყოფით ენერგიას მალე ვიღებ, მაგრამ ვცდილობ, არ გავბოროტდე, კეთილი ვიყო და უანგაროდ ბევრი სიკეთე ვაკეთო.

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს. მის მზერას ხალხი თვალს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობთ".

- თვალებზე ყველაზე მეტი კომპლიმენტი მიმიღია. "შენს თვალებს ვინ გაექცევა", "შენ რომ თვალებში შემოგხედავს ადამიანი, ერთი ნახვით შეიძლება შეუყვარდე"... რა აღარ მომისმენია. ყველაზე ხშირად მეკითხებიან, ბუნებრივია თუ ლინზები გაქვსო? ჩემი თვალის ფერი ხშირად იცვლება, ხან მწვანეა, ხან - ცისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი. ტონის ცვლილება დამოკიდებულია ამინდზე, განწყობაზე, ჩაცმულობაზე... უმეტესად ვცდილობ, ადამიანებს თვალებში არ ვუყურო. მახსოვს, ჩემი შვილი პატარა რომ იყო, ჩემს თვალებზე დაკვირვება უყვარდა და მეუბნებოდა, რომ ყველაზე ლამაზი ფერია.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს, მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".

- მტრები არ მყავს, ძალიან დისტანციური ადამიანი ვარ, ურთიერთობებში ისე ღრმად არ შევდივარ, რომ ვინმეს რამე დავუშავო ან ვაწყენინო, რომ შემდეგ გადავიმტერო. უფრო ხშირად მესმის, რომ ჩემი შურთ. მიუხედავად ყველაფრისა, ყველას პატივისცემით ვეპყრობი და მათგანაც იმავეს მოვითხოვ.

- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. გარშემო დასაგესლი ობიექტი თუ არ ჰყავს, შეუძლია მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე გამოცადოს".

- აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავის გარდა, მტერი და კონკურენტი არ მყავს. რამე თუ შემეშლება, თავს ყველაზე მკაცრად თავად განვსჯი. განვიცდი დაშვებულ შეცდომებს, არც ბოდიშის მოხდა მიჭირს. ჩემთვის საზოგადოებრივ აზრს არასდროს ჰქონდა მნიშვნელობა. ხალხი ხშირად ათას სისულელეს საუბრობს. ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო, თავად ვყოფილიყავი მართალი საკუთარ თავთან და ადამიანები შემეფასებინა მხოლოდ მათი ჩემთან პირადი თუ საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე. ვცდილობ, არავინ განვიკითხო. სხვის მიერ დაწესებულ არანაირ ჩარჩოს არ ვაღიარებ. ყოველთვის გამაჩნია საკუთარი აზრი, მორალი, ღირებულებები, ფასეულობები. ყველაზე ძვირფასია საკუთარი თავის პატივისცემა არ დავკარგო, არ გავუბრალოვდე. ჩემს თავს მაღალი სტანდარტები დავუწესე და მისგან ყველაზე მეტს ვითხოვ. ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი წესებით.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვოთ, რომელ სიტყვას იტყვით?

- ძლიერი ადამიანი ვარ.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს სიტყვაა "უძლეველი".

- იმ შინაგან ძალას, რასაც სისხლით ხორცამდე ვგრძნობ, სანამ ცოცხალი ვარ, ვერავინ წამართმევს.

- "ქალმა მორიელმა კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. ურთიერთობაში პირველ ნაბიჯს იშვიათად დგამს. მორიელი ქალები ნაწილობრივ ჯადოქრები არიან, მეექვსე გრძნობის წყალობით, თავიანთ გულის სწორს დანახვისთანავე ცნობენ".

- ადამიანის გაცნობისას პირველივე წამებში ვგრძნობ, ის მომწონს, მიზიდავს თუ არა. პირველი ნაბიჯების გადადგმა არასდროს დამჭირვებია, რადგან დროს არ ვკარგავ მამაკაცებზე, ვინც ორჭოფობს, არ არის გარკვეული საკუთარ თავსა და სურვილებში. ყოველთვის მქონდა ამბიცია დამემსახურებინა ჩემი ადამიანი, რომელიც ნახვის პირველივე წუთიდან მიცნობდა და არც ერთ წამს არ დაკარგავდა მომავალი ურთიერთობისთვის. ასეც მოხდა. ჩემს შემთხვევაში, ეს მამაკაცი მორიელი აღმოჩნდა, ალბათ ამიტომაც გაართვა თავი ჩემს საიდუმლო ამოცანებს. მიუხედავად იმისა, რომ მას ასტროლოგიის არ სჯერა, ფაქტია, ჩემი მოხიბვლა მოახერხა.

- "უყვარს სხვისი და საკუთარი საიდუმლოებების შენახვა. სულში ისეთი კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ყველა მოკვდავისთვის აკრძალულია".

- მორიელების მთავარი საიდუმლო ალბათ ისაა, რომ ჩვენთან ურთიერთობა სარკეს ჰგავს, რომლის ანარეკლიც აუცილებლად დაგანახვებს საკუთარ თავს, მის კარგ და ცუდ მხარეებს, დაგაფიქრებს საკუთარ ნაკლოვანებებზე. ასევე გვაქვს ტრანსფორმაციის გასაოცარი უნარი. ჩვენთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. ჩვენი მხოლოდ იმ ადამიანებს ეშინიათ, ვისაც სიახლეების მიღება, ცვლილებები და საკუთარი თავის შეცნობა აშინებს. თავდაუზოგავად შრომისმოყვარე, ნიჭიერი, ერთგული და საიმედო ადამიანები ვართ, რომლებსაც დიდი სიყვარული შეგვიძლია.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"