ვინ არის "ტიკტოკერი" გოგონა, რომელმაც "ნიკოს ბენდში" მანუ მურღულია ჩაანაცვლა - ანანო სამხარაძის ასრულებული ოცნება - კვირის პალიტრა

ვინ არის "ტიკტოკერი" გოგონა, რომელმაც "ნიკოს ბენდში" მანუ მურღულია ჩაანაცვლა - ანანო სამხარაძის ასრულებული ოცნება

"ნიკოს ბენდში" მანუ მურღულია ანანო სამხარაძემ ჩაანაცვლა.

ვინ არის იგი, როგორ აღმოჩნდა ჯერ "ქართულ ლიგაში", შემდეგ "ნიკოს ბენდში", რას ფიქრობს ბენდის წევრებზე, რომელი ცნობილი პოლიტიკოსი სურს იხილოს "ნიკოს შოუში" და როგორია მისი სამომავლო გეგმა? - ამ ყველაფერზე ანანო სამხარაძე გვესაუბრება.

- ანანო, ეს "გზაში" თქვენი პირველი ინტერვიუა, ჩვენს მკითხველს გაეცანით.

- მე ვარ ანანო სამხარაძე, საჩხერიდან, 19 წლის, სტუდენტი.

- საკუთარ თავს რამდენიმე სიტყვით როგორ დაახასიათებთ?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტათი რთულია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მიყვარს სიმღერა, 3 წლიდან ვმღერი და სცენაზე ვდგავარ. ჩემი ჰობია ცეკვა. ვფიქრობ, შრომისმოყვარეობით, სიმღერის სიყვარულით წინ წავიწევ და კარიერაში წინსვლა მექნება.

- რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?

- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობ. უცხო ენების დაუფლება, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. დაინტერესებული ვარ დიპლომატიით, ელჩობით.

- მომავალში საკუთარ თავს ამ პროფესიაში რამდენად ხედავთ?

- კი, ვხედავ, ახლა ძალიან დიდი ინტერესი მაქვს.

448311107-422167810808599-5570973578109453796-n-1718435496.jpg

- ცეკვა და სიმღერა ჰობის დონეზე დარჩება?

- მუსიკის სიყვარულიც ასეთივე ძლიერია ჩემში, მას ჰობის ვერ დავარქმევ, ცეკვას კიდევ შეიძლება გატაცება ვუწოდო. 3 წლის ვიყავი, დედამ ჩემში სიმღერის ნიჭი რომ აღმოაჩინა. თურმე, სულ ტელევიზორის წინ ვტრიალებდი, ვუსმენდი მუსიკას, სიტყვები არ ვიცოდი, მაგრამ ჩემებურად, ასაკის შესაბამისად ვყვებოდი მელოდიებს. დედამ სიმღერაზე შემიყვანა, მერე ვცდილობდი, სულ მიკროფონთან ვმდგარიყავი, საზოგადოების წინაშე თავი წარმომეჩინა. 4 წლის რომ გავხდი, საზაფხულო კონცერტი ტარდებოდა და იქ გამომიყვანეს. ძალიან მიხაროდა, არაერთ სიმღერას ვასრულებდი.

- მიამბეთ, "ნიკოს ბენდში" როგორ მოხვდით?

- სანამ "ნიკოს ბენდის" წევრი გავხდებოდი, მანამდე "ქართულ ლიგაში" ვთამაშობდი, სადაც ცოტა უცნაურად აღმოვჩნდი. კლასელებმა "ბოლო ზარისთვის" რეჟისორი დავიქირავეთ. ამ რეჟისორმა ამის შემდეგ 5 ბავშვი შეგვარჩია და "ქართულ ლიგაში" წამოგვიყვანა. მანამდე იუმორისტული გადაცემებით დიდად დაინტერესებული არ ვიყავი, მაგრამ მოვედი და დავრჩი. "ქართული ლიგა" ერთი დიდი ოჯახივით არის, კარგი გარემოა. ჯგუფში ვიყავი, როგორც მომღერალი. ზვიად ბლიაძემ შემამჩნია და შემომთავაზა, რომ ერთობლივად, "ტიკ-ტოკის" ვიდეოები შეგვექმნა. ბატონი ზვიადი მიწერდა სტროფებს და მოკლე კომედიურ სიმღერებს ვასრულებდი. ეს მიმართულება, როგორც ტრენდი, ისე ჩამოყალიბდა. ნიკოს ბენდშიც ბატონმა ზვიადმა მიმიყვანა. ამ ადამიანის მადლიერი ვარ და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. "ტიკ-ტოკის" ვიდეოების ჩაწერას ახლაც ვაგრძელებთ. უკვე 70 000-ზე მეტი გამომწერი მყავს და 4 ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს ვიდეოებზე მუშაობს. "ქართული ლიგიდან" გავიცანი ნიკო ნანიტაშვილი, სანამ ბენდში მოხვდებოდი, მანამდე გადაცემა "პოსტ ალიონში" ვიყავი მასთან სტუმრად.

- ბენდის წევრებთან დამეგობრება უკვე მოასწარით?

- დიახ, ამიკო ჩოხარაძეს ბავშვობიდან სულ ვუყურებდი ტელევიზორში. ნანუკა ფორჩხიძე ძალიან საყვარელი, თბილი ადამიანია. ბენდის წევრები პროფესიონალები არიან, ყველანი ძალიან შემიყვარდნენ. უკვე 3 გადაცემა გავიდა, ადამიანებისგან მხოლოდ დადებითი შეფასებები მესმის, მგონი ცუდი კომენტარიც კი არ დაწერილა. ეს მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი სტიმულია. შემთხვევით ვისარგებლებ და ყველა ამ ადამიანს მადლობას გადავუხდი.

- ბენდში მანუ მურღულია ჩაანაცვლეთ. მას იცნობდით? ხომ არ გამოგეხმაურათ?

- მანუ მაშინ გავიცანი, როდესაც მის და ირმა სოხაძის გადაცემაში ვიყავი სტუმრად, შემდეგ "ქართულ ლიგაშიც" გადავიკვეთეთ. მანუ ძალიან კარგი გოგოა, ნიჭიერი. მის გარეგნულ სილამაზეზე აღარ ვლაპარაკობ. ბენდში სიმღერის შემდეგ, მისი შეფასება არ მომისმენია.

- ბენდის წევრებს როგორ დაახასიათებთ? ნიკო ნანიტაშვილით დავიწყოთ.

- ნიკო ჭიათურელია, მე - საჩხერელი და ურთიერთობის აწყობა არ გაგვჭირვებია. საერთო ნაცნობებიც გვყავს, ამით ერთმანეთს უფრო დავუახლოვდით. ნიკო თავისი საქმის პროფესიონალია, ძალიან კარგი ადამიანი, ნიჭიერი მსახიობი. ნანუკა ფორჩხიძე თბილი, ნაზი, მოსიყვარულე გოგოა, კარგი საუბარი, ძალიან კარგი ბგერა აქვს. ამიკო ზესაოცარი ადამიანია, ძალიან მიყვარს და ვაფასებ. ამიკო რომ არის ბენდში, ამით კიდევ უფრო ლაღი და თავისუფალი ვარ, მას ყოველთვის კარგი განწყობა და მხიარულება შემოაქვს.

445741006-1022366266068502-5305852187600614689-n-1718435496.jpg

- როგორ შეგხვდებოდნენ ბენდის წევრები, რამდენად გაუგებდით ერთმანეთს, ამაზე ღელავდით?

- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვნერვიულობდი, როგორ მიმიღებდნენ, თავისებური განცდა მქონდა. თან, ჩემი ოცნება იყო ბენდში მემღერა, ძალიან დიდი სითბო დამახვედრეს და ამით ბედნიერი ვარ.

- ოჯახის წევრები რას გეუბნებიან?

- ჩემი ოჯახის წევრების ოცნება ავასრულე და კიდევ ვაპირებ მათი ოცნებების ასრულებას. ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ვფიქრობ, მათი მხარში დგომით და გამხნევებით, მწვერვალებსაც დავიპყრობ.

- მშობლები საჩხერეში ცხოვრობენ?

- დიახ. მყავს ერთი წლით პატარა და და 11 წლით პატარა ძმა. ჩემი ძმა ყოველთვის მელოდება. ყველა შოუში, სადაც კი ვიყავი, იცის, სად რას ვაკეთებდი. დედას შემდეგ, ძმა ჩემი პირველი გულშემატკივარია. როდესაც ეკრანზე მხედავს, ყოველთვის დიდ ემოციებშია და სიხარულისგან აღარ იცის, რა გააკეთოს, ეს კიდევ უფრო დიდ ძალას მაძლევს.

- ლექტორებისა და ჯგუფელებისგან როგორი შეფასებები მოისმინეთ?

- კარგი ჯგუფელები მყავს, ჯერ "ტიკ-ტოკზე" მგულშემატკივრობდნენ, შემდეგ - "ქართულ ლიგაში", ახლა უხარიათ, ბენდში რომ ვმღერი.

- შოუების ჩაწერაზე დასწრებას ხომ არ გთხოვენ?

- ჯერ არა. ლექტორები მხარს მიჭერენ და გახარებულები არიან, რომ მათი მოსწავლე წინსვლისა და წარმატებისკენ მიისწრაფვის.

- პოპულარობა კარგია? უკვე გრძნობთ?

- ჩემი ოცნება იყო პოპულარული გავმხდარიყავი ჩემი ადამიანობით, ნიჭით. პოპულარობა არ არის ადვილი. ვფიქრობ, ამას თავისი წესები, დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ჯერ უარყოფითი მხარე არ შემხებია, მსმენლის კეთილგანწყობა დავიმსახურე, რაც ძალიან მახარებს.

- პოპულარობის უარყოფით მხარეში რას გულისხმობთ?

- ადამიანი ყველას მოსაწონი ხომ ვერ იქნები, ზოგჯერ ამ არმოწონებას არასწორი ფორმით გამოხატავენ.

- კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ?

- ჯანსაღი კრიტიკა პროფესიულ ზრდაში ძალიან მეხმარება. რა თქმა უნდა, ვიღებ და ვცდილობ, გავითვალისწინო. ეს ჩემზე ცუდად არ მოქმედებს.

- სოციალურ ქსელებში კომენტარებს ეცნობით?

- ნაკლებად, ამ საქმეში ჩემი ოჯახი უფროა ჩართული, მაგრამ ძალიან მინდა ისინიც ჩამოშორდნენ. იმუნიტეტი გამოვიმუშავე, მე ჩემი საქმე უნდა ვაკეთო.

- ანანო, შეყვარებული ხარ?

- არა, ამ ეტაპზე მთლიანად კარიერაზე ვარ გადართული, ეს არის პრიორიტეტი.

- როგორი უნდა იყოს ბიჭი, ურთიერთობის სურვილი რომ გაგიჩნდეს?

- კომუნიკაბელური უნდა იყოს, გარეგნობამაც დაmაინტერესოს და საუბარშიც საინტერესოდ აmიყოლიოს. მოკლედ, ბიჭი აუცილებლად საინტერესო უნდა იყოს.

- ვინ არის ის ცნობილი ადამიანი, ვისაც "ნიკოს შოუში" ყველაზე დიდი ინტერესით იხილავდით?

- ამაზე არასდროს მიფიქრია.

- მსახიობი, მომღერალი, პოლიტიკოსი...

- ჩემი აზრით, კახა კალაძე ძალიან კარგი ადამიანია, მასთან შეხვედრის სურვილი მაქვს.

- რა გაქვთ მისთვის სათქმელი?

- მადლობა.

- რისთვის?

- იმ ყველაფრისთვის, რასაც დედაქალაქისთვის აკეთებს. ქალაქს სიცოცხლე შესძინა, ბევრი გამწვანებული ადგილი გაჩნდა. ჩემთვის ჯერ ადამიანობაა მთავარი, მერე - პოლიტიკა. კახა კალაძე, როგორც პიროვნება, ძალიან მომწონს.

- მადლობა ინტერვიუსთვის!

- მადლობა თქვენ, მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს. თითოეული ადამიანის მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი სტიმული და ძალაა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"