ამერიკული სტრატეგიული „ტრიტონი“ ანექსირებული ყირიმის გარდა ოკუპირებულ სოხუმსაც ზვერავს... - კვირის პალიტრა

ამერიკული სტრატეგიული „ტრიტონი“ ანექსირებული ყირიმის გარდა ოკუპირებულ სოხუმსაც ზვერავს...

რუსეთის გენერალიტეტი დიდ უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ შავი ზღვის თავზე ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში თითქმის მუდმივად ჩამოკიდებულნი არიან ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები, რომელთა თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურა რამდენიმე ასეული კმ-ის სიღრმეში ზვერავს რუსეთის საოკუპაციო ძალების ობიექტებს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე და შემდეგ ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას ოპერატიულ რეჟიმში აწვდის უკრაინის მხარეს...

უკრაინელი სამხედროებიც აღარ ახანებენ და კამიკაძე-დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით წერტილოვან საჰაერო დარტყმებს ახდენენ დაზვერვით გამოვლენილ რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე-საზენიტო-სარაკეტო სისტემების საცეცხლე პოზიციებზე, აეროდრომებზე განთავსებულ თვითმფრინავებსა თუ საზღვაო პორტებში გადამალულ ხომალდებზე...

ერთხელ რუსეთმა „კუდი მოიქნია“ და 2023 წლის 14 მარტს შავი ზღვის თავზე, ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში რუსულმა Су-27 ტიპის გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ამერიკულ უპილოტო მზვერავს MQ-9 Reaper-ს ჯერ საავიაციო ნავთი გადაასხა თავზე, შემდეგ კი ძრავის ხრახნი დაუზიანა, რასაც 30 მლნ დოლარიანი დრონის შავ ზღვაში ჩავარდნა მოჰყვა...

2-tri-1718449204.png
მზვერვი-დრონის „ტრიტონის“ ფრენის მარშრუტი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან, სოხუმიდან ორასიოდე კმ-ში...

რუსეთი კი უარობდა თავის „საქციელს“, მაგრამ ამერიკული დრონის ვიდოკამერამ ყველაფერი დააფიქსირა და მოასწრო ოპერატორისთვის ამ ვიდოკადრების გადაცემა...

ამერიკულმა მხარემ ფაქტობრივად „ჩაყლაპა“ ეს ყველაფერი და რუსებს თითქოს „ხახვივით შერჩათ“ „ოინბაზობა“, თუმცა ამის შემდეგ პენტაგონმა შავი ზღვის თავზე სადაზვერვო ფრენების განსახორციელებლად MQ-9 Reaper-ზე ბევრად ძლიერი, სტრატეგიული დაზვერვის რეაქტიული RQ-4B Global Hawk-ი გამოაგზავნა, რომელიც ბევრად მაღლა და სწრაფადაც დაფრინავდა...

ბოლო დღეებში კი შავი ზღვიდან ანექსირებული ყირიმის დაზვერვა კიდევ უფრო თანამედროვე და ძლიერმა ამერიკულმა უპილოტომ- MQ-4C Triton-მა გადაიბარა, რაც კრემლისთვის დიდ თავისტკივილად გადაიქცა.

MQ-4C Triton-ი სპეციალურადაა შექმნილი საზღვაო სივრციდან დასაზვერად - მას შეუძლია საწვავის ერთი გაწყობით 30 სთ-ზე მეტი დაჰყოს ჰაერში და 7 მლნ კვ.კმ ფართობი დაწვრილებით დაზვერვოს, როგორც ოპტიკური და სითბური კამერებით, ისე ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორით, რაც ღრუბლიან ამინდშიც დააფიქსირებს მოწინააღმდეგის სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებს, მათი იდენტიფიკაციის ჩათვლით და ეს ყველაფერი ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში - ოპერატორი მხოლოდ თავიდან აძლევს „ტრიტონს“ ფრენის პარამეტრებს და არ მართავს მას საათების განმავლობაში.

3-tri-1718449204.jpg
ასე აწარმოებს საჰაერო დაზვერვას MQ-4C Triton-ი... პენტაგონის განკარგულებაში დღეისათვის მხოლოდ ხუთი ერთეული „ტრიტონია“...

14,5 მ სიგრძისა და 39,9 მ ფრთაგაშლილობის 14,6 ტ-იან „ტრიტონს“ 17 კმ სიმაღლეზე 610 კმ/სთ სიჩქარით შეუძლია საათობით პატრულირება და მისი ისევ საავიაციო ნავთის გადასხმით ჩამოგდება, რუსულ „სუ“-ებს ძალიან გაუჭიდებათ... თუკი „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართავადი რაკეტით არ დაემუქრნენ, ეს კი რუსეთ-აშშ-ის პირდაპირი სამხედრო შეტაკებად იქნება განხილული...

შავი ზღვის თავზე „ჩამოკიდებულ“ ამერიკულ სტრატეგიულ მზვერავ დრონებს თითქმის მუდმივად ჩართული აქვთ ტრანსპოდერი, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერმა მსურველმა შესაბამის საიტებზე მათი ფრენის მთელი მარშრუტი იხილოს, იტალიის სიგონელას აეროდრომიდან აფრენისთანავე...

ორიოდე დღის წინ კი საინტერესო სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ამერიკულმა სტრატეგიულმა მზვერავმა „ტრიტონმა“ არ „იკმარა“ ანექსირებული ყირიმის ხედებით „დატკბობა“ და ოკუპირებულ სოხუმსაც მიუახლოვდა ორასიოდე კმ-ში...

„ტრიტონის“ თანამედროვე რადიელექტრონული აპარატურისთვის ორასიოდე კმ-ი არაფერია, ბევრად უფრო ღრმადაც „იჭყიტება“ და უპრობლემოდ შეეძლო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საოკუპაცი ბაზების სრული საჰაერო მორიტორინგის ჩატარება, მათ შორის იმის „შემოწმება“, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ოკუპირებული ოჩამჩირის საზღვაო პორტში, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი თითქოს სამხედრო ხოამლდების გადამალვას აპირებს...

ამერიკული „ტრიტონის“ მთავარი სადაზვერვო ამოცანა, სავარაუდოდ, მაინც ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის და სოჭიმდე საზღვაო სანაპიროს დაზვერვა უფრო იყო, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროს მონიტორინგსაც უპრობლემოდ განახორციელებდა...

4-tri-1718449204.png
ირანელები ამტკიცებენ, რომ ეს 2019 წლის 20 ივნისს ჩამოგდებული ამერიკული „ტრიტონის“ ფოტოა...

P.S. სხვათა შორის, 2019 წლის 20 ივნისს ორმუზის ყურის თავზე ირანულმა საზენიტო რაკეტამ ჩამოაგდო 120 მლნ დოლარიანი, ასეთივე MQ-4C Triton-ი და ყველა ელოდა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპასუხო და დაუნდობელ რეაქციას...

ყველა ელოდა, რომ თეთრი სახლი არაფრით აპატიებდა ირანელებს მსოფლიოში ყველაზე დიდი და საუკეთესო უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებას, რომელიც თავად ვაშინგტონის მტკიცებით, ნეიტრალური წყლების თავზე მიფრინავდა.

საქმე მართლაც საპასუხო საჰაერო დარტყმებამდე მიდიოდა და ამერიკული საგემბანო ავიაცია და ფრთოსანი რაკეტები უკვე დამიზნებული იყვნენ ირანის საზენიტო-სარაკეტო ბატარეების გასანადგურებლად, თუმცა ოპერაციის დაწყებამდე ათი წუთით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკან დაიხია და ოპერაციის განხორციელება შეაჩერა, იმ მოტივით, რომ შეიძლება 150-მდე ადამიანი დაღუპულიყო...

ეს სწორედ ის ტრამპია, რომელიც აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გამბედაობას უწუნებს და იმას გაჰყვირის, რომ თუკი მას ისევ პრეზიდენტად აირჩევენ, ყველას კუდით ქვას ასროლინებს...