"ისეთი ხიბლი ჰქონდა, ისეთი იდუმალება, რომ ოჯახის წევრებმაც კი არაფერი იცოდნენ. დიდი აზარტი და გამოწვევა იყო, კარგად ვისიამოვნე" - კვირის პალიტრა

"ისეთი ხიბლი ჰქონდა, ისეთი იდუმალება, რომ ოჯახის წევრებმაც კი არაფერი იცოდნენ. დიდი აზარტი და გამოწვევა იყო, კარგად ვისიამოვნე"

შოუში "ვინ ვინ არის" სოკოს ნიღბის მიღმა, მსახიობ მარინა კახიანის გამოჩენა ბევრისთვის მოულოდნელობა იყო.

მიზანს, რომელიც მსახიობმა პროექტში ჩართვისთანავე დაისახა, მიაღწია - მისი ამოცნობა ვერავინ შეძლო. როგორ შეინიღბა, როგორ იმუშავა ამ პერსონაჟზე და როგორი იყო ნიღბით გატარებული პერიოდი? - ამ ყველაფერზე მარინა კახიანი თავად გვესაუბრება.

- ქალბატონო მარინა, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ შემოთავაზება ამ პროექტიდან წინა სეზონებზეც გქონდათ, მაგრამ არ დათანხმდით. ამჯერად როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება?

- დიახ, შემოთავაზება სულ მქონდა ამ პროექტიდან, მაგრამ მსგავს კონკურსებში გამოსვლაზე რატომღაც, ყოველთვის თავს ვიკავებ, არ მიყვარს. იგივე შემიძლია ვთქვა პროექტზე "ცეკვავენ ვარსკვლავები" - ძალიან კარგია, ბევრმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა, მომწონს, მაგრამ პირველ სეზონზე და შემდეგ არაერთგზის მიღებულ შემოთავაზებაზე, ყოველთვის უარი ვთქვი. ვერ გეტყვით, ახლა 20-25 წლის რომ ვიყო, როგორ მოვიქცეოდი. რაც შეეხება პროექტს "ვინ ვინ არის", - აქაც იგივე იყო. მე არ მაქვს პრეტენზია მომღერლობაზე, ცეკვასთან მოგეხსენებათ, უფრო სხვა "ურთიერთობა" მაქვს. წელს დუტამ დამარწმუნა, რომ ეს არ არის სიმღერის კონკურსი.

- გამოდის, რომ თქვენი დათანხმება დუტამ მოახერხა?

- დათანხმება? მე სხვაგვარად ვიტყოდი, დუტამ შემაბა (იცინის).

- როგორი იყო ჩართვა ამ თავგადასავალში? ეს გარდასახვა რამდენად საინტერესო აღმოჩნდა?

- არ ვნანობ, რომ დავთანხმდი. ისეთი ხიბლი ჰქონდა, ისეთი იდუმალება, რომ ოჯახის წევრებმაც კი არაფერი იცოდნენ. იყო დიდი აზარტი და გამოწვევა, კარგად ვისიამოვნე, გავერთე. პოლიტიკაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მძიმე პერიოდს დაემთხვა ეთერში გასვლის დაგეგმილი თარიღი, მოგეხსენებათ, შემდეგ გადაიდო. ამ პროექტში რომ ჩავერთე, მიზნად დავისახე, ისეთი გარდასახვა გამეკეთებინა, ვერავის ვეცნე, უახლოეს მეგობრებსაც კი.

marina-kaxiani-1718523132.jpg

- ასეც მოხდა, არა?

- ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ იყო, ამ პროექტზე ძალიან კარგი, ფანტასტიკური ხალხი მუშაობს. მადლობა დუტას, ჩემს პირად პროდიუსერს, მხატვრებს, სოფო ტოროშელიძეს და მის ჯგუფს. იქ მომუშავე ადამიანები მართლა თავდადებულები არიან.

- სოკოს კოსტიუმის მორგება თქვენი სურვილი იყო?

- მე და დუტამ ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თავიდან დუტას სხვა იდეა ჰქონდა, მაგრამ რომ მომისმინა, დამეთანხმა. იმ კოსტიუმში შეიძლებოდა უფრო ვეცნე მაყურებელს, მოძრაობის მეტი საშუალება მექნებოდა და შეიძლებოდა "გავყიდულიყავი". სოკოს კოსტიუმში კი მოძრაობაში სრულად თავისუფალი არ ვიყავი. ვეცადე, ხმაც შეძლებისდაგვარად შემეცვალა. შეიძლება ამან ერთ მხრივ, წააგო კიდეც.

- პროექტი რომ დატოვეთ, გული არ გწყდებათ?

- გული არ მწყდება, არც ვინმეს მიმართ წყენა მაქვს გულში, გულწრფელად ვამბობ, მხოლოდ ის მაინტერესებდა, მეორე ტურში როგორი გამოსვლა მექნებოდა. შემდეგი ტურის სიმღერა კაცის ხმით მქონდა ჩაწერილი, დეტექტივები და მაყურებელი სულ დაიბნეოდა, მაგრამ არა უშავს. შეიძლება ცუდად გამომივიდეს, მაგრამ უნდა ვაღიარო, თავიდან ამ საქმეს ცოტათი არასერიოზულად მივუდექი, ეს არ შეიძლება. ახლა ქუჩაში ნაცნობები თუ უცნობები რომ მხვდებიან და მეუბნებიან, ვერ გიცანიო, ეს ძალიან მსიამოვნებს. ვისაც არ მოვეწონე, ის ხომ საერთოდ არაფერს მეტყვის. ბევრი გულგატეხილია, რატომ დავტოვე ეს პროექტი. აინტერესებთ, შემდეგში რას და როგორ გავაკეთებდი. პროექტი რომ დავტოვე, რამდენიმე დღის შემდეგ იქაური თამაში კი მომენატრა, თითქოს ფილმის გმირი ვიყავი.

- თქვენმა შვილმა რა გითხრათ?

- ჩემი ოჯახის წევრებს პეპელა ვეგონე. მათ 10 წუთით ადრე ვუთხარი, ტელევიზორს უყურეთ-მეთქი. ერთ მეგობარსაც პეპელა ვეგონე. ყველამ ძალიან იხალისა, მთავარი ესაა.

- როდესაც "იმედში" ამ პროექტისთვის მიდიოდით, გამოდიოდით სახლიდან, ჩვეულებრივ ფორმაში, მერე?

- ვჯდებოდი მანქანაში და ვიფუთებოდი. მქონდა ნიღაბი, სპეციალურად შეკერილი, დიდი შავი მოსასხამი, ქუდი... მონაწილეების გადაადგილება კონტროლდება: იქ სხვას რომ არ შეხვდე, თვალი არ მოhკრა, ყველაფერი წინასწარ გათვლილია.

- თქვენ შეგადარეს ნანული სარაჯიშვილს, ლიზა ყენიას, კახუჩელას, მანანა თოდაძეს. როდესაც დეტექტივებისგან ეს მსჯელობა გესმოდათ, რას ფიქრობდით, როგორი განცდა გქონდათ?

- სასიამოვნო იყო ასეთ მომღერლებს რომ შემადარეს, მაგრამ კახუჩელააო რომ გავიგონე, ლამის ნიღაბი მოვიხსენი (იცინის). მესიამოვნა, კახუჩელას დიაპაზონი ვიცით როგორია და მას რომ გადარებენ, ცუდი არაა. ეგონათ, კახუჩელა ქალის როლს თამაშობდა. რაც შეეხება ნანული სარაჯიშვილთან შედარებას: ვიცი, ნიკა წულუკიძემ ის რატომ დაასახელა, რაღაც მომენტში ნანულისთვის დამახასიათებელი მანერით მართლა ვამოძრავებდი ხელებს, იყო მისი დოინჯიც და ნიკამ ეს დაიჭირა. ჩვენ ეს დეტალები მაყურებლის და დეტექტივების დასაბნევად მოვიფიქრეთ, ისევე, როგორც წაბარბაცება. ძალიან მეცინებოდა იმაზე, რომ ეგონათ, ცუდად გავხდი, მსგავსი არაფერი ყოფილა, ფაქტი იმის დასტურია, რომ ეს სცენა კარგად გავითამაშე. უბრალოდ, ჩემი შემოყვანა გაიწელა. მე არ მქონდა უფლება დაცვის ბიჭებს დავლაპარაკებოდი, ხელით კი ვანიშნებდი, შემიყვანეთ-მეთქი, მაგრამ პროდიუსერმა გადაწყვიტა, ცოტათი დროში გაეწელათ, დაბნეულობა რომ შემოეტანათ, ამაში თავად არ ჩავრეულვარ, მათი ჩანაფიქრი იყო, ასე გადაწყვიტეს.

- ამ პროექტში ფავორიტი გყავთ?

- ვერაფერსაც ვერ გეტყვით (იცინის), არაკოლეგიალური მგონია, შეიძლება იქ ჩემი ახლობლებიც კი არიან ან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვეთაყვანები.

- დასახელებას არ გთხოვთ, მაგრამ რომელიმე პერსონაჟი ხვდებით, ვინ არის?

- ერთი ორზე ვფიქრობ, ვნახოთ, აბა, ჩემი ვარაუდი რამდენად გამართლდება.

- ამ პროექტში რა იყო ყველაზე დიდი სირთულე?

- სირთულე ნაკლებად არის, ძალიან სახალისო, აზარტული და საინტერესოა. ჩემი კოსტიუმი მძიმე სატარებელი გახლდათ, არაკომფორტული, მაგრამ სოკო იყო ჩემი არჩევანი. ძალიან კარგია, გულწრფელად მომწონს.

- ალბათ ამ პროექტის შემდეგ სეზონსაც ვიხილავთ, რას ურჩევთ შემდეგ მონაწილეებს?

- ისიამოვნონ. ეს სასიამოვნო გამოწვევა თამამად მიიღონ, რაღაც კუთხით ზრდის კიდეც, ასეთი პატარა მოვლენებით ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"