"კონსტანტინე გამსახურდია ქუჩაში რამდენჯერმე მყავდა ნანახი, როცა მწერალთა კავშირში რუსთაველის გამზირის გავლით ცხენით მიდიოდა. მაშინ თბილისში თითო-ოროლა მანქანა დადიოდა" - კვირის პალიტრა

"კონსტანტინე გამსახურდია ქუჩაში რამდენჯერმე მყავდა ნანახი, როცა მწერალთა კავშირში რუსთაველის გამზირის გავლით ცხენით მიდიოდა. მაშინ თბილისში თითო-ოროლა მანქანა დადიოდა"

ჭაღარა წვერით, შავი ჩოხითა და ქამარ-ხანჯლით. თუ ტრადიციული ქართული სამოსი არ ეცვა, მაშინ ქუდს მაინც დაიხურავდა - ქართული ორნამენტებით გაფორმებულს.

"60-იანელთა თაობა", - ასე მოკლედ იხსენიებენ იმ მხატვრებს, რომლებიც გასული საუკუნის 60-იან წლებში სამხატვრო აკადემიაში სწავლობდნენ, უმაღლესს ამთავრებდნენ და მერე სხვადასხვა მიმართულებით აგრძელებდნენ მოღვაწეობას. მათ შორის იყო ილია პატაშური, რომელიც ახლახან, 5 ივნისს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა...

ფერმწერი და პროფესორი არაერთი წლის განმავლობაში თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა ახალგაზრდებს და მრავალი თაობის პედაგოგი გახლდათ. ბოლო წლებში კი უმეტესად შინ ხატავდა და ისტორიული ჟანრი მისი უპირველესი მიმართულება იყო. ასევე მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ქართულ მთას, სადაც ტრადიციულ, ისტორიულ და ყოფით სცენებს პეიზაჟები, პორტრეტები და ნატურმორტები ენაცვლება.

წლების წინ შეხვედრა ილია პატაშურის სახელოსნოში, დიდი ზომის ტილოების გარემოცვაში შედგა. ირგვლივ გამოფენილი ტილოები, დღის განათების ფონზე საკმაოდ შთამბეჭდავ სანახაობას ქმნიდა. ჯერ არაგვის ხეობაში, სოფელ ხევშაში გატარებული ბავშვობა გავიხსენეთ. ის უზრუნველი პერიოდი, როცა არავინ იცის რა არის დარდი, ნაღველი და სევდა. მაშინ დიდი გატაცებით ხატავდა ნახშირით დიდ ქვებზე და ხატავდა ჯოხით თოვლზე. დედ-მამა ხშირად უყვებოდა ზღაპრებს და თავისი წარმოსახვის წყალობით ქმნიდა დევებს, ცხენზე ამხედრებულ კაცებს, ყვავილებს. მერე ისიც გვიამბო, თუ როგორ შეხვდა შემთხვევით ლადო გუდიაშვილს, რომელმაც ბავშვს მხატვრობა უწინასწარმეტყველა და არც შემცდარა...

ნიჭი

პირველ კლასში იყო, როცა მასწავლებელმა პატარებს იაკობ გოგებაშვილის "დედაენა" გადაუშალა, მსხლის შავ-თეთრი ფოტო ანახა, ფერადი ფანქრები დაურიგა და უთხრა, დახატეთ და თან გააფერადეთო. ბავშვებმა მსხალი შავად, წითლად, მწვანედ გააფერადეს. ილომ კი დახატა მსხალი, რომლის მარცხენა მხარე ყვითლად დაფარა, ხოლო მარჯვენაზე ნელ-ნელა წითელი ფერი "შეიყვანა". მასწავლებელი მოიხიბლა, ბიჭს ხუთიანი დაუწერა, რითაც ძალიან გაახარა მოსწავლე...

მარტის თვე იყო, საღამო ხანი. მეორეკლასელი ილო პატაშური რამდენიმე თანასოფლელთან ერთად გუნდაობდა და თოვლში კოტრიალობდა, როცა ბილიკიდან გადახვევისას, ფერმასთან ვიღაც კაცი დაინახა. მას მოლბერტი ჰქონდა გაშლილი და სოფლის ერთ-ერთ ლამაზ, გრძელნაწნავიან მწველავ ქალს მეწყინა ჭიღაიძეს ხატავდა. ბავშვი ნახატისა და ქალის მსგავსებამ გააოცა. რამდენიმე წუთში მხატვარმა ბიჭი შენიშნა და გამოელაპარაკა. ილოს გვერდულად გადაკიდებულ ჩანთაში სახატავი რვეული ედო, მაგრამ მისი ფურცლები თოვლისგან იყო დასველებული. უცნობმა მხატვარმა ნახშირით გაკეთებული ნახატების გარჩევა მაინც შეძლო და მათი ავტორი შეაქო: ხატვას თუ გააგრძელებ, ნამდვილად დიდი მხატვარი გამოხვალო.

ბავშვი შინ სიხარულისგან ფრთაშესხმული დაბრუნდა. მაშინ არ იცოდა, ვის შეხვდა, ვინ უთხრა კეთილი სიტყვები. წლები გავიდა და უკვე ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლე, ეროვნულ მუზეუმში ლადო გუდიაშვილის გამოფენაზე წავიდა. უამრავ ნახატებს შორის, თვალი ერთ ნაცნობ ქალბატონს მოჰკრა - ეს ჩარჩოში ჩასმული მეწყინას პორტრეტი იყო.

მომავალი მხატვარი მაშინ მიხვდა, რომ 1948 წლის მარტში თურმე მის სოფელში ლადო გუდიაშვილი უნახავს. მოგვიანებით ილომ ლადოს ის შემთხვევა გაახსენა და მიუხედავად იმისა, რომ მას მერე თორმეტი წელი იყო გასული, ლადო გუდიაშვილმა თოვლისგან დასველებულ რვეულში ნანახი ნახატები და ის პატარა ბიჭუნა გაიხსენა...

ხასიათი

ისტორია იტაცებდა. ბრძოლის სცენები და ცხენები მის ტილოებზე ხშირია. იმასაც ამბობდა, ცხენზე ბრწყინვალედ ვზივარო და ესეც ბავშვობის ასაკიდან. მამა და ბიძა ცხენს ვერცხლის უნაგირით კაზმავდნენ, თუმცა უფრო ხშირად, უბელო ცხენს დააჭენებდა. თავის დახასიათება რომ ვთხოვე, მითხრა, - ინტერესიანი, რისკიანი და ბრძოლისუნარიანი ვარ. კრწანისში სამასი არაგველის გვერდით რომ ვყოფილიყავი, მტრის გასაწყვეტად წინა რიგებში ვიდგებოდიო.

ბავშვობაში კოკისპირულ წვიმაში სიარული უყვარდა, ჭექა-ქუხილი და ელვა. ასეთ დროს ვერ ძლებდა, რომ სახლიდან გარეთ არ გავარდნილიყო. მთიული გახლდათ და ცოტა არ იყოს, ურჩიც. დაუმორჩილებლობას საუბრის დროსაც ავლენდა. მახსოვს, ერთი შეკითხვის დასმა რამდენჯერმე მიწევდა, რომ თავი არ აერიდებინა, როგორღაც არ გაჰქცეოდა და ბოლოს მაინც მიმეღო პასუხი...

ახალგაზრდობა

"ჯერ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი და შემდეგ სამხატვრო აკადემია წარჩინებით დავამთავრე. მერე ასპირანტურაში ვსწავლობდი. იმ პერიოდში აკადემიის რექტორი აპოლონ ქუთათელაძე გახლდათ. მისგან ბევრი სიკეთე მახსოვს, ის რაიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს დიდ დახმარებას უწევდა, ხშირად ჩუქნიდა საღებავებსა და ფუნჯებს. მას პირველად მისაღები გამოცდების დროს შევხვდი. ვხატავდი, როცა მომიახლოვდა და ჩემს ნახატს დააცქერდა. მივხვდი, მოეწონა, ოთახიდან გასვლისას გვარი მკითხა. 8 გამოცდიდან შვიდი ხუთი და ერთი ოთხიანი მივიღე. ერთ ადგილზე იყო ბრძოლა და იმ ადგილას აპოლონის კარის მეზობელი ჩაირიცხა. აღმოჩნდა, რომ გარეთ დავრჩი, მაგრამ იმავე პერიოდში აკადემიაში გაიხსნა ქსოვილების სპეციალობა და აპოლონ ქუთათელაძემ ჯერ იქ ჩამრიცხა, მეორე წელს ფერწერის ფაკულტეტზე გადამიყვანა. მისივე ხელმძღვანელობით გავაკეთე სადიპლომო თემა "დავით აღმაშენებლის დიდგორზე გამარჯვება". ეს კიდევ ცალკე სასაუბროა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ესკიზს არ მიმტკიცებდნენ. კათედრის გამგე უჩა ჯაფარიძე გახლდათ, ის ხშირად მიმეორებდა, რომ ისტორიული თემის ნაცვლად, რამე სხვა გამეკეთებინა, ვთქვათ, რომელიმე სოციალისტური შრომის გმირის პორტრეტი. უარზე ვიყავი, აღმაშენებლის თემაზე 16 ესკიზი გავაკეთე, მაგრამ არც ერთი არ დამიმტკიცეს. ერთხელაც, აპოლონ ქუთათელაძემ თავისთან მიხმო. მითხრა, ბრწყინვალე თემაზე მუშაობ, მაგრამ ფერწერის კათედრა ამის წინააღმდეგია. მოდი, ესკიზები კონსტანტინე გამსახურდიას აჩვენეო".

კონსტანტინე გამსახურდია

"კონსტანტინე ქუჩაში რამდენჯერმე მყავდა ნანახი, როცა მწერალთა კავშირში რუსთაველის გამზირის გავლით ცხენით მიდიოდა. მაშინ თბილისში თითო-ოროლა მანქანა დადიოდა. მას მოლურჯო-თეთრი, არაბული ცხენი ჰყავდა.

კონსტანტინესთან კოლხურ კოშკში მივედი. ჭიშკარი ვიღაც კაცმა გამიღო, სახლის კიბეზე კი ულამაზესი ქალი გამოვიდა - მირანდა. მან სახლში შემიპატიჟა და კონსტანტინესთან შემიძღვა. დიდ დარბაზში ოვალური ფორმის მაგიდა იდგა და მასზე უამრავი წიგნი ეწყო. კედლებზე ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანისა და სხვა მხატვრების ტილოები ეკიდა. ასევე თვალში მოგხვდებოდა მდიდარი ბიბლიოთეკა. მაგიდის თავში იდგა სავარძელი და მის თავზე ფერადი, სვეტიცხოვლის დიდი ფოტო ეკიდა. რამდენიმე წუთში ოთახში კონსტანტინე გამსახურდია შემობრძანდა. თავზე ნაბდის ქუდი ეხურა. წარბები თვალებს უფარავდა და გამომხედა. მივესალმე, მაგრამ "გამარჯობა" არ უთქვამს, ხელი ისე გამომიწოდა. "სადაური ხარ, ყმაწვილო?" - მკითხა. მთიული გახლავართ-მეთქი, ვთქვი და დღემდე არ ვამბობ, რომ თბილისელი ვარ. მარჯვენა ხელი მხარზე დამადო და შემომხედა: "მერე?! მთიული თუ ხარ, ჩოხა რატომ არ გაცვია?!" ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი ვარ და ამის სტიმული მაშინ მისმა სიტყვებმა მომცა. მერე სკამზე მიმითითა, თავად სავარძელში მოთავსდა და ჩემი მისვლის მიზეზით დაინტერესდა. ყველაფერი მოვუყევი და გადავეცი აპოლონ ქუთათელაძის წერილი, რომელიც 3-4 წინადადებისგან შედგებოდა. აპოლონი თავის მეგობარ კონსტანტინეს სწერდა, რომ მის ფრიადოსან სტუდენტს კონსულტაცია ესაჭიროებოდა და სთხოვდა, თავისუფალ დროს დავეკვალიანებინე. მასპინძელმა ესკიზები დაათვალიერა, რამდენიმე მითითება მომცა და მას შემდეგ კოლხურ კოშკში კიდევ სამჯერ მივედი. მისი ერთ-ერთი მითითების მიხედვით, გამარჯვებულ მეფეს ხმალი მუხლებზე არ უნდა სდებოდა. არადა, მომწონდა, ვერტიკალურად მჯდარ მეფეს, იარაღი მუხლებზე ედო და სილუეტს ჯვრის ფორმა ჰქონდა. ამაზე კონსტანტინემ შემდეგი არგუმენტი მოიყვანა: მართალია, დავით აღმაშენებელმა დიდგორზე გაიმარჯვა, მაგრამ ჩვენს ერს დღესაც წინ გვიდევს დიდგორი, რომელსაც გამარჯვება სჭირდებაო. ამიტომ მირჩია, მეფეს ხმალი ზევით აეწია და ასეც მოვიქეცი...

რამდენიმე დღეში ჩემი ესკიზები კათედრის სხდომაზე გავიტანე. როგორც ჩანს, აკადემიის რექტორმა უჩა ჯაფარიძეს უთხრა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ჩემი ნამუშევრები მოეწონა. ამან იმოქმედა, რადგან მანამდე თექვსმეტჯერ დაწუნებული ესკიზები სხდომაზე ყველამ ერთხმად მოიწონა (იღიმის). აი, ასეთი ცხოვრება იყო საქართველოში უწინ, ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება... სამწუხაროდ, დიპლომის დაცვას კონსტანტინე გამსახურდია ვერ დაესწრო, იმ დროს ავად გახლდათ და ვერ მოვიდა".

დაბოლოს...

"თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ნაკვეთები ნაწილდებოდა და ადგილი, სადაც მოგვიანებით ჩემი სახლი აშენდა, ლადო გუდიაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის დახმარებით მივიღე. 40 წლის განმავლობაში სამხატვრო აკადემიაში ვასწავლიდი, პედაგოგობა ძალიან მიტაცებდა, ჩემი სტუდენტები მაღალ შეფასებებს იღებდნენ. ვცდილობდი მათ ისე მოვქცეოდი, როგორც აპოლონ ქუთათელაძე გვექცეოდა. როცა სამხატვრო აკადემიაში პეიზაჟის სახელოსნო დაიხურა, ფაქტობრივად, უმუშევარი დავრჩი. თუმცა, ხატვა არასოდეს შემიწყვიტია და არც შევწყვეტ"...

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს კულტურის სამინისტროს ინიციატივით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ ილია პატაშურის ნამუშევრების რეტროსპექტულ გამოფენას - "ფხოვის ზარები" უმასპინძლა. ერთი თვის მანძილზე გალერეაში გამოფენილი იყო მხატვრის 120 ნამუშევარი. გამოიცა ილია პატაშურის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კატალოგიც, ხოლო გამოფენის დახურვისას მხატვარმა სხვადასხვა პერიოდში შესრულებული 10 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"