ევროპარლამენტში არჩევნები ანტიდასავლური და პრორუსული ძალებისთვის­ არასასურველი კონფიგურაციით შეიკრა - კვლავ უმრავლესობას წარმოადგენს სამი ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი: ევროპის სახალხო პარტია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი და ევროპული ჯგუფი. ისინი პროევროპული, პროდასავლური პოლიტიკური ძალები­ არიან. საზოგადოების ნაწილს ულტრამემარჯვენე ძალების მნიშვნელოვნად გაძლიერების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ჯგუფმა 9 მანდატით მეტი მოიპოვა, ვიდრე წინა პარლამენტში ჰქონდა. გვესაუბრება რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი: - ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენეებს სულ 9 დეპუტატი მოემატათ, მაგრამ ევროპარლამენტის პოლიტიკაში ეს არაფერს შეცვლის, არც გადაწყვეტილების­ მიღებაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. გადაწყვეტილების მიღებაში, როგორც წესი, ერთიანდებოდნენ ხოლმე სახალხო პარტია­ და სოციალ-დემოკრატები და ხშირად იმატე­ბდნენ "მწვანეებს". ახლაც რომ დაიმა­ტონ, თავისუფ­ლად ჰყოფნით გადაწყვეტილებების მიღებისთვის. საბოლოოდ კვალიფიცირებული­ უმრავლესობით იშვიათად მიიღება რაიმე­ გადაწყვეტილება, მაგრამ თუ მაინც საჭი­რო­ გახდა, მაშინაც არ დასჭირდებათ რადიკალი­ მემარჯვენეების ხმები. ასე რომ, გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას არ მიიღებენ არც მემარჯვენე და არც მემარცხენე რადიკალები. - საქართველოს მმართველ პარტიას დარჩა გულშემატკივრები ევროპარლამენტში? - ძნელი სათქმელია, ორბანის პარტია რამდენად არის "ოცნების" გულშემატკივარი, მით უფრო ბოლოდროინდელი ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებული სკანდალის მერე, რომელიც "ფიდესის" წევრია. "ოცნება" პოზიციონირებს როგორც ულტრაკონსერვატიული ძალა, რიტორიკაც დაახლოებით ისეთი აქვს, როგორიც ორბანის პარტიას. "ოცნება" დიდხანს ეძებდა და საბოლოოდ თავისი ადგილი იპოვა ულტრამემარჯვენეებში, რაც არ არის კარგი - ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს, ასეთი პოზიციონირება მის ხელისუფლებას არ წაადგება. "ოცნება" ჯერ თითქოს ცენტრისტული მემარჯვენე იყო, მაგრამ კონიუნქტურის გამო, რადგან სახალხო პარტიაში (EPP) "ნაციონალური მოძრაობა" იყო, სოციალ-დემოკრატებში გაწევრება გადაწყვიტეს. მერე, როცა ორბანთან ძმაკაცობა და ულტრამემარჯვენე კონსერვატიული და პოპულისტური იდეების გახმოვანება დაიწყეს, "ოცნება" ჯერ დატუქსეს და მერე პარტიიდან გარიცხეს (იცოდნენ, გარიცხავდნენ და თვითონ დატოვეს სოციალ-დემოკრატები). ახლა ჰგონიათ, ტრამპი თუ მოვა, რაღაც ეშველებათ. ტრამპის მოსვლა არ ნიშნავს, რომ რადიკალი კონსერვატორები მოვლენ აუცილებლად. კონგრესში არის ტრამპის ფრაქცია, ის უფრო ტრადიციულ-კონსერვატიული პარტიაა, უფრო მემარჯვენე, ვიდრე მთლად კონსერვატიული. ტრამპი არაპროგნოზირებადი და კონიუნქტურის კაცია და როგორიც მისთვის მომგებიანი იქნება, ისეთ პოლიტიკას გაატარებს. პუტინიც ძალიან გულშემატკივრობს ტრამპს. ტრამპი თვითონაც პოზიციონირებდა როგორც კონსერვატორი და ორბანთანაც მეგობრობდა. ახლა არ ვიცი, როგორაა მათი საქმე, მაგრამ "ოცნებას" ჰგონია, ჩვენ ერთი გუნდი ვართო. ფიქრობენ, რომ ტრამპისთვის უფრო მარტივი იქნება ენის გამონახვა რუსებთან, ჩინელებთან, ირანელებთან და ა.შ., თითქოს ამის შედეგად მოაგვარებენ თავიანთ საქმეებს და ამერიკასა და ჩინეთს შორის დაბალანსებულ პოლიტიკას დაიჭერენ. ეს ძალზე სარისკო თამაშია. გასაგებია, ამათ არ სურთ რეფორმების გატარება. ორბანსაც არ უნდა რეფორმები, მუდმივად სურს ხელისუფლებაში დარჩენა, დემოკრატიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვა, ოპოზიციის გარიყვა და სასამართლოს ჯიბეში ჩასმა. ევროკავშირის ანგარიშებში უნგრეთზე ნათქვამია, რომ უნგრეთის პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებში ძალზე უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ. ასეა ჩვენთანაც, აქაც ამაში ხედავენ ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტს. დემოკრატები და ლიბერალ-დემოკრატები უფრო ცენტრისტუ­ლი ძალები არიან, რომლებიც­ არ ახდენენ ხელისუფლების კონცენტრაციას ერთის­ ხელში. ამიტომ არ აწყობს "ოცნებას" რეფორმები. თუ ძალაუფლების ისეთ ბალანსს დაამყ­არებს, როგორიც მიღებულია დემოკრატიაში (ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტები), მაშინ ხელისუფლებაში დარჩენა გარანტირებული არა აქვს, კონკურენტული გარემო ჩამოყალიბდება და მოსახლეობას ვინც უფრო კარგ რაღაცებს შესთავაზებს, ის გაიმარჯვებს. ესენი როგორ შესთავაზებენ მოსახლეობას კარგს, როცა სურთ ბიზნესებს მონოპოლიურად ფლობდნენ. იქ, სადაც პლურალიზმია და მთავრობის წნეხისგან გათავისუფლებულია ბიზნესი თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობა, იოლი არ არის ძალაუფლების შენარჩუნება. ყველაფერი კარგად არის გათვლილი. როგორც ჩანს, არაერთხელ გაიარეს კონსულტაცია ორბანთან და ჩინელებთანაც. ალბათ, ჩინეთს ასევე­ დაეკითხნენ, როგორ უნდა შეავიწროვონ თავისუფალი აზრი ქვეყანაში და როგორ აწარმოონ დემოკრატიის საწინააღმდეგო პროპაგანდა. არ ვიცი, რატომ ამყარებენ ასეთ იმედს ტრამპზე, ევროკავშირში თუ ვერ შევალთ, ტრამპი ვერც ჩვენ და ვერც "ოცნებას" ვერ გვიშველის, იმიტომ, რომ საქართველო თუ უარს იტყვის­ ევროკავშირზე, უპირველესად რუსე­თი და ჩინეთი შეეცდებიან საქა­რთველოს დაბრუნებას ძველ ორბიტ­აზე, საიდანაც ძლივს გამოვაღწიეთ.მოლდოვა და უკრაინა დაიწყებენ მოლაპარაკებას და შევლენ ევროკავშირში, ორივე წინ მიდის, საქართველო კი მათ ძალიან ჩამორჩა. შეიძლება უვიზო მიმოსვლაც წაგვართვან და წარმოიდგინეთ, ხალხისთვის ეს რამხელა დარტყმა იქნება. - ევროპაში ულტრამემარჯვენეების რაღაც დოზით დაწინაურება რა გავლენას მოახდენს ევროკავშირსა და ევროპარლამენტზე? - ევროპარლამენტზე არა, მაგრამ ევროკავშირზე შეიძლება გავლენა მოახდინოს. მაგრამ ევროპის ამ ქვეყნებში მთავრობები ხომ არ შეცვლილან? ვერც შეიცვლება, რადგან მათ არსად აქვთ ხმების ნახევარზე მეტი, თანაც არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი ქულა თუ დააგროვეს, ამ ძალებს ძალიან პატარა შანსი აქვთ ვინმესთან შექმნან კოალიცია. თუ მაინც შექმნიან, ისეთი პირობებით, რომ ისინი ულტრამემარჯვენე იდეებს ვეღარ გაატარებენ. მაგალითად, თუ ლეპენის პარტია დააგროვებს­ 30%-ს, მას დასჭირდება კოალიციაში ვინმესთან შესვლა და ამისთვის ისევ მაკრონის პარტიას, სოციალისტებს ან სხვა მემარჯვენე პარტიას იპოვის, მაგრამ კოალიცია რომ შექმნას, 50% ხომ უნდა დააგროვოს? თან ეს კოალიცია არ შეიქმნება, თუ იქ რაღაც პირობებით არ შევიდნენ - ასეთ კანონს არ მივიღებთ, ასეთ რეფორმას არ გავატარებთო და სხვა. ასეთ შემთხვევაში, კონსერვატორები ხელისუფლებაში რომც მოვიდნენ, ისე რადიკალურად ვეღარ იმოქმედებენ, როგორც პროგრამებში აქვთ გაცხადებული. მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და თქვა, რადგან ბალანსი შეიცვალა, თავიდან ჩავატაროთ არჩევნები და შევხედოთ, ისე არ ვმართოთ ქვეყანა, ხალხმა თქვას, არალეგიტიმურიაო. ლეგიტიმურობის საკითხი დგას და ჩვენს ხელისუფლებას კი არ უნდა უხაროდეს ეს ამბავი, უნდა შერცხვეთ, რომ იქ ასეთი დემოკრატიაა - როცა მაკრონმა დაინახა, მის მოწინააღმდეგე პარტიას ხალხის­ ამხელა პროცენტი უჭერს მხარს (ეს ევროპარლამენტის არჩევნებიდან გამოჩნდა)­, პარლამენტის დაშლის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო - თავიდან ჩავატარებ რიგგარეშე არჩევნებს და თუ მოსახლეობას ურჩევნია მეტი თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს ეროვნულ პარლამენტში, მივცემ საშუალებას, შემოვიდნენ, რათა პარლამენტის წარმომადგენლობა მოსახლეობის მოთხოვნებსა და პრეფერენციებთან იყოს შესაბამისობაშიო. ეს არის დემოკრატიულობის ნიმუში. ჩვენები რას აკეთებენ? - იღებენ რაღაც კანონს, რომელსაც ეწინააღმდეგება 200 ათასი კაცი ქუჩაში (ხუთი ამდენი მათ უკან), როგორც, მინიმუმ, მილიონი კაცი და ესენი მაინც ამბობენ, ჩვენ უმრავლესობა გვაქვს პარლამენტში და ამიტომ უფლება გვაქვს მივიღოთ ის კანონი, რაც ჩვენ გვინდაო. - რა ფაქტორებმა და მესიჯებმა შეუწყო მემარჯვენეების გააქტიურებას ხელი და ხომ არ იკვეთება ტენდენცია, დროთა განმავლობაში მათი პოზიცია უფრო გაძლიერდეს? - პირველ რიგში მიგრანტების მოზღვავებამ. დიდწილად რუსეთის დამსახურებაა, რომ ევროპის გარშემო ბევრ ადგილას ვეღარ დასრულდა კონფლიქტები - თუნდაც სირიაში, ლიბიაში, უკრაინასა­ და ა.შ ეს ყველაფერი ხომ მიგრანტების ზრდასთანაა დაკავშირებული და ევროპის­ მოსახლეობას აწვება. პლუს მიგრანტები­ ართმევენ მათ სამუშაო ადგილებს, ეს კი კონსერვატიზმის გაძლიერებას იწვევს. გარდა ამისა, არის ასეთი ტენდენციებიც - პოპულიზმი, რომელიც ქადაგებს­ ნაციონალიზმის გარკვეულ პოსტულატებს,­ მაგალითად, სექსუალური და სხვა უმცირესობების დაცვა-პატივისცემა ბევრს ლიბერალიზმის გამოვლინებად მიაჩნია, ზოგი ფიქრობს, რომ ქრისტიანული ფასეულობების დეგრადირებისკენ მიდის საქმე, ზოგსაც გლობალიზაცია და საზღვრების გახსნა არ უნდა, ფიქრობენ, რომ გლობალიზაცია ღუპავს ეკონომიკას... მაგალითად, საფრანგეთში თუ აწარმოებდნენ "პეჟოს" და დიდი ქარხნები ჰქონდათ, გლობალიზაციის გამო ქარხნები ჩინეთში ან სხვაგან გაიტანეს და ადამიანები უმუშევრები დარჩნენ. ამ დროს მოვა პოპულისტი პოლიტიკოსი და იტყვის, უკან დავაბრუნებ ქარხნებსო, ისევე, როგორც ტრამპი ეუბნებოდა ამერიკელ მოსახლეობას, წამოვიღებ ინვესტიციებს ჩინეთიდან, ინდონეზიიდან, ისევ შევქმნი სამუშაო ადგილებსო და ა.შ. - ევროკავშირსა და ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესები რა გავლენას იქონიებს საქართველოს ევროინტეგრაციაზე? - არჩევნების გზით თუ არ შეიცვალა­ ხელისუფლება, ევროკავშირში ჩვენი წინსვლა არ მოხდება. ხელისუფლებას ცხრა ნაბიჯიდან არც ერთის გადადგმა არ უნდა, არადა, ამის გარეშე მოლაპარაკებებს­ ვერ დავიწყებთ. ამასობაში ისე შეიძლება შეიცვალოს გარემო, რომ ჩვენთვის აღარა­ვის ეცალოს და დიდებული შანსი დავკარგოთ. ამიტომ გადამწყვეტია დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც პროდასავლურმა ძალებმა უნდა გაიმარჯვონ.