"ლიანდაგზე გადადიოდა, როცა მატარებელი დაეჯახა... თურმე ყურსასმენები ეკეთა და ვერ გაიგო მემანქანის სიგნალი" - უმძიმესი ტრაგედის დეტალები - კვირის პალიტრა

"ლიანდაგზე გადადიოდა, როცა მატარებელი დაეჯახა... თურმე ყურსასმენები ეკეთა და ვერ გაიგო მემანქანის სიგნალი" - უმძიმესი ტრაგედის დეტალები

თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებელი ქვეითს შეეჯახა, სამწუხაროდ 52 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო. ამჟამად ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც გავარკვიეთ გარდაცვლილი ლალი ტრაპაიძეა. ის იქვე ახლოს, სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობდა და როგორც ჩანს, სამსახურში მიდიოდა.

"ეს უმძიმესი ამბავი ახლა გავიგე. ლალი ტრაპაიძე-ურბანოვია გარდაცვლილი. ჩვენი თანამშრომელი იყო. ლალის 2012 წლიდან ვიცნობ. ის ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე არსებულ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დამლაგებლად მუშაობდა. დღეს საღამოს მორიგე იყო, სამსახურში მიდიოდა და მაშინ დატრიალდა ეს ტრაგედია.

ლიანდაგზე გადადიოდა, როცა მატარებელი დაეჯახა, მძღოლმა ვერ შეძლო დამუხრუჭება. სამწუხაროდ ადგილზეა გარდაცვლილი. უმძიმესი სანახავია მისი ცხედარი, ძალიან დაზიანებულია და ექსპერტიზა ჩაუტარდება. ძალიან გული მტკივა და მენანება. ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი, გაუხარელი გოგო იყო.

მშობლები დაღუპული ჰყავს, არც სახლი ჰქონდა. ისე თბილისში გაზრდილია. გლდანში ჰქონდათ მშობლებს სახლი, ის გაუყიდიათ დებს და გაინაწილეს ეს თანხა, მაგრამ სამწუხაროდ, მან ბინის ყიდვა ვერ შეძლო და ქუჩაში დარჩა. გლდანში, ნაქირავებ ბინაში წლებია მარტო ცხოვრობს. ძალიან მშრომელი გოგო იყო, ბევრს შრომობდა, რომ თავი ერჩინა. ახლაც სამსახურში მიდიოდა, ორი დღე მუშაობდა და ერთი დღე ისვენებდა. დღეს საღამოს სმენაში იყო. როგორც მითხრეს, თურმე ყურსასმენები ეკეთა და ვერ გაიგო მემანქანის სიგნალი. მემანქანეს უსიგნალებია, უყვირიათ იქ მყოფ ქვეითებსაც, რომლებიც თვითონაც გადასვლას ცდილობდნენ, მაგრამ ეტყობა ვერ გააგონეს და გაიტანა მატარებელმა.

ჩვენი თანამშრომელი, ერთ-ერთი მძღოლი შეესწრო ამ საშინელ ამბავს. ადგილზეა გარდაცვლილი საწყალი ლალი. საშინელი სურათი იყო თურმე იქ. 10 წლის იქნება ლალის შვილი, მარტოხელა დედა იყო. ავადმყოფი ბავშვი ჰყავს. მგონი ცერებრალური დამბლით არის და ამ გოგოს არც სახლი ჰქონდა, არც იმის შესაძლებლობა, რომ შვილისთვის ეზრუნა, ამიტომ 2 წლის ასაკიდან მისი ბიჭი სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ არის.

სახელმწიფოს გადაყვანილი ჰყავს სხვა ოჯახში, ხშირად აკითხავდა თავის შვილს. ძალიან ალალი და ცხოვრებისგან დაჩაგრული ადამიანი იყო. სამსახურში ფეხით მოდიოდა და იქ გადადიოდა ხოლმე. მე ამ გზაზე 5 წელი ვიარე. ბევრი ადამიანი გადაადგილება ამ გზაზე. მესამე ავტობაზაში ვინც მუშაობს, ისინიც ხშირად გადადიან. ძალიან მენანება ეს გოგო. დაჩაგრული ცხოვრება ჰქონდა და ასე დასრულდა მისი ცხოვრება. არადა, რამდენს შრომობდა რომ თავი ერჩინა, ცუდი ადამიანი ნამდვილად არ იყო. ცხოვრებისგან ბევრი ტკივილი ხვდა, მაგრამ ამან არ გააბოროტა. უბოროტო ადამიანი იყო. თვითონ უჭირდა და როგორც შეეძლო, სხვას იქით ეხმარებოდა. ძალიან დარდობდა შვილზე, მაგრამ ის უხაროდა, რომ იქ მასზე ზრუნავდნენ. ერთ ოთახში ცხოვრობდა თვითონ გაჭირვებით და იქ ვერ შეძლებდა ბავშვის მოვლას. თან იმდენი უნდოდა ფინანსურადაც, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა.

ლალის არ უყვარდა თავის მძიმე ცხოვრებაზე საუბარი. არც ვეკითხებოდით. ქმარი არ ყავდა. მარტოხელა დედა იყო. 2012 წელს გავიცანი და მას მერე გლდანში ცხოვრობდა. სახელმწიფო მიხედავს ალბათ მის შვილს, რომლის დარდით დადიოდა. ისე შემეცოდა, საუბარი მიჭირს. ცხოვრებისგანაც დაჩაგრული იყო, მაგრამ პატარა სიბოროტეც არ იყო ამ ადამიანში. ღმერთმა გაანათლოს. ახლა თანაშრომლები გავაცილებთ ისე, როგორც საჭიროა. ყველა განიცდის", - ამბობს ჩვენთან საუბარში ლალი ტრაპაიძის თანამშრომელი.

ლალი ტრაპაიძის ფეისბუქზე დევს მხოლოდ მისი შვილის ფოტო და 2016 წელს დადებული პოსტი, სადაც ის შვილის გამოჯანმრთელებაში დახმარებას ითხოვს.

"დამეხმარეთ ჩემი შვილისთვის. გემუდარებით. აქვს დაავადება ცერემბრალური დამბლა და ესაჭიროება სასწრაფოდ გერმანიაში მკურნალობა", -წერდა ლალი. როგორც ჩანს, ის ცდილობდა თავისი შვილი სამკურნალოდ საზღგვარგარეთ წაეყვანა, მაგრამ ვერ შეძლო. უდედოდ დარჩენილ მის შვილზე სახელმწიფო გააგრძელებს ზრუნვას, ლალის კი თბილისში დაკრძალავენ.

(სპეციალურად საიტისთვის)