„პატარა დათიმ უნდა იცოცხლოს და იხაროს!“ - კვირის პალიტრა

„პატარა დათიმ უნდა იცოცხლოს და იხაროს!“

ბავშვები ანგელოზები არიან. არ უნდა შიოდეთ, არ უნდა სტკიოდეთ, მათ თვალებში შიში არ უნდა იყოს, თორემ თუ ასე არ არის, სამყაროც ინგრევა და აზრს კარგავს... და თუ ეს შენ გვერდით მყოფ ბავშვებს ეხება, მაშინ ხომ შეკუმშული და დაპატარავებული სხეულით უნდა ელოდო, როდის გაივლის ტკივილის დრო და როდის დაბრუნდება ბედნიერი ღიმილი მათ თვალებში. Aამ ანგელოზებში ჩვენი, პალიტრელების ყოფილი თანამშრომლისა და მეგობრის, თორნიკე ყაჯრიშვილის 4 წლის დათიც არის. როგორი ბიჭია დათი, როგორი სიყვარულით სავსე და ჭკვიანი იზრდება, ეს რომ გითხრათ, ჯერ მის მამაზე, თორნიკეზე უნდა გიამბოთ, ადამიანზე, რომელიც სხვა ადამიანების დასახმარებლად არანაირ სიძნელეს არ მოერიდება. ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი უამრავ ადამიანს დახმარებია გასაჭირიდან გამოღწევაში. აი, ასეთი მამიკო ჰყავს ძალიან თბილ და ძალიან საყვარელ დათის, რომელსაც ახლა ჩვენი დახმარება სჭირდება, რომლის დედიკოსა და მამიკოსათვის სამყარო მას შემდეგ ამოტრიალდა, რაც დათი ავად გახდა, თანაც ისეთი დაავადებით, რომელსაც სახელად ავთვისებიანი სიმსივნე, კერძოდ, თავის ტვინის მედულობლასტომა ჰქვია.

კი, საუბედუროდ, ხდება ასეთი რამ. რატომ? არ ვიცი, არც მე, არც არავინ. ჩვენ ხომ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელიც ძალიან ხშირად სრულიად არალოგიკური და გაუგებარია, სადაც კითხვა "რატომ?" ხშირად უპასუხოა. არც დათი ყაჯრიშვილის მშობლებმა იციან, რატომ გახდა 4 წლის ბავშვი ავად მძიმე დაავადებით. რატომ დაეწყო სრულიად ჯანმრთელსა და დაუდეგარს ერთ დღეს სისუსტე და ღებინება, რომელიც აღარ დამთავრდა.

იმ დღეს, დაახლოებით 2 თვის წინ, დათის მშობლებს, რა თქმა უნდა, ცუდზე არაფერზე უფიქრიათ. თავდაპირველად ეს სიმპტომები უბრალოდ, "მოწამვლად" ან სულაც ვირუსად ჩათვალეს და შვილს ექიმის რჩევით ელექტროლიტებიც მისცეს. თუმცა, როცა ღებინება მესამე დღესაც არ გაჩერდა, შეშინებულებმა ბავშვს ხელი მოჰკიდეს და კლინიკაში წაიყვანეს. იქ ექიმმა­ ტომოგრაფიის გადაღება­ გადაწყვიტა და სწორედ ამის შემდეგ ჩამოიქცა დათის მშობლებისთვის სამყარო: ბავშვს თავისა და ზურგის ტვინის შეერთების მონაკვეთზე, პარკუჭში თითქმის კვერცხისოდენა ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა.

შემდეგ იყო ფიქრი, რომ იქნებ ეს ყველაფერი სიზმარია, მერე კი ძალიან სწრაფად შოკური გამოფხიზლება და შვილის გადარჩენისთვის დაწყებული ბრძოლა. პირველად თბილისში ჩატარდა ოპერაცია, რომელიც სამ საათს გაგრძელდა - სწორედ ამ დროის განმავლობაში კვეთდა ექიმი პატარას თავიდან სიმსივნეს და ადვილად წარმოსადგენია, რამხელა გამძლეობით: შეუძლებელია შენ წინ იყოს პატარას თავი, როგორც ანგელოზის კავშირი უფალთან, და სულ იმაზე არ ფიქრობდე, რომ ამ სიცოცხლის შენარჩუნებისათვის წამოუდგენელი პროფესიონალიზმი გჭირდება, პარალელურად კი უფლის წინაშე თხოვნაც, რომ ბავშვს დაეხმაროს. ასეც მოხდა და დათის ოპერაციაც წარმატებით დამთავრდა. თუმცა განსაცდელი სულ ცოტა ხანში ისევ მოვიდა - ოპერაციიდან მესამე დღეს პატარას ანემია დაეწყო და სიცოცხლის ბეწვის ხიდზე ისევ შედგა. იმავე დღეს მოხდა ისიც, რა დროსაც ადამიანები ყველაზე კარგად ვგრძნობთ ჩვენს ადამიანობას: იმ დღეს ყველა, ვისაც შეეძლო და საჭირო იყო, კლინიკაში დათისთვის სისხლის გასაღებად მივიდა...

დღეს კი დათისთვის უკვე სხვა გზა დაიწყო: 4 წლის ბავშვი ესპანეთში უნდა გადაიყვანონ შემდგომი მკურნალობისთვის. პატარას საქართველოს სახელმწიფო ეხმარება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ბავშვის გამოჯანმრთელებაში ყველა ის რესურსი უნდა ჩაირთოს, რაც კი არსებობს, მათ შორის საზოგადოების დახმარებაც. ვისაც რა შეგვიძლია, თუნდაც საკუთარი შვილებისთვის ცოტა რამის მოკლება, რომ დათიმ იცოცხლოს და იხაროს. ეს რატომ უნდა გავაკეთოთ? იმიტომ, რომ მართალია, ჩვენს ცხოვრებაში ბევრი უპასუხო კითხვაა, მაგრამ ეს ნამდვილად არა, - განა იმიტომ, რომ ვინმე დახმარებას გვაიძულებს, არამედ იმიტომ, რომ არავინ ვართ დაზღვეული მომავლისაგან. კერძოდ, იმისაგან, რომ შეიძლება ერთ დღეს, როდესაც კარს გავაღებთ, იქ განსაცდელი ჩვენც დაგვხვდეს და ჩვენც დაგვჭირდეს სხვების დახმარება, რადგანაც ჩვენი გადარჩენის ერთადერთი იმედი სწორედ ეს აღმოჩნდება...

და კიდევ ერთი: თორნიკე ყაჯრიშვილი ვერასოდეს წამოიდგენდა, რომ ასეთი რამის დაწერა საკუთარ თავზე მოუწევდა. ბოლო მომენტამდე არ უნდოდა ამის გაკეთება. თუმცა სიცოცხლეში ისეთი მომენტებიც დგება, როდესაც ჩვენს ნებაზე არაფერია დამოკიდებული და რაღაც სხვას, სამყაროს გონს ვემორჩილებით, ის გონი კი ასეთი კანონით მართავს: რასაც გასცემ, აუცილებლად უკან დაგიბრუნდება, თანაც იმ დროს, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდება.

დათი ყაჯრიშვილისთვის დახმარება შემდეგ ანგარიშზე შეგიძლიათ:

საქართველოს ბანკი

#GE07BG0000000103273965

თიბისი ბანკი

#GE61TB7770445061600003

მიმღები: თორნიკე ყაჯრიშვილი.