აფხაზური ულტიმატუმი რუსეთის პატრიარქს - კვირის პალიტრა

აფხაზური ულტიმატუმი რუსეთის პატრიარქს

აფხაზეთის მღვდელმსახური ვისარიონ­ აპლია, რომელიც თავს აფხაზეთის ეკლესიის მეთაურად აცხადებს, რუსეთის პატრიარქ კირილს წერილს სწერს და ულტიმატუმს უყენებს - ის აფხაზეთის ეკლესიის რუსეთის ეკლესიის მფარველობაში მიღებას, კანონიკური სტრუქტურის­ საკითხის მოგვარებას, ეპისკოპოსის ხელდასხმასა და აფხაზთა დიასპორისთვის მოსკოვში ტაძრის გამოყოფას მოითხოვს. თუკი მოსკოვი ამ საკითხებს არ მოაგვარებს, ის რუსეთის ეკლესიის მღვდელმსახურებს, რომლებიც აფხაზეთის­ ეკლესიებში მსახურობენ, ტერიტორიიდან განდევნითაც კი ემუქრება. წერილი აპლიამ რუსეთის პატრიარქ კირილს მაისის ბოლოს­ გაუგზავნა,­ მაგრამ რუსეთიდან პასუხი ჯერ არ ჩანს. ამის შესახებ "ნეზავისიმაია გაზეტა" იუწყება.

აპლია აცხადებს, რომ 1992-1993 წლების ომის შემდეგ თავს აღარ მიიჩნევს საქართველოს ეკლესიის ნაწილად

"ჩვენ ვართ რუსეთის ეკლესიის ნაწილი, როგორც პატრიარქმა ტიხონმა გადაწყვიტა 1917-1918 წლების კრებაზე. კანონიკურად ჩვენ სწორ მხარეს ვართ, მაგრამ მოსკოვში ბევრი ჩვენი მოწინააღმდეგე და ბევრი გავლენიანი ქართველია", - ამბობს ვისარიონი. თავისი პოზიციის გასამყარებლად ის მიუთითებს ქალკედონის კრების მე-17 და ტრულის კრების 25-ე კანონებზე, რომელთა მიხედვითაც, როგორც აპლია განმარტავს, თუ ეპისკოპოსი 30 წელზე მეტია არ გამოჩენილა თავისი ეპარქიის ტერიტორიაზე, მაშინ ეს ეპარქია შეიძლება გადავიდეს სხვა, მეზობელი ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში და რადგანაც ომისა და საქა­რთველოს ეპისკოპოსების აფხაზეთიდან "გაქცევის" შემდეგ 30 წელზე მეტია გასული, ამ საკითხის დაყენების უფლება აქვს.

აპლიას თქმით, ის შეხვდა პატრიარქ კირილს და მოთხოვნები გააცნო,­ პატრიარქმა კი უპასუხა: "ჯერ თქვენ შორის გადაწყვიტეთ, თორემ ზოგს კონსტანტინოპოლში წასვლა უნდა, ზოგს საქართველოში". მოგვიანებით, აპლია მოსკოვში აფხაზე­თის­ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბასთან ერთად აპირებდა გამგზავრებას­ კირი­ლთან ამ საკითხზე ხელმეორედ სალა­პა­­რაკოდ, თუმცა აუდიენცია რუსეთის ეკლესიამ გააუქმა. სწორედ შეხვედრის ჩაშლის შემდეგ მიმართა აპლიამ კირილს წერილობით.

ოფიციალურად, აფხაზეთი საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ნაწილია, ასე მიიჩნევს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, თუმცა 1992-93 წლების ომის შემდეგ აფხაზეთში ქართველ სასულიერო პირებს აფხაზები არ უშვებენ. ამჟამად აფხაზეთში მოქმედებს ორი პარალელური, არაღიარებული საეკლესიო­ სტრუქტურა. ერთია ე.წ. აფხაზეთის მართ­ლმა­დიდებელი ეკლესია, ცენტრით სოხუმის საკათედრო ტაძარში და მას მეთაურობს­ ვისარიონ აპლია, რომელიც საქართველოს ეკლესიის მიერ არის მღვდლად ნაკურთხი­. ის თავს აფხაზეთის ეკლესიის მეთაურად მიიჩნევს მიუხედავად იმისა, რომ წოდებით ეპისკოპოსიც კი არ არის, მხოლოდ მღვდელია. ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდის მიხედვით, ამ რელი­გიურ ორგანიზაციაში შედის­ რუსეთის­ ეკლესიის 10 სასულიერო პირიც, სწორედ­ მათ დაემუქრა აპლია აფხაზეთი­დან გაძევე­ბით; მეორე არაღიარებული საეკლესიო სტრუქტურაა ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია, რომლის ცენტრია ახალი ათონის მონასტერში და მისი წინამძღვარია­ დოროთეი დბარი. მას რუსეთის ეკლესია 2023 წლიდან განკვეთილად მიიჩნევს. დბარი მღვდლად კონსტანტინოპოლში აკურთხეს და ის უფრო კონსტანტინოპოლის მიმართ გამოხატავს სიმპათიებს. დბარის დაჯგუფება უფრო აფხაზეთის ცალკე ავტოკეფალიად გამოყოფის მსურველია. ასევე მიაჩნიათ, რომ აფხაზეთის ეკლესიის საკითხზე საქართველოს ეკლესიას უნდა დაელაპარაკონ და აპლიას არგუმენტები არაფრის მომცემია... თეოლოგები, მათ შორის რუსებიც კი, აცხადებენ, რომ აპლიას მიერ არგუმენტად­ იმ საკითხის­ მოყვანა, რომ 30 წელია ქართველი ეპისკო­პოსი აფხაზეთში არ ჩასულა, ამიტომ მას უნდა ჩამოერთვას ეპარქია­ და ავტომატურად­ ეპარქიამ დამოუკიდე­ბ­ლობა უნდა მიიღოს, უსაფუძვლოა, რადგან­ აფხაზეთის ეპარქია ქართველ ეპისკო­პოსს თავისი ნებით არ მიუტოვებია, მას არ უშვებენ, ამიტომაც აპლიამ სხვა, უფრო დამაჯერებელი არგუმენტი უნდა მოიფიქროს.

წლებია ვისარიონ აპლია ითხოვს, რომ რუსეთის ეკლესიამ აფხაზეთი თავის იურისდიქციაში ოფიციალურად მიიღოს. რუსეთის პატრიარქი ამ მოთხოვნას ოფიციალ­ურად არასდროს პასუხობს, თუმცა არის ერთი დეტალი - 2010 წლის დეკემბრიდან საქართველოს პატრიარქის ტიტულატურას დაემატა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის სტატუსიც, მაგრამ რუსეთის პატრიარქი კირილი ილია IIII-ს ამ სრული ტიტულით არასდროს მოიხსენიებს.

2021 წელს აპლიამ რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებს მიმართა წერილ­ობით, რომ კონსტანტინოპოლმა 1992 წელს არაკანონიკურად გამოსცა საქართველოს ავტოკეფალიის ტომოსი, რომლითაც აფხაზეთი საქართველოს ეკლესიის ნაწილია და ახლა აფხაზეთი საკათალიკოსო სტატუსის აღდგენას ითხოვს. პასუხად საქართველოს საპატრიარქომ აპლია თბილისში მოიწვია, თუმცა ამ ამბავს გაგრძელება არ მოჰყოლია.

რას ფიქრობენ საქართველოს საპატრიარქოში

ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი:

- 2021 წელს აპლიამ გამოგზავნა წერილი, რასაც პატ­რიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოვე­ლმა უპასუხა, რომ თბილისში პირისპირ განხილულიყო პრობლემური საკითხები, თუმცა მაშინ თბილისში ჩამოსვლის წინადადება უარყვეს. აფხაზეთი საქართველოს­ განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ჩვენი­ განუყოფელი ნაწილია იქ არსებული­ ეპარქია. სხვა ვარიანტს არც განვიხილავთ­.

- იცით, რომ რუსეთის ეკლესიის 10 სასულიერო პირი მსახურობს აფხაზეთში?

- სხვა ეპარქიაში მსახურება კანონიკური დარღვევაა. ამ დარღვევებზე არაერთხელ იყო საუბარი რუსეთის ეკლესიასთან, პასუხი ბუნდოვანია, რომ ისინი­ თვითნებურად მოქმედებენ და ოფიციალ­ური­­ ნებართვა არ გაიცემა...

- ილია II-ს რუსეთის პატრიარქი სრული­ ტიტულით, სადაც ნახსენები უნდა იყოს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, არ მოიხსენიებს, ამაზე კირილთან­ საუბარი თუ გქონიათ?

- არ მოიხსენიებს... სხვას ვერაფერს გეტყვით.

"რუსეთი ალაპარაკებს აპლიას, რომ აფხაზეთი შევიდეს რუსეთის ეკლესიის რაღაც ტიპის დაქვემდებარებაში“

ვლადიმერ ნარსია, თეოლოგი, კანონიკური სამართლის დოქტორანტი:

- ვისარიონ აპლია არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია თავს უფლებას მისცეს რუსეთის პატრიარქს ულტიმატუმით ელაპარაკოს. ეს რაღაც ტიპის თამაში მგონია და შესაძლებელია კულუარულად უკვე არსებობს ამ საკითხების რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტაზე მოლაპარაკება, მაგრამ რადგან კანონიკურად ეს რთულია, რუსეთის­ ეკლესიას არა აქვს უფლება პირდაპირ თქვას, რომ ამ საკითხს ასეთი ძალმომრეობითი ფორმით გადაწყვეტს. ამიტომ ის ათქმევინებს აპლიას მიუღებელ ფორმულას, რომ აფხაზეთი შევიდეს რუსეთის ეკლესიის რაღაც ტიპის დაქვემდებარებაში.

- წლებია რუსი სასულიერო პირები აფხაზეთში ლიტურგიას ატარებენ. რუსეთის­ ეკლესია დე ფაქტო განაგებს აფხაზეთში პროცესებს, თუმცა ოფიციალურად არ აღიარებს აფხაზეთს თავის ნაწილად. რა უშლის ამაში ხელს რუსეთის ეკლესიას, ან თუკი 30 წელი არ აღიარა აფხაზეთი თავის ნაწილად, ახლა რატომ შეიცვლის დამოკიდებულებას?

- რუსეთი ორმაგ თამაშს თამაშობს. ერთი მხრივ, კირილი ამბობს, რომ აფხაზეთის მიერთება კანონიკურად დაუშვებელია. მან იცის, თუ ეს მოხდება, მას იმავეს მოსთხოვენ სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებიც. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ბელარუსში რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფაზე დაიწყეს საუბარი, თუმცა ლუკაშენკომ ეს შეაჩერა. ამიტომ რუსეთის საპატრიარქომ ამგვარი პრეცედენტი რომც დაუშვას, ეს წამგებიანია რუსეთისთვის. მეორე მხრივ, კირილი მაქსიმალურად ცდილობს აფხაზეთის საკითხი რუსეთის ეკლესიის ინტერესების სასარგებლოდ წარმართოს. ეს უპირველესად გამოიხატება იმაში, რომ მან 10 მღვდელი სრულიად არაკანონიკურად გაგზავნა ამ ტერიტორიაზე. რუსეთის ეკლესია ოფიციალურად ამბობს "არას", მაგრამ არაოფიციალურად პრაქტიკულად იმ 10 მღვდლის სახით ამბობს იმას, რომ აქვს ამ ტერიტორიაზე რელიგიური და პოლიტიკური ინტერესები. დიდი ალბათობით, ის ელოდება შესაფერის მომენტს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს განზრახვა აასრულოს. სხვა შემთხვევაში, კირილი არც გამოეხმაურებოდა ყოფილ კრიმინალ აპლიას, რომელსაც საკუთარი თავი აქვს გამოცხადებული ეკლესიის წინამძღვრად. მუქარის გამო შეიძლება აპლიას არსებობაც სათუო გამხდარიყო, მაგრამ ჯერ ის სჭირდება რუსეთს. კირილი აპლიას იმ თამაშს ათამაშებს, რომელიც რუსეთის ჩანაფიქრია. აპლია ვითომ იმუქრება, რომ გაყრის 10 რუს მღვდელს, მაგრამ ამის საპასუხოდ შესაძლოა კირილმა­ თქვას, რომ ვითარება თუ ასე დაიძაბება, სამწყსო დაუცველი, „დაუპურებელი დარჩება, ამიტომ იმ 10 მღვდელს რაღაც ტიპის სტატუსს მისცემს და ასე ნელ-ნელა, როგორც რუსებს სჩვევიათ, მცოცავი ოკუპაციით დაიწყებს საეკლესიო სივრცეში აფხაზეთის ეკლესიის იმ ფარგლებში აღიარებას, რასაც აპლია ითხოვს.

- აპლია აცხადებს, რომ აფხაზეთი რუსეთის ეკლესიის ნაწილია, როგორც პატრიარქმა ტიხონმა გადაწყვიტა 1917-1918 წლების კრებაზე...

- აპლია ხავსს ეჭიდება. ეს რევოლუ­ცი­­ისა და გარდატეხის პერიოდში იყო. ეკლესიაც განიცდის პოლიტიკის გავლენას­. თუკი განხილვა დაიწყება, უნდა ვიხელმძღვანელოთ არა 1917-18 წლების ტიხონისეული გადაწყვეტილებით, არამედ უფრო ადრეულით, როდესაც­ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო ერთხანს კონსტანტინოპოლს ემორჩილებოდა, ხოლო XVII-XVIII საუკუნეებიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხარდაჭერით ის საქართველოს ეკლესიის დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო გახდა. რუსეთმა აღმოსავლეთ საქართველოს საპატრიარქო­ ტახტი 1811 წელს გააუქმა. ამ პერიოდში ჯერ კიდევ ინარჩუნებდა სიცოცხლისუნარიანობას დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო, რომელიც 1814 წელს გაუქმდა. 1917 წელს აღდგა ჩვენი ეკლესიის­ ავტოკეფალია. საქართველოს­ ეკლესია ამბობს, რომ ჩვენ აღვადგინეთ ორივე - 1811 და 1814 წლების გაუქმების აქტები. რუსეთის არაოფიციალური პოზიციით კი აღდგა 1811 წელს გაუქმებული­ ავტოკეფალია, მაგრამ არა 1814 წელს გაუქმებული დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო. რუსეთის პატრიარქი დღეს ოფიციალურად არსად ამბობს, რომ 1814 წელს გაუქმებული საკათალიკოსოს აღდგენას არ აღიარებს და არასდროს იხსენიებს ილია II-ს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად. აპლიაც გულისხმობს იმას, რომ ტიხონმა 1814 წელს გაუქმებული საკათალიკოსო გამოაცხადა რუსეთის ეკლესიის ნაწილად.

- რას ფიქრობთ, როგორ უნდა გადაიჭრას აფხაზეთის საეპისკოპოსოს საკითხი?

- კონსტანტინოპოლის პატრიარქმა­ არაერთხელ თქვა, რომ შეუძლია ჩამოვიდეს­ საქართველოში და ოფიციალურად კიდევ­ ერთხელ დაუჭიროს მხარი აფხაზეთის ეკლესიის საქართველოს ტერიტორიად აღიარების კანონიკურ ურღვევ­ პრინციპს. საქართველოს ეკლესიამ­ უნდა შექმნას საერთაშორისო საეკლესიო კომისია­ და კონსტანტინოპოლის ეკლესიას სთხოვოს, გამოყოს­ ბერძენი ეპისკოპოსი, რადგან აფხაზეთში ქართველ იერარქს არ მიიღებენ. ამ ეპისკოპოსს მიანიჭოს სტატუსი, რომ ის არის კონსტანტინოპოლის ეკლესიიდან ქართული ეკლესიის საკითხებზე წარგზავნილი. კონსტანტინოპოლის ეკლესიას აფხაზეთში ისტორიული უფლებამოსილება აქვს და ამით ეს პრობლემა ერთხანს გადავადდება. ასე ნელ-ნელა­ წავიდოდა პროცესი იქეთ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის სახელითა და იურისდიქციით მეურვეობას გაუწევდა აფხაზეთის ეკლესიის სამრევლოებს.

ეკატერინე ბასილაია