"დარწმუნებული ვარ, რუსები ცხინვალში არავის შეუშვებენ" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, რუსები ცხინვალში არავის შეუშვებენ"

ჩინეთიდან ინვესტორები ოკუპირებულ ცხინვალში ბიზნესის დაწყებას გეგმავენ. როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, დაინტერესებულია ორი კორპორაცია, მათგან ერთი ჩინური მანქანათმშენებლობის ქარხნის აგებას, მეორე - კვაისის ტყვია-თუთიის საბადოს ამუშავებას აპირებს, რის გამოც აპრილ-მაისში ჩინური დელეგაციები ცხინვალში უკვე ორჯერ ჩავიდნენ. ჩინეთი, რომელიც გასული წლის ივნისიდან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორადაა აღიარებული, ამ ვიზიტებითა და ბიზნესგეგმებით "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს არღვევს, რის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტიც და უფრო მეტიც, ბიზნესის კეთება აკრძალულია, მით უფრო, როგორც ქართველი პოლიტოლოგები აცხადებენ, ჩინეთში დამოუკიდებელი ბიზნესი არ არსებობს, ყველა სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული და ამდენად, სტრატეგიულმა მოკავშირემ უნდა აგვიხსნას, სინამდვილეში რა მოხდა ცხინვალში - ვინ ჩავიდა, რატომ და როგორ.

"მაისში ჩვენთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ორი დელეგაცია ჩამოვიდა. ერთი დაინტერესებული იყო კვაისის ტყვია-თუთიის საბადოთი, მეორე ჩამოვიდა შემოთავაზებით, რომ სამხრეთ ოსეთში გაეხსნათ ქარხანა ჩინური ავტომობილების ასაწყობად", - განაცხადა პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ჩასულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინე ჯუსოევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში. ჯუსოევის თქმით, დე ფაქტო რეჟიმის დელეგაცია ჩინეთში ჩასვლას ამ წლის ოქტომბერში აპირებს და მოლაპარაკება უფრო დაწვრილებით გაგრძელდება. ოკუპირებულ ცხინვალს ესტუმრა ასევე ირანის დელეგაციაც, რომელთანაც თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. "სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ასევე აპირებს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტით ჩასვლას და ვფიქრობ, ჩვენ გავაფართოებთ საერთაშორისო თანამშრომლობას", - დასძინა ჯუსოევმა.

"გაეროში რეზოლუციაზე თავშეკავებით ჩინეთმა დაამტკიცა, რომ არ ადარდებს საქართველო"

პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - ჩინეთთან გაფორმებულია თითქოსდა სტრატეგიული ურთიერთობების დოკუმენტი, მაგრამ ჩინეთმა უკვე დაამტკიცა, რომ სულაც არ ადარდებს საქართველო და ეს დაამტკიცა არა ცხინვალში ბიზნესმენების ჩასვლით, არამედ გაეროში რეზოლუციაზე თავის შეკავებით. სტრატეგიული ურთიერთობა ნიშნავს, რომ ითვალისწინებ შენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებს და ჩინეთს ხმა უნდა მიეცა რეზოლუციისთვის. ბუნებრივია, იბადება მრავალი კითხვა ცხინვალთან დაკავშირებითაც. ყოველთვის თავს ვარიდებ სოხუმიდან და ცხინვალიდან წამოსული განცხადებების კომენტირებას, როდესაც უცხო ქვეყნებს შეეხება საქმე, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩინეთი თავად დაადასტურებს ან უარყოფს ამ ფაქტს. ჩინეთის საელჩოს განცხადება არ გაუკეთებია. კარგი იქნება, მას მოვთხოვოთ პასუხი: ვინ ჩავიდა, რას წარმოადგენდა ის ხალხი.

- ის, რომ ჩასული იყო დამოუკიდებელი კომპანიის დელეგაცია და არა სახელმწიფო უწყებების, ცვლის ვითარებას?

- არსებითად არ ცვლის. ჩინეთი ისეა მოწყობილი, რომ ბიზნესსაც სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს, თურქეთისგან განსხვავებით, სადაც ნამდვილად საბაზრო ეკონომიკაა და ნამდვილად დამოუკიდებელი კომპანიებია, რომლებიც არ ეკითხებიან ჭკუას მთავრობას. ამიტომ ჯობს მთავრობამ დაადასტუროს, სინამდვილეში რა მოხდა. რაც არ უნდა დამოუკიდებელი კომპანია იყოს, ის მაინც აფელირებული იქნება ჩინეთის ხელისუფლებასთან. რადგან ოფიციალური განცხადება არ მოგვისმენია, მაინც მგონია, რომ უფრო რუსულ-ჩინური კომპანია იქნებოდა, სადაც რუსული მმართველობა იქნება და ვინაიდან ჩინური კომპონენტიცაა, ცხინვალის დე ფაქტო მმართველობამ თავი მოიწონა, აი, ჩინელებიც კი ჩამოდიანო. მათ აღიარების პოლიტიკისთვის ფსევდონაბიჯების გადადგმა სჭირდებათ და ამას ვხედავთ ახლა. დარწმუნებული ვარ, რუსები ცხინვალში არავის შეუშვებენ. თუმცა ეს არ უხსნის ჩინეთს პასუხისმგებლობას, მაინც უნდა გაკეთდეს განცხადება. ჩინეთი ვალდებულია, სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, მკაფიოდ განაცხადოს, სინამდვილეში რა მოხდა ცხინვალში - ვინ ჩავიდა, რატომ და როგორ.

- რა რეაქცია უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას?

- საქართველოს მთავრობისგან მე ადეკვატურსა და კარგს არაფერს ველოდები. რომელი ინსტიტუტი მუშაობს საქართველოში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობდეს?! ამის მიუხედავად, უნდა ვკითხოთ. მე არ ვენდობი მათ, მე უფრო ჩინეთის საელჩოს განცხადებას ველოდები.

- ირანიდან დელეგაციის ჩასვლაზეც იყო საუბარი. ცხინვალში ირანელთა ბიზნესაქტიურობასაც უნდა ველოდოთ?

- ჯერ არაფერი მომხდარა და წინასწარ ნუ ავკიდებთ ცოდვას. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჯობს ჯერ რამე მოხდეს. ირანი მაქსიმალურად ცდილობს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ეს ჩანს რეზოლუციაზე ხმის მიცემითაც. მხოლოდ რაღაც მოსაზრებებით ჩრდილს ნუ მივაყენებთ, თუმცა კითხვები არის.

ეკატერინე ბასილაია