რატომ შრება ტბები?! - კვირის პალიტრა

რატომ შრება ტბები?!

საქართველოში და თბილისის შემოგარენში არაერთი ტბა შრება! მათ შორის ნაწილი ბუნებრივია, ნაწილი კი ხელოვნურად შექმნილი წყალსატევი, რომელმაც ათეული წლების განმავლობაში მიკროკლიმატის ჩამოყალიბებასთან ერთად უნიკალური ფლორა და ფაუნა შექმნა, ბუნების ათასობით წარმომადგენელს აცოცხლებს, მათ შორის ჩვენც, ადამიანებს, რომლებიც მათგან სასიცოცხლო ენერგიას ვიღებთ. ხელოვნური ტბებიდან, რომლებსაც მალე საუკუნეც შეუსრულდებათ, ბევრი მათგანი მელიორაციისათვის იყო შექმნილი და მიმდებარე ტერიტორიებზე უხვი მოსავლის მოყვანას უწყობდა ხელს. მართალია, საუკუნის დასასრულს ეს ფუნქცია დაკარგეს, თუმცა სხვა, ტურისტული ფუნქცია მოიპოვეს და ქვეყნისთვის კვლავ მატერიალურ ღირებულებად იქცნენ. დღეს კი ეს ტბები შრება, მათ შორის ლისის, კუმისის, მადათაფის, ბაზალეთის, თრიალეთის, იაყუ­ბლოს, ლიპის და ა.შ. თბილისის შემოგარენის თუ სხვა ტბები.

სპეციალისტთა შეფასებით, ტბების შრობა მსოფლიოში გავრცელებული მოვლენაა და მხოლოდ ახლა, კლიმატის გამო არ დაწყებულა. არაერთი ტბის შრობის მიზეზად არა კლიმატი, არამედ ტბის რესურსის უხეში გამოყენებაც სახელდება. განვითარებულ ქვეყნებში შრობის მიზეზებს სწავლობენ და თუ გადარჩენის შანსი არსებობს, შედარებით მცირე ტბები მაინც ხელოვნურად კვლავ ივსება. ჩვენს ქვეყანაში კი სრულყოფილი კვლევა და მიზეზების აღმოფხვრის ღონისძიება თითქმის არც ერთ ტბასა და წყალსაცავს არ ჩატარებია. ბოლო წლებში დამშრალი ტბების რიცხვს დაემატა ლიპის ტბა/წყალსაცავი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ტბა სოფელ ლიპთან, ზღვის დონიდან 1090 მეტრზე საერთოდ გაქრა. ტბის დამბების ნარჩენები სამიოდე კვირის წინ გადაანგრია უზარმაზარმა ნიაღვარმა. დღეს ტბის ადგილზე მხოლოდ ტალახიანი გუბეა. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ ეს ადგილი ტურისტებისა თუ ადგილობრივი მოსახლეობისათვის შვება იყო. თევზაობის სეზონზეც აქ უამრავი მეთევზე ამოდიოდა. ამ ეტაპზე ტბის უკან დაბრუნება შეუძლებელი ჩანს, რაზეც ადგილობრივები გვესაუბრებიან:

სოფო ქონიაძე: - ლიპის ტბის მიმდებარე ადგილებში რამდენიმე სოფელია. ამ ხალხმა დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სიმდიდრე. როგორც ვიცი, დაახლოებით 70 წლის წინ ტბა აქაური ტერიტორიების მოსარწყავად დააგუბეს. რადგან აღმოსავლეთ საქართველოში საშინლად ცხელი ზაფხული იცის, ტბა ამ ფუნქციით საგანგებოდ შეიქმნა, თუმცა არა ხელოვნურად ჩადინებული წყლებისაგან, არამედ იმ პატარა მდინარისაგან, რომელიც აქ მთებიდან ჩამოდის. ამ მდინარის წყალობით ტბა არასოდეს დაშრებოდა, რომ არა უყურადღებობა - როდესაც ტბის შემაკავებელი დამბები დაიბზარა, დასკდა და არავის უფიქრია მათ შეკეთებაზე. პირველად აქ დამბა 2011 წლის წყალდიდობისას დანაპრალდა. მას შემდეგ, ტბაც დაკნინდა და გარემოს სილამაზეც, სამიოდე კვირის წინ კი ტბას საერთოდ მოეღო ბოლო, ადიდებულმა მდინარემ დამბის ის ნაწილიც გაანგრია, რაც დარჩენილი იყო, გუბეც აღარ დატოვა, მხოლოდ ტალახია დარჩენილი. ლიპის ტბაზე უამრავი ტურისტი დადიოდა, რაც უკვე აღარ არსებობს, დამთავრდა...

სწორედ ასევე წუხს მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთში, ადიგენში, თრიალას ტბის შრობის გამო: იმ ტერიტორიაზე სამი უძველესი და ულამაზესი ტბიდან ერთ-ერთი წლებია ნელ-ნელა შრება, წყალმცენარეებით ივსება და ჭაობდება. მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს ტბის გაწმენდას, თუმცა ამაოდ. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს ძვირადღირებული ღონისძიებაა.

მარიამ კაპანაძე, ადიგენი: - ვინც ადიგენში არ ყოფილა და თრიალას ეს ტბა არ უნახავს, ალბათ, ვერც გაიგებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. აქ თაობები იზრდებიან, ზოგს დასასვენებელი ადგილიც არა აქვს და სწორედ ამ ტბას აფარებს თავს. ზაფხულში დღეც არ გავა, რომ ტბაზე ხალხი არ ადიოდეს ბავშვებით, მათ შორის მეც. ამიტომაც მიჭირს იმ განცდის გადმოცემა, რასთან არის დაკავშირებული ტბის კვდომა. ხალხი გამუდმებით ითხოვს ხელისუფლებისაგან რაიმე უშველონ, წყალმცენარეებისაგან გაწმინდონ, მაგრამ არა და არა. ამბობენ, საამისო ფული არა გვაქვსო.

177309c1-5fc1-4660-87d2-d2b7f164b4b0-1718569629.jpg

უპირველესად შრობის მიზეზია შესასწავლი. ტბა ჭაობდება, ესე იგი, მის ირგვლივ რომელიღაც მკვებავი წყაროა გადაკეტილი. იქნებ მხოლოდ მეწყრით არის გადაკეტილი და გაწმენდაც საკმარისა, რომ ტბა აღარ დაჭაობდეს?! ეს რა პასუხია? თუ სახელმწიფო ხალხს არ მოახმარს იმ ფულს, რომლითაც ხალხს უნდა დაეხმაროს, აბა, ამ ფულს სხვა რა ფუნქცია აქვს?!

წლებია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც შრება ერთი ულამაზესი, ჭარბტენიანობის საერთაშორისო მნიშვნელობის ნუსხაში შეტანილი მადათაფის ტბა. ის ულამაზეს ალპურ ზონაშია, ზღვის დონიდან 2100 მეტრ სიმაღლეზე. ის ბუნებრივი წყლებისაგან არის წარმოქმნილი და დაახლოებით 9,7მლ/კუბ წყლის საცავი აქვს. სპეციალისტების თქმით, ტბის დაშრობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არა კლიმატი, არამედ ტბიდან გამავალი არხებია, საიდანაც წყალი უკონტროლოდ გაედინება. ათეული წლებია, რაც პროცესის შესაჩერებლად მცირე კაშხლის აშენება გადაწყდა, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. არადა, ამ ტბის დაშრობის შედეგები შესაძლოა მართლაც მძიმე აღმოჩნდეს გარემოსათვის. მადათაფის ტბაზე ფრინველების, მათ შორის გადამფრენის, დაახლოებით 180 სახეობა იყრის თავს. ისინი აქ აუცილებელი შესვენების გარდა, ადგილობრივ მიკროგარემოს აყალიბებენ და ათასწლოვან ბუნების ზეიმს ქმნიან, რისი დაკარგვაც წარმოუდგენელია.

საცოდავი სანახავია თბილისთან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარე წოდორეთის ტბაც, საიდანაც ასევე მხოლოდ გუბეა დარჩენილი. ტბა, რომელიც ოდესღაც საყვარელი ადგილი იყო ადგილობრივებისა და ტურისტებისათვის, გუბედ ბოლო წლებში იქცა. ამის მიზეზიც უპასუხისმგებლობაა. ტოტალური უყურადღებობის წლებში ხალხმა ტბის ბუნებრივი შენაკადებიდან წყალი საკუთარ ნაკვეთებსა და ეზოებში გადაიყვანა, რის გამოც ტბის ადგილზე დარჩენილი ლაფი მხოლოდ წვიმებისას იქცევა პატარა გუბედ და სწრაფად შრება. სხვა დროს კი წოდორეთის ტბიდან მხოლოდ დაბზარულ ტალახს წააწყდებით..

თბილისის ახლო თუ შორ შემოგარენში ბევრი სანახევროდ დამშრალი ტბაა. დედაქალაქში დაბინძურებული ჟანგბადის გამო ბაზალეთის, ლისის, კუმისის თუ გლდანის ტბები მოსახლეობისთვის შვებაც იყო და ხსნაც, და არა მხოლოდ სულიერად, არამედ მატერიალურადაც.

ყველაფერი ტბების არხების დატაცებით დაიწყო: უპასუხისმგებლო და ქვეყნის მოღალატე ადამიანებმა ლითონის უზარმაზარი არხები დაჭრეს და ჯართად ჩააბარეს. ამით ტბას შევსების წყაროები შეუწყდა, მოსახლეობამ კი სარწყავი არხები დაკარგა. ასე განადგურდა რესურსები, რომლითაც ტბებს უნდა ეცოცხლა. აღდგენის თემა კი არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუწყვეტია, რასაც ემატება მიმდებარე ტერიტორიების უკონტროლო გასხვისება, საცხოვრებელი კორპუსების ქაოსურად გაშენება, ნიადაგის მთლიანობის დარღვევა და დაბინძურება. ამ ყველაფერს ბუნება ვერ უძლებს და პასუხსაც იძლევა. მათ შორის გამაოგნებელი ფაქტებიც დაფიქსირდა. მაგალითად, ამ უკვე სანახევროდ დამშრალი გლდანის ტბის მესაკუთრემ განაცხადა, რომ მან ტბის ფსკერი 2008 წელს 5.400 ლარად იყიდა, თუმცა ტბის წყალი არ უყიდია და ის სახელმწიფოსია.

ამ ყველაფრის მოსმენაც თავისთავად ქმნის შთაბეჭდილებას, როგორ "ზრუნავს" სახელმწიფო ტბების შენარჩუნებაზე, რისი პირველი ფაქტორიც შრობის ფუნდამენტური მიზეზების შესწავლით უნდა იწყებოდეს. ჰიდროლოგების, სპეციალისტების თქმით, იმ ტბებზეც კი, სადაც დადგინდა, რომ აუცილებელია მკვებავი არხების გაწმენდა და აღდგენა, არაფერი კეთდება. ეს კი დაუშვებელია არა მარტო დღევანდელი დღისთვის, არამედ მომავლისთვისაც.